გაიყოფენ თუ არა რუსეთი და თურქეთი სამხრეთ კავკასიას?

კავკასია, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასია, ერთიან ორგანიზმად შეიძლება ჩაითვალოს, სადაც ყველა პროცესი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომაც, კავკასიური პრობლემების გადაჭრა უნდა იყოს კომპლექსური, ერთიანი. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრს, საჭიროა აღვადგინოთ საბჭოთა კავშირის შემდეგ მომხდარი მოვლენების ქრონოლოგია, და აღვწეროთ დღეს არსებული სიტუაცია.

90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. ამასთან, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის, ამ ქვეყნებში უკვე მიმდინარეობს ან მწიფდება შეიარაღებული კონფლიქტები, როგორც შიდა ხასიათის (მაგალითად, საქართველოში), ასევე რესპუბლიკებს შორის (სომხეთი და აზერბაიჯანი). პარალელურად, ჩრდილო კავკასიაშიც არეულობაა: ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილას ცხადდება ე.წ. იჩქერია, რომელიც აცხადებს რუსეთისგან დამოუკიდებლობას.

ამავდროულად, დასავლეთი იწყებს პირდაპირ ან ირიბ შეღწევას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის კავკასიაშიც (ჩრდილო კავკასიის ჩათვლით). იქმნება ამ ტერიტორიების რუსეთისგან მოწყვეტის და მათი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გეგმები, ან განიხილება თურქეთის გავლენის სფეროში გადასვლის პერსპექტივა (თურქეთი ამ დროს გამოდის, როგორც დასავლეთის და ნატო-ს განუყოფელი ნაწილი). რუსეთი სუსტია, დაკავებულია საკუთარი პრობლემებით, მასში მიმდინარეობს ე.წ. გაიდარისეული რეფორმები, ხდება საკუთრების გადანაწილება, რასაც თან ახლავს ბანდიტიზმი და ქაოსი, ამიტომ რუსეთი ამ დროს ერთობ ნაკლებად მიმზიდველია მეზობლებისთვის, უფრო მეტიც, აფრთხობს მათ.

ამ პირობებში გარდაუვალი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სწრაფი გადასვლა დასავლური კონტროლის ქვეშ, მიუხედავად დასავლეთის დაპირებებისა საბჭოთა ხელმძღვანელობის მიმართ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით და ა.შ. რუსეთს სხვა არაფერი არ რჩება გარდა იმისა, რომ დაიწყოს სეპარატისტების დახმარება, რითაც კავკასიაში სიტუაციის კონტროლისთვის გარკვეულ ბერკეტებს იღებს. მით უმეტეს, რომ იმ ხალხების მიტოვება, რომლებიც რუსეთზე აკეთებენ ორიენტაციას, მას არ შეეძლო. რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზური და ოსური ძალები ამარცხებენ თბილისში არსებული მთავრობის ძალებს, ხოლო სომხური ძალები ყარაბაღში, რუსეთის ირიბი მხარდაჭერით, იმარჯვებენ ყარაბაღის კონფლიქტში. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თბილისმა თავისი აგრესიული პოლიტიკით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს მხარდაჭერა აღმოეჩინა აფხაზებისთვის და ოსებისთვის. თუმცა, სეპარატიზმის მხარდაჭერა საქართველოში რუსეთს მოუბრუნდა ჩრდილო კავკასიაში არასტაბილურობის გაძლიერებით და შეიარაღებული ფორმირებების შექმნით, რომლებმაც სამხედრო გამოცდილება სწორედ აფხაზეთში მიიღეს. ოდნავ მოგვიანებით, ეს გადაიზრდება ჩეჩნეთის პირველ ომში, რომელშიც რუსეთი მარცხდება.

