ქვეყანათმცოდნეობა

ცოტა რამ ირანის ისლამური რევოლუციის ისტორიიდან

ჰამლეტ ჭიპაშვილი

ვიდრე ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებდეთ, მსურს უღრმესი

მადლობა გადავუხადო ჩვენი ინტერნეტ ჟურნალის უკლებლივ ყველა მკითხველს საინტერესო მოსაზრებათა გაზიარებისათვის. საჯარო სამსჯავროზე გამოტანილი სტატიების უპირველესი მიზანი ის არის, რომ ხელი შეუწყოს, წაახალისოს, ფართო გასაქანი მისცეს თუნდაც ჩვენგან განსხვავებულ კრიტიკულ მოსაზრებას, ვინაიდან კრიტიკა, მით უმეტეს ობიექტური, გვაფხიზლებს ყოველდღიური ცხოვრებისეული ორომტრიალისაგან, ხელს გვიწყობს საკუთარი ძალების მობილიზებაში, კრიტიკის საგნის ხელახალ გადახედვა-გაანალიზებაში. მხოლოდ მოძრაობა, აზროვნების დაძაბვა, ჭკუის ვარჯიში არის ახალი იდეებისა და აზრების წარმოქმნის საწინდარი, ურომლისოდაც წინსვლა წარმოუდგენელია.

საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, დილეტანტურია, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ხელისუფალთა ვიწრო პარტიული აზროვნება, ამასთანავე ვიწრო განათლება, განსაკუთრებით საერთაშორისო საკითხებში. საქართველოს სამივე პრეზიდენტს ძალა არ დაუშურებია მოსახლეობის საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევისათვის, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჭურში მყოფთათვის ხელისუფალთა ჩაძახილი შეუვალი სიმართლეა.

მავანი შემედავება, რომ ინტერნეტის ხანაში საინფორმაციო ვაკუუმი თითიდან გამოწოვილი თემაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მრავალ მიზეზთა გამო ინტერნეტი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ძნელად მისაღწევი ფუფუნებაა. დავუმატოთ ამას საინფორმაციო ერთ-ერთი მთავარი წყაროს, რუსული საინფორმაციო ტელეარხების და რუსულენოვანი ევრონიუსის გამორთვა, ქართული ჟურნალ-გაზეთების სუსტი დისტრიბუცია, განსაკუთრებით რეგიონებში, მათი შეძენისათვის მოსახლეობის ხელმოკლეობა, ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა მიერ საერთაშორისო საკითხების ხელისუფალთათვის მაამებლური და არაობიექტური განხილვა და შედეგად "ჭურის" პოლიტიკას მივიღებთ.

სწორედ "ჭურის" წყალობით საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ მსოფლიოში აშშ-ს გარდა სხვა ქვეყნებიც არსებობს, არანაკლებ წარმატებულ-განვითარებული, მაგრამ მან უკვე გამოარკვია, რომ მეზობელი რუსეთი არის მტერი და თანაც დაუძინებელი ანუ ისეთი, რომელსაც 24 საათი არ სძინავს და საქართველოს წინააღმდეგ ახალ-ახალ დამანგრეველ გეგმებს ხლართავს. საქართველოს მოსახლეობამ ცოტა რამ გაიგო ევროპის შესახებ და ისიც ცხინვალის ომის წყალობით, საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის აქტიურობის შედეგად, თუმცა მისი დიდი იმედი მაინც არ აქვს. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ნატოში შესვლა უნდა, მაგრამ არ იცის, რა არის ნატო. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ თანამედროვე, გლობალიზირებულ მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები ერთმანეთშია გადახლართული და საქართველოს საკითხის დადებითად გადაჭრას შეიძლება ხელი შეუშალოს ჩრდილო კორეის ბირთვული იარაღის საკითხმა, რასაც ადგილი ჰქონდა ორი წლის წინათ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რა არის რეგიონალიზმი, ვინაიდან ორიენტირებულია ცხრა ზღვა-მთას იქით მყოფ ამერიკაზე, და რახან საქართველომ არ იცის თანამედროვეობის ეს უმნიშვნელოვანესი თემა, არ აინტერესებს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, არ აინტერესებს რეგიონის სახელმწიფოები, არ აინტერესებს მათთან თანამშრობლობა. აზერბაიჯან-სომხეთთან საყველპურო კავშირები დიდი ვერაფერი შეღავათია.

