ეგრეთ წოდებული „პრორუსული ორიენტაციის“ შესახებ

საქართველოს მმართველი წრეების პოლიტიკურ ლექსიკონში სიტყვათწყობა „პრორუსული ორიენტაცია“ გადაჭარბების გარეშე ნიშნავს „საქართველოს ინტერესების ღალატს“. მაგრამ სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს „პრორუსული ორიენტაცია“ და რამდენად საშიშია იგი საქართველოს ინტერესებისათვის? ამის გარკვევას ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე შეეცადა ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობასთან“ ინტერვიუში.

– რას ნიშნავს პრორუსული ორიენტაცია და რამდენადაა ან, საერთოდ, არის თუ არა იგი საშიში ქართული იდენტობისთვის?

 

– ნორმალურ ვითარებაში „პრორუსული ორიენტაცია“ ნიშნავს საქართველოს სტრატეგიული საგარეო-პოლიტიკური ინტერესის რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრასა და ჰარმონიზაციას, რუსეთთან კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის საშუალებით ქართული სახელმწიფოს შინაგანი კონსოლიდაციისა და რეგიონული გავლენის უზრუნველყოფისკენ სწრაფვას. როდესაც ვამბობ, „ნორმალურ ვითარებაში“, ნიშნავს, რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის არაჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი და „პრორუსული ორიენტაცია“ ხელისუფლების მხრიდან გაიგივებულია რუსული ინტერესების სამსახურთან, ქართული ინტერესების საზიანოდ, რაც უბრალო დემაგოგიაა. მაგალითისათვის, ერეკლე მეორე გახლდათ პრორუსული ორიენტაციის ქართველი პოლიტიკოსი, მთელი იმჟამინდელი პროგრესული ქართველი პოლიტიკოსებიც პრორუსული ორიენტაციისანი იყვნენ. ასე აფასებენ მაშინდელ სიტუაციას გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსები, ჩვენი ისტორიოგრაფიის კლასიკოსები – ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია... თუმცა დღევანდელი სახელმწიფო პროპაგანდა იქამდეც მიდის, რომ თვით ერეკლე მეფეს ლანძღავენ, ხან ფარულად, ხან კი აშკარად. არადა, პრორუსული ორიენტაცია ქართული იდენტობისათვის საშიში არასოდეს ყოფილა და არც დღეს არის. პირიქით, მხოლოდ ამ ორიენტაციის საფუძველზე, ისევე როგორც მეთვრამეტე საუკუნეში, შეიძლება ქართული იდენტობის გადარჩენა, რადგან რაც არ უნდა მიუღებელი სახელმწიფო იყოს დღევანდელი რუსეთი თავისი პოლიტიკით, იგი არის ჩვენი უალტერნატივო მეზობელი, რომელთანაც მეგობრობის და კეთილმეზობლობის აღორძინების უდიდესი პოტენციალი არსებობს, გამომდინარე რუსეთისა და საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესებიდან, რომლებიც არ შეცვლილა და გარკვეულწილად მუდმივობას ინარჩუნებს. ამას დავუმატოთ რელიგიური და კულტურული სიახლოვე, ტრადიციად ჩამოყალიბებული თბილი, ადამიანური დამოკიდებულება ორი ერის თვალსაჩინო წარმომადგელნებს შორის და თუნდაც „უბრალო“ ადამიანებს შორის. თუკი ქართულ იდენტობას გავაიგივებთ ჩვენს მართლმადიდებელ რწმენასთან, და ეს ასეც უნდა ვქნათ, მაშინ რუსეთი ჩვენი ბუნებრივი, ორგანული მოკავშირეა და ეს სულიერი სიახლოვე უფრო მაღლა დგას, ვიდრე დღევანდელი თუნდაც უმძიმესი უთანხმოება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის გარშემო. ყოველივე ეს რთულად, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგვარებადია, მთავარია, ორიენტირი არ დავკარგოთ და არ მივცეთ საშუალება სააკაშვილის რეჟიმს, ყველა დამაკავშირებელი ძაფი გაწყვიტოს ჩვენს ხალხებს შორის. ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკლესიის მტკიცე პოზიცია, პატრიარქის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის მიმართ, ისევე როგორც მთელი ჩვენი ხალხის განწყობა, სააკაშვილის რეჟიმის ავ განზრახვას წარმატების შანსს არ უტოვებს.

