ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ, ევრაზიის ინსტიტუტის მიერ 2022 წელს გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა.
„დავიწყებ 9 მაისის ღონისძიებებით: ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა არა მხოლოდ ყვავილებით შევამკეთ კუკიის საძმო სასაფლაო, არამედ პანაშვიდიც გადავუხადეთ აქ განსვენებულ მებრძოლებს. კუკიაზე არსებული შებღალული ისტორიული რელიქვია - ე. წ. ტანკი ანუ თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა, რომელზეც გაურკვეველი შინაარსის წარწერები ეწერა, გადავღებეთ; მე თავად დავაწერე ზედ: «За Родину!» «За Сталина!». ამ ქმედებას თვალს ადევნებდა პოლიცია, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, არ ჩარეულა, თუმცა მეორე დღეს, მათ მოიცალეს ეს წარწერები თეთრად გადაღებეს.
გარდა ამ ღონისძიებისა, ყვავილებით შევამკეთ საბჭოთა კავშირის გმირის, პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტი და ასევე საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი, რომელიც კიკვიძის პარკში დგას. იქვე მოწყობილ სახელდახელო მიტინგზე მხოლოდ დადებითი ვთქვი, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყოვლად უვარგისი ბიუსტი - მელიტონ ქანთარია არ ჰგავს მელიტონ ქანთარიას. ბიუსტი ისეა გაკეთებული, რომ არ მოგვაგონოს ამ კაცის სამხედრო ღვაწლი. ვიღაც ფეხბურთელის ბიუსტს უფრო ჰგავს. მას აწერია, რომ არის მელიტონ ქანთარია, თორემ შეიძლება, ლიონელ მესიც მიაწეროთ ასეთივე წარმატებით“ - განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
„ასევე აღვნიშნავ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც დესტრუქციულ, ამერიკიდან მართულ ანტირუსულ და იმავდროულად ანტიქართულ ორგანიზაციებს მივუძღვენით. ვამხილეთ აშშ სპეცსამსახურებთან შეკრული, ყველასათვის ცნობილი დევიდ კრამერის ხელქვეითი, ეგორ კუროპტევი და არა მარტო იგი. შესაბამისი მასალები ინტერნეტში არის გავრცელებული და ხელისუფლებას აქვს საშუალება, მიხედოს ამ დესტრუქციულ ძალებს, თუკი მოინდომებს.
ჩემთვის მოულოდნელად, კოლეგების საშუალებით, მოწვევა მივიღე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაგან. ასე აღმოვჩნდი ივლისის თვეში დონბასის რეგიონში, სადაც თავად დავრწმუნდი, რომ ადგილობრივი ადამიანები თავს გათავისუფლებულად გრძნობენ. ლისიჩანსკში, სადაც მანამდე ზელენსკი ჩავიდა, ერთი თვის თავზე მე ვიდექი და ადამიანებს ვესაუბრებოდი. ჯერ კიდევ დიდია შიშის ფაქტორი, მაგრამ ხალხის ნაწილი უკვე არ მალავს თავის აზრს და ამბობს, რომ შვებით ამოისუნთქეს, როდესაც მათი ქალაქი გათავისუფლდა. მათ არც წყალი ჰქონდათ, არც ელექტროენერგია, მაგრამ სავსენი იყვნენ ოპტიმიზმით, რადგან თავი დააღწიეს ფაშისტურ რეჟიმს, მიიღეს თავისუფლება!“ - აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ და დასძინა: „ვიმედოვნებ, რომ ბახმუტში ზელენსკის ამასწინანდელი ვიზიტიც მოასწავებს ამ ქალაქის გათავისუფლებას ფაშისტებისგან, როგორც ლისიჩანსკი გათავისუფლდა იმავე ზელენსკის ვიზიტიდან უმოკლეს ხანში“...
„წლის მთავარ მოვლენად მივიჩნევ დიდ სამამულო ომზე წიგნის შექმნას, ქართულ ენაზე. მოეწყო პრეზენტაცია, გაჩნდა დიდი მოთხოვნა ამ ნაშრომზე. გახლდით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ჩვენს სახელოვან ისტორიკოსს, აკადემიკოს როინ მეტრეველს ვუსახსოვრე ეგზემპლიარი და ასევე დავტოვე აკადემიის ბიბლიოთეკისთვის. წიგნი ასევე ჩაბარდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რიგდება კერძო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. არის გაყიდვაშიც (იხ. მაღაზია „აქტი“). მოხარული ვარ, რომ ინტერესი და შექება გამოითქვა სასულიერო პირების მხრიდან, ჩვენი ეკლესია დღესაც მოწადინებულია, რომ ისტორია დაუმახინჯებლად შევინახოთ და არ დავუშვათ ფაშიზმის „გაკეთილშობილება“.
ასევე აღვნიშნავ ივნისის თვეში გამართულ ღონისძიებას, როდესაც რუსულენოვან სემინარს, ახალგაზრდების მონაწილეობით, თავს დაესხნენ მოსყიდული „ჟურნალიუგები“ და მის ჩაშლას შეეცადნენ ზეწოლისა და შანტაჟის გზით. მომიხდა გარკვეული უხეშობის გამოვლენა, რომელიც ბევრმა ნახა ტელევიზიით, მაგრამ ეს საჭირო იყო“ - განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ევრაზიის ინსტიტუტი, პოლიტიკური მოსაზრებებიდან და შექმნილი არაჯანსაღი ვითარებიდან გამომდინარე, ტოვებს „საქართველოს რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს“ და მოღვაწეობას ამ საბჭოს ფარგლებს მიღმა განაგრძობს. ამასთან, ევრაზიის ინსტიტუტი მიესალმება საბჭოს ცალკეულ წევრ-ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას, რომლებიც ჯანსაღ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგანან. ევრაზიის ინსტიტუტი მომავალშიც მხარს დაუჭერს დენაციფიკაციას, თუკი ნაცისტები ჩვენს თანამემამულეებს დაემუქრებიან.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში ასეთი ვითარება არასოდეს შეიქმნება და ამას ჩვენ თავად არ დავუშვებთ“ - ასე შეაჯამა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თავისი მოხსენება.