უნებლიეთ იბადება კითხვა - მაშ რა იცის საქართველოს მოსახლეობამ? საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ აშშ-ი "მაგარია", რომ ამერიკა რუსეთს დააჩოქებს და ჩვენთვის დასაბრუნებლად ხელიდან გამოგლეჯს მიტაცებულ ტერიტორიებს. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ მიშა "მაგარია" და მალე ამერიკასთან ერთად გადაუვლის "ჟანგიან" რუსეთს. საქართველოს მოსახლეობამ უკვე გაიგო, რომ პუტინი შაჰ-აბასი ყოფილა. ოდნავ ადრე მან ისიც გაიგო, რომ კოკოითი ფანდარასტია, გარდა ამისა მალე დავბრუნდებით "ჩვენთან" სოხუმში.

საქართველოს მოსახლეობას გუშინდელივით ახსოვს შაჰ-აბასისა და აღა-მაჰმად ხანის დამანგრეველი ლაშქრობები, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალმა საუკუნემ ჩაიარა. თანამედროვე საქართველო არაფრით ჰგავს თუნდაც თანამედროვე ერაყს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ზიბარიმ დავოსის ეკონომიკურ სამიტზე ირანის, კენიის, ავღანეთის, საფრანგეთის კოლეგებთან გამართული მრგვალი მაგიდის დიალოგის დროს, ირანს მეგობარი ქვეყანა უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად 1980-88 წლების ომისა, ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა ყალიბდება. ჩვენ კი ისევ შაჰ-აბასს და აღა-მაჰმად ხანს გავიძახით და თანაც ისე, თითქოს გუშინ ყოფილიყოს. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ საბჭოთა კავშირს ომი ჰქონდა ფინეთთან, მძიმე, დამანგრეველი, მაგრამ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული მტრობა კონსტრუქტივიზმით შეიცვალა. ფინეთის ეკონომიკა სწორედ საბჭოეთის ნედლეულის წყალობით მოწინავედ იქცა მთელს მსოფლიოში. მეგობრობა დღესაც გრძელდება. საქართველოს მოსახლეობამ ბევრი სხვაც არ იცის, მაგრამ იცის, რომ გილაური ილიჩის ნათურაა, რომ მიშა და მისი გუნდი პლუს თარგამაძე-II, დავითაია და პარლამენტის "ოპოზიცია" აუცილებლად ააშენებს ქვეყანას ტურფასა საბაღნაროსა, ნატოშიც შეგვიყვანს, ევროკავშირშიც და ყველა კავშირშიც, სადაც შესვლა შეიძლება.

და მიუხედავად ცოდნა-არცოდნისა გავკადნიერდები და თავს უფლებას მივცემ ცოტა რამ ვთქვა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობის მქონე სახელმწიფოზე, ირანზე, მითუმეტეს, როდესაც თებერვალში ქვეყანა ისლამური რევოლუციის დღესასწაულს აღნიშნავს. გარდა ამისა ირანის თემა აქტუალურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის სიტყვიდან დაწყებული განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ირანთან ურთიერთობას. ობამა მზად არის ხელი გაუწოდოს ირანს და იმედოვნებს, რომ ირანიც შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს.

აღნიშნულიდან გამომდინარე და კიდევ იქედან, რომ ირანი მეზობლის მეზობელი ქვეყანაა, რეგიონული ლიდერია და მისი პოზიციების გაუთვალისწინებლად შეუძლებელია კავკასიის მშვიდობაზე ფიქრი. თავს უფლებას მივცემ ცოტა რამ მოგახსენოთ თანამედროვე ირანის შესახებ, ამასთანავე ვიმედოვნებ, რომ პატივცემული მკითხველი ჩემს მცდელობას "შეტენად" არ ჩათვლის. ან როგორ უნდა "შეეტენოს" თითქმის ოთხმოცმილიონიანი ირანი ოთხმილიონიან საქართველოს?

