იდეოლოგიური პრინციპები და ოპოზიციური თანამშრომლობის აუცილებლობა

პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ გამოკვეთა ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებთანაც იგი აპრიორი გამორიცხავდა თანამშრომლობას ნებისმიერი ფორმით. ეს პოლიტიკური სუბიექტები პირობითად შეიძლება გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კატეგორიების მიხედვით.

პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის თვალში აშკარა დისკრედიტაცია განიცადა, ოპოზიციურ საქმიანობაზე ფაქტობრივად ხელის აღებისა და ხელისუფლებასთან დაუფარავი თანამშრომლობის გამო (ე. წ. ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”პადოშა”, გამყრელიძის პარტია და სხვ.). შეიძლება ითქვას, რომ ამ კატეგორიასთან თანამშრომლობის გამორიცხვა ივანიშვილის მხრიდან გამომდინარეობდა მორალის იმპერატივიდან, მაგრამ გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისითაც გამართლებული იყო. ივანიშვილმა უარი თქვა არაპოპულარულ, ურეიტინგო პარტიებთან თანამშრომლობაზე (თუმცა ხელისუფლება და განსაკუთრებით, ამერიკული ინსტიტუტები ენერგიას არ იშურებენ მათგან ერთის - კერძოდ, ”ქრისტიან-დემოკრატთა” შეფის სახით რეიტინგული პოლიტიკოსის მითის შესაქმნელად), რომლებიც საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობაზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ. თავისი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა გამოკვეთა პრინციპული და შეურიგებელი პოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულ ურთიერთობას ვერ იგულისხმებდა. მაშასადამე, ივანიშვილის მიერ ამ კატეგორიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა მორალურადაც და პრაგმატულადაც სწორად უნდა შეფასდეს.

 

შედარებით სუსტი სვლა ივანიშვილის მხრიდან იყო ”ლეიბორისტების” უცვლელ ლიდერთან თანამშრომლობის გამორიცხვა ნებისმიერი ფორმით, რადგან მისი ეს გადაწყვეტილება უფრო პიროვნული მოტივით იყო ნაკარნახევი, ვიდრე პრინციპული პოლიტიკური მოსაზრებებით. ალბათ ივანიშვილისთვის უმჯობესი იქნებოდა, ”ლეიბორისტების” შემოტევებზე მაღლა დამდგარიყო; თუკი ისინი თანამშრომლობას მოისურვებდნენ, ინიციატივა ივანიშვილის ხელში იქნებოდა, ხოლო თუკი მის ლანძღვა-გინებას განაგრძობდნენ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებდნენ. მაგრამ ივანიშვილმა ”ლეიბორისტები” ფაქტობრივად იმ პოლიტიკურ სუბიექტთაგან ცალკე კატეგორიად გამოჰყო, რომლებთანაც თანამშრომლობა თავიდანვე გამოირიცხა. მართალია, ”ლეიბორისტების” დღევანდელი რეიტინგი არ არის უწინდებურად მაღალი, მაგრამ განსხვავებით პირველი კატეგორიისგან, ”ლეიბორისტების” დადანაშაულება ხელისუფლებასთან პირდაპირ თანამშრომლობაში ძალიან რთულია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა პიროვნული წყენის საფუძველზე მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, და ეს აშკარად გამოჩნდა.

 

ოდნავ მოგვიანებით ივანიშვილის ”შავ სიაში” პოლიტიკურ სუბიექტთა მესამე კატეგორიაც გაჩნდა - კერძოდ, ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც მისთვის არა მორალური, ელექტორალური ან პიროვნული (ემოციური) თვალსაზრისით, არამედ იდეოლოგიურად აღმოჩნდნენ მიუღებელნი. ბოლო ორ, მაქსიმუმ სამ წლამდე პოლიტიკური პარტიები საქართველოში თითქმის არანაირ ყურადღებას არ უთმობდნენ და მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ იდეოლოგიურ ფაქტორს, მათთვის ფასეულობები მეორე პლანზე იდგა, პარტიების მხრიდან ადგილი არ ჰქონია იდეოლოგიურ ჭიდილს, მიმდინარეობდა მხოლოდ სოციალური დემაგოგია. ივანიშვილმა შედარებით მკაფიოდ გამოხატა თავისი იდეოლოგიური ორიენტირები და განაცხადა, რომ მისთვის გარკვეული იდეური პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკური დაახლოება ამ თვალსაზრისით უცხო და მიუღებელ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

ერთის მხრივ ეს სწორი და საჭირო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ცოტა ყურადღებით თუ დავაკვირდებით, იგი თავისი შინაარსით წინააღმდეგობრივია.

