იდეოლოგია ინტეგრაციისთვის

იდეოლოგია ინტეგრაციისთვის

სტატიაში, რომელიც გიორგი ვეკუასთან თანაავტორობით გამოვაქვეყნე ჟურნალში „ცენტრალური აზია და კავკასია“ [Г.Рцхиладзе, Г.Векуа. Постсоветское пространство как объект геополитической экспансии – идеологический аспект // журн. Центральная Азия и Кавказ. 2010 г., том 13, вып. 2, стр. 157-166], შევეცადე, საკმაოდ დაწვრილებით მეჩვენებინა და არგუმენტებით გამემყარებინა იდეოლოგიის როლი საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციასა და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ზრდაში.

პუბლიკაციის ერთ-ერთ თეზისს წარმოადგენდა პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციის იდეოლოგიური ლეგიტიმაციის იდეოლოგიის აუცილებლობის დასაბუთება, ყველა იმ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ სივრცეში ცხოვრობენ. ძირითადი დასკვნები ასე გამოიყურება:

   პირველი: იდეოლოგია საგარეოპოლიტიკური იარაღია, იგი მიეკუთვნება მთლიანად პოლიტიკის და, კერძოდ, გეოპოლიტიკის ძირეულ კატეგორიათა რიცხვს. იდეოლოგია დაკავშირებულია პოლიტიკურ ბრძოლასთან და აქვს ინსტრუმენტული ხასიათი, მაგრამ ასევე წარმოადგენს პოლიტიკის თავისთავადი მნიშვნელობის მქონე მიზანს, ან ორივე ამ ვარიანტს აერთიანებს. იდეოლოგიური ბრძოლა ნიშნავს: ა) ამა თუ იმ ფასეულობათა ინტერპრეტაციისთვის ბრძოლას; ბ) ერთი და იმავე ფასეულობების ინტერპრეტაციის უფლებისათვის ბრძოლას; გ) ბრძოლას სხვადასხვა ფასეულობებს შორის.

   მეორე: დასავლეთმა საბჭოთა კავშირის ნგრევას ხელი შეუწყო თავისი ფასეულობების თავისსავე ინტერპრეტაციის ფარგლებში, ანუ საკუთარი იდეოლოგიის თავსმოხვევის გზით. ჰენრი კისინჯერმა თვალნათლივ აღწერა ეს სურათი:

«1971 წელს ნიქსონის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უშიშროების ევროპული სათათბირო თავის იმ ინიციატივათა სიისთვის დაერთო, რომელიც საბჭოთა კავშირის შეკავების სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ჩვენ გამოვიყენეთ ‘შებოჭვის’ სტრატეგია... ჰელსინკის შეთანხმებების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან დებულებად მოგვევლინა ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებული ე. წ. ‘მესამე კალათა’... ამ ‘მესამე კალათას’ წილად ხვდა, წამყვანი როლი შეესრულებინა ორბიტიდან საბჭოთა სატელიტების გაქრობაში და იგი იქცა ნატოს ქვეყნებში მოღვაწე ადამიანის უფლებათა აქტივისტების დამსახურებულ ჯილდოდ... ‘მესამე კალათა’ ავალდებულებდა ხელშეკრულების ყველა ხელმომწერ მხარეს, განეხორციელებინათ და უზრუნველეყოთ გარკვეული, კონკრეტულად ჩამოთვლილი ძირითადი ადამიანის უფლებები... ვაცლავ ჰაველმა ჩეხოსლოვაკიაში და ლეხ ვალენსამ პოლონეთში ადგილი თავისუფლებისთვის მებრძოლთა პანთეონში იმიტომ დაიმკვიდრეს, რომ ეს დებულება გამოიყენეს შიდა და გარე მოხმარებისათვის, როგორც საბჭოთა, ისე საკუთარ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების ბატონობისთვის ძირის გამოსაცლელად... მე ჩემს გამოსვლაში პრეზიდენტ ფორდის ადმინისტრაციას ჩამოვუყალიბე დამოკიდებულება ყოველივე ამისადმი: „შეერთებული შტატები ახორციელებს დაძაბულობის შესუსტების პოლიტიკას საკუთარ თავში დარწმუნებულობითა და ძლიერის პოზიციით. ჩვენ არ ვართ, ვინც თავს იცავს ჰელსინკიში; ჩვენ არ ვართ, ვისაც ყველა დელეგაცია მიმართავს მოთხოვნით, დათანხხმდეს ცხოვრების იმ პრინციპებს, რომელთა ქვეშ ჩვენი ხელმოწერა იქნება. ჰელსინკიში პირველად მთელი ომის შემდგომი პერიოდის მანძილზე, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა საკითხები იქცა დიალოგისა და მოლაპარაკებები აღიარებულ ობიექტად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კონფერენციამ წამოაყენა ადამიანური ქცევის ჩვენებური სტანდარტები, რომლებიც იყო და რჩება იმედის შუქურად, მილიონობით ადამიანისათვის“...» [Г.Киссинджер. Дипломатия. // Москва 1997, стр. 691 - 692].