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აიათოლა ჰომეინიმ ქვეყნიდან გააძევა შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი, რითაც წერტილი დაუსვა 2500-წლიან მონარქიას. 30 წელია აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს ირანთან. ამერიკის ახალი პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით ვაშინგტონი მზად არის დიალოგისათვის. "ისლამურ სამყაროსთან ჩვენ ვისწრაფვით ახალი წინსვლისაკენ ურთიერთინტერესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე", - განაცხადა ობამამ ინაუგურაციის დღეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად გაუარესდა. 1979 წლის 1 თებერვალს საფრანგეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა სამშობლოში, თხუთმეტწლიანი გადასახლების შემდეგ, ჩამოიყვანა შავებში შემოსილი, წარმოსადეგი მოხუცი. ტრაპზე გამოჩენისთანავე ათასობით დამხვედრმა აიათოლა რუჰოლა ჰომეინის სახელის შეძახილები შეაგება მას. თეირანის ქუჩები, სახლების ფანჯრები და სახურავები სავე იყო ხალხით. ისინი სიხარულით ესალმებოდნენ ჰომეინის დაბრუნებას. მხილველთა მიხედვით, იმ გრანდიოზულ შეხვედრაში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას - მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობა.

1979 წლის 1 თებერვალი გასული საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად ითვლება. ირანის ისლამურმა რევოლუციამ საფუძველი ჩაუყარა ძვრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია მსოფლიო ისტორიაზე. რევოლუციის მთავარი შემოქმედი 76 წლის აიათოლა ჰომეინი, პატარა, მტვრიან ქალაქ ჰომეინში, კლერიკალთა ოჯახში დაბადებული, მთელი ცხოვრების მანძილზე მასწავლებელი და სწავლული ვერასდროს იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისლამური რევოლუციის ხატად იქცეოდა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც შაჰის კრიტიკისათვის 1964 წლიდან გადასახლებაში მყოფს სამშობლოსთან ურთიერთობა შეზღუდული ჰქონდა.

1979 წლის 1 თებერვალი ისტორიულ წყალგამყოფად იქცა დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთს, აშშ-სა და ისლამურ სამყაროს შორის.

აშშ-ს ბოლო პრეზიდენტი, რომელიც ირანს სტუმრობდა, ჯიმი კარტერი იყო. 1977 წელს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ირანის შაჰის ნია ვორანის სასახლეში გამართული წვეულების დროს წარმოთქმულ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ შაჰი არის მისი პირადი მეგობარი, ხოლო ირანი სტაბილურობის კუნძული ბობოქარ რეგიონში.

ინგლისელი მკვლევარი დომინიკ სენდბრუკი აღნიშნავს, რომ კარტერის და ამერიკის დიპლომატიის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთისადმი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატია. დიდი ვერაფერი მოხერხებაა, რომ დაინახო მხოლოდ ის, რისი დანახვაც გინდა და არა ის, რასაც ადგილი აქვს. კარტერის ვიზიტიდან ათი დღის თავზე აგორდა ის რევოლუციური ტალღა, რომელმაც ქვეყნიდან გააძევა შაჰი, ხოლო სოფლის მასწავლებელი დიდების ზენიტში აიყვანა.