 

კერძოდ, ივანიშვილმა, გამოხატა რა თავისი ერთგულება ე. წ. ”დასავლური ფასეულობებისადმი”, ”ევროატლანტიკური არჩევანისადმი” და უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე დამკვიდრებული სხვა მსგავსი სტერეოტიპებისადმი, პარალელურად აღიარა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობა, თამამად ამხილა სააკაშვილის რეჟიმის დამღუპველი როლი 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში და ა. შ. მართალია, ივანიშვილს და მის გარემოცვას არ გააჩნიათ არგუმენტები და ვერც ექნებათ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ საოცრების მოხდენას და ერთდროულად ”ნატოში ინტეგრაციის” და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიღწევას, მაგრამ ახლა ამაზე არ გვაქვს საუბარი. მთავარი ამჯერად ისაა, რომ ივანიშვილმა, მართალია, ხელისუფლების ანალოგიური - პირობითად დასავლური ფასეულობები გააჟღერა, მაგრამ იმავე ხელისუფლებისგან განსხვავებით რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე გააკეთა აქცენტი, მოსკოვისადმი ყოველგვარი უტოპიური წინაპირობების (”ჯერ დეოკუპაცია, შემდეგ - დიპლომატიური ურთიერთობები”) წაყენების გარეშე. ამ დროს კი ირკვევა, რომ ივანიშვილისთვის იდეოლოგიურად მიუღებელნი სწორედ ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულნი. როგორც ცნობილია, მათ შორის გამოირჩევა ნინო ბურჯანაძე ”დემოკრატიული მოძრაობით”. ბურჯანაძისადმი რაიმე სხვა სახის პრეტენზია ვერ იქნა გაჟღერებული, გარდა მისი ”პრორუსული” ორიენტაციისა. მართალია, ივანიშვილის ბანაკიდან დროდადრო გაისმის ბურჯანაძის მიმართ პიროვნული პრეტენზიებიც, მაგრამ არსებითად ბურჯანაძის ”დანაშაული” იმაში მდგომარეობს, რომ იგი პუტინს შეხვდა და რუსეთთან ურთიერთობებზე აკეთებს აქცენტს. სულ ახლახანს ”ქრონიკაში” ივანიშვილის სახელით გაჟღერებული პიროვნული პრეტენზიები ბურჯანაძის მიმართ თავად ივანიშვილმა უარჰყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბურჯანაძისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულების იდეოლოგიურ საფუძველს. რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ ბურჯანაძისადმი ივანიშვილის უნდობლობის გაღვივებას ამ უკანასკნელის გარემოცვა ეწევა - ბანალური ვიწროპარტიული ინტერესების გამო, დასაშვებია და ძალიან რეალურიც, მაგრამ ზედაპირზეა ის, რომ ბურჯანაძესთან თანამშრომლობა უფრო იდეოლოგიური სხვაობების მიზეზით არ ხერხდება, ეს იდეოლოგიური სხვაობები კი თურმე რუსეთთან ურთიერთობებია (მით უმეტეს, როცა ივანიშვილი, ბურჯანაძის გარდა არც სხვა ”პრორუსულ” ძალასთან - კუკავასთან არ თანამშრომლობს) - არადა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ივანიშვილიც მომხრეა ამ კურსის ძირითადი იდეის - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების უპირობო აღდგენის. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების თემის გარშემო მას ისევე სჭირდება მოკავშირეები, როგორც ”ევროატლანტიკური ინტეგრაციის” საკითხთან მიმართებაში, მაგრამ იგი რატომღაც ცალმხრივად ანიჭებს პრიორიტეტს ”პროდასავლურ” ძალებთან თანამშრომლობას.

