სააკაშვილის რეჟიმი შეგნებულად ახდენს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის განხეთქილების პროვოცირებას

თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურის მინისტრების დონეზე მიღწეული შეთანხმებები რელიგიური ისტორიული ძეგლების აღდგენის შესახებ მეტად დესტრუქციული ლოგიკიდან გამომდინარეობს.

თურქეთის მხრიდან ყველაფერი ისედაც გასაგებია: ახლად მოვლენილი „მეგობრები და პარტნიორები“ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს ატარებენ, ცდილობენ ისლამის პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზებას. კერძოდ, თურქეთი ცდილობს, საბოლოოდ დამკვიდრეს აჭარაში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. აჭარაში პოლიტიკური დანერგვა თურქებს სავსებით რეალისტურად წარმოუდგენიათ აჭარელთა შორის თურქული ყაიდის ისლამური განწყობების გაძლიერების საშუალებით. ეს ნიშნავს  აჭარის თურქიზაციის დაწყებას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს თურქეთის რესპუბლიკას.

 

ჩნდება კითხვა, თუ რატომ დათანხმდა ქართული მხარე წამგებიან პირობებზე, როდესაც თურქეთში მდებარე ორი ქართული ისტორიული მონასტრის რემონტის სანაცვლოდ გარემონტდება ერთი, „აჰმედიეს“ მეჩეთი, ხოლო მეორე – „აზიზიეს“ მეჩეთი თავიდან აშენდება? რა თქმა უნდა, სიმართლეა, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ანტიქართული ხელისუფლება მართავს, მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტული მიზეზები უნდა არსებობდეს. ძალზე სავარაუდებელია, რომ სააკაშვილის რეჟიმი „შემოწირულობას“ მიიღებს თურქეთის მხრიდან. მაგრამ ასევე იკითხება შორს მიმავალი პოლიტიკური აზრიც: საქართველოს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს, აქამდე მშვიდობაში და თანხმობაში მცხოვრებთ, ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები უნდა შეექმნათ; რადგან ხომ გასაგებია, რომ ქრისტიანული მოსახლეობა, რომელიც აჭარის სანაპირო ნაწილში, ბათუმის ჩათვლით, დომინირებს, არ მიესალმება ახალი მეჩეთის მშენებლობას, მით უმეტეს, როდესაც ეს მეჩეთი ოსმალეთის სულთნის სახელს ატარებს. უკვე გამოვლინდა საზოგადოებრიობის მხრიდან პროტესტი. საქართველოში ისლამოფობიის (ამჯერად ეს დასაბუთებული ისლამოფობია იქნება) გაძლიერება ხელს აძლევს რადიკალურად პროდასავლურ რეჟიმს, რომელიც ისლამის „ბალანსის“ სახით საქართველოს დასავლური კურსის კიდევ უფრო გაძლიერებას შემოგვთავაზებს, რათა სწორედ დასავლეთი იყოს შესაძლო ისლამიზაციისგან საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს სთავაზობენ არჩევანს – ან მარტონი დარჩებით თურქეთისა და საერთოდ, მუსლიმანების წინაშე, ანდა ისარგებლებთ ჩვენი დასავლური მხარდაჭერით. ამგვარ ვითარებაში ისლამი და მუსლიმანური მოსახლეობა უნებურად ნეოწარმართული დასავლეთის მოკავშირეებად გამოდიან. ბევრ მუსლიმანს გულიბრყვილოდ ჰგონია, რომ მეჩეთის აშენება სწორედ მათ ინტერესებს ემსახურება და ამასთან ვერ ხვდებიან მათი თურქი და ქართველი „კეთილისმყოფლების“ რეალურ მოტივებს.