ისტორიაში წარმოუდგენელი არაფერია, რაც დაამტკიცა ირანის ისტორიამ. კრიზისული ვითარება ირანში 1970 წლიდან დაიწყო. რეზა შაჰის და მისი ოჯახის წევრების აღვირახსნილი, უზომო ფუფუნება, კორუმპირებულობა, სისასტიკე, სხვადასხვა აზრის ჩახშობა ჩვეულებად იქცა. შაჰის ოცნება იყო ნავთობისაგან მიღებული შემოსავლების წყალობით მძლავრი სპარსეთის იმპერიის შექმნა. მოჰამედ რეზა ფეჰლევი 21 წლის ასაკში აიყვანეს ირანის ტახტზე, მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა ქვეყნიდან გაასახლეს მამამისი. ახალგაზრდა შაჰი ინგლის-ამერიკაზე დამოკიდებული მონარქი გახდა. მათთან დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცდა 1953 წელს, როდესაც აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ პრემიერ-მინისტრ მოსადექის მთავრობა დაამხო. შაჰის პრემიერი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ხალხში, ისე სასულიერო წრეებში. ის სერიოზულ კონკურენციას უწევდა შაჰს და სულაც არ იყო გამორიცხული, რომ მონარქიული წყობის შეცვლის მოძრაობას ჩადგომოდა სათავეში. მოსადექის დამხობის შემდეგ ერთიორად გაიზარდა შაჰის გავლენა, დაიწყო გრანდიოზული პროექტების განხორციელება ახალი ქარხნებით, სასწავლებლებით, გზათა მშენებლობით და სხვა, მაგრამ რაც უფრო მეტი ფული იხარჯებოდა, უფრო მეტად იზრდებოდა ფასები. გაჩნდა უმუშევართა არმია. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თეირანის ქუჩები აავსო სამუშაოს მაძიებელმა გლეხებმა. დასავლური ცხოვრების მოტრფიალე შაჰი და მისი კარი საგრძნობლად დაშორდა ხალხს. თვალშისაცემი გახდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სულიერი მოთხოვნა დაუპირისპირდა დიდებულთა მოჭარბებულ დასავლურობას. ბევრი დღესაც თვლის, რომ შაიჰისეული ირანი დასავლური ცივილიზაციის მატარებელი, განვითარებული საერო სახელმწიფო იყო, რომელიც ჩაკლა ისლამურმა რევოლუციამ. შაჰის რეპრესიული რეჟიმის ამსახველი მუზეუმის თუნდაც ზედაპირული დათვალიერება სრულიად საკმარისია იმდროინდელი ვითარების წარმოსადგენად.

ისლამური რევოლუციის წყალობით წიაღისეული სიმდიდრეების ექსპორტიდან შემოსული თანხები ქვეყნის აღმშენებლობას ხმარდება. ირანი არა მარტო წიაღისეულს აგზავნის, არამედ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. ბირთვულ კვლევაში მიღწეული წარმატებები ამის დამადასტურებელია. ირანის მეცნიერთა წარმატებებზე მეტყველებს სულ ახლახან გაშვებული ხელოვნური თანამგზავრიც. ირანის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილებაა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში. ირანული პროდუქცია არც საქართველოსთვის არის უცხო, თუმცა საქართველოს მხრიდან მეტი ყურადღების შემთხვევაში იმპორტის ასორტიმენტი მრავალფეროვანი იქნებოდა.

ირანი მდიდარია სამშენებლო მასალებითაც, განსაკუთრებით მარმარილოთი და რომ არა ქართული ბიზნესის მოუხერხებლობა, ის ისეთივე პოპულარული იქნებოდა საქართველოში, როგორც იტალიური. ძნელია დაეთანხმო ზოგიერთი ჟუნალისტის მოსაზრებას, რომ ირანი მსოფლიოს ყველაზე კარჩაკეტილი ქვეყანაა. ირანში არაერთმა სტუმრობამ მიმანიშნა საწინააღმდეგოზე. შეიძლება უწოდო ქვეყანას კარჩაკეტილი, რომელიც ინტერნეტით სარგებლობის თვალსაზრისით მოწინავეა მსოფლიოში, როდესაც მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ისევეა გათვითცნობიერებული ამ საკითხში, როგორც თეირანელები. ქვეყანა, რომელიც ტურიზმში საკმაოდ წარმატებულია, ძნელად ჩაითვლება კარჩაკეტილად. ირანში ისევე, როგორც საქართველოში უცხო არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა უცხოეთთან კავშირები გამორიცხავს კარჩაკეტილობას. აშშ-ს წყალობით ირანის მიმართ დამოკიდებულობა მოჭარბებულად კრიტიკულია. ირანის სტუმარი ჟურნალისტები, წინასწარ ნეგატიური განწყობით, თეთრზე შავს წერენ, აქაოდა კარჩაკეტილია და მაინც ვერ გაიგებსო.

