ქვეყანათმცოდნეობა

ქართულ-ირანული ურთიერთობები ათასწლეულებს ითვლის

გიორგი ვეკუა

საქართველო თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს გადის. ეს პერიოდი უკუნ ღამეს ან იმ მომენტს შეიძლება შევადაროთ, როცა სიბნელე მაქსიმუმს აღწევს.

მართალია, ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს ცხოველებად თვლის, რადგან თავადაც ცხოველურ დონეზე აზროვნებს, ერთობ გვაყვედრის, რომ თბილისი თურმე ”სინათლის ქალაქია”, მაგრამ სინათლე ქვეყანაში არასოდეს არის განათების ბოძების ან მათზე დამონტაჟებული ნათურების სიმძლავრის პროპორციული. თუმცა უგულავები და სააკაშვილები ამ უბრალო ჭეშმარიტებას ვერ გაიგებენ.

ამერიკულმა პროპაგანდამ, რომელიც ტელევიზიების საშუალებით, მღვრიე ნაკადად მოედინება და უკვე ყველაფერი გაჟღინთა - ახალი ამბები, ფილმები, გასართობი შოუები, სერიალები და რეკლამებიც კი - ქვეყანაში რაციონალური აზროვნების პარალიზება მოახდინა და შიზოფრენიული გარემო წარმოქმნა. ქართველი ხალხი დღეს დეზორიენტირებულია, ეძებს და ვერ პოულობს თავის იდენტობას, თავის ადგილს მსოფლიოში. ზოგი გამოსავალს რელიგიაში ხედავს, მაგრამ იდენტობის პრობლემას ვერც რელიგია ჭრის ბოლომდე. ამ დროს კი ამერიკული ცხოვრების წესი, ევროპული ფასეულობები, დასავლური რაციონალობა, ტელევიზიების საშუალებით მძლავრად სხივდება საქართველოს მოქალაქეების ტვინებში, რომლებიც საცდელ კურდღელად ქცეულან. მათგან ”ახალ ადამიანებს” ქმნიან.

ეს ყველაფერი კი ხდება ბრჭყვიალა ლოზუნგების საფარქვეშ - ”დავბრუნდეთ ევროპაში”, ”შევიდეთ ნატო-ში”, ”ცივილიზებული მსოფლიო ჩვენთანაა” (წინათ”ჩვენთან არს ღმერთი”-ო, გაიძახოდნენ, ახლა ”ცივილიზებული მსოფლიოს” იმედზე ვართ. თანაც ამ ”ცივილიზებული მსოფლიოდან” მიშისტი პროპაგანდისტები, მედასავლეთე პოლიტექსპერტები და ზოგიერთი ოპოზიციონერიც კი, ჰკვეთენ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ისეთ უძველეს ცივილიზაციებს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, არაბული ქვეყნები).

ამ სტატიაში აღარ განვავრცობთ ქართული იდენტობის თემას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ქართული საზოგადოების წინაშე ამჟამად მდგარი და მასთან დაკავშირებულ ერთ საკითხს შევეხებით. ესაა ისტორიულ მეზობლებთან ურთიერთობა.

ასეთ მეზობელთა რიგში ალბათ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ირანი, რომელთანაც საქართველოს არა ნაკლებ ორნახევარი ათასწლეულის ინტენსიური ურთიერთობა აკავშირებს. საუკუნეების მანძილზე ირანი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქათველოსთვის, რომელსაც იბერიის სახელით მოიხსენიებენ, კულტურული ცენტრი და დიდი ცივილიზაციური ზეგავლენის წყარო. თანამედროვე მეცნერებაში ჯერაც არ არის საკმარისად შესწავლილი ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, წინა- და ადრე ქრისტიანულ ეპოქაში ირანის, კერძოდ, ირანული რელიგიის (მაზდეანობის) და მითოლოგიის ურთიერთქმედება ქართულ უძველეს კულტებთან და მითოსთან. არადა, ეს ურთიერთობა დალექილი სახით გვხდება შემდგომ ეპოქებში და თანამედროვეობაშიც კი, სიღრმისეულ ფენებში, განსაკუთრებით, მითოლოგიის, ენის, კოლექტიური არაცნობიერის სფეროში.

