დავით გარეჯის საკითხის პერიოდული გამწვავების შესახებ

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, რომელთაც დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკავეს, ქართული საზოგადოების მძაფრი პროტესტების შემდეგ დატოვეს მონასტრის ტერიტორია, სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, მართლმადიდებელ ბერებსა და მორწმუნეებს, ისევე როგორც ტურისტებს, კვლავ შეუძლიათ, მშვიდად გადაადგილდნენ მონასტრის ტერიტორიაზე.

ქართულ საზოგადოებრიობას არ ესმის, რა საქმე აქვთ აზერბაიჯანლებს მართლმადიდებლურ სიწმინდესთან, რომელიც ქართული ისტორიის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია, რატომ წარმოიშობა ხოლმე დავით გარეჯაში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა, დროდადრო რატომ ჩნდებიან იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და უკეტავენ მათ გზას. ქართული საზოგადოება ასევე გაოცებულია იმით, თუ საკუთარი სახელმწიფო რა მიზეზით არ აღკვეთს მსგავს სიტუაციებს და რატომ არის აუცილებელი საზოგადოებრივი აღშფოთების ტალღა იმისათვის, რათა იგი „გაინძრეს“ და ქვეყნის ინტერესები დაიცვას, ნაცვლად მოპირისპირე მხარისთვის დახმარებისა, როგორც ეს თავისი აწ უკვე განთქმული განცხადებით გააკეთა თავის დროზე პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილმა, ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნ.კალანდაძემ. თუმცა ეს სხვა პრობლემაა, სუფთა შიდაპოლიტიკური, ქართული ხასიათისა, რომელსაც პრინციპში არ გააჩნია ცალსახა ახსნა (გარდა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების პირდაპირ ღალატად შეფასებისა). რაც შეეხება პრობლემისადმი აზერბაიჯანული მხარის მიდგომას, იგი საკმაოდ იოლად ასახსნელია, სამწუხაროდ, ამაზე საქართველოში არავინ საუბრობს.

 

აზერბაიჯანლები დარწმუნებულნი არიან, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ საბჭოთა პერიოდის აზერბაიჯანის სსრ და საქართველოს სსრ შორის არსებული საზღვრების თანახმად, სამონასტრო კომპლექსის ნაწილი (კერძოდ, ბერთუბანი), ფორმალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქართულმა მხარემ ამის შესახებ კარგა ხანია, უწყის, პირადად მე შესაძლებლობა მქონდა, გავცნობოდი 1997 წლის ერთ დოკუმენტს, კერძოდ, მაშინდელი საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვალერი ჩხეიძის წერილს პრეზიდენტ შევარდნაძისადმი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბერთუბანი აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც აბრკოლებს აზერბაიჯანულ მხარესთან თანხმობის მიღწევას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე. მაგრამ „დასავლური განათლების“ მქონე ნ.კალანდაძისგან განსხვავებით, არც შევარდნაძე, არც ჩხეიძე ამის შესახებ სახალხოდ არ ლაპარაკობდნენ ანუ არ უთმობდნენ ინიციატივას აზერბაიჯანელ პარტნიორებს, რომლებიც ამ შემთხვევაში ჩვენს ოპონენტებად გვევლინებიან. დიპლომატიის ეს ელემენტარული წესი მათ იცოდნენ, თუმცაკი ვერ შეძლეს პრობლემის მოგვარება (ბუნებრივია, ჩემი ეს განცხადება ვერ იქნება აზერბაიჯანული მხარის მიერ თავის სასარგებლოდ გამოყენებული, ვინაიდან მე არ ვარ ოფიციალური პირი, ხოლო ჩემს მიერ ნახსენები 15 წლის წინანდელი დოკუმენტი მეხსიერებით მოვიხმე და მისი ასლი არ წარმომიდგენია). აზერბაიჯანში ალიევი-უფროსისა და საქართველოში შევარდნაძის მმართველობის დროს პრობლემა არ მწვავდებოდა, მან თავის შეხსენება ბოლო ათწლეულის მანძილზე დაიწყო, როდესაც დავით გარეჯში პერიოდულად აზერბაიჯანის სახელმწიფოს მესაზღვრეებმა იწყეს გამოჩენა. ბოლო გამწვავება უბრალოდ ყველაზე მასშტაბური და რეზონანსული იყო ყველა სხვა ანალოგიურ ინციდენტებს შორის.