 

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება, უარი თქვას ბურჯანაძესთან და ზოგადად, პირობითად ”პრორუსულ” ძალებთან თანამშრომლობაზე, წინააღმდეგობრივია და არასწორი. მით უმეტეს, რომ თანამშრომლობა არ ნიშნავს პარტიების შეერთებას. თავად ნინო ბურჯანაძეს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი, თავისი პარტიით შეუერთდეს ”ქართულ ოცნებას” რაიმე სტატუსით, ან თუნდაც ერთი ბლოკის ფარგლებში გამოვიდეს არჩევნებზე. მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს შორის აუცილებელია კოორდინაცია, ურთიერთქმედება საარჩევნო კომისიების, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენის და კიდევ ბევრი სხვა ტექნიკური საკითხების ფარგლებში. საზოგადოება ითხოვს, რომ რეალურ ოპოზიციურ ძალებს შორის იყოს არა კინკლაობა, არამედ თანამშრომლობა.

 

საზოგადოებრივი აზრი ასევე ცალსახად ორიენტირებულია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, მეტიც, დაახლოებაზე ჩვენთვის მენტალურად, ცივილიზაციურად, კულტურულად და რელიგიურად მახლობელ რუს ერთან. ახლახანს ევრაზიის ინსტიტუტის სოციოლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტების გამოკითხვა ჩაატარა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი დამოკიდებულების გასარკვევად და ცალსახა ციფრები მივიღეთ - რუსეთს სულისკვეთებითა და ისტორიით მახლობელ ქვეყნად გამოკითხულ ქართველ სტუდენტთა 74% მიიჩნევს (და ეს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება პირველ ყოვლისა სწორედ სტუდენტ ახალგაზრდობაში ეწევა გამალებულ ანტირუსულ პროპაგანდას). თვით სოროსის ფონდის გამოკითხვების მიხედვით, მათი ეს შედეგები სულ რაღაც ხუთი-ექვსი თვის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი თანახმაა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე დასავლეთთან თანამშრომლობის საზიანოდაც-კი; ხოლო ზოგადად რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკაზე გადასვლას საქართველოს მოქალაქეთა 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ამას თვით ყველაზე ტენდენციური ამერიკული ”ენდეაი/აირაიებიც” აღიარებენ. გამომდინარე აქედან, ზედმეტად პროდასავლური იმიჯი ივანიშვილს მხოლოდ ავნებს, მაგრამ არაფერს არგებს, მით უმეტეს, არსებობს რისკი, რომ ეს ზედმეტად პროდასავლური იმიჯი ანტირუსულ იმიჯთან იქნება გაიგივებული. ბურჯანაძესთან თანამშრომლობა არ ნიშნავს იდეოლოგიურ პრინციპებზე უარის თქმას, პირიქით, ივანიშვილის სურვილს, მოგვარდეს რუსეთთან არსებული პრობლემები, მეტი დამაჯერებლობა ექნება როგორც ქართველი ამომრჩევლის, ისე, სხვათა შორის, საკუთრივ რუსი პოლიტიკოსების თვალში (ესეც ხომ ისევ საქართველოს ინტერესებშია). ასეთი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც წინასაარჩევნო ქმედებების კოორდინაციას გულისხმობს და არა ერთმანეთში აღრევას, არც დასავლეთისთვის იქნება მიუღებელი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქმე გვაქვს ივანიშვილის გარემოცვის ნაწილის ბოროტ განზრახვასთან, თუმცა თავად ბატონი ბიძინა უნდა მიხვდეს ამას და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მას რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ძალუძს, ცნობილია და პრაქტიკაში დადასტურებულიც. იმედია, იგი არც ამჯერად შეცდება.

 

მაგრამ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ე. წ. ”მესამე პოლიტიკური პოლუსი”, რომელიც სწორედ იდეოლოგიურად დგას მყარად, მართლმადიდებლური ეროვნული ფასეულობების ბაზაზე, ჩამოყალიბდეს ერთი ალიანსის სახით. ასეთი ალიანსის ჩამოყალიბება შეუძლიათ ნინო ბურჯანაძესა და კახა კუკავას. მისასალმებელია, რომ ორივე ეს პოლიტიკოსი არ გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას.

 

 

გულბაათ რცხილაძე

www.pirweli.com.ge