შედეგად, 90-იანი წლებისთვის შეიქმნა სიტუაცია, როცა კავკასიაში არსებულმა ბევრმა სეპარატისტულმა მოძრაობამ ამა თუ იმ ფორმით, გამარჯვება მოიპოვა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩამოყალიბდა კვაზისტაბილური რეჟიმები (შევარდმაძე, ალიევი-უფროსი), რომლებიც ცდილობდნენ ე.წ. მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას, სიტყვით აცხადებდნენ რა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ხოლო რეალურად ამზადებნენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის ნიადაგს, პირველ რიგში, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საშუალებით. სომხეთში 90-იანი წლების შუახანებისკენ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ე.წ. ყარაბაღულმა კლანმა, რომელმაც ჩამოაგდო პირველი პრეზიდენტი ტერ-პეტროსიანი. ეს უკანასკნელი თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასევე ცდილობდა „მრავალვექტორულობის“ თამაშს, დასავლეთის გავლენის ქვეშ გადასვლის ჩათვლით.

ამგვარი სიტუაცია ნარჩუნდება რუსეთის ხელისუფლებაში ვ. პუტინის მოსვლამდე. პუტინი მაშინვე სერიოზულად დაკავდა სეპარატიზმის პრობლემით რუსეთში, პირველ რიგში, ჩრდილო კავკასიაში. სეპარატისთა ძირითადი შეიარაღებული ფორმირებები განადგურდა, ფედერალურმა ცენტრმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა სამხედრო და პოლიტიკური სიტუაცია მთელს ქვეყანაში, ჩეჩნეთის და მთიანი დაღესტნის ჩათვლით. მაგრამ სამხრეთ კავკასიაში სტატუს-კვო შენარჩუნებულია.

ეს მდგომარეობა იცვლება საქართველოში ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლით, ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად. სააკაშვილი დაუყოვნებლივ შეუუდგა სიტუაციის დესტაბილიზაციას და არსებული სტატუს-კვოს შეცვლას. ამგვარ პოლიტიკას ეწოდა „გაყინული კონფლიქტების გალხობა“. ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, დაამყარა რა სრული კონტროლი აჭარაზე, სადაც, თუმცა შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე, თბილისის ხელისუფლება თითქმის არ ვრცელდებოდა. რუსეთი იძულებული გახდა დაეჩქარებინა საქართველოს შიდა რაიონებიდან სამხედრო ბაზების გაყვანა, მათ შორის აჭარიდან.

90-იანე წლებიდან ჩამოყალიბებულმა სტატუს-კვომ რღვევა დაიწყო. სააკაშვილის რეჟიმმა კურსი აიღო საქართველოს სრულ და დაჩქარებულ ინტერგაციაზე ე.წ. ევროატლანტიკურ სივრცეში. თბილისის ხელისუფლების რიტორიკა აგრესიულად ანტირუსული გახდა. მკვეთრად გაიზარდა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი, სააკაშვილი განუწყვეტლივ აჟღარუნებდა იარაღს და ემუქრებოდა სეპარატისტულ რეჟიმებს. ეს ყველაფერი დასრულდა 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული შეტაკებით, რომლის შედეგად თბილისმა დაკარგა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ნარჩენებზე კონტროლი. რუსეთმა დე-იურე სცნო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

მოვლენათა განვითარების მოკლედ აღწერის შემდეგ, უნდა გადავიდეთ არსებულ სიტუაციაზე, რომელიც აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა. თუმცა, მანამდე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ თურქეთი, რომელიც თბილისში განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, რეალურად არ დაეხმარა სააკაშვილის რეჟიმს 2008 წლის აგვისტოში და არ დაუპირისპირდა რუსეთს. მან წამოაყენა საკუთარი ინიციატივა, რომელსაც დაერქვა „კავკასიაში თანამშრომლობის და სტაბილურობის პლატფორმა“. ამ ინიციატივამ ვერ ჰპოვა ცხოვრებაში განხორციელება, მაგრამ, შესაძლოა, მისი ზოგიერთი იდეა მომავალში თავის წვლილს შეიტანს კავკასიაში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საქმეში.