   დღესდღეობით დასავლეთი ფლობს სტრატეგიულ დიპლომატიურ ინიციატივას რუსეთისა და ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რადგან ეს ქვეყნები აღიარებენ დასავლეთის მიერ კონსტრუირებული ფასეულობების პრიორიტეტს, ამავე დროს რჩებიან რა დიპლომატიაში „მოპასუხის“ როლში, შესაბამისად, პოლიტიკის ობიექტის, და არა სუბიექტის პოზიციაში. ამრიგად, პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავინდებურად დასავლეთის „იდეოლოგიურ ორბიტაზე“ რჩება, რაც ბუნებრივი გზით ვლინდება პრაქტიკაში.

   მესამე: რუსეთი პოსტსაბჭოურ სივრცეში წარმოადგენს თვითკმარ „პოლუსს“, თავისი გეოგრაფიული, დემოგრაფიული, სამხედრო-ტექნოლოგიური და ეკონომიკური მასშტაბებიდან გამომდინარე. ამასთან, არ უნდა იქნას დავიწყებული მისი პოტენციალი, თვითკმარი ცივილიზაციის აზრით. რუსეთი თავად განასახიერებს ევროპისა და აზიის სინთეზს არა მხოლოდ გეოგრაფიულად და დემოგრაფიულად, არამედ თვითმყოფადი ცივილიზაციის სახითაც. ხანდახან სიტყვები „ცივილიზაცია“ და „იმპერია“ ერთი და იმავე გაგებით გამოიყენება: როდესაც ამბობენ, რომ რუსეთის ბედია, იყოს იმპერია ან იგი განწირულია დასანგრევად, არ უნდა ვიგულისხმოთ „იმპერიის“ უარყოფითი მნიშვნელობა, მისი ლიბერალური ან მარქსისტული ინტერპრეტაციით. ეს უფრო იმ მომენტის გამოხატულებაა, რომ რუსეთი, როგორც ასეთი, ჩამოყალიბდა არა ვიწროდ გაგებული ნაციონალური სახელმწიფოს ფარგლებში, არამედ ერთგვარ ცივილიზაციურ სივრცედ, რომელიც თავის თავში აერთიანებს ევროპასა და აზიას. რუსეთის, როგორც „იმპერიის“ ამგვარ, ანუ განსაკუთრებულ ცივილიზაციად გაგებასთან უკვე ბევრად რთულია კამათი. ყველა სხვა შემთხვევაში რუსეთი განწირულია დასანგრევად. ამიტომ რუსეთი არა უბრალოდ „დიდი დერჟავაა“, არამედ განსაკუთრებული ცივილიზაციის ცენტრი (განსაკუთრებულ ცივილიზაციად ყოფნა გულისხმობს აგრეთვე დიდ, „იმპერიულ“ მასშტაბებს), რომელსაც ძალუძს ამ ცივილიზაციური სივრცის საზღვრების გაფართოება ნებაყოფლობით საფუძველზე.

