ოჯახის ინსტიტუტის კრიზისი ევროპაში

საქართველოში დღემდე პოპულარულია მითი ქართული კულტურის და საერთოდ, ქართველობის „ევროპული კუთვნილების“ შესახებ. ამ მითის პოპულარიზაციას ეწეოდა ოდესღაც (რამდენიმე წლის წინ)

პოპულარული ხელისუფლება, მისი ცალკეული წარმომადგენლების სახით (სააკაშვილი, ჟვანია და სხვ.).

ევროკავშირის დროშები დღემდე რატომღაც დასობილია სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე, რაც ერთგვარი ფეტიშიზმის ან კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ქამელეონობაზე.

რა თქმა უნდა, გაღატაკებულ საზოგადოებას ადვილია თავს მოახვიო მსგავსი მითები, როცა ადგილი აქვს ცხოვრების დონის მკვეთრ განსხვავებას ევროპის დიდ ნაწილსა და „სინგაპურიზაციის“ გზაზე დამდგარ საქართველოს შორის. მაგრამ ცხოვრების დონე ევროპაში (რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ დიდი გამოცდების წინაშე დგას) ვერ იქნება ერთადერთი და მთავარი ნიშანი ჩვენთვის, ცივილიზაციური კუთვნილების მხრივ, რადგან კუვეიტში ან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრების დონე კიდევ უფრო მაღალია, მაგრამ არავინ საუბრობს ქართველების „კუვეიტელობის“ ან არაბობის შესახებ. თუმცა, „სინგაპურიზაციაზე“ ხომ საუბრობს ბატონი პრეზიდენტი? ესეც ევროპული მითის ერთგვარ კრახად შეიძლება ჩაითვალოს.

მაშ რა არის ქართველების „ევროპელობის“ ნიშანი? საპარლამენტო დემოკრატიისადმი მიდრეკილება? ქართველების დიდ ნაწილს დემოკრატიული პროცედურები და მრავალპარტიულობა დიდად არ ანაღვლებს და ამას ნებისმიერი კომპეტენტური ფსიქოლოგი ან სოციოლოგი დაგიდასტურებთ. თუმცა ყველას ისედაც შეუძლია თავის გულში ჩაიხედოს. ადამიანის უფლებები? სასაცილოა. ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ასზე მეტი ადამიანი თითქმის არასოდეს მოსულა საქართველოში, ხოლო ხელისუფლების შესაცვლელად და ახალი ბელადის მოსაყვანად ასობით ათასიც გამოსულა.

იმ დროს, როცა საერთო თითქმის არაფერია ქართველების და ევროპულ მენტალიტეტს შორის, არის დიდი და აშკარა განსხვავებები. ერთ–ერთი მათგანია ოჯახის ინსიტუტის მიმართ დამოკიდებულება. მიუხედავად აღვირახსნილი პროპაგანდისა და ზომბირებისა, რომელიც სახელისუფლებო ტელეარხებიდან მოედინება და ძირს უთხრის ტრადიციულ მორალს, ოჯახი მაინც ინარჩუნებს საქართველოში იმ როლს, რომელიც მან დაკარგა ევროპაში.

ევროპაში არსებული მდგომარეობის შესახებ ფაქტებით და ციფრებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აი ისინიც:

ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკური ორგანოს, ევროსტატის მონაცემებით, 2009 წელს იმ ბავშვების წილი, რომელიც ქორწინების გარეთ დაიბადნენ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში აღემატება 30%–ს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში 50%–საც კი. ანუ ამ ქვეყნებში ბავშვების უმეტესობა იბადება ისეთ ოჯახში, სადაც დედა და მამა (ან მამა და „მამა“, დედა და „დედა“, და სხვა მსგავსი არსებები) ოფიციალურად არ იმყოფებიან ქორწინების მდგომარეობაში. ამასთან, ასეთი ბავშვების წილი სწრაფად და განუხრელად იზრდება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, მცირე გამონაკლისის გარდა (გამონაკლისებია საბერძნეთი და კვიპროსი, ასევე ნაწილობრივ პოლონეთი).

ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე ჩანს ეს მონაცემები. სიაში ერთ–ერთი „ლიდერია“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ესტონეთი, რომელშიც ბავშვების 60% (!) ქორწინების გარეთ იბადება. ალბათ, არ ღირს იმის შეხსენება, თუ რას უწოდებდნენ ამგვარ ბავშვებს და ადამიანებს საქართველოში, ტრადიციულად ან ქართული სამართლის მიხედვით.

ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ადასტურებს ქორწინებების და განქორწინებების მაჩვენებლებიც. განქორწინებების შეფარდება ქორწინებებთან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში 40%–ს და მეტს აღწევს, ანუ ყოველი 10 ქორწინებიდან 4–5 იშლება... თანაც, ქორწინებების რიცხვიც ყოველ 1000 ადამიანზე ევროპაში ყველა დაბალია მსოფლიოში. ის საშუალოდ 4–6–ის ფარგლებში მერყეობს (შედარებისთვის: საქართველოშიც კი, სადაც არასახარბიელო სიტუაცია იყო 90–იან წლებში, ეს მაჩვენებელი ამჟამად 8–ს უახლოვდება).

სხვათა შორის, განქორწინებების რაოდენობის მხრივ ძალზე არასახარბიელო სიტუაციაა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსშიც, და ამ მხრივ ეს ქვეყნები გაცილებით უფრო „უახლოვდებიან“ ქცევის ევროპულ მოდელს, ვიდრე კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამ მართლმადიდებელი ქვეყნების ხელისუფალთ და ელიტებს სერიოზული ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი, თუ როგორ გამოასწორონ სიტუაცია და აირიდონ თავიდან ოჯახის ინსიტუტის ნგრევის ევროპული პერსპექტივა.