იმპერიის იდეის განხილვისთვის

იმპერიის იდეის განხილვისთვის

ფილოსოფოს გოჩა გვასალიას ნაშრომები „UNUS MUNDUSდა „Laissez faire“ერთობ უჩვეულოა ქართული პოლიტოლოგიისთვის და პუბლიცისტიკისთვის. უჩვეულოა იმით, რომ მათში გაანალიზებულია დასავლელი პოლიტოლოგების და მოაზროვნეების მიერ გამოქვეყნებული დიდძალი მასალა, და რაც მთავარია გაანალიზებულია პირუთვნელად, ზედმეტი პიეტეტის და მონური მორჩილების გარეშე, რითაც სცოდავს ქართველი ავტორების უმრავლესობა.

გარდა ამისა, გოჩა გვასალიას ყურადღების ობიექტს წარმოადგენს პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის რელიგიური ასპექტები, რაც ასევე ერთობ იშვიათია ქართულ ანალიტიკაში. ავტორი ავლენს ენციკლოპედიურ ერუდიციას და განსწავლულობას.

გოჩა გვასალიას სტილი გამოირჩევა ორიგინალურობით და ქართული ენის პოტენციალის მრავალმხრივი გამოყენებით, თუმცა ქვემოთ მითითებულ ნაშრომებში ავტორმა შედარებით შეზღუდა თავისი ტალანტი ამ მიმართულებით, რათა ტექსტი უფრო გასაგები გამხდარიყო მკითხველთა უმრავლესობისთვის.

მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას ნაშრომებიდან:

იმპერიის იდეა რეციდივირებს ადამიანის ისტორიაში ისე, როგორც სხვა არაფერი. იმპერიაზე ზრუნვა მოითხოვს მუდმივ ომს. ასე იყო რომაელი, ბიზანტიელი, არაბი, ოსმალო, რუსი, ბრიტანელი. თავად ღმერთი არის მეომარი მაშინაც კი, როდესაც ის იმპერიის შექმნას კი არ ისახავს მიზნად, არამედ აღთქმულ მიწას ყამალეკის, მიდიანის, ფილისტიმელის, არამეელის, მოაბელისგან იცავს“.

დისჰარმონია კი არა, არამედ ანტაგონიზმი არსებობს კაპიტალსა და დემოკრატიას შორის“.

დასავლური დემოკრატია კოსმოპოლიტიზმის ერთ-ერთი სინონიმია. ის ეთნონაციონალიზმისათვის მცირე ადგილს ტოვებს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს სიონისტების, მასონებისა და მონდიალისტების ბრალით კი არ ხდება, როგორც ეთნისტები ბრიყვულად განმარტავენ, არამედ მსოფლიო ისტორიის ენდოგენური (შინაგანი) თვისებაა“.

საბჭოთა ხალხების შერწყმის თეორია, საბჭოთა ადამიანის იდეალი დისიდენტებმა თვითმყოფადობის სახელით სასაცილოდ აიგდეს. ამერიკელ და დასავლეთევროპელ მონდიალისტებს იგივე განზრახვა აქვთ“.

თუ კოსმოპოლიტური ლიბერალ-კაპიტალიზმი არის ქართველთა ეროვნული სულისკვეთების ყველაზე უკეთ გამომხატველი მოძღვრება, როგორც ამას წლობით ამტკიცებენ, მაშინ რაღაში მდგომარეობს ქართველთა ეთნიკური უნიკალობა და თვითმყოფადობა? ვერც ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა დღემდე ვერ გასცა პასუხი ამ კითხვაზე“.

საკითხი ახლა ასე უნდა დადგეს: რაც დღეს ხდება დასავლეთში, ეს მხოლოდ ლიბერტარიზმისა და კონსერვატიზმის კრახია,თუ მთლიანად ფორმაციის კრახი? კაპიტალისტურმა ფორმაციამ რომ უკუაგდოს ლიბერტარიზმი და მონეტარისტული საბაზრო ექსტრემიზმი, მისგან აღარაფერი დარჩება. კაპიტალიზმი იქცა ნეოკონსერვატიზმისა და ლიბერტარიანელობის სინონიმურ ცნებად. ლაპარაკი ეკონომიკის ჰუმანიზაციაზე არის ტყუილი. კაპიტალიზმი ვერ შეძლებს ლიბერტარიზმის უკუგდებას და თავისი თავის მეტამორფოზისს“.

UNUS MUNDUS

Laissez faire