   მეოთხე: დიდი ერთიანი ევრაზიული ცივილიზაციური სივრცე, თუმცა მხოლოდ ახლა იწყებს პოლიტიკური კონტურების შეძენას, ობიექტურად უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არსებითი აუცილებლობის სახით. საბჭოთა კავშირის ევრაზიულ სივრცედ ტრანსფორმაციაზე, როგორც ცნობილია, ოცნებობდნენ ჯერ კიდევ ევრაზიული იდეოლოგიის პირველი წარმომადგენლები - ტრუბეცკოი, სავიცკი და სხვები. მარქსისტული იდეოლოგია არ ცნობდა გეოპოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ აზროვნებას, თუმცა სსრკ ხელმძღვანელები, პირველ ყოვლისა, სტალინი, აზროვნებდნენ სწორედ გეოპოლიტიკურად, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მაგრამ კომუნისტურ იდეოლოგიას არ შეეძლო, შეეცვალა გეოპოლიტიკური იდეოლოგია, როგორიცაა ევრაზიულობა, განსხვავებით უნივერსალისტური მარქსიზმისაგან.

   ის ფაქტი, რომ ევრაზიული კავშირის პროექტი რუსეთის ფედერაციის გარდა, უკვე მოწონებულ იქნა საერთაშორისო სამართლის კიდევ ორი სუბიექტის - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ, ასევე ახლოსაა ყირგიზეთის თანხმობა, შეუერთდეს ევრაზიულ კავშირს, ცხადჰყოფს, რომ ევრაზიულ პროექტს აქვს ნებაყოფლობითი-ცივილიზაციური, და არა იძულებითი-იმპერიული ხასიათი. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ობიექტურად, ევრაზიული ცივილიზაციის სივრცე არ შემოიფარგლება რუსეთის ფედერაციის საზღვრებით, არამედ, სულ მცირე, ემთხვევა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს. აშკარაა, რომ მიუხედავად ყოფ. სსრკ ხალხებს, ასევე მის ადგილზე წარმოშობილ სახელმწიფოებს შორის არსებული მრავალი სხვაობისა, ნარჩუნდება ბევრი პარალელი და ფაქტორი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე, ყოველ შემთხვევაში, კულტურულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, წარმოადგენს ერთიან ორგანიზმს (შეიძლება ტერმინის „საბჭოთა ცივილიზაცია“ გამოყენებაც). ეს ობიექტური ფაქტი ატლანტისტების მიერ, რომლებიც არასოდეს შეურიგდებიან ევრაზიულ „საჭადრაკო დაფაზე“ ინტეგრაციული პროცესების გაძლიერებას, გამოიყენება საბაბად, ამტკიცონ, რომ ევრაზიული კავშირი შეიძლება, ნიშნავდეს „სსრ კავშირის აღდგენის მცდელობას“. რა თქმა უნდა, ეს დემაგოგიაა, მაგრამ იგი პროპაგანდაში გამოხატული იდეოლოგიური ბრძოლის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენს, რომლისადმი წინ აღდგომა და უკუგდებაა საჭირო.

   მეხუთე: პოსტსაბჭოთა სივრცე იყო და რჩება დასავლეთის გეოპოლიტიკური ექსპანსიის ობიექტად, სწორედ ამ ექსპანსიისადმი ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება და ევრაზიული კავშირის შექმნა. ამ კავშირის შექმნა თუმცაკი არ უკავშირდება მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევის ნეგატიურ მიზანს (თუნდაც იგი თავდაცვის აუცილებლობით არის განპირობებული), არამედ პოზიტიურ მიზნებს ისახავს (ეკონომიკის განვითარება, შიდა დაძაბულობებისა და კონფლიქტების ეფექტური დარეგულირება, კულტურული და ადამიანური სიახლოვის შენარჩუნება და ასე შემდეგ), იგი წააწყდება წინააღმდეგობას როგორც დასავლეთის, ასევე მისი მოკავშირეების მხრიდან, ყოფილი სსრკ შიგნით. მაშასადამე, ყოფილი საბჭოეთის არა ყველა რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტები აცნობიერებენ ძალების გაერთიანებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის აუცილებლობას (ამ რესპუბლიკების მოსახლეობის, ხალხების განწყობა შეიძლება, არ ემთხვევა ელიტების განწყობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამას არ განვიხილავთ). ინტეგრაციის ბირთვის როლში სამი დიდი რესპუბლიკა გამოდის, მაგრამ ეს მაინც „მხოლოდ და მხოლოდ“ სამია. აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც პრაქტიკულ პოლიტიკაში, ისე მკვლევარ პოლიტოლოგთა ანალიტიკური მუშაობის ფარგლებში.


