„რაიხსტაგი“ უნდა დაინგრეს

სააკაშვილის მთავარი ნაგებობა, რაშიც მან ყველაზე მეტი ფული დახარჯა, არის არა ყბადაღებული ავტობანი ან ბათუმის ბულვარი, არამედ საკუთარი საპრეზიდენტო სასახლე, რომელსაც ნახევრად ირონიულად „რაიხსტაგს“ უწოდებენ.

ამ შენობის აგებას დე-ფაქტო პრეზიდენტი უდიდეს ყურადღებას უთმობდა, მუდმივად თავს დასტრიალებდა მას. ახალი საპრეზიდენტო რეზიდენცია არის სააკაშვილის ხელისუფლების, უფრო მეტიც, სააკაშვილიზმის, როგორც მოვლენის და მისი დროის სიმბოლო.

სააკაშვილიზმი, როგორც მოვლენა, არის თავისებური მცდელობა, მოაწესრიგოს „ქართული ქაოსი“ (როგორც ის მიიჩნევს ქართულ რეალობას), ოღონდ არა ბუნებრივად, ორგანულად მოაწესრიგოს, არამედ ევროპიდან და უფრო კი, ამერიკიდან იმპორტირებული წესრიგი ხელოვნურად ჩანერგოს ქართულ ნიადაგში, დიქტატორული და ავტორიტარული მეთოდებით.

მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთულია და „წესრიგის შემქმნელებს“ შესასრულებელი ამოცანის სირთულე ძალადობრივი ექსცესებისკენ უბიძგებს. ამავე დროს, როდესაც წესრიგი ბუნებრივად არ ამოიზრდება არსებული გარემოდან, არამედ სხვა გარემოდან, სხვა ისტორიული კონტექსტიდან „იმპორტირდება“, ის საზოგადოება, რომელშიც მას ნერგავენ, წინააღმდეგობას უწევს და როგორც წესი, თავისებურად გადააკეთებს ხოლმე თავს მოხვეულ წესრიგს („დაამახინჯებს“, ზოგიერთი თეორეტიკოსის აზრით). ეს „დამახინჯება“ თავად „ახალი წესრიგის დამნერგავებსაც“ შეეხება და სანიმუშო რეფორმატორებიდან ასეთი მოღწვანი ხშირად გადაიქცევიან სადიზმისკენ, კორუფციისკენ და უკანონობისკენ მიდრეკილ პირებად. ანუ სრულად ატარებენ თავის თავში იმ სიმახინჯეებს, რასაც, მათივე განცხადებით, გაშმაგებით ებრძვიან.

ამ მცირე გადახვევის შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს „რაიხსტაგს“. სანამ მის აგებას დაიწყებდა, სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე კოლონა დადგა, წმინდა გიორგის მოცულობითი გამოსახულებით. კოლონა, როგორც ცნობილია ჯერ კიდევ ძველი დროიდან, გამარჯვების, უფრო ხშირად სამხედრო გამარჯვების, სიმბოლოა. სააკაშვილის რეჟიმმა ამით საკუთარი გამარჯვება (ხალხზე?) დააფიქსირა, „ათასწლოვანი რაიხის“ შენებას შეუდგა. ეს რეჟიმი მართლაც „ათასწლოვანი“ უნდა ყოფილიყო, მარადიული და საბოლოო, როგორც ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“. მაგრამ ჰიტლერის რაიხივით ეს „მარადიული“ რეჟიმიც ისტორიას ჩაბარდება.

სააკაშვილის რეჟიმის მთავარი სიმბოლო საპრეზიდენტო რეზიდენციაა. ამ ნაგებობამ მთლიანად დაამახინჯა თბილისის ისტორიული უბნის ხედი და არქიტექტურული გარემო, იგი დომინანტია, ქალაქის ლამის მთელ ცენტრს გადმოჰყურებს და აკონტროლებს. მასში რეჟიმის სული და ძალაუფლებაა განივთებული.

სანამ ეს შენობა არსებობს, რეჟიმი ყოველნაირად შეეცდება, არ დათმოს ის. მან შეიძლება დათმოს თბილისის მერია, შეიძლება, უკიდურეს შემთხვევაში, პარლამენტის შენობაც დათმოს, მაგრამ ფრჩხილებით, კბილებით ჩაებღაუჭება ამ რეზიდენციას, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობას და თავად სამინისტროს.

მაგრამ „რაიხსტაგი“ უნდა დაინგრეს. რადგან ის არის სიმბოლო „სააკაშვილის ეპოქისა“. ამ ეპოქამ მოგვიტანა მხოლოდ სისხლი და ტერიტორიების დაკარგვა. მაშინ რატომ არ უნდა დაინგრეს, ვთქვათ, პარლამენტის შენობა, ისიც ხომ ომს და სისხლს უკავშირდება, იკითხავს მკითხველი. ამ შენობას ანგრევდნენ კიდეც, მაგრამ ვერ დაანგრიეს. ეს ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში კი პარლამენტის შენობა დიდი ეპოქის სიმბოლოა, იმ ეპოქისა, რომელიც დატვირთულია დიდი სისხლით და დიდი გამარჯვებებით. სტალინიც და სააკაშვილიც 21 დეკემბერს დაიბადნენ, მაგრამ სტალინი სტალინია (წინააღმდეგობრივი, მაგრამ უდიდესი ფიგურა), სააკაშვილი კი... სააკაშვილია. როგორც ახლა ირკვევა, სააკაშვილი, მიწაზე ფორთხვისგან თავისუფალ დროს, ფულს სთავაზობდა რუს გენერლებს, რომ მათ სტალინის ძეგლი დაებომბათ. ამ შემთხვევაში კომენტარი ზედმეტია.

ამ შემთხვევაში უადგილო იქნება ეკონომიკური მიდგომა, ანუ იმის ანგარიში, თუ რა დაჯდა რეზიდენციის აგება და რა კარგად შეიძლება მისი გამოყენება. უფრო მეტიც, საქართველოში საერთოდ უნდა გაუქმდეს საპრეზიდენტო მმართველობა და მასთან ერთად წარსულს უნდა ჩაბარდეს მოწიწების მომგვრელი, „საკრალურობაზე“ პრეტენზიის მქონე სახელისუფლებო შენობები. ყველა შემთხვევაში, საქართველო ან ევროკავშირის წევრი გახდება ოდესმე, ან, უფრო სავარაუდოდ, ევრაზიული გაერთიანების წევრი, ამიტომ სრულიად ზედმეტია თბილისში იმპერიული სტილის, გრანდიოზული, დამთრგუნავი საპრეზიდენტო რეზიდენციების არსებობა.

დღეს უკვე ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი აცნობიერებს საქართველოში ავტორიტარული, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების ისტორიულ აუცილებლობას. ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარი მმართველობა დღესვე ან ხვალვე უნდა გაუქმდეს, მაგრამ პერსპექტივაში ეს აუცილებელია. შესაბამისად, ადგილი აღარ რჩება აღარც უზარმაზარი საპრეზიდენტო რეზიდენციის, როგორც მეფის სასახლისთვის. „რაიხსტაგი“, ისევე როგორც კართაგენი, უნდა დაინგრეს.