უფრო ზედაპირულ დონეებსაც რომ შევეხოთ, თვალსაჩინო ხდება, რამდენად ინტენსიური იყო ირანთან კულტურული კავშირები სხვადასხვა დროს. მაგალითად, ქართულ ენაში ასობით სპარსული წარმოშობის სიტყვაა, რომლებიც იმდენად ორგანულად აითვისა ქართულმა, რომ ვერც კი ვგრძნობთ მათ უცხოურ წარმოშობას (განსხვავებით ბერძნული და ლათინური ნასესხობების უმეტესობისგან). ჩამოვთვალოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანი: ანგარიში, ასპარეზი, ბაღი, ბოსტანი, მასპინძელი, ვარდი, მიხაკი, ბამბა, ბადრიჯანი, გულაბი, ოსტატი, ფანჯარა, სარდალი, ქარხანა, შუშა, ბოთლი, ხეივანი, ნავი, ნიგოზი, ქამარი, აზნაური, ვაჭარი, დროშა, ხურდა, სარდაფი, ფარდა, რაზმი, ლულა, სპილო, თუთიყუში, ვეშაპი, ნადიმი, ლაპარაკი, პაემანი, ჯადოქარი, აივანი, თარგმანი, სენაკი, დანა, უბანი, მარაგი, ფული, ნიშანი, ბანაკი, ხალი, ხალიჩა, იმედი... და ასეულობით სხვა, მეტად თუ ნაკლებად ხმარებადი დღეს. სიტყვას, რომელსაც ”ქრისტე აღსდგა”-ს პასუხად ვამბობთ ანუ - ”ჭეშმარიტად”, ასევე სპარსული ეტიმოლოგია აქვს...

ანდა ავიღოთ პირადი სახელებით, თუნდაც მხოლოდ მამაკაცების. საქართველო, როგორც ამბობენ, ერთადერთი ქვეყანაა ირანის გარეთ, სადაც სახელგანთქმული სპარსული ეპოსის ”შაჰ-ნამეს” გმირთა სახელები ფართოდ გავრცელდა და დამკვიდრდა. ესენია ზურაბი, როსტომი, ზაალი, გივი, გოდერძი, ბეჟანი, თამაზი, თეიმურაზი, ლუარსაბი, მანუჩარი, მერაბი, ფრიდონი, ქაიხოსრო... ასევე, ქართველთა უპირველეს პოემაში, ”ვეფხისტყაოსანში” მთავარ გმირთა უმრავლესობას ირანული წარმოშობის სახელები ჰქვია: როსტევან, ტარიელ, ფრიდონ, სარიდან, ფარსადან, ნესტან-დარეჯან... გარდა ამისა, ათეულობით პოპულარული ქართული სახელია, რომლებსაც სპარსული ფესვები აქვს. ირანული სახელებისგან წარმოიქმნა ისეთი არისტოკრატიული ან გავრცელებული გვარები, როგორებიცაა გურამიშვილი, ფალავანდიშვილი, ზალდასტანიშვილი, ქავთარაძე, გურგენიძე და ა.შ. თბილისის ცნობილი ტოპონიმები - ნარიყალა, სოლოლაკი, რიყე, მეიდანი და სხვა - სპარსულია ეტიმოლოგიურად...

ფილოლოგებისთვის ცნობილია ირანული ლიტერატურის გავლენა ქართულ ლიტერატურაზე, რისი ნიმუშებიცაა ”ვისრამიანი”, ”ამირანდარეჯანიანი”, შემდგომში გვიანი შუა საუკუნეების ქართული პოეზია, რომელიც სპარსული პოეზიით იყო ინსპირირებული...

ირანის კულტურის გავლენა ქართულზე სულაც არ უნდა იყოს ჩვენთვის სამარცხვინო ან დასამალი, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ტრადიციული ცენტრია, საქართველო კი ის ქვეყანა, სადაც ხდებოდა მრავალი მოძღვრების, კულტურის და ცივილიზაციის გადამუშავება და სინთეზი.

ეს ყველაფერი იმისთვის მოვიხმეთ, რომ გვეთქვა: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და რაც საოცარია, ინტელექტუალური და აკადემიური წრეების დიდ ნაწილსაც კი (თუ ასეთი დარჩა კიდევ) საერთოდ არ აინტერესებს კულტურული, ჰუმანიტარული და სამეცნიერო კონტაქტების დამყარება-აღდგენა ირანის შესაბამის წრეებთან, აღარაფერს ვამბობთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე. კაცმა რომ თქვას, არცაა გასაკვირი: ”ცივილიზებული მსოფლიოსკენ” პეპელას გულუბრყვილობით მსწრაფ არსებებს ამდენ აზროვნებას და განსჯის უნარს ვერ მოვთხოვთ, თანაც ამერიკულ გრანტებს საფრთხეში ხომ არ ჩააგდებენ...