ორ სკამზე მსხდომნი

ყირგიზეთში არეულობები დაიწყო. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარტში პრეზიდენტ ბაკიევის მიმართ მოთხოვნები წამოაყენა, რომლებიც ეხებოდა, მათ შორის, პრეზიდენტის ნათესავების მოცილებას სახელისუფლო სტრუქტურებიდან.

მაგრამ ხელისუფლებამ ყურად არ იღო ეს მოთხოვნები. შედეგად, ოპოზიციის მიერ მომზადებული ყურულთაები (სახალხო კრებები) გადაიზარდა არეულობებში, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში.

თუ გვერდზე გადავდებთ ადგილობრივ კლანურ და შიდა გარჩევებს, შეიძლება განვიხილოთ საერთაშორისო, გეოპოლიტიკური ასპექტი სიტუაციისა. ყირგიზეთი, როგორც ცნობილია, მდებარეობს შუა (ანუ ცენტრალურ) აზიაში, ჩინეთის საზღვართან და ავღანეთიდან არც ისე შორს. ამასთან, ქვეყანა შედის დსთ-ში, ოდკბ-ში, შოს-ში, ევრაზეს-ში. ეს ის სტრუქტურებია, გარდა შოს-ისა (შანხაის ორგანიზაცია), რომლებშიც მთავარ როლს რუსეთი თამაშობს. რუსეთია ყირგიზეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორიც, გარდა ამისა, ასობით ათასი ყირგიზი მუშაობს რუსეთში და ფულს აგზავნის თავის სამშობლოში.

როგორც გვახსოვს, 2005 წელს ყირგიზეთში მოხდა ე.წ. ტიტების რევოლუცია. მასში, ისევე როგორც უკრაინის მოვლენებში, აქტიურად მონაწილეობდა ქართველ „ვარდოსან რევოლუციონერთა“ დესანტი „ლეგენდარული“ გივი თარგამაძის მეთაურობით. ამ რევოლუციამ მოიყვანა ხელისუფლების სათავეში ამჟამინდელი პრეზიდენტი ბაკიევი. მაგრამ, განსხვავებით უკრაინელი „ნარინჯისფერებისა“, ბაკიევმა არ დაიკავა ღიად ანტირუსული პოზიციები, შეინარჩუნა ქვეყნის წევრობა დსთ-ში, ოდკბ-ში (სამხედრო ბლოკი) და ახლად შექმნილ ოპერატიული რეაგირების კოლექტიურ ძალებში (კსორ) შესვლასაც კი დათანხმდა. ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული საავიაციო ბაზა კანტში, დედაქალაქ ბიშკეკიდან 20 კილომეტრში. მაგრამ არა მხოლოდ რუსული ბაზა მდებარეობს ყირგიზეთში. აეროპორტ „მანასის“ ტერიტორიაზე არსებობს ამერიკული ბაზაც. მართალია, მას ოფიციალურად არა აქვს ბაზის სტატუსი და ფორმალურად მხოლოდ ერთგვარ სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენს აშშ-თვის და სხვა დასავლური ქვეყნებისთვის, ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად. თუმცა, ბაკიევი და ყირგიზეთის პარლამენტი, რომელსაც ის აკონტროლებს, 2009 წელს ითხოვდა ამ ობიექტის გაყვანას. პარლამენტმა მიიღო კიდეც შესაბამისი კანონი. მაგრამ, ბოლო მომენტში, ამერიკელების ზეწოლის შედეგად, ბაკიევმა უკან დაიხია და დათანხმდა ბაზის დატოვებაზე, ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით. თუმცა ნათელია, რომ ყირგიზეთის წევრობა ოდკბ-ს სამხედრო ბლოკში არც თუ შეესაბამება ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ბაზის ან მისი მაგვარი ობიექტის არსებობას, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისა, როგორიცაა აშშ (ნატო-ს სამხედრო ბლოკის ლიდერი).

