ევროკავშირის უსუსურობის დემონსტრაცია

2012 წლის 23 იანვარს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანიდან ნავთობის შესყიდვის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 1 ივლისიდან.

ძნელია ისტორიის სახელმძღვანელოებში მოიძებნოს ამაზე უფრო აბსურდული ნაბიჯი, როცა ქვეყნების ჯგუფი ნებაყოფლობით უარს ამბობს სხვა ქვეყნიდან სტრატეგიული და დიდად საჭირო ნედლეულის შესყიდვაზე, იმ დროს, როცა ის ქვეყანა არაფრით არ ემუქრება მათ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. თითიდან გამოწოვილი და სასაცილო ბრალდებები, თითქოს ირანი საიდუმლოდ ქმნის ბირთვულ იარაღს, არ შეიძლება სერიოზულად იქნეს განხილული.

მართლაც, უკვე რამდენი წელია ათეულობით და ასეულობით უცხოელი ექსპერტი ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს ირანის ბირთვულ ობიექტებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამონტაჟებული აქვს ვიდეოკამერები ამ ობიექტებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იწერენ არსებულ სიტუაციას. დღემდე ინსპექტორებმა და ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანის სამეცნიერო და სამხედრო დაწესებულებები უშუალოდ მუშაობენ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ეს იძულებული არიან აღიარონ თავად დასავლელმა პოლიტიკოსებმა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, "მგელი და კრავის" იგავის ანალოგიით, ისინი მაინც დამნაშავედ აცხადებენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას. როგორც ჩანს, ამ ქვეყნის მთავარი და ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ არსებობს და არ ემორჩილება დასავლეთის დიქტატს სხვადასხვა სფეროებში.

ევროკავშირის გადაწყვეტილებაში აშკარად ჩანს ამ ბლოკის უსუსურობა „უფროს ძმასთან“ დამოკიდებულებაში (იგულისხმება აშშ). საიდუმლო არაა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ისრაელის წარმომადგენლები, აწარმოებდნენ მრავალთვიან ზეწოლას, რომ ეიძულებინათ გარკვეული ევროპული ქვეყნები, შეეწყვიტათ ირანული ნავთობის შესყიდვა. ეს ზეწოლა ატარებდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური შანტაჟის ფორმას. რომ არაფერი ვთქვათ საბერძნეთზე, რომელიც ირანული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია ევროპაში (საბერძნეთის ფინანსური მდგომარეობის სირთულეები კარგად არის ცნობილი), თავად ევროკავშირის „მძიმეწონოსანი“ ქვეყნებიც შეტევის ქვეშ მოექცნენ. ამის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ რიგი ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, იტალიისთვის და ა.შ., სუვერენული რეიტინგების დაქვეითება. ბოლო თვეებში მიმდინარეობდა ევროს კურსის სერიოზული დაცემაც. სხვათა შორის, როგორც კი ევროკავშირმა მიიღო ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება, ევროს კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში „მოულოდნელად“ კვლავ გაიზარდა, თითქოს უხილავმა რეჟისორმა ასწიაო.

აშკარა ხდება, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება სუსტ მოთამაშედ მსოფლიო პოლიტიკაში, რომელსაც არ ძალუძს აშშ-ს და ისრაელის პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური ზეწოლისგან თავის დაღწევა. ამასთან, მის რიგებში არ არის ერთიანობა, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, სტრატეგიულად კვლავ აშშ-ს და ისრაელის მოკავშირე რჩება და არა საფრანგეთ-გერმანიის. იმის გამო, რომ ევროკავშირს არ გააჩნია იუდეო-პროტესტანტული იდეოლოგიისგან განსხვავებული საკუთარი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა, ის ვერ ახერხებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ქცევას და კმაყოფილდება მეორეხარისხოვანი როლით.

ევროკავშირის ემბარგოს საპასუხოდ, ირანის მაჯლისის (პარლამენტის) წევრებმა დასვეს საკითხი, რომ ირანმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობის მიწოდება შემდეგი ქვეყნებისთვის: ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი, რომლებიც ევროპაში მისი ნავთობის ძირითადი მომხმარებლები არიან. თუ ეს ასე მოხდა, ირანი ცხადად დაანახებს ჩიხში შესულ ევროპას, რომ აშშ-დმი მონური მორჩილებით ის მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს და მომავლის პერსპექტივას ისპობს.