 

– რა სურთ, რეალურად, ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მიერ რუსეთის ინტერესების გამტარებლად მონათლულ პოლიტიკოსებს?

– ასეთი პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ძალზე ცოტანი არიან დღევანდელ საქართველოში. ბევრს ოპოზიციონერს ხელისუფლება ელემენტარულად აბრალებს „პრორუსულობას“ და ეს პოლიტიკოსებიც საცოდავად გამოიყურებიან, როგორ ასავსავებენ ხელებს, გაფითრებულები, არა ვართ ჩვენ პრორუსულები, „ევროატლანტიკური არჩევანი“ ჩვენი ურყევი კურსიაო. ხოლო ვისაც სჯერა რუსეთთან დაახლოების მართებულობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იგი საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებს. სავსებით დასაშვებია, რომ პოლიტიკოსი პროამერიკულიც იყოს და გულწრფელად სჯეროდეს, რომ ამით საქართველოს ინტერესებს ახორციელებს. მაგრამ იმდენად ცუდად აჩვენა თავისი სახე დასავლეთით გატაცებამ საქართველოში ბოლო ოცი წლის მანძილზე, რომ ძალზე გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, მით უმეტეს, თუკი იგი პოლიტიკოსია, რომ ამ კურსის საქართველოსთვის სარგებლიანობა კიდევ სჯეროდეს. სწორედ გამოკვეთილად პროამერიკელი და ზოგადად, პროდასავლურად განწყობილი ძალები უფრო ვნებენ დღევანდელ საქართველოს, ვიდრე პრორუსულები, რადგან განსხვავებით პირობითად პრორუსული კურსისა, სწორედ დასავლეთის მითითებების უპირობო ასრულება, „ინტეგრაციად“ შეფუთული, ქმნის ჩვენი იდენტობის წაშლის საფრთხეს.

 

– არის თუ არა რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის პერიოდში დაგროვილი გამოცდილება საკმარისი საფუძველი მტრის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ხატის შესაქმნელად?

– პირიქით, დაგროვილი ისტორიული გამოცდილება საფუძველია იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობები აღსდგეს. ორი ერის ურთიერთობებში დადებითი გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი. შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლებამ იერიში განათლების სფეროზე მიიტანა, განსაკუთრებით ისტორიაზე. ხელისუფლებას სურს, მდიდარი რუსულ–ქართული ურთიერთობების ისტორიის გადაწერა, მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებზე აქცენტის გაკეთება, ფაქტების დამახინჯების ჩათვლით, და ამ გზით ახალგაზრდა თაობათა „ტვინების გამორეცხვა“. გარკვეული ტაქტიკური წარმატება ხელისუფლებამ ამ გზაზე მოიპოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი ეს წარმატება ვერ იქნება ხანგრძლივი და ეფექტური, რადგან სიმართლე თავს არ დამალავს. გარკვეული ნეგატიური სტერეოტიპები რუსეთის მიმართ საქართველოში ყოველთვის იყო (ნაწილობრივ რუსეთშიც – საქართველოს მიმართ), მაგრამ ამის ანალოგიების ნახვა ევროპაში თუ სხვა რეგიონებში მრავლად შეიძლება; ყოფით დონეზე სტერეოტიპები ბევრგან არსებობს, იქნება ეს ურთიერთობა გერმანელებსა და ჰოლანდიელებს, ინგლისელებსა და ირლანდიელებს, რუმინელებსა და უნგრელებს და კიდევ სხვათა და სხვათა შორის. რაც ამ ერებს ხელს არ უშლის, თანამედროვე ვითარებაში წარმატებით განავითარონ ერთმანეთთან კონტაქტები, სამოკავშირეო ურთიერთობების ჩათვლით.