                                                                      *  *  *   

 

   დღესდღეობით ევრაზიული კავშირის პროექტს ოფიციალურ დონეზე რუსეთის ფედერაცია პირველ ყოვლისა, ასაბუთებს ეკონომიკური აუცილებლობითა და ეკონომიკური მოსაზრებებით. ეს სავსებით სწორი მიდგომაა, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინაშე მართლაც მწვავედ დგას მათი წარმოებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის  ეკონომიკური აუცილებლობა. ამის მიღწევა უფრო იოლია ერთიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის ფარგლებში, რომელშიც მოქმედებენ გარკვეული ზენაციონალური, ყველასათვის სავალდებულო წესები. მაგრამ იდეოლოგიური ფაქტორის უგულებელყოფა მთლიანად არ შეიძლება, ეს შედეგად ევრაზიული კავშირის არასტაბილობას მოიტანს და მას გაურკვეველი პერსპექტივების მქონე, ზოგიერთი ეკონომიკური პრობლემის დროებითი მოგვარების საშუალებად აქცევს.

  

   შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯერ-ჯერობით ევრაზიული კავშირის იდეოლოგიური დასაბუთებისათვის არაფერი კეთდება. მეტიც, ადგილი აქვს დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „ფასეულობების“ პრიორიტეტულობის აღიარებას. ვლადიმირ პუტინის სტატიაში „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის - მომავალი, რომელიც დღეს იბადება“ [«Новый интеграционный проект для Евразии - будущее, которое рождается сегодня» - газ. «Известия», 3 октября, 2011г.] თუმცაკი ნახსენებია “ახალი ფასეულობითი საფუძველი“, „ახალ ეკონომიკურ, პოლიტიკურ საფუძველთან“ ერთად, მაგრამ მხოლოდ გაკვრით, და არაფერია ნათქვამი მომავალი ევრაზიული კავშირის თვითმყოფად ფასეულობრივ საფუძველზე. ამასთან, სტატია შეიცავს ერთ ასეთ მნიშვნელოვან მომენტსაც: „ზოგიერთი ჩვენი მეზობელი პოსტსაბჭოურ სივრცეში ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს იმ მოტივით, რომ ეს თითქოს ეწინააღმდეგება მათ ევროპულ არჩევანს. მიმაჩნია, რომ საკითხი არასწორად ისმება. ჩვენ არ ვაპირებთ, გავემიჯნოთ ან დავუპირისპირდეთ ვინმეს. ევრაზიული კავშირი დაეფუძნება უნივერსალურ ინტეგრაციულ პრინციპებს, როგორც დიდი ევროპის განუყოფელი ნაწილი, რომელიც თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო კანონების ერთიანი ფასეულობებით არის გაერთიანებული“.

