ბიოლოგიური საფრთხეები - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრიობას

ბიოლოგიური საფრთხეები - მიმართვა საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრიობას

უკვე თითქმის ერთი წელია, საქართველოზე ზეწოლა არ წყდება კიევის რეჟიმის მხრიდან, რათა საქართველომ თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. ამიტომ, დადგა დრო და დაგვიანებულიცაა, რომ ყველა პრობლემაზე ვისაუბროთ ღიად, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც აქამდე ტაბუდადებული იყო.

მხედველობაში გვაქვს აშშ სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული და მოქმედი ბიოლოგიური ლაბორატორიები ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ რიგ ტერიტორიებზე, მათ შორის, უკრაინაში.

ამ ქვეყანაში მოქმედებს სახიფათო ბიოლოგიური ლაბორატორიები. შესაბამისი მასალები წარმოადგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ხოლო რუსეთისვე წარმომადგენლობამ გაეროში, აღნიშნული საკითხი უშიშროების საბჭოზე დასვა და გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ოფიციალური ვაშინგტონი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყოფს, თუმცა ბრალდებები მხოლოდ რუსეთის მხრიდან არ ისმის. ხელისუფლებას და საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე (2021 წლის 8 აპრილს), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად მოსთხოვა აშშ-ის მთავრობას, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებრიობას წარმოუდგინოს „ამომწურავი ინფორმაციები იმ ცდებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი აქვთ ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიებში უკრაინასა და ფორტ-დეტრიკში“.

გარდა ამისა, საკუთრივ უკრაინაში, სანამ იქ სამხედრო დიქტატურა დამყარდებოდა, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა (2020 წლის გაზაფხულზე) მოითხოვეს ქვეყანაში განლაგებული ამერიკული ბიოლაბორატორიების ფუნქციონირების შეჩერება, რადგან ბოლო ათწლეულის მანძილზე, უკრაინის სხვადასხვა პროვინციებში, სადაც ასეთი ლაბორატორიები ფუნქციონირებს, ადგილი ჰქონდა აუხსნელ ეპიდემიებს - ხან ქოლერის, ხან ე. წ. ღორის გრიპისა, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა. დეპუტატების მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა პირველად აღიარეს, რომ უკრაინაში ასეთი ლაბორატორიები არსებობს, თუმცა, ბუნებრივია, უარჰყვეს, რომ ეპიდემიები ამ ლაბორატორიების გამო გავრცელდა.

ზოგადად, ბიოლოგიური და სხვა პროფილის სამეცნიერო ლაბორატორიების არსებობა აუცილებელია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისთვის. თუმცა დაუშვებლად მიგვაჩნია მსგავს ლაბორატორიებში მიმდინარე პროცესების გაუმჭვირვალობა ან სულაც, გასაიდუმლოება, საქართველოსნაირ მცირე მასშტაბების ქვეყნებში. არ შეიძლება, საქართველოს ინტერესებში იყოს საიდუმლო ბიოლოგიური კვლევები, უკონტროლო ექსპერიმენტები - თუნდაც აღნიშნული პროცესები გამოცდილი სპეციალისტების მიერ, საგარეო მხარდაჭერის პირობებში მიმდინარეობდეს.

საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟის ქვეშ, ფუნქციონირებს ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აწ გარდაცვლილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არაერთი კითხვა გასჩენია ამ ლაბორატორიის მიმართ, თუმცა მისი მესვეურები და სახელმწიფო სტრუქტურები შეშფოთების მიზეზს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. კეთილი და პატიოსანი - თუკი შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, ლოგიკიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს პრობლემა, საზოგადოების მხრიდან ლაბორატორიაზე კონტროლის მექანიზმების შექმნა, როგორც ეს ცივილურ საზოგადოებას და სახელმწიფოს შეშვენის.

ვინაიდან „ლუგარის ლაბორატორია“ არასოდეს აბარებს ანგარიშს ქართულ საზოგადოებრიობას და არც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებს წარმოებული კვლევების შედეგებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სტრუქტურებს, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპებიდან და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდეს ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე საზოგადოებრივი კონტროლის ან საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი. ამ ჯგუფის დაკომპლექტება თავად მთავრობამ მოახდინოს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებაში ცნობილი, პატივცემული პიროვნებების მეშვეობით.


ქართველოს მოქალაქეები, 22.02.2023, თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეები

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.