შეასრულებს 27 მაისის მიტინგი თავის დანიშნულებას?

თავისუფლების მოედანზე ჩატარებული მიტინგი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ეგიდით გაიმართა, უდავოდ ერთ-ერთი უდიდესი იყო ბოლო წლების საპროტესტო აქციებს შორის. მასში მონაწილეთა რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებებით, 80-100 ათასის ფარგლებში მერყეობდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია მილიონიანი ქალაქისთვის, თუმცა მომიტინგეთა შორის სხვა ქალაქებიდან ჩამოსულნიც იყვნენ (განსაკუთრებით - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური რაიონიდან).

თუმცა, ბოლო წლების საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, ეს მიტინგი მხოლოდ წინასაარჩევნო შეკრებას ისახავდა მიზნად, ანუ ხელისუფლების მიმართ, ფაქტიურად, არანაირი მოთხოვნები არ წაყენებულა, მით უმეტეს, რადიკალური მოთხოვნები. ამის გამო, არსებული ხელისუფლება, ძირითადად, მშვიდად შეხვდა ამ ღონისძიებას და რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწევია მომიტინგეთა შეკრებისთვის. თითქმის არ ყოფილა არც უკვე ტრადიციულად ქცეული გზების და მაგისტრალების გადაკეტვა იმათთვის, ვინც რაიონებიდან აპირებდა ჩამოსვლას, არც აქტივისტების წინასწარ დაპატიმრება და დაშინება, ცემა და სხვა მსგავსი ფაქტები. ამ ყველაფერს უხვად ჰქონდა ადგილი წინა წლებში, მაგალითად, 2011 წლის მაისში. როცა სახალხო კრება ემზადებოდა მასობრივი აქციების გასამართად.

დღეისათვის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი კოალიცია საკმაოდ კარგ პირობებში აღმოჩნდა იმისთვის, რომ გარკვეული კონკურენცია გაუწიოს ნაციონალური მოძრაობის მრავალწლიან მონოპოლიას ძალაუფლებაზე. ივანიშვილის „ჩაჯდა“ საერთაშორისო კონიუნქტურაში, აამუშავა რიტორიკა, რომელიც არათუ ეწინააღმდეგება ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკას, არამედ ზოგჯერ უფრო პროდასავლური და საქართველოს „მეგობრების“ მიმართ მაამებლურიც კი არის. ამის შედეგად, დასავლეთის ქვეყნების ელჩები რეგულარულად სტუმრობენ ივანიშვილთან, ტკბილად საუბრობენ და დახმარებასაც ჰპირდებიან არჩევნების „სამართლიანად“ ჩატარებაში.

ამას დავუმატოთ ივანიშვილის მატერიალური შესაძლებლობები, მასზე მომუშავე რამდენიმე მედია-საშუალების არსებობა („მაესტრო“, მე-9 არხი და სხვა) და აღმოჩნდება, რომ არაფერი წარმოუდგენელი 27 მაისს არ მომხდარა. ბევრად უფრო მძიმე სიტუაციებში, ფულადი რესურსების თითქმის არარსებობის პირობებში, ოპოზიცია ახერხდებდა თბილისში ათეულობით ათასი ადამიანის გამოყვანას, თანაც არა უბრალოდ გამოყვანას, არამედ მათ შეკრებას რადიკალური მოთხოვნების ლოზუნგით. მაგალითად, 2009 წელს, 2011 წლის მაისში, როცა იმავე თავისუფლების მოედანზე 30 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სახალხო კრების დაძახებაზე.

თავად ხელისუფლებამ, თავისი დანაშაულებებით და შეცდომებით, დიდად შეუწყო ხელი 27 მაისის მიტინგის ჩატარებას და ამგვარ მასშტაბს. ერთ-ერთი ასეთი დანაშაული, უდაოდ, იყო 2011 წლის 26 მაისის დარბევა, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სხვათა შორის, იმ დარბევის მეორე დღეს, თბილისში, სტიქიურად გაიმართა საპროტესტო მანიფესტაცია. მასში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ეჭვი არაა, რომ თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, წლევანდელი 27 მაისის მიტინგში მონაწილეობით, ერთგვარი პროტესტი გამოხატა ხელისუფლების მიმართ, შარშანდელი მოვლენების გამოც.

სამწუხაროდ, 2011 წელს ქართული ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად ერთად დგომისთვის. ოპოზიციის ნაწილი ჯერ შეუერთდა წარმომადგენლობით სახალხო კრებას და ამა თუ იმ ფორმით ჩაერთო მის მუშაობაში, შემდეგ კი მოულოდნელად შეაჩერა საკუთარი წევრობა და განზე გადგა. ამან საშუალება მისცა ხელისუფლებას, გაცილებით უფრო იოლად მიეღო გადაწყვეტილება მიტინგის დარბევის შესახებ. ამისთვის მარტო აშშ-ს ელჩის წამქეზებლური განცხადებები არ იქნებოდა საკმარისი, რადგან ჯერ კიდევ არ წაშლილა მოსახლეობის მეხსიერებიდან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და მისგან გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი.

