ინგლისური და კომპიუტერი

საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ ეტაპზე პოპულარული იყო ასეთი ლოზუნგი: საბჭოთა ხელისუფლება პლუს ელექტრიფიკაცია უდრის კომუნიზმს. ნაცხელისუფლებამ ახალი ლოზუნგი გამოიგონა: ინგლისური პლუს კომპიუტერი უდრის „ბედნიერ“ კაპიტალიზმს.

უფრო მეტიც, ეს ლოზუნგი გავრცელდა ცალკეულ მოქალაქეზეც და ასეთი სახე მიიღო: ინგლისური პლუს კომპიუტერი პლუს ნაცხელისუფლების ერთგულება უდრის წარმატებულ კარიერას. რა თქმა უნდა, ვამბობთ ნაცხელისუფლებას, ვგულისხმობთ ბელად-პრეზიდენტს და პირიქით.

მერე რა, რომ გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება ინგლისურის ცოდნაში (ე.წ. TOEFL ჩაბარება?), ხოლო კომპიუტერის ცოდნა შემოიფარგლება ვორდის და ექსელის ფლობით მარტივ დონეზე. მერე რა, რომ ამგვარი კრიტერიუმი ქვეყანას ჩამორჩენილ, ე.წ. ბანანის რესპუბლიკის დონეზე აყენებს განათლების მხრივ, სადაც მეცნიერება და კულტურა უცხო ხილია. ნაცხელისუფლებას ეს სრულიად არ ადარდებს. ის ტურიზმს ანვითარებს.

თუმცა, აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე. თავი რომ დავანებოთ ბელად-პრეზიდენტის ტყუილებს, რომ ქვეყანაში ორი თუ სამი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა და ორ წელიწადში ათი მილიონი ჩამოვა, იმ რამდენიმე ასეული ათასი ტურისტიდან, რომელიც მართლაც ჩამოვიდა წელს, უმრავლესობას შეადგენენ სომხეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის მოქალაქეები, ასევე რუსეთიდან ჩამოსული ქართველები. ყველა ეს კონტინგენტი რუსულენოვანია. ერთობ საინტერესო სანახავი იქნება, როცა ბელად-პრეზიდენტის ბრძნული ხელმძღვანელობის ქვეშ მომზადებული ქართველი პორტიეები, ოთახის დამლაგებლები და მიმტანები სომეხ ან აზერბაიჯანელ ტურისტთან დამტვრეული ინგლისურით დაიწყებენ საუბარს. რაც შეეხება თურქ ტურისტებს, უფრო სწორად კი აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის ახალ მეპატრონეებს, არა გვგონია, მათ ინგლისურად მოისურვონ ქართველ დაქირავებულ მუშახელთან საუბარი. ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ მათ თურქულის შესწავლას მოსთხოვენ.

თუმცა, ბელად-პრეზიდენტი არ ნებდება და გიჟისთვის დამახასიათებელი ენერგიულობით ახალ-ახალ ინიციატივებს „აჟღერებს“. ყველა მასწავლებელი და პოლიციელი, ვინც ინგლისურის გამოცდას ჩააბარებს, 200 ლარის დანამატს მიიღებსო. საინტერესოა, მასწავლებელმა თუ ორი უცხო ენა იცის, ვთქვათ, ფრანგული და რუსული, მანაც ინგლისურის გამოცდა უნდა ჩააბაროს? თუ თავის თავს უნდა დააბრალოს, რომ მან ან მისმა მშობლებმა ვერ „გათვალეს“, რომ ქვეყნის სათავეში ოდესმე მიხეილ ბრძენი მოვიდოდა, რომელიც „ლონდონში სწავლობდა“?

კაცმა რომ თქვას, რას სწავლობდა ასეთს პატარა მიხეილი? ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს ხუთოსან, სათვალიან მოსწავლეზე, რომელსაც უბნის „ცუდი ბიჭები“ სცემდნენ და ჟარგონულად რომ ვთქვათ, „აჩმორებდნენ“. საქართველოს ადარებს ამ ხუთოსან მოსწავლეს, რუსეთს კი უბნის „ყოჩს“. თუმცა, ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მის საკუთარ ბავშვურ კომპლექსებთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გაქვს საქმე. რამდენადაც ვიცით, არც რაიმე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა ეს პიროვნება სკოლაში: კარგად სწავლობდა ძირითადად უცხო ენებს, „კაგებეშნიკი“ ბიძის და დედის დაჟინებით. ისე კი, ვერც ენების ბწყინვალედ ფლობით გამოირჩევა, საუბრობს აბდა-უბდად, ვერ ამთავრებს აზრს, ხტება მეორე აზრზე და ა.შ. მიხეილის სასკოლო პერიოდი ძირითადად იმით დაამახსოვრდა იმდროინდელ თბილისს, რომ თანაკლასელ გოგონებს უხამს კლიპებში იღებდა და მერე ამ კასეტებით ვაჭრობდა. ეს რაღაც არ ჰგავს სათვალიანი ხუთოსანი ბიჭის იმიჯს, და არც ე.წ. ძველი ბიჭისა, რომელსაც თავისებური ქცევის კოდექსი გააჩნია (უნდა გააჩნდეს მაინც).

მთელი ეს კასკადი უცნაური ინიციატივებისა, რა თქმა უნდა, ვერც სინგაპურად და ვერც დუბაიდ ვერ გადააქცევს ბედკრულ საქართველოს. სამაგიეროდ, კიდევ უფრო მეტად დაამსგავსებს მას იმ აბსურდის თეატრს, რისკენაც უკვე კარგა ხანია მიდის ჩვენი ქვეყანა.