ერთ–ერთი ოპოზიციური ლიდერი თუ სააკაშვილის საპირწონე?

27 მაისი, პოლიტიკური ლოგიკით, წყალგამყოფად უნდა ქცეულიყო. ხალხის რაოდენობით აღფრთოვანებული აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ულოცავდნენ, თუმცა ამ ეიფორიაში საბოლოოდ სხვა პოზიტივის დასახელება მათაც გაუჭირდათ. აქციების კატეგორიული უარყოფის საპირისპიროდ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში აქციათა სერია დაგეგმა. კითხვაზე, რა იყო (და იქნება) აქციების მიზანი, პასუხი ასე ჟღერდა: “ეს იყო საარჩევნო კამპანიის გახსნა და საინფორმაციო მიტინგი”.

საინფორმაციო მიტინგები ამ ოცი წლის წინაც ტარდებოდა, მაგრამ თუ ნებისმიერი მიტინგის ან აქციის ძირითად მიზანს – მომხრეთა მობილიზაციას შევხედავთ, ნათელი გახდება, რომ ეს მიზანი ან არ იქნა მიღწეული, ან მას არც არავინ ისახავდა. არავისთვის არის საიდუმლო, რომ დედაქალაქში არის რეჟიმის მოწინააღმდეგე სოციალურად აქტიურ ადამიანთა დიდი წრე, რომელიც პრაქტიკულად ყველა საპროტესტი აქციასა და მიტინგს ესწრება.

გამოცხადებული 200 ათასი, ცხადია, გადაჭარბებული ნათქვამია. კოალიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ თავისუფლების მოედანზე 100 ათასი რეგისტრირებული მხარდამჭერი და კიდევ ერთი ამდენი გამოვიდა, მაგრამ ციფრებით, როგორც წესი, ხელისუფლებაც მანიპულირებს და ოპოზიციაც. თუმცა კიდეც რომ მივიჩნიოთ 27 მაისის აქცია უპრეცენდენტოდ ხალხმრავლად, ეს მაინც არ არის რაიმე ხარისხობრივად ახლის მაჩვენებელი. მეტიც – შარშან, 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევიდან ორი დღის შემდეგ „მდუმარე აქციაზე“ გამოსულ 25 ათას ადამიანს ბევრად მეტი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი წონა ჰქონდა, ვიდრე წელს – თუნდაც 200 ათას ადამიანს.

კოალიციის წევრთა შეხედულება, რომ 27 მაისს მხოლოდ მათი მხარდამჭერები გამოვიდნენ, მცდარია. ასეც რომ იყოს, თბილისში მიღებული 200 ათასი ხმა (უხეშად რომ ვიანგარიშოთ) მთლიანი ელექტორატის 6 პროცენტსაც არ შეადგენს. ცხადია, თუ ამოცანა ოდენ 5%–ანი ბარიერის გადალახვაა, მაშინ მიზანი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიღწეულია. თუ ლაპარაკია გამარჯვებაზე, ამისთვის სულ სხვა ციფრებია აუცილებელი. რეგიონებში ამ 200 ათასზე ორჯერ მეტი ადამიანიც რომ გამოვიდეს (რაც ნაკლებ სავარაუდოა), ეს დაახლოებით ხმათა 18%–ს შეადგენს. ეს კი სულაც არ არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბურჯანაძე, კუკავა და სხვა „მიუმხრობლები“ არჩევნებზე არ გავლენ, ხოლო ხელისუფლება გულზე ხელს დაიკრეფს და მარცხს დაელოდება.

ცხადია, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ „ქართულ ოცნებას“ (ან ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას) მხოლოდ მიტინგებზე გამოსული ადამიანები მისცემენ ხმას, ისევე როგორც ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რომ ყველა, ვინც მიტინგზე გამოვიდა, უთუოდ ივანიშვილის ამომრჩეველია. ეს ციფრები მხოლოდ იმაზე გვაძლევს წარმოდგენას, რომ არავითარი გარღვევა არ ყოფილა.

