რას მოასწავებს ივანიშვილთან ამერიკელი მცველების გამოჩენა?

დაახლოებით ბოლო ორი თვეა, რაც ქართველი ტელემაყურებლები ივანიშვილის გარემოცვაში რეგულარულად ხედავენ ძლიერ აფროამერიკელ „სეკიურიტებს“. ჩვენ სპეციალურად ვაკეთებთ აქცენტს სიტყვებზე - „ტელემაყურებლები“, „აფროამერიკელები“.

დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ივანიშვილს ჰკითხეს, რატომ დაიქირავა მან უცხოელი მცველები, რაზეც მან განაცხადა:

„მე დაცვა გავაძლიერე. ამერიკაშიც მთხოვეს და მიმითითეს, რომ დაცვა გამეძლიერებინა და ამით ვისარგებლე. მე მყავს იქ მეგობრები, ნაცნობები. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. ამერიკამ, ისევე, როგორც ევროპამ ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული რეალობა, კარგად იცის, აქ რაც ხდება. შესაბამისად, ამაში არაფერი გასაკვირი არაა“.

 

სინამდვილეში კი ვიღაც ცალკეული, თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე მომზადებული უცხოელი სპეციალისტები ვერ უზრუნველყოფენ ქართველი მილიარდერის ფიზიკურ უსაფრთხოებას, თუ მმართველი რეჟიმი გადაწყვეტს მის მოსპობას ან იზოლირებას. ივანიშვილს ეს ნამდვილად ძალიან კარგად ესმის, მაგრამ უცხოელი (სავარაუდოდ - ამერიკელი, მით უმეტეს, საერთო ფონზე იოლად გარჩევადი შავკანიანი) მცველების გამოჩენა მის ამალაში გათვლილია სატელევიზიო პროპაგანდაზე. კერძოდ, ტელემაყურებელი (ამომრჩეველი) სიტუაციას აღიქვამს იმგვარად, რომ ივანიშვილი „იკრიშება“ მსოფლიოში უძლიერესი სპეცსამსახურების მიერ, დასავლელი პოლიტიკოსები მხარს უჭერენ „ბიძინას“, შესაბამისად, „მიშამ“ უკვე წააგო, მას არ შეუძლია, ავნოს თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ის განმარტება, რომელიც ივანიშვილმა მისცა ტელეარხს, მხოლოდ ადასტურებს ამ ვერსიას (მას ხომ „ამერიკელმა მეგობრებმა“ სთხოვეს, რომ გაუფრთხილდეს თავს).

 

ეს საკმაოდ ძლიერი პიარ-სვლაა, მასში ალბათ უფრო მეტი პლიუსია, გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო აგიტაციის საერთო ლოგიკიდან და მიმართულებიდან, რომელიც თავს პროდასავლელ პოლიტიკოსად მოიაზრებს (ოღონდ, განსხვავებით რეჟიმისაგან აცხადებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეც), თუმცა ეს პიარ-სვლა უნაკლო არ არის და შეიცავს იმის სერიოზულ საფრთხეს, რომ ივანიშვილი აღქმულ იქნას „ამერიკულ მარიონეტად“. ეს კი, თავის მხრივ, დღევანდელ საქართველოში, განსხვავებით გასული წლებისაგან, სერიოზული კომპრომატია. მაგრამ მაინც სავარაუდებელია, რომ ამომრჩეველი მზად არის, ესეც აპატიოს ივანიშვილს, იმდენად დიდია სააკაშვილისგან გადაღლილობა.

 

გულბაათ რცხილაძე