დავუბრუნდეთ ირანის რევოლუციის თემას. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით შაჰის ირანი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მუდმივი ჯაშუშური საქმიანობის ისეთ ობიექტად იქცა, როგორიც აშშ-ს არ ჰქონია არც ერთ ქვეყანაში. უპირველეს ყოვლისა ჯაშუშური დაკვირვების ობიექტს საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. საბჭოეთის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობით გართულმა აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყურადღება ვერ გაამახვილა თვით ირანში მიმდინარე პროცესებზე. მან ვერ დაინახა რევოლუციური დუღილი. მის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ ინფორმაციებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ არათუ რევოლუცია, არამედ რევოლუციის განწყობაც არ შეინიშნებოდა. ინფორმაციებში კატეგორიულად იყო აღნიშნული, რომ 10 წლის მანძილზე შაჰის რეჟიმს ვერავინ დაუპირისპირდებოდა. ერთადერთი ამერიკელი, ვინც ობიექტურ ინფორმაციას აგზავნიდა ცენტრში, ირანში აშშ-ს ახალი ელჩი სალივანი იყო. ცსს ინფორმაციებიდან განსხვავებით ის მოურიდებლად ატყობინებდა სახელმწიფო დეპარტმენტს, რომ შაჰის რეჟიმი დაემხობოდა. ელჩი რეკომენდაციას აძლევდა კარტერს, საერთო ენა გამოენახა პარიზში გადასახლებაში მყოფ ჰომეინისთან. ამერიკის იმჟამინდელი ადმინისტრაციის სავალალოდ უნდა ითქვას, რომ მან არაფერი იცოდა ჰომეინის შესახებ და არც გაგება სურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თეირანში ამერიკის საელჩოში მომუშავე დიპლომატებიდან ძნელად თუ მოიძებნებოდა სპარსულის მცოდნე. დიპლომატებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა არის შიიზმი და რა განსხვავებაა შიიზმსა და სუნიზმს შორის. საზღვარგარეთ აკრედიტებულ საელჩოთა ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ საელჩოში მომუშავე ადგილობრივი ტექნიკური პერსონალია. ამერიკელთა სამწუხაროდ საელჩოში მომუშავე ტექნიკური პერსონალი არა შიიტი სპარსელებით იყო დაკომპლექტებული, არამედ ქრისტიანი სომხებით. აქედან ელჩისათვის არცთუ იოლი იყო ობიექტური ინფორმაციის შეგროვება, მაგრამ სალივანი გამოცდილი დიპლომატი იყო და უცბად გაერკვა ირანის შიდა პროცესებში, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტ კარტერზე. არაობიექტურმა ინფორმაციამ და პრეზიდენტის მოჭარბებულმა სიმპათიებმა შაჰის მიმართ გამოიწვია აშშ-ს დაშორება ირანის პრობლემებისაგან. ვერც კარტერის უშიშროების საბჭოს მდივანი ბჟეზინსკი აღმოჩნდა სიმაღლეზე. გარდა იმისა, რომ ის ხშირად უმალავდა კარტერს სალივანის ინფორმაციას, არ სურდა ვითარების შესწავლა და ზედაპირულად აანალიზებდა ირანის პროცესებს. რევოლუციის შემდეგ ნაცვლად სხვაგვარი მოქმედებისა, ის 1953 წლის მსგავს კონტრრევოლუციურ გადატრიალებაზე ფიქრობდა.

ექსპერტების აზრით, კარტერის მიერ სალივანის რჩევების გაზიარების შემთხვევაში აშშ-ა და ირანის ურთიერთობები სხვაგვარად წარიმართებოდა. ცხადია ძნელი იქნებოდა ისლამური რევოლუციის შეჩერება, მაგრამ გადასახლებაში მყოფ ჰომეინისთან საერთო ენის გამონახვა სხვაგვარი ურთიერთობის საწინდარი იქნებოდა.