ყირგიზეთიდან ბოლო დროს კიდევ უფრო უცნაური ინფორმაციები მოდის. მაგალითად, გასულ წელს ყირგიზეთის ხელისუფლება განიხილავდა რუს კოლეგებთან ქვეყნის სამხრეთში მეორე ბაზის შექმნის საკითხს, რომელსაც კსორ-ის ეგიდით უნდა ეარსება. ამის მაგივრად, ბიშკეკში დაიწყეს სულ სხვა ვარიანტის განხილვა, კერძოდ, ამერიკელებთან ერთად „ანტიტერორისტული ცენტრის“ შექმნა. ამასთან, ეს ცენტრი უნდა განლაგებულიყო დაახლოებით იმავე ადგილას, რომელიც მანამდე მოიაზრებოდა რუსული (კსორ-ის) ბაზის დისლოკაციად. უფრო მეტიც, ამა წლის მარტში კიდევ ერთი საყურადღებო მოვლენა მოხდა. ირანულმა სპეცსამსახურებმა გზა გადაუჭრეს და ირანის ტერიტორიაზე დასვეს ყირგიზული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელშიც აღმოჩნდა ცნობილი ტერორისტი, ორგანიზაცია „ჯუნდალას“ ლიდერი აბდულმალექ რიგი. ეს ორგანიზაცია „განთქმულია“ ირანის ოფიციალური პირების და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობით. ამათსან, პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ რიგიმ დაკითხვისას აღიარა ამერიკული სპეცსამსახურების აგენტებთან შეხვედრა... აეროპორტ „მანასის“ ტერიტორიაზე არსებულ „ბაზაზე“. ამ ინფორმაციის შუქზე ყირგიზეთის სამხრეთში „ანტიტერორისტული ცენტრის“ შექმნა აშშ-ს ეგიდით სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყირგიზეთის სამხრეთი მდებარეობს ფერღანის დაბლობთან ახლოს, რომელიც წარმოადგენს მთელი შუა აზიის „ნერვულ კვანძს“.

როგორც ვხედავთ, პრეზიდენტი ბაკიევი ვერა და ვერ ელევა თავის „ნარინჯისფერ-ვარდისფერ“ წარსულს და ჯიუტად ცდილობს ორ სკამზე ჯდომას: რუსეთთანა სამხედრო და ეკონომიკურ ბლოკში ყოფნას და ამერიკული ბაზების განთავსებასაც, რათა ეს ქვეყანა „წველოს“. შეიძლება ითქვას, სამ სკამზე ჯდომაც კი გამოდის, თუ ჩინეთის ფაქტორსაც გავითვალისწინებთ. მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა ყირგიზეთი, ამგვარი მეტისმეტი „მრავალვექტორულობა“ სახიფათოა. დსთ-ს ტერიტორიაზე არის სამი ქვეყანა, სადაც მოხდა „ფერადი რევოლუციები“: საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი. სააკაშვილის რეჟიმი ჯიუტად აცხადებს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, უკრაინის ყოფილი ხელისუფლება იგივეს აკეთებდა, ხოლო ყირგიზული რეჟიმი, თუმცა კი არ მიისწრაფის ოფიციალურად ნატო-სკენ, ვერ ელევა ამერიკულ ბაზებს და ცენტრებს თავის ტერიტორიაზე. სამივე ამ რესპუბლიკაში ე.წ. რევოლუციებმა და შემდგომმა ამერიკულმა ექსპანსიამ მოიტანა მუდმივი არასტაბილურობა. საქართველოშიც, უკრაინაშიც და ყირგიზეთშიც ყოველ წელს ხდება მღელვარებები, გამოსვლები, რიგგარეშე არჩევნები და სხვა, რეჟიმები მკაცრად ახშობენ ოპოზიციის და ხალხის წინააღმდეგობას (გარდა უკრაინისა). დროა, ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ელიტამ გაიგოს, რომ შეუძლებელია ორ სკამზე ჯდომა და მით უმეტეს, ამერიკის „გავლენის სფეროდ“ გადაქცევა რუსეთის და ჩინეთის „ცხვირწინ“.