გრიშა ვაშაძის შიშები

"სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების რაოდენობის გაზრდა დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და სომხეთის სუვერენიტეტისათვის" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი აზრით, რუსული ბაზის დარჩენა სომხეთში კიდევ 24 წლით, პირველ რიგში სომხეთის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. "სომხეთში რუსული ბაზის ერთადერთ მიზანს რეგიონში დაძაბულობის გაზრდა წარმოადგენს" -თქვა ვაშაძემ.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე მ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არ აღელვებს რუსეთის მიერ სომხეთში ბაზის განთავსების ვადის გაგრძელება. შეგახსენებთ, პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის დროს სომხეთში ხელი მოეწერა რუსული ბაზის სომხეთში განთავსების ვადის გაგრძელებას 2044 წლამდე. სააკაშვილის თქმით, რუსეთი თავის „დაჟანგულ ბაზებს“ ბევრად უფრო ადრე გაიყვანს ამ რეგიონიდან, ვიდრე ეს ხელშეკრულებებშია მითითებული.

როგორც ვხედავთ, მიშა ერთს ამბობს, გრიშა მეორეს. უბრალოდ მიშა შიდა პუბლიკაზე მუშაობს ამ შემთხვევაში, გრიშა კი საგარეოზე. ის ფაქტი, რომ სააკაშვილის შიდა პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა მოსახლეობის გამუდმებული მოტყუება, ზომბირება, სასურველის რეალობად გასაღება, დიდი ხანია ცნობილია. ზოგი ექსპერტი ამას „ოპტიმიზმის ინექციებს“ ეძახის. აქაოდა, ხალხს გამხნევება სჭირდება და ისეთი ინფორმაციების მიწოდება (თუნდაც არარეალურის), რომელიც მას მომავლის რწმენას ჩაუნერგავსო. ამ მიზნით გამოიყენება ყველაფერი, ფეხბურთით დაწყებული და სოფელში კანალიზაციის გაყვანით დამთავრებული. რამდენად გაამართლებს ეს პოლიტიკა მომავალში, უცნობია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ასე თუ ისე რომ ამართლებს, ეჭვგარეშეა. ხელისუფლების მიერ წარმოებული მასიური საინფორმაციო პროპაგანდა ნარკოტიკივით მოქმედებს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და მცირე ხნით, მაგრამ მაინც ავიწყებს მას არსებულ რეალობას.

სხვა საქმეა გ. ვაშაძის მიერ ზემოთხსენებული განცხადება, რაც მეზობელი ქვეყნების საქმეებში საკმაოდ თავხედურ ჩარევას წარმოადგენს. სომხეთის ხელისუფლებას არ სჭირდება სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჭკუის სწავლება, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, გაცილებით უკეთ იცავს თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე ჩვენი „პროდასავლელი“ მიშები და გრიშები. რაც შეეხება სომხეთის დამოუკიდებლობას, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ეს ქვეყანა ნაკლებად დამოუკიდებელია, ვიდრე მთელი მსოფლიოს სამათხოვროდ ხელგაწვდილი მიშსაქართველო. დღეს, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გარდა აფრიკის რამდენიმე მიყრუებული ქვეყნისა, რომელიც არავის აინტერესებს. დამოუკიდებლობა (დე-იურე ან დე-ფაქტო) ერთგვარი ფეტიში კი არ უნდა იყოს, ან ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრის საშუალება, არამედ ეროვნული ინტერესების განხორციელების ინსტუმენტი. ხოლო ის, რომ სომხეთი ჯერჯერობით უკეთ იცავს თავის ინტერესებს, დღევანდელ რუკაზე დახედვითაც ჩანს, სადაც სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის მეხუთედი აქვს მისაკუთრებული, ხოლო საქართველოს თავისი ძირძველი მიწები - დაკარგული.