 

რეგიონში ქრისტიანთა მფარველად ოდითგანვე რუსეთი მიიჩნეოდა. სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანობის გადარჩენა წარმოადგენდა ქართველი ხალხის მამოძრავებელ მოტივს, როდესაც იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ისწრაფოდა. ამჟამად რუსეთი არ ერევა პროცესებში და სხვა პრობლემებითაა დაკავებული. მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით. საქართველოს ხელისუფლების გამყიდველურმა გადაწყვეტილებამ და თურქების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ თავხედურმა ქცევამ შეიძლება უკუეფექტი იქონიოს და შეიქმნება სიტუაცია, რომელიც მე–18 საუკუნის ბოლო მეოთხედში არსებული სიტუაციის მსგავსი იქნება: ხალხი მიმართავს რუსეთს, როგორც საქართველოში ეკლესიისა და ქრისტიანული მოძღვრების უსაფრთხოების გარანტს.

 

სხვათა შორის, თურქები აჭარაში მას შემდეგ იქცევიან მასპინძლებივით, როდესაც გაყვანილ იქნა რუსული სამხედრო ბაზა, მესაზღვრეებითურთ. აჭარის ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობით მყოფი რუსი სამხედროები, მარტო თავიანთი იქ ყოფნის ფაქტით ამცირებდნენ პრაგმატული თურქი მეზობლების მადას და ხაზს უსვამდნენ, რომ აჭარა არ არის და ვერც იქნება თურქეთი. რუსული ჯარების გასვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, თურქეთი გააქტიურდა: დაიწყო მეზობელთა ეკონომიკური ექსპანსია (ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური ეფექტის გარეშე), უხვად ფინანსდება მთიანი, მუსლიმანური აჭარიდან ახალგარდობის სასწავლებლად მივლინება თურქულ რელიგიურ სასწავლებლებში, აშენდა ბევრი მეჩეთი და ასე შემდეგ. სახეზეა დიდი და უფრო განვითარებული თურქეთის კოლონიური პენეტრაცია პატარა და ჩამორჩენილ საქართველოში.

 

ქართულმა საზოგადოებრიობამ, ეკლესიის მეთაურობით, გადამჭრელი საპროტესტო ღონისძიებებით ძირშივე უნდა აღკვეთოს მთავრობის დესტრუქციული გეგმები, თორემ შემდეგ გვიანი იქნება, ქრისტიანების და მუსლიმანების დაპირისპირება საქართველოს შიგნით არაფერში გვჭირდება.

 

ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ისტორიულ მიწებზე ოცნებას, რითაც მანიპულირებს სააკაშვილის რეჟიმი. ისტორიული ქართული მონასტრები თურქეთის ტერიტორიაზე მხოლოდ შირმაა რეჟიმისთვის, ეს თემა მას არ აღელვებს. ქართველები არ უნდა ჩავებღაუჭოთ ისტორიას, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, შესაძლოა, საქართველოა ისტორიულად, მაგრამ დღეს სულ სხვა რეალობაა. არ შეიძლება, საქართველოს მომავალი წარსულს შეეწიროს. ხომ ცხადია, რომ გარემონტებული ქართული მონასტრებიც არ იფუნქციონირებენ დანიშნულებისამებრ, ხოლო ეკლესია ღვთისმსახურებისა და ლოცვის გარეშე – ეკლესია არ არის. თურქების სინდისზე იყოს ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, ხოლო მათთან ამ თემაზე მოლაპარაკებების წარმოება საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით. ბოლო დროს თურქეთმა ისედაც საკმაო რაოდენობის არამეგობრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ, დაწყებული მსუბუქი ავტომანქანების ტრანზიტზე ბაჟის დაწესებით, დასრულებული თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ახალი რეჟიმის შემოღებით. ამიტომ განსაკუთრებული საფუძველი ანკარასთან ცერემონიული დამოკიდებულებისა, არ გაგვაჩნია. საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისი ბერკეტებიც აქვს თურქეთზე ზემოქმედების მოსახდენად, საქართველოს გარეშე თურქეთს არ გააჩნია იოლი მისასვლელი გზა აზერბაიჯანთან, ხოლო თუკი თურქეთში ვინმე მივა აზრამდე, რომ მოახდინოს საქართველოს შანტაჟირება აფხაზეთ–სამხრეთ ოსეთის აღიარების თემის საშუალებით, ამ შემთხვევაშიც არსებობს მანევრის საშუალება, თურქეთი თავად განიცდის მწვავედ სეპარატიზმის პრობლემას.

 

გულბაათ რცხილაძე