ქვეყანათმცოდნეობა

ირანი და სატრანზიტო ციებ-ცხელება

ჰამლეტ ჭიპაშვილი

უცხოური ტელეგადაცემების მაყურებლის ყურადღებას უდავოდ მიიპყრობდა ტელეკომპანია BBC-ის ეთერში ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დოკუმენტური ვიდეო-ფილმების ჩვენება.

ბუშის ადმინისტრაციის მიერ კაცობრიობის მტრად შერაცხული ქვეყნისადმი ესოდენი ყურადღება მოკავშირე ბრიტანული ტელეკომპანიის მიერ ერთობ თვალშისაცემია და ნაკლებად არის გამოწვეული ირანის ისლამური რევოლუციის 30-ე წლისთავის ზეიმით. ის უფრო იმ მოსალოდნელი გარდაქმნის მაუწყებელია, რასაც მსოფლიო ელის აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოზიტიური განცხადებიდან გამომდინარე.

პრეზიდენტ ობამას სურვილი - ირანთან უპირობო, პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე დადებითად იხილება ოფიციალურ თეირანში, რაც გახმოვანდა კიდევაც პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მიერ მრავალათასიან მიტინგზე. ირანი და მისი პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ზოგში პრეზიდენტის არაორდინარული განცხადებები ისრაელ-ამერიკის მიმართ საფუძვლიან შიშს ბადებს, ზოგში, განსაკუთრებით მუსლიმანებში, იმედსა და შვებას იწვევს, ზოგშიც - სერიოზულ სურვილს გარიყულ ირანთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყებისა.

30-წლიანმა ანტიირანულმა პროპაგანდამ, ბუშის ადმინისტრაციის მიერ სხვა ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით მოკავშირეებისათვის, თავსმოხვეულმა ანტიირანულმა პოლიტიკამ არა მარტო ირანს, არამედ მათაც ავნო. ძნელია დაეთანხმო მათ, ვინც თვლის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლით აშშ-ს პოლიტიკა არ იცვლება, რომ ანალიტიკური ცენტრების მიერ შემუშავებული მთავარი საგარეო-პოლიტიკური კურსი ურყევია და მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლას განიცდის. ამ მოსაზრებას სისტემატურად იმეორებს ხელისუფლების მაქებარი პოლიტოლოგია. მიზანი მარტივია - მოსახლეობის დარწმუნება ბუშის ადმინისტრაციის დროს საქართველოს ხელისუფლებასთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის მარადისობაში. მათდა სავალალოდ უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ადმინისტრაციების, საგარეო-პოლიტიკური კურსი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მხოლოდ ზოგ შემთხვევაში შეინიშნებოდა ახლის მიერ წინამორბედის წამოწყებული საქმის გაზიარება. მაგალითად, ირანი და კუბაც კმარა. ვაშინგტონიდან წამოსული იმპულსების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ობამას ადმინისტრაცია მზადაა ამერიკისათვის აქილევსის ქუსლად ქცეული პრობლემის დასაძლევად. სწორედ ახალი პოლიტიკური კურსის გახმოვანებას ეძღვნება BBBBC-ის მიერ ირანთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმების გაშვება, ბრიტანეთის მუზეუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის მე-17 საუკუნის უნიკალური სამუზეუმო ექსპონატების პირველი გამოფენის გახსნა და სხვა.

ირანის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბირთვული იარაღის გაუვრცობლობასთან. თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-რუსეთის მიერ ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის დაწყება. მისი აზრით, ბირთვული შეიარაღების გაუვრცობლობის რეჟიმი შესუსტებულია. "ყველა აღმოჩნდება საფრთხეში, თუ ბირთვული იარაღი გაჩნდება ისეთ არასტაბილურ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია", - თქვა პრეზიდენტმა. მას უპირველეს ყოვლისა მხედველობაში ჰყავს ირანი, რომელიც, ამერიკელთა აზრით, აგრძელებს ურანის გამდიდრების კვლევით სამუშაოებს. ამერიკის პრეზიდენტმა არც სენსაციას აარიდა თავი და თქვა, რომ მზადაა ბირთვული იარაღის 80-პროცენტით შემცირებისათვის, თუ რუსეთი გაიზიარებს ამას. ობამას წინადადებამ პოზიტიური რეაქცია გამოიწვია რუს პოლიტიკოსებსა და სამხედროებში, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ შემცირება არა მარტო ამერიკა-რუსეთს, არამედ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს უნდა შეეხოს.