* * *

სანამ გადავიდოდეთ არსებული სიტუაციის შეფასებაზე, ჩამოვთვალოთ რეგიონში წარმოდგენილი ყველა „მოთამაშე“ ქვეყნის ინტერესები ისე, როგორც ამას აყალიბებს მათი მმართველი ელიტები.

საქართველო: ამჟამინდელი ხელისუფლება რეალურა ეროვნულ ინტერესად თვლის ქვეყნის შესვლას ნატო-ში და ევროკავშირშ (ეკ), აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებას საკუთარ ტერიტორიაზე. საინტერესოა, რომ საქართველოს საგარეო და საშიანო პოლიტიკის მთავარი გაცხადებული მიზანი - ტერიტორიული მთლიანობა - საქმით წინააღმდეგობაში მოდის ამ პოლიტიკასთან. ამგვარად, საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალურ, ეჭვმიუტანელ ეროვნულ ინტერესს - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას - და გატარებულ პოლიტიკას შორის სხვაობასთან, რომელიც განისაზღვრება „მეორე რიგის“ საკამათო ეროვნული ინტერესებით - ნატოში და ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებით.

სომხეთი: ე.წ. ყარაბაღის კლანი, რომელიც ხელისუფლებაშია უკვე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესად განიხილავს მთიან ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად. ამასთან, ჩვენი აზრით, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ ამ ტერიტორიის დატოვება აზერბაიჯანის ფორმალური კონტროლის გარეთ წარმოადგენს სომხეთის, როგორც ქვეყნის, და არა მისი ელიტის უალტერნატივო, უეჭველ ეროვნულ ინტერესს. სომხეთის ეროვნული ინტერესები ისევ შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ ყარაბაღზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად არ იქნება პრიორიტეტული, ან მეტიც, დომინანტური ეროვნული ინტერესების სისტემაში, როგორც ახლა ითვლება. ხოლო ყარაბაღში მცხოვრები სომხების დაცვა სხვა ინსტრუმენტების საშუალებით მოხდება.

აზერბაიჯანი: ალიევის რეჟიმი მკაფიოდ აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავარი და პრიორიტეტული ეროვნული ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, ბაქო არ ცდილობს, როგორმე შეათრიოს ქვეყანა ნატო-ში, ან აუცილებლად განახორციელოს ენერგეტიკული პროექტები რუსეთის გვერდის ავლით, არამედ ატარებს უფრო დაბალანსებულ და მოქნილ საგარეო პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალური (ძნელად ეჭვშესატანი), და დეკლარირებული ეროვნული ინტერესების დამთხვევასთან (საქართველოსგან და სომხეთისგან განსხვავებით), რადგან ყველა ისინი ჩატეულია ერთში - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუმცა, თავად რეჟიმი მეტისმეტად კორუმპირებული და ავტორიტარულია, რაც უძნელებს მას ამ მიმართულებით იმოძრაოს.

რუსეთი: ან ქვეყნის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში მოიცავენ რეგიონზე სტრატეგიული კონტროლის აღდგენას, ხოლო შეკვეცილი სახით (პროგრამა მინიმუმი) - რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების და აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნის არდაშვებას, ასევე ენერგეტიკული (პირველ რიგში, გაზის) პროექტების რუსეთის გვედრის ავლით განხორციელების არდაშვებას. რუსეთს ასევე სურს ჰყავდეს კავკასიის ერთი ქვეყანა მაინც სტრატეგიულ პარტნიორად (ამჟამად ამ როლში გვევლინება სომხეთი). ზოგიერთი პოლიტიკოსის და ექსპერტის განცხადებები, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს სამხრეთ კავკასია (და ჩრდილოეთიც კი), რათა გაემიჯნოს მას კედლით და იფიქროს მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე ვაჭრობის სახით, უკვე დიდი ხანია მარგინალიზებულია და სერიოზულად არ განიხილება.