რევოლუციას მოჰყვა თეირანში აშშ-ს საელჩოს ალყაში მოქცევა. ამერიკელი დიპლომატები მრავალი თვის განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ გარესამყაროსგან. ასეთ ვითარებაში კარტერმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა - შვეულმფრენებით ამერიკელი სამხედროების ირანის უდაბნოში გადასხმა. სპეცრაზმს ტყვეობიდან უნდა დაეხსნა ამერიკელი დიპლომატები. Oპერაცია კრახით დამთავრდა. ამერიკა-ირანის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. ამერიკული მასმედია აავსო ანტიირანულმა სტატიებმა და გადაცემებმა, პოლიტიკოსთა უკიდურესად რეაქციულმა განცხადებებმა - ირანის დაბომბვის მოთხოვნით. ამერიკის პროპაგანდა ირანს ყველაზე კორუმპირებულ და სასტიკ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. არც ირანია ვალში. ის ამერიკას მსოფლიოს პირველ "ეშმაკად" მოიხსენიებს. ურთიერთდაპირისპირებამ კულმინაციას ბუში მეორის მმართველობის დროს მიაღწია. ჩვეულებად იქცა მუქარა ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვის თაობაზე. პრესიდან გახდა ცნობილი გასული წლის შემოდგომით ბუშის ადმინისტრაციისადმი ისრაელის თხოვნის შესახებ. ისრაელი თხოვდა ბუშს იარაღს ირანის დასაბომბად. საბედნიეროდ ორ ფრონტზე მებრძოლი ამერიკისათვის შეუძლებელი გამოდგა ირანის წინააღმდეგ მესამე ფრონტის გახსნა.

ფაშისტური ირანი, როგორსაც მას ამერიკა მოიხსენიებს, სულაც არ არის ის ქვეყანა, სადაც გასული საუკუნის ორმოციან წლებში თავი გამოიჩინა მესამე რეიხმა. ირანის მოსახლეობის 60 პროცენტი 26-წლამდე ახალგაზრდაა, რომელიც გამოირჩევა კვალიფიციური განათლებით, მშვიდობისმოყვარეობით, შრომისუნარიანობით, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარების სურვილით. ირანის ხელისუფალთ არ სურს სხვათა ტერიტორიების მითვისება, მეზობელი ქვეყნების ჩაყლაპვა.

ამერიკული პროპაგანდის ობიექტია ირანის რევოლუციის დაცვის ორგანიზაცია, რომელიც რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. მისი მიზანი იყო რევოლუციის მოწინააღმდეგე შიდა და გარე ძალებთან ბრძოლა, რევოლუციის მონაპოვარის დაცვა. ორგანიზაციამ წარმატებით გაართვა თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს. აიათოლა ლოჰატის ინიციატივით და აიათოლა ჰომეინის ლოცვით შექმნილი ორგანიზაცია წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. იშვიათობას არ წარმოადგენს ორგანიზაციის პოლიტიკით დაინტერესებაც. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მან მხარი აჰმადინეჟადს დაუჭირა.

6 თვის შემდეგ ირანში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მასში კვლავ მიიღებს მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც ირანის უახლეს ისტორიაში პირველი იყო, ვინც მიულოცა ამერიკის არჩევნებში გამარჯვებულს. შექმნილი ვითარება გვკარნახობს, რომ ობამას პოლიტიკა განსხვავებული უნდა იყოს კარტერისა და ბუშისაგან. მან უნდა შეძლოს ბარიერის გადალახვა აიათოლებისათვის ხელის ჩამოსართმევად. ბევრს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია, ისევე, როგორც წარმოუდგენლად მიაჩნდათ ნიქსონის ჩინეთის დიდ კედელზე ყოფნა და მაო ძედუნისთვის ხელის ჩამორთმევა, რეიგანის წითელ მოედანზე გარბაჩოვთან ერთად გასეირნება. პრეზიდენტ ობამას თეირანში გამოჩენა არა მარტო ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელი მსოფლიოს სამშვიდობო პრობლემების მოგვარების საწინდარი იქნება. ---