საბერძნეთის კრიზისი და ევროკავშირის მომავალი

ამ დღეებში, თბილისის სავალუტო ჯიხურებში ევროს კურსი რეკორდულად დაეცა, რისი მიზეზიც მსოფლიოს ბირჟებზე ევროს გაუფასურება გახდა. თავის მხრივ, კი ევროს გაუფასურებას ანალიტიკოსები საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ.

 

ბოლო წლებში საბერძნეთის თემა მუდმივად წინა პლანზე ტივტივებს. ე.წ. მსოფლიოს ფინანსური კრიზისის დროიდან მოყოლებული, მკვეთრად გაუარესდა ამ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა. როგორც ირკვევა, ათწლეულების განმავლობაში, საბერძნეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები „საპნის ბუშტს“ ბერავდნენ, ანუ ფინანსურ პირამიდას აშენებდნენ.

ევროკავშირის ამ პატარა ქვეყანას გამოეყოფოდა აურაცხელი რაოდენობის სესხები (ძირითადად, გერმანული და ფრანგული ბანკების მიერ), ხდებოდა აქტივების ხელოვნურად გაბერვა და მონაცემების გაყალბება, მათ შორის სახელმწიფო შემოსავლების შესახებ. ცხოვრების დონე საბერძნეთში მკვეთრად იზრდებოდა, რასაც თან არ ახლდა შრომის ნაყოფიერების ზრდა. ანუ, ეს პირამიდა განწირული იყო, ადრე თუ გვიან, დასანგრევად.

რაც მოხდა კიდეც 2008-2009 წლებში, მსოფლიო კრიზისის დროს. მაგრამ თუ სხვა ქვეყნებმა ნაწილობრივ მაინც დასძლიეს კრიზისის შედეგები, საბერძნეთის ეკონომიკის დეგრადაცია დღემდე გრძელდება, ეს კი მიუთითებს იმაზე, თუ რა მასშტაბის აფიორასთან გვქონდა საქმე. თუმცა, მთავარი პრობლემა არა თავად საბერძნეთია, არამედ მისი ზემოქმედება მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკაზე.

იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებმა ასეულობით მილიარდი ევროს სესხები გასცეს საბერძნეთის მიმართ, ამ ქვეყნის დეფოლტი მძიმედ დაარტყამს გერმანიის, საფრანგეთის და მთლიანად, ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს. ამიტომაც, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები იძულებული არიან, ახალ-ახალი კრედიტები მისცემ ბერძენ „ამხანაგებს“, რომ თავიდან აიცილონ საბერძნეთის გაკოტრება.

ოღონდ, ცხადია, ამჯერად კრედიტებს მკაცრი პირობებიც სდევს თან. ევროკავშირის მოთხოვნით, საბერძნეთის მთავრობა იძულებული გახდა შეემცირებინა საბიუჯეტო ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ხელფასები, პენსიები, დახმარებები და ა.შ. ამან მკვეთრად დასცა ცხოვრების დონე საბერძნეთში და ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც უკვე შეეჩვია „კარგ ცხოვრებას“.

ამ პირობებში, საბერძნეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ათენის პოლიტიკურ სცენაზე ორი პარტია დომინირებდა - მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება „ახალი დემოკრატია“ და მემარცხენე ცენტრისტული „სრულიად ელინთა სოციალისტური მოძრაობა“ (პასოკ). სწორედ ეს ორი პარტია ენაცვლებოდა ერთმანეთს ხელისუფლებაში.

მაგრამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ამა წლის 7 მაისს გაიმართა, ორივე ამ პარტიამ გამანადგურებელი მარცხი იწვნია. სოციალისტთა შედეგი 44%-დან (წინა არჩევნები) 13 (!) %-მდე დაეცა, ხოლო მემარჯვენეების - 34%-დან 19%-მდე. ჯამში, ამ ორმა პარტიამ ხმების მესამედზე ნაკლები მიიღო, მაშინ როცა წინა არჩევნებში მათ ხმა მისცა ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა.

თუმცა, „ახალმა დემოკრატიამ“ (ანუ ძველმა მემარჯვენეებმა) მაინც მოახერხა პირველ ადგილზე გასულიყო პარტიათა შორის. ამან კი მას დიდი უპირატესობა მისცა, რადგან საბერძნეთში მოქმედებს საკმაოდ უცნაური საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილზე გასულ პარტიას დამატებით 50 ადგილი ეძლება პარლამენტში, იმ ადგილების გარდა, რაც მან მოიპოვა არჩევნების შედეგად (სულ საბერძნეთის პარლამენტში 300 დეპუტატია).

მიუხედავად ამისა, ორმა ტრადიციულმა პარტიამ, რომლებიც კოალიციურად მართავდნენ ქვეყანას ბოლო თვეებში, მაინც ვერ მოახერხა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, რადგან ყველა დანარჩენმა ძალამ უარი თქვა მათთან გაერთიანებაზე. ახლად წამოჩიტულ პარტიებს შორის გამოირჩევა ე.წ. რადიკალურად მემარცხენე გაერთიანება „სირიზა“(SYRIZA). ამ პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა არჩევნებში და სამიოდე პროცენტით ჩამორჩა პირველადგილოსანს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა და საბერძნეთში ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვარაუდობენ, რომ ამჯერად პირველ ადგილზე „SYRIZA“ გავა და ბონუსად დაწესებული 50 ადგილი პარლამენტში მას გადაეცემა. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამ პარტიას გაუჩნდება შანსი, ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა ორ სხვა მემარცხენე ძალასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი კომუნისტური პარტიაა.

თუ ეს ასე მოხდა, ახალი მთავრობა მძიმე არჩევანის წინაშე დადგება. ერთი მხრივ, მემარცხენეები უარს ამბობენ ევროკავშირის და საბერძნეთის მთავრობების მიერ შეთანხმებული ე.წ. Baylout-ის პროგრამის განხორციელებაზე, ხოლო მეორე მხრივ, უნდათ საბერძნეთის შენარჩუნება ევროს ზონაში. მაგრამ იმ პირობებში, როცა ევროკავშირი კატეგორიულად უარს ამბობს შესწორებები შეიტანოს შეთანხმებულ პროგრამაში და შეღავათები გაუწიოს ბერძნებს, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხერხდეს ქვეყნის დეფოლტის თავიდან აცილება.

როგორც ჩანს, ბერძენი პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს ევროკავშირის დაშანტაჟებას, რადგან საბერძნეთის დეფოლტის შემთხვევაში, ევროპაც დაზარალდება. მაგრამ გერმანიის ხელისუფლებისთვის უკან დახევა სირცხვილის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ მათ კატეგორიულად განაცხადეს, რომ Baylout-ის პირობები არ გადაიხედება. თავის მხრივ, საბერძნეთის მოსახლეობაც არ აპირებს უკან დახევას, ამიტომ საინტერესო მოვლენები გველოდება წინ.