 

   თუკი ამ აზრს შევუდარებთ იდეოლოგიის უკვე ნახსენებ განსაზღვრებას, როგორც საგარეოპოლიტიკური ბრძოლის ლოგიკას, გამოდის, რომ რუსეთი, უკეთეს შემთხვევაში, დასავლეთის იდენტური ფასეულობების საკუთარი ინტერპრეტაციით შემოიფარგლება. მაგრამ აღნიშნული ფასეულობები მოცემულია დასავლეთის მიერ, ეს „მათი“ ფასეულობებია, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მათ უნივერსალურობაზე. მაგრამ შეუძლია რუსეთს, უფრო მეტი წარმატებით მოახდინოს დასავლური ფასეულობების ინტერპრეტირება და მისთვის ინიციატივის წართმევა? ჩემი აზრით, ამგვარი სიტუაცია მსგავსი იქნებოდა სიტუაციისა, „ცივი ომის“ დროს დასავლეთს აქცენტი არა საკუთარ ფასეულობებსა და იდეოლოგიურ სისტემაზე რომ გაეკეთებინა, არამედ მარქსიზმ-ლენინიზმის „სწორ“ ინტერპრეტირებაზე, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა მარქსის მოძღვრების „არასწორი“ გაგებისა და განხორციელებისათვის რომ ეკრიტიკებინა...

 

   რა თქმა უნდა, დამკვიდრებულ პოლიტიკურ რიტორიკაზე უარის თქმა მთლიანად უკვე აღარ გამოვა, და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორად იქცევა, როდესაც თავის პრაქტიკაში დაამკვიდრა „მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მოხსენებების“ მომზადება ყოველწლიურად. ეს ნიშნავს იდეოლოგიურ-პროპაგანდისტური თავდაცვის მდგომარეობიდან გამოსვლას და მოწინააღმდეგისავე იარაღით შეტევაზე გადასვლას (ჯერ კიდევ 2010 წელს ამ სტრიქონების ავტორი, გ. ვეკუასთან თანაავტორობით გამოქვეყნებულ ზემოთ ხსენებულ სტატიაში წერდა: „მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის კრიტიკა კრემლის ჩეჩნურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ამგვარი კრიტიკა პრინციპში არავის აოცებდა, მაგრამ მოსკოვს რომ დაეწყო ვაშინგტონის კრიტიკის აქტიური კამპანია ‘ადამიანის უფლებების დარღვევის’ გამო გუანტანამოში, ერაყსა და ავღანეთში, ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა“).

 

   გავიმეორებ, სავსებით მართებულია ევრაზიული კავშირის შექმნის არგუმენტირება ეკონომიკური მოსაზრებებით, მაგრამ ეკონომიკა, მიუხედავად თავისი უზარმაზარი მნიშვნელობისა, პოლიტიკურ-იდეოლოგიური საყრდენის გარეშე ვერ იქცევა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ინტეგრაციის მოტივატორად. მეტიც, თუკი ვივარაუდებთ ხელისუფლების ცვლილებას მინსკსა და ასტანაში, ახალ ხელისუფლებას შეუძლია თავისი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების ცოტა სხვაგვარი შეფასება. ამიტომ, ევრაზიული კავშირი მიმზიდველი უნდა გახდეს სხვა რესპუბლიკებისთვისაც, პირველ ყოვლისა, იდეოლოგიურად, ორიგინალური ფასეულობითი ბაზით, რომელიც მისაღები იქნება პოსტსაბჭოთა და მთლიანად ევრაზიული სივრცის სხვადასხვა ხალხებისათვის. მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს ახალი იდეოლოგია, რა ფასეულობებს უნდა დაეყრდნოს იგი?

    ბუნებრივია, აუცილებელია განწყობების გათვალისწინება იმ ქვეყნებში, რომელთა შესვლა ევრაზიულ კავშირში სასურველია (ჯერ-ჯერობით ძნელია თუნდაც ერთი ქვეყნის დასახელება, რომლის შესვლაც ევრაზიულ კავშირში არასასურველი იქნებოდა). ამჟამად ევრაზიის ხალხები უკვე ავლენენ იმედგაცრუებას „ევროპული სახლის“, „თავისუფლების ფასეულობების“ და სხვა ამგვარი ქიმერების მიმართ. ადამიანები ფიქრობენ თავიანთი ეროვნულ-რელიგიური იდენტობის შენარჩუნებაზე გლობალიზაციის პირობებში, ავლენენ უკმაყოფილებას დასავლური მასკულტურის, სხვადასხვა სახის გარყვნილებისა და ამორალობის მოზღვავების გამო.

