“ვარდოსანი რაინდების ორდენი”

“ვარდოსან რაინდებში“, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მთავარი „მაგისტრი“ - მიხეილ სააკაშვილი იგულისხმება. რატომ ორდენი? ეს სახელი ძველ ეპოქებში ერქვა სხვადასხვა რაინდულ და

სასულიერო, ჩაკეტილ გაერთიანებებს, რომლებშიც მოხვედრა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ან შეუძლებელი იყო (არისტოკრატიულ-რაინდულ ორდენებში), ან საკმაოდ ძნელი (სასულიერო ორდენები).

ე.წ. ნაციონალური მოძრაობაც, როგორც ორდენს შეეფერება, საკმაოდ ჩაკეტილი ორგანიზაციაა. ახლახან ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა გადაიღო სიუჟეტი, სადაც ამ ორგანიზაციის ოფისებში მოხვედრას ცდილობდა, რაც თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს მართლაც ასეა. მაგალითად, ვინმე მოქალაქე N-მა, მცხოვრებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მირცხულავას ქუჩა №X-ში, რომ მოინდომოს ნაციონალურ მოძრაობაში შესვლა, მას, დიდი ალბათობით, არაფერი გამოუვა. ზუსტად ასევე იყო თავის დროზე სკკპ ანუ კომუნისტური პარტია, რომელიც ასევე ორდენის პრინციპებზე გახლდათ აგებული, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე. მასში მოხვედრა ბევრი ადამიანისთვის, მაგალითად, არისტოკრატიული წრის წარმომადგენლისთვის, ძალზე ძნელი იყო, ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელი.

მოქალაქეთა კავშირი, რომლის მემკვიდრე გარკვეულ წილად არის ნაციონალური მოძრაობა და რომელიც, თავის მხრივ, იყო კომპარტიის მემკვიდრე, არ იყო ამდენად ჩაკეტილი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ჟვანია-საააკაშვილის გუნდი ძალიან ცდილობდა მის უზურპაციას და საკუთარ ორდენად გადაქცევას. მათ ეს გამოვიდათ კიდეც მოქალაქეთა კავშირის საბოლოოდ ხელში ჩაგდების შემდეგ. თავად ჟვანია სწორედ ორდენის შიგნით მომხდარ სასტიკ ბრძოლას შეეწირა. შემდეგ ორდენიდან განდევნეს ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ამოტივტივებული ფიგურების უმრავლესობა, რომლებსაც სააკაშვილი იყენებდა. თუმცა, ზოგიერთი მათგანის, მაგალითად, ოქრუაშვილის ექსპლუატაცია დღესაც ხდება, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ, ასე ვთქვათ, „დისტანციურად“.

არათუ „რიგით მოქალაქეს“, არამედ მილიარდერ ოლიგარქსაც არ შეუძლია ვარდოსნების ორდენში მოხვედრა. ასე იყო ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში, რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ვარდოსნებს „რევოლუციის“ პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა და უამრავ ფულს იხდიდა, მაგრამ მაინც აიძულეს ოპოზიციაში წასულიყო და დაპირისპირებაში ჩაითრიეს. მისი შემდგომი ბედი ცნობილია.

ზუსტად ანალოგიურად ვითარდება მოვლენები ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც ასევე აფინანსებდა სააკაშვილის ყველა ხუშტურს და ბრძანებას. პირველი, რაც გააკეთა ივანიშვილმა „რევოლუციის“ შემდეგ - საკუთარი, ძალიან უწყინარი და ზომიერი ტელეარხი („მე-9 არხი“) დახურა. სააკაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში დასცინოდა და მასხრად იგდებდა ივანიშვილს. ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა მას, სააკაშვილი აგდებულად და სიცილით უყვებოდა „საჩხერელ განდეგილზე“, რომ მას თურმე ჟირაფები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები ჰყავს მოშენებული თავის მამულში და რომ ის ვერასოდეს ჩაერევა პოლიტიკაში, რადგან ის არ აინტერესებს. ივანიშვილმა ითმინა, ითმინა და ბოლოს, ლეიბორისტების კრიტიკის საბაბით, სააკაშვილის მიმართ კრიტიკული ორიოდე განცხადება გააკეთა. თუმცა, ქართული ოპოზიციის უსუსურობის და მოსყიდულობის პირობებში, ეს განცხადებებიც ისევ მმართველი რეჟიმის სასარგებლო აღმოჩნდა.

რაც შეეხება „სულიერ“ ლიდერებს, ჩვენს ვარდოსნებს მთავარი მაგისტრის - სააკაშვილის გარდა - ჰყავთ სხვა მაგისტრებიც, მაგალითად, ბოკერია, ბენდუქიძე, ლევან რამიშვილი და ა.შ. ორდენი რისი ორდენი იქნებოდა, რომ მას საკუთარი „ეზოთერული“ და „ფუნდამენტური“ მოძღვრება არ ჰქონდეს. ვარდოსნების „ბიბლია“ ე.წ. ნეოლიბერალიზმია, რომლის მიხედვითაც ისინი ცდილობენ ისტორიაში ჯერ არ ნახული „ქართული სახელმწიფოს“ აშენებას და მეტიც, „ახალი ქართველის“ გამოყვანას. „გამოყვანაში“ შეიძლება ვიგულისხმოთ დაახლოებით იგივე, რასაც მეცხოველეობაში თუ სელექციაში აკეთებენ. სხვათა შორის, ვარდოსნების მთავარი იდეოლოგიური ჟურნალის სახელწოდებაა „ტაბულა“. აქ, რა თქმა უნდა, გამრავლების ტაბულა არ იგულისხმება, არამედ ლათინური გამოთქმა „Tabula rasa”, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუფთა დაფას“. ანუ ამ სუფთა დაფაზე შესაძლებელია ყველაფრის დაწერა, რასაც „განდობილები“ - ვარდოსნების იდეოლოგები საჭიროდ ჩათვლიან.

თუმცა შესაძლებელია კი? პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ნეოლიბერალური, ნაციონალ-ლიბერალური და სხვა ლიბერტარიანული ექსპერიმენტებით ხერხდება მხოლოდ ადამიანების კიდევ უფრო დამახინჯება და ღრმა იდეოლოგიურ ჩიხში შეყვანა, ვიდრე „ახალი ადამიანის“ შექმნა. ასე რომ, ვარდოსნების „გოლემი“ – „ახალი ქართველი“ - ისევე განწირულია კრახისთვის, როგორც ყველა გოლემი დედამიწაზე (გოლემი - ებრაული მითოლოგიის პერსონაჟი, თიხისგან ან სხვა მასალისგან ხელოვნურად შექმნილი არსება, ღმერთის ჩარევის გარეშე).

გიორგი ვეკუა

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.