თურქეთი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთი საკუთარ ინტერესებს რეგიონში ხედავდა ძირითადად აზერბაიჯანის მფარველობაში (ე.წ თურქული ძმობა). თურქეთი ასევე ცდილობდა, როგორც ნატო-ს ალიანსის წევრს, განევრცო ექსპანსია საქართველოში,ძირითადად ნავთობ- და გაზსადენების გატარების ინიციატივებით საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან. მსოფლიოში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, იგრძნობა ცვლილებები თურქეთის პოლიტიკაში. კერძოდ, აგრესიული პანთურქიზმი და თურქული ნაციონალიზმი, რომელსაც ხშირად ანტირუსული მიმართულება ჰქონდა, არ ჯდება ოფიციალურად ახალ პოლიტიკაში. სინამდვილეში, სწორედ თურქული პოლიტიკის შესაძლო ცვლილება წარმოადგენს კავკასიური პრობლემების ერთ-ერთ მთავარ გასაღებს.

ირანი: ეს ქვეყანა არ თამაშობს ჯერჯერობით ისეთ მნიშვნელოვან როლს კავკასიაში, როგორც რუსეთი ან თურქეთი, მიუხედავად რეგიონთან მეზობლობისა. ირანს ძირითადი კავშირები დამყარებული აქვს სომხეთთან, პირველ რიგში ეკონომიკური. ამ ეტაპზე ირანის ინტერესად შეიძლება ჩაითვალოს რომელიმე კავკასიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ან დასავლური და ისრაელის სამხედრო ბაზების ან ძალების განლაგების არდაშვება. მაგრამ არ ღირს ირანის მნიშვნელობის შეუფასებლობა: როგორც მინიმუმ, მას შეუძლია სერიოზულად შეუშალოს ხელო სამხრეთ კავკასიაში სტატუს-კვოს ნებისმიერ შეცვლას, რომელიც აშშ-ს როლს გაზრდიდა.

აშშ: ისევე, როგორც რუსეთს, გლობალურ ზესახელმწიფო აშშ-ს საბოლოო მიზნად აქვს სტრატეგიული კონტროლის დამყარება მთელ კავკასიაზე. ეს კონტროლი უნდა მიღწეული იქნას რეგიონის ქვეყნების ნატო-ში თანდათანობითი ინტეგრაციის, დასავლეთ-აღმოსსავლეთის მიმართულების ენერგოპროექტების და პროდასავლური ელიტების ჩამოყალიბების გზით.

ევროკავშირი: ეკ, ისევე როგორც თურქეთი, მიჰყვებოდა ამერიკული პოლიტიკის ფარვატერს, მაგრამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, შესაძლოა გამოვიდეს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. ამჟამად, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, მთავარ ყურადღებას უთმობენ ენერგეტიკული პროექტების დივერსიფიცირებას, ხოლო კავკასიას შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ამ საქმეში. ნატო-ს გაფართოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხარჯზე ოფიციალურად არ დგას ამ ქვეყნების დღის წესრიგში. ამით ისინი ფაქტიურად ბლოკავენ ამ პროცესს, საქართველოს შემთხვევაში.

* * *

გადავიდეთ არსებით ნაწილზე: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე. მან აჩვენა საქართველოს, როგორც კავკასიის ანტირუსული გადანაწილების საქმეში საყრდენი პუნქტის არასაიმედოობა. საომარმა მოქმედებებმა ასევე ფაქტიურად წერტილი დაუსვა თბილისის ხელისუფლების ამბიციებს, უახლოეს მომავალში გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და საფრთხე შექუმნა რუსეთის გვერდის ავლით მიმავალ ენერგეტიკულ პროექტებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სიტუაცია უფრო დინამიური გახდა. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, თურქეთმა წამოაყენა კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების პლატფორმა. მაგრამ მთავარი ინტრიგა უკავშირდებოდა სომხეთ-თურქეთის შესაძლო შეთანხმებას საზღვრის გახსნის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.