ვაშინგტონის მოსაზრება უმალ აიტაცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა, რომელმაც თქვა, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება, შემთხვევით მისი ტერორისტთა ხელში მოხვედრა, მთელი მსოფლიოსათვის კატასტროფის მომასწავებელი იქნება. საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომლითაც შეუძლებელი გახდება ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი ტექნოლოგიების ბირთვული იარაღის შექმნისათვის გამოყენება. მილიბენდი ირანს გულისხმობდა. დასავლეთის მიხედვით ბირთვული კვლევების გავრცელების შემთხვევაში ირანი 2-3 წელიწადში შეძლებს ბირთვული იარაღის დაუფლებას, რითაც ის არა მარტო მეზობლებს, არამედ ევროპა-ამერიკასაც დაემუქრება.

გერმანიის ქალაქ ვისბადენში სულ ახლახანს გაიმართა აშშ, რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის, ინგლისის დიპლომატთა შეხვედრა, რომელზეც მსჯელობა გაიმართა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ სერგეი ივანოვის განცხადებამ ამერიკა-ირანს შორის შუამავლობის თაობაზე საყოველთაო ყურადღება გამოიწვია. 30-წლიანი პაუზის შემდეგ იოლი არ იქნება ერთმანეთთან საუბრის დაწყება და თუ რუსეთი ხელს შეუწყობს უხერხულობის მოხსნას, მისასალმებელი იქნება. რაც შეეხება ირანის ბირთვულ კვლევებს, საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს მონაცემებით, ირანი აწარმოებს ურანის გამდიდრებას, მაგრამ საყოველთაოდ დაშვებული ხუთი პროცენტის ფარგლებში. ირანის ხელმოწერა არსებობს ბირთვული გაუვრცობლობის დოკუმენტზეც. ირანის პოლიტიკოსები წლების მანძილზე ამტკიცებენ, რომ მათ ინტერესში არ შედის ბირთვული იარაღის შექმნა. მათი მთავარი მიზანი ბირთვული ენერგიის მიღებაა. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ დასავლეთმა უმჯობესია ყურადღება მიაქციოს ისრაელს, რომელმაც კარგა ხანია შექმნა ბირთვული იარაღი. დასავლეთში ხშირად გაისმის მოსაზრება - რაში სჭირდება ნავთობითა და გაზით მდიდარ ირანს ბირთვული ელექტროენერგია. ირანის პასუხი მარტივია - წიაღისეულის დაზოგვისათვის. თეირანის აზრით, სისტემატური მოხმარების პირობებში წიაღისეული მალე ამოიწურება. და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ბირთვული ენერგიით ხელის შეშველება.

დასავლეთისათვის საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიის გარეშე დარჩენილი ირანი ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის პოლიგონად მოიაზრება, ამასთანავე ენერგიის თვალსაზრისით რეგიონის დიდი ქვეყნის დასავლეთზე მიბმის ობიექტად. დაქვემდებარებული სახელმწიფოს როლი ირანს არ აწყობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მისი, როგორც ლიდერი სახელმწიფოს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. ირანს გაწვრთნილი და თანამედროვე იარაღით აღჭურვილი არმია ჰყავს, რომელმაც პროფესიონალური თვალსაზრისით კვალიფიციური შთაბეჭდილება დასტოვა ერაყთან რვაწლიან ომში. ამასწინათ ირანმა დედამიწის საკუთარი ხელოვნური თანამგზავრიც გაუშვა და შორსმფრენი რაკეტაც გამოსცადა. არც ის არის გამორიცხული, რომ მას ბირთვული იარაღის შექმნის სურვილიც გასჩენოდა. ბირთვული იარაღი მარტო იარაღი არ არის. ის არის მაღალი მეცნიერება, ტექნოლოგიების დახვეწა-დაუფლება, წინსვლა. ბირთვული იარაღი ისეთი ცდუნებაა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, დიდი სიამოვნებით იქონიებდა მას.

ბირთვული იარაღი არის საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პრესტიჟის გაზრდა, მისდამი მოკრძალებული დამოკიდებულება, ქვეყნის რწმენის გამტკიცება, საკუთარ თავში დარწმუნება. ბირთვულ იარაღს უნდა უმადლოდეს მსოფლიო საყოველთაო მშვიდობას, თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერების განვითარებას. დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთს უკვე აქვს ასეთი იარაღი, ოღონდ მალულად, ხოლო აღმოსავლეთის დანარჩენ სახელმწიფოებს - ინდოეთს, პაკისტანს, ჩინეთს, ჩრდილო კორეას - ღიად, ძნელია აეკრძალოს ირანს მისი ფლობა. ბირთვული სახელმწიფოების მხრიდან ირანისათვის აკრძალვის დაწესება განუხორციელებელი ეგოიზმის გამოვლინება უფროა, ვიდრე ვითარების შესატყვისი გადაწყვეტილება. ბუში 8 წლის განმავლობაში ცდილობდა ირანის საერთაშორისო იზოლაციას. აშშ-ს ძალისხმევით გაეროს უშიშროების საბჭომ სამჯერ შემოიღო სანქციები ირანის მიმართ თუმცა ნაკლები შედეგით.