 

აზერბაიჯანული მხარე შემთხვევით როდის აგზავნის თავის მესაზღვრეებს დავით გარეჯში და თან ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს, რომ მონასტრის ტერიტორიის ნაწილი, აზერბაიჯანლების მიერ „კეშიშდაღ“-ად წოდებული, ყოფილი აზერბაიჯანის სსრ ანუ დღევანდელი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის თანამედროვე ნაციონალური კონცეფციის თანახმად, აზერბაიჯანელი ხალხი მოიაზრება ქრისტიანული ალბანური კულტურის მემკვიდრედ, რომელიც მოგვიანებით წარმოშობილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჰყვაოდა, ამიერკავკასიაში თურქ-სელჯუკთა გამოჩენისა და ალბანეთის ისლამიზაციის მომენტამდე. დღევანდელ აზერბაიჯანულ პოლიტიკურ ელიტას აღიზიანებს ის ფაქტი, რომ დავით გარეჯა ბოლო დროს იქცა მორწმუნეთათვის აქტიური მოლოცვის ადგილად, და განსაკუთრებით, საქართველოში ჩამომავალი ტურისტების ერთ-ერთ მთავარ დასათვალიერებელ ობიექტად, რომელთაც ქართველი გიდები „უმალავენ“ მონასტრის „ალბანურ წარსულს“. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დროდადრო ჩნდებიან იქ და განწყობას უფუჭებენ მონასტრის დამთვალიერებლებს, ასევე ბერებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის მიერ სამონასტრო კომპლექსზე საკუთარი უფლებების ხაზგასმა სომხებთან დავაში პოლიტიკური ინსტრუმენტის დატვირთვასაც ატარებს. ცნობილია, რომ აზერბაიჯანლების და სომხების ურთიერთობა შორია პარტნიორობისგან. ქრისტიანული ალბანეთი უნდა იყოს დღევანდელი აზერბაიჯანის ისტორიული უფლებების დასაბუთება მთიან ყარაბაღსა და სომხეთთან მოსაზღვრე ზოგიერთ სხვა ტერიტორიებზე, სადაც არის ძველი ქრისტიანული ტაძრები, სომხური ან ალბანური (საკითხის არსი ამაშია) წარმოშობის.

 

მაგრამ დავით გარეჯის გადაქცევა სასაზღვრო კამათის საგნად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არ უქადის რეალურ მოგებას არც ერთ მხარეს. აზერბაიჯანლების ასეთი ქმედებები ქართული საზოგადოებრიობის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, ხოლო საქართველოში რეჟიმის შეცვლის შემდეგ - ქართული სახელმწიფოს მხრიდანაც. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი არ თანხმდება ქართული მხარის მიერ არაერთხელ შეთავაზებულ ტერიტორიულ გაცვლას - ეს გასაგებიცაა, აზერბაიჯანს ხომ უბრალოდ ტერიტორია არ აინტერესებს, არამედ სწორედ ისტორიული ძეგლი. ეს აზერბაიჯანის უფლებაა. მაგრამ საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ ტერიტორია ტერიტორიად, მაგრამ დავით გარეჯა უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე ეკუთვნის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. შესაბამისად, მონასტერს ჰყავს მესაკუთრე, თუნდაც აზერბაიჯანელთა თვალში „უცხოელი“. საკუთრებაში კი შეიარაღებული მესაზღვრეებით არ იჭრებიან. ეს დაახლოებით იგივეა, ქართველი პოლიციელები რომ შევიდნენ თბილისის ან მარნეულის მთავარ მეჩეთში იმის საფუძველზე, რომ „ეს ქართული ტერიტორიაა“. მეორეს მხრივ, ქართველებმა არ უნდა დავუშვათ ანტიაზერბაიჯანული ისტერიის გაღვივება და ჩავწვდეთ პრობლემის არსს, პარალელურად მივუთითოთ ჩვენს მეზობლებს ამგვარი ქმედებების უპერსპექტივობაზე და არ შევიდეთ მათთან ისტორიული ხასიათის გაუთავებელ პოლემიკაში. დავით გარეჯი ტერიტორიულად შეიძლება ორ სხვადასხვა სახელმწიფოს ეკუთვნოდეს, მაგრამ იგი რჩება ერთ მთლიანობად, როგორც მონასტერი. ქართველების ბრალი არ არის იმაში, თუკი ძველმა ალბანელებმა ისლამიზაცია განიცადეს, ხოლო ისინი ქრისტიანობის ერთგულნი დარჩნენ. მთავარია, გარანტირებული იყოს მონასტერში ქართველი ბერებისა და სტუმრების თავისუფალი გადაადგილება, ხოლო აზერბაიჯანლებს თუ სურთ, დაე მოიყვანონ თავიანთი ტურისტები, აზერბაიჯანელი გიდების და მათი ახსნა-განმარტებების თანხლებით. ოფიციალურმა ბაქომ საზღვრის დარღვევად არ უნდა აღიქვას მონასტრის იმ ნაწილის მონახულება, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს მდებარეობს. მთავარია, შენარჩუნებულ იქნას ორ ხალხსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთგაგების სულისკვეთება.

 

გულბაათ რცხილაძე