სხვათა შორის, ენ–დი–აის კვლევებით, რომელსაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდობლობა გამოუცხადა, სწორედ 18% უჭერდა მხარს ივანიშვილს. ნუ ვიდავებთ იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოა ეს ციფრი (რომელიც ამ დროისთვის 10 პროცენტამდე შემცირდა იმავე ორგანიზაციის კვლევების თანახმად), უბრალოდ ვცადოთ, ციფრების უკან რეალურ ამომრჩეველი დავინახოთ, ხოლო პროცენტების მიღმა – საპარლამენტო მანდატების რაოდენობა.

ენ–დი–აის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, როდესაც ამ კვლევების გამო თავს იმართლებდა, უაღრესად მნიშვნელოვანი რამ განაცხადა: „ჩვენი კვლევებიდან გამომდინარე, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც იკვეთება ისეთი საკითხები, რომლებიც მათ მხარეს გადაწონის. მაგალითად, ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე საუბრობს, მათ სჯერათ, რომ ხელისუფლება სასარგებლო ცვლილებებს ახორციელებს“.

თუ თავს არ მოვიტყუებთ, ეს მართლაც ასეა და ჩვენს ირგვლივ ასეთი ადამიანები იშვიათ გამონაკლისს სულაც არ შეადგენენ. შემდეგ ნავარო კიდევ უფრო საინტერესო აზრს ავითარებს: „რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა უკმაყოფილოა რუსეთთან ურთიერთობით, ასევე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, პრობლემატურ საკითხებად რჩება კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტის ღირებულება, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები. ანუ მოსახლეობა პოლიტიკოსების მხრიდან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევას ელოდება, როგორც მინიმუმ, და არა მხოლოდ წინ წამოწევას, არამედ არსებული ვითარების როგორმე შემსუბუქებასაც“.

ეს განცხადება აპრილში გაკეთდა. რა მოიმოქმედა ამის შემდეგ ხელისუფლებამ? მთელი აქცენტი სოციალურ პროგრამებზე და ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო დაზღვევაზე გადაიტანა. ათასობით პენსიონერი მოუთმენლად ელის უფასო ოპერაციებს სექტემბრისთვის. არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ სამედიცინო მომსახურებით ამ მასას ქართული ჰოსპიტალური სექტორი ვერ დააკმაყოფილებს, მით უფრო, ოქტომბრის არჩევნებამდე, – ეს ხომ პოლიტტექნოლოგიის საგანია!

რა გააკეთა კოალიციამ? რეალური სოციალური დაპირებებიდან მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის 6 თეთრამდე შემცირებაზე ითქვა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი თელასს იყიდის. თუმცა არც ეს არის სიახლე: 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილმა კომუნალური გადასახადებისგან სრული გათავისუფლება აღუთქვა ამომრჩეველს, ხოლო 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ქრისტიან–დემოკრატებმა მკვეთრად გაიაფებული ტარიფები წამოაყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა უკმაყოფილოა რუსეთთან ურთიერთობით“, ივანიშვილის კოალიცია იმავე რიტორიკას მიმართავს, რომელსაც მმართველი პარტია და ნატოში შესვლაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო იმ ძალებს, რომლებიც თავად მონათლა „პრორუსულად“, ახლოს არ იკარებს. ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რაც მეტს ილაპარაკებს ხელისუფლება მის პრორუსულობაზე, მით მეტი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს ბურჯანაძეს. ამას მხოლოდ კოალიციაში ვერ (არ) ხვდებიან.

ამ პროდასავლურ შეჯიბრში ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ პოზიციები მმართველ რეჟიმთან შედარებით სუსტია. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ევროპული ტურნეს ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა მასთან პირდაპირი შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა ჰილარი კლინტონის ჩამოსვლის დღეს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომ იგი ოპოზიციის ლიდერებთან პერსონალურ შეხვედრებს არ გეგმავს. ერთი სიტყვით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ივანიშვილი ერთ-ერთ ოპოზიციულ ლიდერად რჩება და არა სააკაშვილის საპირწონედ.