შეერთებულმა შტატებმა სერიოზული ზეწოლა მოახდინა თურქეთზე, ისევე როგორც სომხეთზე, რომ მათ გაეხსნათ საზღვარი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან მიბმის გარეშე. თურქეთმა და სომხეთმა დაიწყეს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი, რამაც პრობლემები წარმოშვა აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებში. მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ეს პროცესი შეფერხდა: სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აჩერებს პარლამენტში რატიფიკაციის პროცესს. თურქეთის პარლამენტმაც ჯერჯერობით არ გაუკეთა რატიგიკაცია ამ შეთანხმებას.

დღეისათვის წარმოიქმნა სტატუს-კვო, რომლის შენარჩუნება ან შეცვლა ამა თუ იმ მიმართულებით შესაძლოა ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა მოთამაშისთვის.

სტატუს-კვოს იმგვარი დარღვევა, რომელიც თანდათანობით გადაქაჩავდა სომხეთს აშშ-ს გავლენის სფეროში, არახელსაყრელია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ირანისთვისაც. მათ შეუძლიათ ამ პროცესის ბლოკირება. რაც შეეხება თურქეთს, აქ საქმე უფრო რთულად არის.

თურქეთში ამჟამად მიმდინარეობს ცვლილებების პროცესი, რაც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შეამცირებს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მემკვიდრეობის გავლენას. რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა, ერთ-ერთ პოლიტიკოსთან პოლემიკის დროს, ათათურქის ერთ-ერთი თანამებრძოლი ისმეთ ინენიუ ჰიტლერს შეადარა. თურქეთის სამხედრი ელიტა, რომელიც ტრადიციულად „ქემალისტურად“ ითვლებოდა, განიცდის წმენდას და პოლიტიკურ ზეწოლას. კანონმდებლობაში შედის ცვლილებები, რომლებიც აუქმებენ რესპუბლიკის ზოგიერთ თავისებურებას. ამგვარად, თურქეთის პოლიტიკაში ჩნდება არა მხოლოდ ატლანტისტური, არამედ ევრაზიული პოლიტიკის ნიშნები. ამავე დროს, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს ამ ფაქტს, თვლის რა ამას სტრატეგიულ ხრიკად, რაც შეთანხმებულია აშშ-თან.

თურქეთი რჩება ნატო-ს წევრად, მის ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკული სამხედრო-დაჰაერო ბაზა, და ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელიც ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან შემორჩა. თურქეთი ეკონომიკურად დამოკიდებულია აშშ-ზე და ევროკავშირზე, აქვს რა საკმაოდ დიდი საგარეო ვალები, თუმცა 2000-იან წლებში მან საკმაოდ შეამცირა საბიუჯეტო დეფიციტი და საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო, ხოლო ტურიზმის და ინვესტიციების ხარჯზე მიაღწია მიმდინარე ანგარიშის დადებით მაჩვენებლს. თურქეთის თავზე ასევე დამოკლეს ხმალივით ჰკიდია სომხების გენოციდის აღიარების პრობლემა, არსებობს ქურთული სეპარატიზმის პრობლემაც.

ამრიგად, თურქეთის გეოპოლიტიკური ორიენტაცა გაურკვეველი რჩება. ერთი მხრივ, უმჯობესდება ურთიერთობები რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან, სირიასთან და ა.შ., მეორე მხრივ, დამოკიდებულება დასავლეთზე რჩება.