ობამა ირანისათვის ხელის ჩამორთმევის მომხრეა და იმედოვნებს, რომ ირანიც გაშლის მუშტს. და თუ ამ საქმეში რუსეთის შუამავლობაც იქნება, საქმე კარგად დაიწყება. ირანის თვალში რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც დაბეჯითებით გამოდიოდა ირანისათვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ და საკითხის დიპლომატიური მოლაპარაკებებით გადაწყვეტის ინიციატივით. სამწუხაროდ რუს ლიბერალ პოლიტიკოსებში რუსეთის მიმართ ობამას პოზიტიურმა განცხადებებმა ეიფორიული განწყობა შექმნა. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონ-მოსკოვის ალიანსი წინ აღუდგება ირანს. გარდა ამისა მსოფლიოს ორი სუპერ სახელმწიფო საკუთარი შეხედულებისამებრ "დაალაგებს" მსოფლიოს. ჩვენებურად ამას გავლენათა სფეროებად დაყოფა ჰქვია, რაზეც ნეგატიურად ილაპარაკა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა მიუნჰენში გამოსვლის დროს. ორი ქვეყნის პარტნიორობა ალბათ მხოლოდ იარაღის კონტროლში, ტერორიზმთან ბრძოლაში და სხვა ძალისმიერი საკითხების მოწესრიგებაში შეიძლება განხორციელდეს. რაც შეეხება ეკონომიკას, რუსეთს ბევრი დასჭირდება, რათა ეკონომიკური პარტნიორობა გაუწიოს აშშ-ს. ამისათვის საჭირო იქნება არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება, არამედ საკუთარი ცხოვრების დონის აწევა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის ეიფორია მოუკვლელი დათვის ტყავის განაწილებას უფრო წააგავს, ვიდრე საკითხისადმი ობიექტურ მიდგომას.

აშშ-ა და რუსეთს შორის ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცთუ იშვიათად იცვლებოდა - ცივიდან-ცხელზე, ცხელიდან-ცივზე. იყო უაღრესად მძიმე მომენტებიც, განსაკუთრებით კუბის კრიზისის დროს. ახალი ადმინისტრაციის საკამათო საკითხებისადმი მიდგომა პრაგმატულია, რაც რუსეთის მხრიდან პრაგმატიზმის შეგებებას მოითხოვს და არა ლიბერალი პოლიტიკოსების მსგავს დათმობას, მითუმეტეს ზუსტად არავინ იცის ვაშინგტონის სიტყვას რა მოჰყვება. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ელცინისა და მისი გარემოცვის მოჭარბებულმა ამერიკანიზმმა მძიმე დღეში მოაქცია რუსეთი. მან მხოლოდ 3-4 წელია ნაწილობრივ თავი დააღწია იმდროინდელ გაუგებრობას. ვაშინგტონთან ურთიერთობამ არც სხვასთან, კერძოდ ირანთან დამოკიდებულება უნდა გააუარესოს, რაც კარგად ესმის რუსეთის დღევანდელ ხელისუფალთ ლიბერალებისაგან განსხვავებით.

ირანისადმი ჩვენი მხრიდან ესოდენი ყურადღების გამოჩენა არც შემთხვევით და არც პოლიტიკური კონიუნქტურით არის გამოწვეული. ეს ის რეალობაა, რომელსაც თვალის გასწორება სჭირდება და არა არიდება, რასაც სისტემატურად აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ირანის მიმართ გარკვეულ დაინტერესებას უნდა ავლენდეს ქართული დიპლომატია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თუ მას ამ სახელის ტარების პრეტენზია შემორჩა, ტროლეიბუსის მსგავსად ერთი მარშრუტით მოძრაობას წერტილი უნდა დაუსვას და მეზობლებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა ვაშინგტონის წვრილფეხობამ ტეფტის, ბრაისეს, ფრიდის სახით იმდენად დააშინა ხელისუფლება, რომ 2 წლის წინ, გაყინულ ზამთარში, ლამის უარი უთხრა ირანს გაზის მოწოდებაზე.