 

   შეიძლება, ითქვას, რომ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტები დაშორდნენ თავიანთი ხალხების მისწრაფებებს და ჯიუტად ამტკიცებენ „ევროპული არჩევანის“ ურყევობას. მაგრამ ევროპული იდეოლოგია გაბანკროტებასთან ახლოს დგას, იგი ინარჩუნებს თავის სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ქმედითუნარიანი ალტერნატიული იდეოლოგია, კოდიფიცირებული ფასეულობითი სისტემა. აუცილებელია ამ ასპექტის გათვალისწინება და კონსერვატული, რელიგიურ ფასეულობებზე ორიენტირებული იდეოლოგიის შემუშავება, რომელიც თავისი არსით იქნება ანტიგლობალისტური ანუ ანტიდასავლური, ამასთან ერთად, ახალგაზრდა თაობებისათვის იქნება აქტუალური. მაგრამ ამისათვის თავად რუსეთი უნდა შეიცვალოს, პირველ რიგში, ბოლო უნდა მოეღოს დასავლური მასკულტურისა და მისთვის დამახასიათებელი სისაძაგლეების პროპაგანდას სატელევიზიო არხების მეშვეობით, აგრეთვე ქუჩებში.

 

   რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი სავსებით სწორად იქცევა, როდესაც ევრაზიულ პროექტს არ უპირისპსირებს ევროპას: ამის გაკეთების არანაირი საჭიროება არ არსებობს. მას თითქმის დანამდვილებით ესმის (განსაკუთრებით, მისი 2007 წლის მიუნხენის გამოსვლის გათვალისწინებით), რომ დასავლეთი ერთ იდეოლოგიურ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც მეთოდურად ახორციელებს თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. დასავლური სახელმწიფოების ბანაკში პერიოდულად წარმოშობილ კინკლაობებს ლოკალური ხასიათი აქვს; ამ წინააღმდეგობებზე რუსეთს შეუძლია თამაში და ზოგ-ზოგი მოკლევადიანი დივიდენდის მიღება, მაგრამ მსოფლიო არენაზე სხვადასხვა ცივილიზაციური პოლუსების არსებობა - ფაქტია, ისევე, როგორც ის, რომ დასავლეთი ევროპა - სხვა, ჩვენგან განსხვავებული ცივილიზაციაა. სტრატეგიულად კი, „ცივილიზაციათა შეჯახების“ თემა დღის წესრიგში რჩება. ამიტომაც, შეუძლებელია, ერთმანეთთან შევათავსოთ შეუთავსებელი - ვაღიაროთ ერთი მსოფლიო პოლიტიკური პოლუსის ფასეულობების პრიორიტეტულობა და ამის პარალელურად ვეცადოთ სხვა პოლიტიკური პოლუსის შექმნას. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ახლო მომავალში რუსეთი და მისი პარტნიორები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში განსაზღვრავენ იდეოლოგიურ ორიენტირებს მომავალი ევრაზიული კავშირისთვის. ასეთი ორიენტირები ხაზგასმით უნდა გამომდინარეობდეს ყველა ხალხის ინტეგრაციის ნებაყოფლობითობის პრინციპიდან და აქცენტი უნდა კეთდებოდეს თითოეული ერის თვითმყოფადობისა და თავისთავადობის შენარჩუნებაზე, როგორც ამას ამ ერების ტრადიციები ითვალისწინებს. დღეს დასავლეთი გამოდის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის „გარანტად“, მაგრამ ამის ჭეშმარიტ გარანტად ქცევა შეუძლიე სწორედ ევრაზიულ კავშირს.

