„ნაცების“ დასჯის აუცილებლობა

მართალია, სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც ყველაფერზე წავა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ 27 მაისის გრანდიოზულმა მიტინგმა, რომელიც სხვათა შორის, ერთი წლის წინანდელი მოვლენების ირიბ შედეგსაც წარმოადგენს, ცხადჰყო, რომ მას უკვე წყალი ჩაუდგა, ნებისმიერ შემთხვევაში ოქტომბრიდან სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

27 მაისს ხალხი გამოვიდა არა იმდენად ვინმეს მხარდასაჭერად და ახალი ბელადის გასაკერპებლად, არამედ არსებული რეჟიმისადმი თავისი სიძულვილის დასადასტურებლად. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს ამ ხალხის დიდი იმედები უკავშირდება, რომ იგი შეძლებს რეჟიმის შეცვლას. მაგრამ დავუშვათ და, „ქართული ოცნების“ დღევანდელი კოალიცია იმ ფორმით, როგორითაც ის არსებობს, იმარჯვებს არჩევნებში, რა შედეგები უნდა მოჰყვეს მათ გამარჯვებას „ნაცებისათვის“?

ირაკლი ალასანია „ნაცთა“ მიმართ ერთ-ერთი ყველაზე „ლმობიერი“ სუბიექტია „ოცნების“ შემადგენლობაში - მან 2010 წელს პირველმა მიულოცა გამარჯვება უგულავას, მას ეკუთვნის აზრი იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას აქვს უფლება, დარჩეს პოლიტიკაში“ და ასე შემდეგ. საექსპერტო წრეებში საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბატონი ალასანია ამერიკელთა მითითებების, მათ შორის „პიარული“ თვალსაზრისით, უსიტყვო შემსრულებელია. მას თავად განუცხადებია ამის შესახებ კერძო საუბრებში. პრინციპში ეს გასაკვირი არც არის, რადგან ალასანიას არასოდეს უფიქრია საზოგადო პოლიტიკოსობაზე, ამ ამპლუაში იგი შექმნილი გარემოებების შედეგად მოგვევლინა. შესაბამისად, „ნაცების“ მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების დემონსტრირებას ალასანია, ისედაც ნაკლებად ემოციური ადამიანი, საკუთარი ემოციებიდან გამომდინარე არ აკეთებს. მაშასადამე, გასარკვევია, თუ რა მოსაზრებით ურჩევენ მას ასეთი განცხადებების გაკეთებას.

პირველ ყოვლისა, საქმე გვაქვს მცდელობასთან, „ნაცთა“ რიგებში შეძლებისდაგვარად შეტანილ იქნას განხეთქილება, მათი ყველაზე „რბილი“ ნაწილის პარტიული ბირთვისაგან ჩამოსაშორებლად. ალასანიას განცხადებებმა უნდა დააჯეროს „ნაცების“ ნაწილი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მათ პირადად საფრთხე არ ემუქრებათ, უფრო მეტიც, ისინი განაგრძობენ პოლიტიკურ მოღვაწეობას. მეორეს მხრივ, ძნელი მისახვედრი არც ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ამერიკელ კურატორებს არ აწყობთ საქართველოში ძირეული სოციალური ცვლილებები, ქონების ტოტალური გადანაწილება, ძველი პოლიტ-ელიტის დაპატიმრება-გასამართლებები და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკები აშშ ინტერესებისათვის. ბოლოსდაბოლოს, აშშ თავის საგარეო-პოლიტიკურ აქტივში იწერს „ვარდების რევოლუციას“ და მასთან დაკავშირებულ გარდაქმნების პროცესს.

 

მაგრამ საეჭვოა, რომ ალასანიას რბილმა განცხადებებმა მოალბოს „ნაცების“ თუნდაც მცირე ნაწილი (თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად „ნაცთა“ რიგებში ინტელექტის მეტ-ნაკლებად მფლობელი სუბიექტები თითქმის აღარ არიან). სამაგიეროდ, ასეთი განცხადებები საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება ირაკლი ალასანიას რეიტინგის მკვეთრი ვარდნა 2010-2011 წლებში. დასკვნების გაკეთება მისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი პრინციპში თავისი ძველი განცხადებების ერთგულად რჩება. აქვე დავძენ, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე, ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის „ფრთის ქვეშ“ შეძლო თავისი რეიტინგის ერთგვარი გამოსწორება, დასავლეთ საქართველოში აქტიური გამოსვლებით, მაგრამ ამჟამად მისი პირადი რეიტინგი საერთო გამარჯვებისათვის გადამწყვეტი არ არის, ხალხს უნდა, რომ დანამდვილებით იხილოს „ნაცები“ დასჯილი - არა მხოლოდ მათი ცალკეული „ზონდერები“, ჩადენილ მძიმე დანაშაულებათა (მოქალაქეთა მკვლელობები, მომიტინგეთა დარბევა-დასახიჩრება და მისთ.) გამო, არამედ მთელი პოლიტიკური ზედაფენა, სააკაშვილით დაწყებული, უსამართლო მოსამართლეებით დამთავრებული.

 

თავად ბიძინა ივანიშვილი ალასანიაზე უფრო მძიმე განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ის მაინც არ აღიქმება „ნაცების“ დამსჯელად, მასთან უფრო სტაბილური პოლიტიკური პროცესი - ოპოზიციური საქმიანობის დაფინანსება, უცხოეთთან კავშირები, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა და ა. შ. ასოცირდება, ვიდრე რეჟიმის დანაშაულებების გასამართლება. არადა, საზოგადოებაში ასეთი სურვილი თითქმის ისევე ძლიერია, როგორც სოციალური პრობლემების მოგვარებისა. ამიტომ სავარაუდოდ ივანიშვილს აუცილებლად დასჭირდება უფრო რადიკალურ „ანტინაცურ“ ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობა, თუკი იგი სრულყოფილ გამარჯვებას გეგმავს არჩევნებზე და რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ მართლაც სამართლიანი სახელმწიფოს შექმნას აპირებს. მაგრამ ამასთან, რა თქმა უნდა, მისი პარტნიორები არ უნდა იყვნენ მარგინალური ძალები, ქაოსის მთესველნი, რომელთა მიზანი მხოლოდ შურისძიებაა. ჯერ კიდევ გერმანიის „რკინის კანცლერი“ ბისმარკი შენიშნავდა, რომ „სიძულვილი და შურისძიების წყურვილი პოლიტიკაში ცუდი მრჩევლებია“. ამიტომ „ნაცების“ დასჯას ქაოტური და ოქლოკრატიული სახე სულაც არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, თანაც სრული სიმკაცრის და სამართლიანობის დაცვით. ასეთ რადიკალურ და ამავდროულად სოლიდურ ძალად, ჩემი პიროვნული სიმპათია-ანტიპათიებისგან დამოუკიდებლად, ისევ და ისევ ნინო ბურჯანაძე და „სახალხო კრება“ მესახება. მისასალმებელია, რომ ამ ძალასთან ბოლო დროს უკვე ასოცირდება კახა კუკავაც, რომელიც ბურჯანაძის მსგავსად, პირდაპირ ამბობს სათქმელს და გუნდრუკს არ უკმევს ოკეანისგაღმელ ინსტრუქტორებსა და კურატორებს. მათი საშუალებით ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობა დასრულებულ სახეს მიიღებს და არჩევნებზე ბოლომდე წელგამართული გამოვა.

 

გულბაათ რცხილაძე