სიტყვა "დივერსიფიკაცია" მარტო ენერგეტიკისათვის არ არის გამოგონილი. ის პოლიტიკასაც ეხება. დივერსიფიკაცია სულაც არ ნიშნავს მონურ მორჩილებას, რასაც ადგილი ჰქონდა ბუშის მმართველობის დროს. დივერსიფიკაცია არც "ჩაშვებას" ნიშნავს და არც ისეთ ქმედებას, რასაც გასული წლის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, როდესაც თბილისში ერთი დღით ჩამოსული ირანელი ახალგაზრდა სამართალდამცველებმა სრულიად გაუგებარი მიზეზით შეიპყრეს და ორი თვის შემდეგ ამერიკელებს გადასცეს. ამ საკითხმა იმდენად დაძაბა ირან-საქართველოს ურთიერთობა, რომ თეირანმა კარგა ხნით ირანის ელჩიც გაიწვია საქართველოდან. ვიმედოვნებ, რომ ბუშის მიერ დამკვიდრებულ მანკიერებას ობამას დროს მსუყე წერტილი დაესმება.

რაც შეეხება ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას, აქ არა მარტო რუსეთის გვერდის ავლა იგულისხმება, არამედ სამხრეთის, ანუ ირანის სატრანზიტო დერეფნის გამოყენებაც. დღეს არსებული მინიშნებები ირანის დერეფნობასთან დაკავშირებით, ხვალ შესაძლოა რეალობად იქცეს. დღეს მას ხელს უშლის აშშ-ს ნეგატიური დამოკიდებულება ირანისადმი, მაგრამ ხვალ? ობამას განცხადებით, მოსალოდნელია ვაშინგტონ-თეირანის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესება, რაც აუცილებლად შეეხება ენერგეტიკასაც. მანამდე კი ოფიციალურმა თეირანმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ნაბუკოს პროექტში.

21-ე საუკუნეში ერთიორად გაიზრდება ენერგომატარებლების მოხმარება, მართალია, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი ოპტიმიზმის ნაკლებ საფუძველს იძლევა, მაგრამ საუკუნე სულ ახლახანს დაიწყო და წინ არაერთ ეკონომიკურ აღმავლობას ექნება ადგილი, რაც ენერგეტიკის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად გაიზრდება და გართულდება სატრანზიტო სისტემების გეოგრაფია, მათზე ტექნოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური რისკების შესაძლებლობა. შეუფერხებელი, გარანტირებული ტრანსპორტირებისათვის საჭირო იქნება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის შექმნა, რათა თავიდან იქნას აცილებული თუნდაც ისეთი "გაზური ომი", რასაც ადგილი ჰქონდა რუსეთ-უკრაინას შორის. თანამედროვე ვითარებაში მომხმარებელ-მიმწოდებლის ტრადიციულ დამოკიდებულებაში შეღწევისა და ადგილის დამკვიდრებისათვის იღვწის ტრანზიტიც. მისი ეკონომიკური ინტერესი - ენერგომატარებლების გატარებისათვის მეტი მოგების მიღება, ანგარიშგასაწევია. ტრანზიტი ზრდის ტრანზიტორის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. იშვიათობას აღარ წარმოადგენს ტრანზიტორის ექსპორტიორთან დაპირისპირებაც, სატრანზიტო თანხის გაზრდის მოთხოვნა. არც ტრანზიტორ-იმპორტიორის დაპირისპირებაა გამორიცხული, ტრანზიტის უსაფრთხოებიდან და შეფერხებიდან გამომდინარე. ამ ენერგეტიკული "ბუკეტის" ყველა ნიუანსი გამოავლინა რუსულ-უკრაინულმა ენერგეტიკულმა ომმა. უკრაინამ შეძლო რუსეთის, როგორც სანდო ექსპორტიორის სახელის შებღალვა ევროპელ იმპორტიორთა თვალში. გაყინულ ზამთარში ევროპას ნაკლებად აინტერესებდა იპარავდა თუ არა მათთვის განკუთნილ გაზს უკრაინა. მას სციოდა და რუსეთისაგან მოითხოვდა დანაპირებ გაზს. ტრანზიტორი უკრაინის ავანტიურამ სხვა შედეგიც გამოიღო, რუსეთის მხრიდან კრედიტის სახით 5 მილიარდი დოლარის დაპირება. პუტინ-ტიმოშენკოს მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა უკრაინის პრეზიდენტ იუშჩენკოს და მისი მომხრეების მხრიდან ღალატად იქნა მონათლული. მას მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიც კი ეწოდა. თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური ბატალიები თვით უკრაინაში და რუსეთ-უკრაინას შორის, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ მან და ცხინვალის ომმა ახალი სული შთაბერა ნაბუკოს გახმაურებულ პროექტს.

