ქვეყანათმცოდნეობა

ირანის კულტურის კვირეული ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს

თამარ შაიშმელაშვილი

ირანული კულტურის კვირეული საქართველოში სამ დღეს გასტანს. ირანელი ხელოვნების მოღვაწეები ქართველ ხალხს

საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. კვირეული თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოფენით გაიხსნა, სადაც ფერწერული, კალიგრაფიული ნამუშევრები, ხალხური რეწვის, კერამიკის ნიმუშები და წიგნები იყო წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნამდე ირანული მუსიკის ექვსკაციანმა ჯგუფმა, ირანული ეროვნული ინსტრუმენტებით შეასრულა როგორც საქართველოს, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.

გამოფენა გახსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა მოჯთაბა დამირჩილუმ: `ირანის ისლამური რევოლუციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ირანის კულტურის კვირეულის გამართვა საქართველოში დადასტურებაა იმისა, რომ ირანელი ხალხი და ხელისუფლება დაინტერესებულია გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი კულტურის სფეროში. კვირეული საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეცნოს ირანის კულტურას, ხოლო ირანელი მოღვაწენი კი საქართველოსა და მის მოსახლეობას დაუახლოვდნენ - განაცხადა ელჩმა. მან ირანული კულტურის მოღვაწეებს, ჰამადანის პროვინციის კულტურული ურთიერთობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და საკუთარი ხელოვნების წარმოდგენისთვის.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩალაძემ ხაზი გაუსვა გამორჩეული კულტურის მქონე ქვეყნების - საქართველოსა და ირანის მეგობრობის მნიშვნელობას და დასძინა, რომ კულტურული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. ”წარმატებებს ვუსურვებ ირანის კულტურის დღეებს საქართველოში”, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

სიტყვით გამოვიდა ჰამადანის პროვინციის კულტურული ურთიერთობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბატონი ჰუსეინი: ”მოხარული ვარ, რომ ვხვდები ქართველ ხალხს, რომელიც არის კულტურის მოყვარული და მისი დამფასებელი, ასევე, ეროვნული სიამაყის გრძნობით გამსჭვალული, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი სარწმუნოება, როგორც ქრისტიანული, ასევე ისლამური”.

გამოფენას უამრავი სტუმარი, საქართველოს პარლამენტის, თბილისის საკრებულოს, სამინისტროების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ. გავესაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბატონ არჩილ სოხაძეს: ”ძალიან სასიხარულოა, რომ ისტორიულად დაკავშირებული ქვეყნები – ირანი და საქართველო ასეთ გამოფენას მართავენ. ირანის კულტურის კვირეული გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს ამ ორ ქვეყანას. ვიმედოვნებ, რომ ხშირად გაიმართება როგორც ირანის დღეები საქართველოში, ასევე საქართველოს კულტურის დღეები ირანში, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კულტურის მოღვაწეების, არამედ საერთოდ, ირანელი და ქართველი საზოგადოების დაახლოებას”.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ხალხებით, აგრეთვე ირანით, ამ ქვეყნების თვითმყოფადი კულტურით. `ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქ, კავკასიაში აუცილებელია ეძებო მხოლოდ კარგი ხალხების თანაარსებობაში, ამიტომაც მაინტერესებს ირანის კულტურა, მისი მხატვრობა, ორნამენტები... ძალიან კარგია, რომ ირანის კულტურა თბილისშია წარმოდგენილი, - გვითხრა მან.

ირანული მეთუნეობა, ასევე ინკრუსტაცია ანუ დეკორატიული კვეთა (ამ შემთხვევაში ხეზე) უძველესი ხელოვნებაა, დამთვალიერებლები გაეცნენ ირანული მეთუნეობის უმთავრეს თავისებურებას, ნამუშევრები შეაფერისი დეკორაციებით იყო დამშვენებული. აქვე წარმოდგენილი იყო აქემენიდების დინასტიის ნიმუშები -ძროხის თავი, საიდანაც უწინ ღვინოს მიირთმევდნენ, თხის თავი, რომლიდანაც რძეს სვამდნენ... გამოირჩეოდა თასი სპეციალური რიტუალისთვის. წარმოდგენილი იყო სპარსული კალიგრაფიის მეტად საინტერესო ნიმუშები. აღმოსავლური, განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებსა და ირანში გავრცელებული კალიგრაფია წერითი ხელოვნების უმაღლეს მწვერვალზე დგას. ირანული კალიგრაფია გასაოცარი ჰარმონიაა მასში შემავალი ყველა ელემენტისა და ნაწილისა.

ირანული კულტურის კვირეულის ფარგლებში თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ირანულ ფილმებს, ხოლო ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ტრადიციული მუსიკის კონცერტი გაიმართება.