კავკასიის გეოგრაფიული მდგომარეობა, ჩამოყალიბებული კავშირები, ძალთა განაწილება აჩვენებს, რომ რუსეთს და თურქეთს, ირანის ნეიტრალობის გათვალისწინებით, თეორიულად შეუძლიათ მიიღონ ერთობლივი სტრატეგიული კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე და გამოდევნონ აქედან ნებისმიერი გარე (არარეგიონალური) ძალა, იმ აზრით, რომ არ დაუშვან სხვა მოთამაშეების, მაგალითად, აშშ-ს სტრატეგიული პოზიციები რეგიონში. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. 90-იან წლებში, თურქეთი, გამოდიოდა რა აშშ-ს მოკავშირედ, იტაცებდა დასუსტებული რუსეთის პოზიციებს კავკასიაში, კერძოდ საქართველოში და აზერბაიჯანში. რუსეთი გამაგრდა სომხეთში, ასევე საქართველოსგან მოწყვეტილ რესპუბლიკებში და ინარჩუნებდა სტატუს-კვოს. თურქეთის კვალდაკვალ საქართველოში პოზიციები გაიმაგრა აშშ-მ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა. რუსეთი არ ცდილობდა 2000-იან წლებშიც კი, როცა მისი პოზიციები გაძლიერდა მსოფლიოში, საქართველოში გავლენის რეალურ აღდგენას. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, იყო ის, რომ რუსეთი, ისევე როგორც თურქეთი, ეკონომიკურად ძლიერ არის დამოკიდებული დასავლეთზე. საქართველო ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოცხადდა ამერიკის გავლენის სფეროდ და აშშ-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ ახსენეს ე.წ. წითელი ხაზები, რაშიც იგულისხმებოდა რუსეთის სტრატეგიული კონტროლის დაუშვებლობა საქართველოზე, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაზე. გარდა ამისა, რუსეთს არ შეეძლო, და შესაძლოა არც სურდა, თავისი პოზიციების მკვეთრი გაძლიერება საქართველოში თურქეთთან შეუთანხმებლად და მისი ინტერესების საზიანოდ.

ამგვარად, შეიქმნა პატური სიტუაცია, შუალედური სტატუს-კვო. შუალედური იმიტომ, რომ მხოლოდ ფაქტობრივად რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არსებობა, ისევე როგორც აუღიარებელი ყარაბაღის და არასტაბილური საქართველოსი, არ შეიძლება ჩაითვალოს მდგრად და საბოლოო მდგომარეობად. ძირითადი რეგიონალური აქტორები - რუსეთი და თურქეთი - აქამდე ძირითადად თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგალითად, თურქეთი ცდილობდა და ჯერ კიდევ ცდილობს, გახდეს იმ ენერგოპროექტების საკვანძო მონაწილე, რომლებიც რუსეთს გვერდს უვლიან. ეს პროექტები, განსაკუთრებით გაზის სფეროში, ძირს უთხრიან გაზის მიმწოდებელთა პოზიციებს ევროპაში და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებენ მომხმარებელს. რუსეთს და თურქეთს ჯერ არ გააჩნიათ რეგიონში არსებული სტატუს-კვოს უმტკივნეულო, თანდათანობითი შეცვლის პოზიტიური პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებდა ყველა ხალხის ძირეულ ინტერესებს.

ცხადი ხდება, რომ გრძელვადიანი სტაბილურობა კავკასიაში შეუძლებელია ამ რეგიონში, თუნდაც მის ერთ ქვეყანაში არარეგიონალური აქტორის, განსაკუთრებით აშშ-ს პოზიციების შენარჩუნების შემთხვევაში. ეს შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ კავკასიის, მათ შორის ჩრდილო კავკასიის დატოვების, ირანის განადგურების და მისი ამერიკის ვასალად გადაქცევის, და თურქეთში ატლანტისტური ძალების გამარჯვების შემთხვევაში. ანუ, ეს სიტუაცია უბრალოდ იქნებოდა მთელ მსოფლიოში აშშ-ს საბოლოო დომინიციის ამსახველი. მაგრამ აქამდე შორის და არავინ იცის, მიაღწევს თუ არა აშშ ამგვარ დომინაციას. როგორც ჩანს, არა. შესაბამისად, ამჟამინდელი მყიფე ბალანსის დარღვევა კავკასიაში აშშ-ს სასარგებლოდ გამოიწვევს არასტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რეგიონალური ძალების გააფთრებას და როგორც ჩანს, ახალ სისხლისღვრას.