პროექტის იდეა 2002 წელს იშვა და მას ჯუზეპე ვერდის ოპერის "ნაბუკოს" სახელი ეწოდა. პროექტის მიზანია ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის გაზის ევროპისათვის მიწოდება აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის ტერიტორიების გავლით. ნაბუკოს პროექტით ხდება რუსეთის სატრანზიტო დერეფნისათვის გვერდის ავლა. ბუშის ადმინისტრაცია ზედმიწევნით იყო დაინტერესებული ამ გზის ამოქმედებით, ვინაიდან ის ეკონომიკურად კონკურენციას გაუწევდა რუსეთს, ხოლო პოლიტიკურად შეასუსტებდა მის როლს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. ვეჭვობ, რომ ობამას ადმინისტრაციამ შეანელოს ყურადღება ნაბუკოსადმი. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული პროექტში ირანის ჩართვაც. არც ის არის გამორიცხული, რომ ირანის ტერიტორია შუა აზიის ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნად იქცეს. გასული წლის აგვისტოს ომმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სანდოობა. ტრანზიტის უსაფრთხოებას წინათაც უყურებდნენ ეჭვის თვალით, განსაკუთრებით აფხაზეთის ფაქტიური ხელისუფლების აქტიურობის გამო. აფხაზეთის ხელისუფლებამ არაერთხელ წერილობით მიმართა, როგორც აშშ-ს ადმინისტრაციას, ისე გაზსადენის და ნავთობსადენის მშენებელ უცხოურ კომპანიებს, მათზე სავარაუდო ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ. სოხუმი იმასაც აღნიშნავდა, რომ თბილისი ტრანზიტიდან შემოსულ თანხებს აფხაზეთის წინააღმდეგ ომისათვის მზადებას მოახმარდა. სოხუმი დასავლეთს უსაფრთხო გზას სთავაზობდა - აფხაზეთის გავლით.

ნაბუკოს პროექტის დაწყებასთან ერთად გამორიცხული არ არის მსგავსმა მუქარამ კიდევ ერთხელ იჩინოს თავი, რაც თავისთავად წინა პლანზე წამოსწევს ირანის სატრანზიტო თემას. ნაბუკოს პროექტი წელს უნდა დაიწყოს და 2014 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი დიდ ინვესტიციებს საჭიროებს (7 მილიარდი დოლარი), თუმცა ეკონომიკური კრიზისის დროს რამდენად არის შესაძლებელი პროექტის რეალიზება, ძნელი სათქმელია. გარდა ამისა მხედველობაშია მისაღები რუსეთის ფაქტორიც. ჩემი აზრით, ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-ერზერუმის მარშრუტებში რუსული ინტერესების გათვალისწინებით ერთიორად შემცირდებოდა ოფიციალური მოსკოვის აგრესიულობა, მაგრამ მაშინდელი აზერბაიჯან-საქართველოს ხელისუფალთ აშშ-ინგლისი ყოვლისშემძლედ ეჩვენებოდათ, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ელცინის გაძვალტყავებული რუსეთი ოდესმე ფეხზე დადგებოდა.

რუსეთს სხვა თავსატკივარიც აქვს - მილსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რომელიც მას პირდაპირ დააკავშირებს გერმანიასთან. პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ აშკარად მტრულად განწყობილი პოლონეთი, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. როგორც სჩანს, ზღვის ფსკერი არანაკლებ საკამათოა, ვიდრე ხმელეთი.

აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ 1979 წლიდან დაწყებული აგრესიული პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება. ოფიციალური ვაშინგტონი, ოფიციალური თეირანისათვის ხელის ჩამოსართმევად ემზადება, რაც ირანელთა მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ვაშინგტონ-თეირანის ურთიერთობა კარდინალურად შეცვლის, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ვითარებას ამ რეგიონში, მათ შორის კავკასიაში.

პოლიტიკაში ჩახედულთათვის ძნელი არ არის იმის გამოცნობა, თუ როგორ იცვლება ირანისადმი აშშ-ს მოკავშირეთა დამოკიდებულება. ვაშინგტონის დადებითმა იმპულსებმა უმალ ჰპოვეს ასახვა მათზე. როგორც ჩანს, ”დიდი ძმის” ფაქტორი მყარად არის ფესვგადგმული დემოკრატიულ დასავლეთშიც, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საბჭოეთის რეალობაში. ---