უფრო მეტიც, ოპოზიციის თუ ფსევდოოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა ნინო ბურჯანაძის, სახალხო კრების და მისი მომხრე მოსახლეობის კრიტიკა დაიწყეს და ფარისევლურად აბრალებდნენ მათ „უაზრო მსხვერპლის“ პროვიცირებას. თუმცა შემდეგ თავადვე დაიწყეს ამ თემით აპელირება და მისი სათავისოდ გამოყენება. გამოდის, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც დაინტერესებული იყვნენ „მსხვერპლშეწირვაში“ - პირველი იმიტომ, რომ შიშის სინდრომი დაეთესა მოსახლეობაში და თავისი ბოღმა გადმოეფრქვია ხალხზე, ხოლო მეორეს ეცადა ოპოზიციური „კონკურენტის“ კრიტიკით და დაღუპულებზე სპეკულაციებით დაეწერა პოლიტიკური ქულები.

ეს ყველაფერი ბადებს გარკვეულ ეჭვებს - ხომ არ არის ამ ეტაპზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამა-მაქსიმუმი არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა პარლამენტში, არამედ რეალური გათვლა ე.წ. საპატიო მეორე ადგილზე. ეს მეორე ადგილი კი, შემდეგ შესაძლოა გამოცხადდეს ერთადერთ „საპრიზო“ ადგილად. ანუ, ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ძალას გამოეტანოს განაჩენი, რომ ისინი ზედმეტნი არიან პოლიტიკურ ასპარეზზე და უნდა შეწყვიტონ არსებობა. თავად ივანიშვილის სიტყვები, რომლებიც მან თქვა პოლიტიკაში შემოსვლისას, იძლევა ამ ეჭვის ერთგვარ საფუძველს - ბატონი ბიძინა საუბრობდა „ორპოლუსიან“ სისტემაზე, იმაზე, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“.

ბოლო დროს, ივანიშვილმა გადადგა გარკვეული სიმბოლური ნაბიჯი - მივიდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ტარდებოდა 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი და ნინო ბურჯანაძესაც გაესაუბრა. ამან შეკრებილთა ტაშიც კი დაიმსახურა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი მომხრეა ოპოზიციური ძალების ერთიანობის და მათ შორის კოორდინაციისა. თავის მხრივ, სახალხო კრების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ უერთდებიან 27 მაისის მიტინგის მსვლელობას და მონაწილეობას მიიღებენ მასში.

არსებობს იმის საფრთხე, რომ კოალიციის ტაქტიკამ, რომელიც ჯერჯერობით უფრო მიმართული იყო ოპოზიციური კონკურენტების ჩაძირვისკენ, არ მისცეს მას საშუალება, დაამარცხოს არსებული რეჟიმი იმ მეთოდებით, როგორიც მას არჩეული აქვს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ არათანაბარ პირობებში ტარდება არჩევნები ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში. ჯერჯერობით, ბ-ნი ივანიშვილის კოალიცია არ აკონკრეტებს, თუ რას მოიმოქმედებს იმ სიტუაციაში, თუკი გოგორიშვილ-მაჭავარიანები მაინც მოახერხებენ არჩევნების გაყალბებას, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები - მოსახლეობის ნაწილის დაშინებას. ხომ არ განმეორდება 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების სიტუაცია, როცა საწერ-კალმებით შეიარაღებული ე.წ. ციცო დეიდები მშვიდად ითვლიდნენ საარჩევნო უბნების ეზოში შემოსულ „თავიან“ ამომრჩეველს, ხოლო მთავარმა ოპოზიციურმა კანდიდატმა (რომელიც ამჟამად ბ. ივანიშვილის კოალიციაში მოღვაწეობს) სასწრაფოდ მიულოცა გამარჯვება ბ-ნ უგულავას?

ძნელია იმის გადაჭრით მტკიცება, რომ ამჯერადაც ეს არასასურველი (მოსახლეობისთვის) სცენარი განმეორდება, მაგრამ საფრთხე რეალურად არსებობს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ნაციონალური მოძრაობის პოზიციების მოულოდნელი და კიდევ უფრო განმტკიცება არჩევნების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ისინი გააჩაღებენ პროპაგანდას, რომ არჩევნებმა „არნახული დემოკრატიის“ პირობებში ჩაიარა, მასში მონაწილეობდა თვით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, მაგრამ „დემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ „სულგრძელად“ მისცა მას კენჭისყრის საშუალება, რომ „რუსეთის მიერ მოგზავნილმა ოლიგარქმა“ უამრავი ფული დახარჯა ხელისუფლების დასამარცხებლად, მაგრამ იმდენად ძლიერია ხალხის სიყვარული „მიშას“ მიმართ, რომ „რუსულმა მილიარდებმაც“ კი ვერ აცდუნა ის და ა.შ.

ჩვენი აზრით, მოვლენათა ამგვარი განვითარების შანსების რომ შემცირდეს, ბ-ნი ივანიშვილის კოალიციამ უნდა ითანამშრომლოს სხვა, თუნდაც იდეოლოგიური შეხედულებებით განსხვავებულ, ოპოზიციურ ძალებთან და შეიმუშავოს არა რეალური ოპოზიციის შიგნით კონფრონტაციაზე აწყობილი სტრატეგია, არამედ მათთან თანამშრომლობის და კოორდინაციის მიმართულებები.