 

   გამომდინარე აქედან, ობიექტურად არსებობს მოთხოვნილება გარკვეულ ანტიდასავლურ იდეოლოგიურ დოქტრინაზე, რაც სულაც არ ნიშნავს „ცივი ომის“ მაგვარ ტოტალურ დაპირისპირებასთან დაბრუნებას. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ისეთი ცნებები, როგორებიცაა თავისუფლება და დემოკრატია, ჩვენთვის არა მხოლოდ „მორიგე“ პოლიტიკური ტერმინებია დასავლურ ინტერპრეტაციაში, არამედ ჩვენი რელიგიურ-მორალური ტრადიციებით განპირობებული ფასეულობებია. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმე შემოვუშვათ ჩვენთან „მასწავლებლებისა“ და ინტერპრეტატორების სახით. საფიქრებელია, რომ ასეთი მიდგომა ბოლოს და ბოლოს იპოვნის გზას თავის ადრესატამდე - ევრაზიული კავშირის მოსაზღვრე სახელმწიფოების „უბრალო“ ადამიანებთან და ეს კავშირი იქცევა ჭეშმარიტ ინტეგრაციულ პროექტად, რომელთანაც მიერთების სურვილს ნებაყოფლობით გამოხატავენ ხალხები, ხოლო დასავლურ დაფინანსებას მიჩვეული „პოლიტიკური ელიტები“ უკვე ვეღარ შეძლებენ ასეთი მძლავრი ფაქტორის იგნორირებას - ისინი ან შეიცვლებიან ან გარიყულნი იქნებიან ისტორიის სანაგვეზე.

 

                                                                             *  *  *

 

   ჩვენ აღვნიშნეთ ფასეულობათა ახალი კოდიფიცირებული სისტემის - იდეოლოგიის აუცილებლობა, რომელიც ევრაზიის ხალხების რელიგიურ და ტრადიციულ საბაზო ფასეულობებს დაეყრდნობა. ასევე აღვნიშნეთ მოქნილი, თანამედროვე ანტიგლობალისტურ-ანტიდასავლური პროპაგანდის აუცილებლობა. ყველაფერთან ერთად ეს გულისხმობს „თანამოაზრეთა კლუბების“ შექმნას ევრაზიული კავშირის მოსაზღვრე რესპუბლიკებში, ასევე „შორეულ“ ევრაზიულ უცხოეთში. ამ გრძელვადიან საგანმანათლებლო მოღვაწეობასთან დაკავშირებული მატერიალური და ინტელექტუალური დანახარჯები აუცილებლად გაამართლებს. ამის პარალელურად, აუცილებელი ჩანს სახელმწიფოთაშორისი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი ინსტიტუტების ჩამოყალიბება ევრაზიული კავშირის ფარგლებში, რომელიც დაკავდება იდეოლოგიური საკითხების რეგლამენტირებით, როგორც ეს სტრასბურგში კეთდება (თუმცა იქ არავინ აღიარებს, რომ სწორედ იდეოლოგიით არიან დაკავებულნი) - სტრუქტურების შექმნა-ფუნქციონირებას რაც შეეხება, ევროპული გამოცდილების გაზიარება მართლაც ღირებული იქნება ჩვენთვის. ევრაზიული კავშირის ამგვარ სტრუქტურებში ცალკეული სახელმწიფოები უფრო ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ეს კიდევ უფრო გაამყარებს კავშირისადმი ნდობას და ხალხებისთვის გრძნობის შექმნას, რომ სწორედ ისინი განაგებენ თავიანთ ბედ-იღბალს და რუსეთი სულაც არ ახვევს მათ წესებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ და განვითარდნენ. რუსეთის ბედია, იყოს ევრაზიული ცივილიზაციის მთავარი დამცველი, რაც ეთნოკულტურულობასა და ტრადიციული სარწმუნოების მიმდევრობას გულისხმობს. რუსეთის ასეთი პოზიტიური როლის გააზრების შემდეგ ევრაზიული ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი აღარ იარსებებს.

 

 

გულბაათ რცხილაძე

 P.S. სტატია გამოქვეყნდა “ისტორიული პერსპექტივის ფონდის“ მიერ გამოცემულ კრებულში: 20 лет после распада СССР. «...И время собирать камни». Евразийская интеграция сегодня. // Москва, «Книжный мир», 2012 г.