ამიტომ დღევანდელი სტატუს-კვო წარმოდგენს, ჩვენი აზრით, „უმცირეს ბოროტებას“, რადგან რუსეთს და თურქეთს (ირანთან ერთად) ჯერ არ შეუძლიათ ახალი და საბოლოო წესრიგის დამყარება რეგიონში. შეიძლება მოვხაზოთ ამ ახალი წესრიგის ზოგიერთი კონტური: რასაკვირველია, ის ვერ დამყარდება აზერბაიჯანის და თურქეთის თუნდაც ფორმალური სუვერენიტეტის დამყარების გარეშე განდგომილ ტერიტორიებზე. ნათელია, რომ აზერბაიჯანი არასოდეს აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას, ხოლო საქართველო კი აფხაზეთის და ცხინვალის. ხოლო თუ საქართველოში ეს მაინც მოხდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ „მოიშოროს ბორკილები“ ნატო-ში ფორსირებული გაწევრიანებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მაგრამ ამის შანსები მცირეა. აზერბაიჯანი და საქართველო მთლიანობაში შეადგენენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიის და მოსახლეობის 80 პროცენტს. არავითარ გრძელვადიან მოწესრიგებაზე არ შეიძლება საუბარი, თუ არ აღდგება (თუნდაც ფორმალურად, კონფედერაციის დონეზე) ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი და თურქეთი მოილაპარაკებენ ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ, ქართული საკითხის გადაუწყვეტელობა უბიძგებს ამ ქვეყანას აშშ-კენ. რაც, ისევ და ისევ მყიფეს გახდის ყარაბაღის საკითხის ნებისმიერ გადაწყვეტას, რადგან სავსებით რეალურია, რომ ამ შემთხვევაში სომხეთიც დაიწყებს აშშ-კენ დრეიფს, რუსეთს და თურქეთს კი გაუჭირდებათ მისი შეკავება იმ პირობებში, როცა საქართველოში ამერიკის პოზიციები ძლიერი იქნება.

დასკვნა: საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების რეალიზაციისთვის, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსების გაჩენისთვის, აუცილებელია, რომ რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ სამხრეთ კავკასიაზე ერთობლივ სტრატეგიულ კონტროლზე, ირანის ინტერესების გათვალისწინებით, და აზერბაიჯანის და საქართველოს ფორმალური სუვერენიტეტის აღიარებით სეპარატისტულ რესპუბლიკებზე. სხვაგვარი გადაწყვეტის შანსი განჭვრეტად მომავალში არ იკითხება, გარდა იმ შესაძლებლობისა, რომ აშშ-ს ევრაზიიდან იძულებითი წასვლის ან პოზიციების მკვეთრი შესუსტების პირობებში, მოხდეს საქართველოს და აზერბაიჯანის მიერთება ტერიტორიულად რუსეთთან და ირანთან, ასევე თურქეთთან (ნახჭევანი). მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დღევანდელი აზრით. ჯერჯერობით ჩანს მხოლოდ მცირეოდენი ნიშნები, რომ რუსეთი და თურქეთი იწყებენ ამ მიმართულებით მოძრაობას. მაგალითად, თურქეთმა დააწესა ტრანზიტული გადასახადი მანქანებზე, რომლებიც საქართველოში მიდიან, რაც უსიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. მოჰყვება თუ არა ამას უფრო სერიოზული ნაბიჯები თბილისში არსებული რეჟიმის შეცვლისთვის რეგიოინალური ძალების მხრიდან, დრო გვანახებს. მაგრამ სანამ არ მოხდება თურქეთის გამოსვლა ნატო-ს ალიანსიდან, კავკასიაზე რუსეთ-თურქეთის ერთობლივი სრულმასშტაბიანი პატრონაჟის შესახებ საუბარი ნაადრევი იქნება.

გიორგი ვეკუა