ყაზახეთის მთავარი ინტერესი საქართველოში

ყაზახეთის მთავარი ინტერესი საქართველოში

ყაზახეთის მთავარი ინტერესი საქართველოში ეკონომიკური ხასიათისაა, დაკავშირებული ყაზახური ენერგოშემცველებისა და სხვა პროდუქციის თურქეთსა და ევროპაში გატანასთან - კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ნახტომისებრად გაიზარდა ტვირთბრუნვა ყაზახეთიდან, საქართველოს დერეფნის მიმართულებით.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, ყაზახეთს განსაკუთრებით გაუძლიერდა აზერბაიჯან-საქართველოს დერეფნის მიმართ ინტერესი, პირველ ყოვლისა, ნავთობის ტრანზიტის თვალსაზრისით. აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა გადაწყვიტეს თანამშრომლობა ლოგისტიკასა და ერთობლივი პროექტების საკითხებთან დაკავშირებით. განხილულ იქნა, ასევე, ბაქოს პორტის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდა, ხოლო ბათუმში, ადგილობრივ მთავრობასთან, შეთანხმებულია დამატებითი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ პორტში შევა. ყოველივე ეს კეთდება ყაზახური ნავთობის მოცულობების გაზრდის მიზნით.

ყაზახური ნავთობის საქართველოზე ტრანზიტი უკვე ამ ეტაპზეა საგრძნობლად გაზრდილი. საუბარია როგორც სარკინიგზო გადაზიდვებზე, ისე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. მიმდინარე წლის თებერვლის შედეგებით, მოსალოდნელია, რომ მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობა 120 ტონას შეადგენს, ხოლო იანვრის თვეში გადაქაჩულ იქნა 82,5 ათასი ტონა ნავთობი თენგიზის ნავთობსაბადოდან (ტვირთი ეკუთვნის „ყაზტრანსოილს“). გასული 2022 წლის მანძილზე, ბათუმის შავიზღვისპირა პორტის გავლით, მოხდა თითქმის 2 მილიონი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება. ეს ნიშნული 603 ათასი ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. აზერბაიჯანის მასმედიაში ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთმა, შესაძლოა, მოახნიდოს 20 მილიონ ტონამდე ნავთობის გადაზიდვა სამხრეთკავკასიური დერეფნის გავლით. 

შეგახსენებთ, რომ ყაზახების მფლობელობაშია ბათუმის სანავთობე ტერმინალი, ხოლო პორტი მათვე აქვთ აღებული მართვის უფლებით. ნავთობს გარდა, დიდია მშრალი, საკონტეინერო ტვრითების გადაზიდვის მოცულობაც. ეს ნაკადი, ძირითადად, მიედინება ფოთის პორტიდან. გარდა ხორბლისა, ნახშირისა, სასუქებისა და სხვ., გაირკვა, რომ ყაზახეთი, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, დასავლეთისკენ (მაგალითად, კანადისკენ), მიეზიდება ურანის გარკვეულ რაოდენობას. საქართველო გახდა რუსული მარშრუტის (სანკტ-პეტერბურგის პორტი) ალტერნატივა. კომპანია „ყაზატომპრომი“ არ მალავს, რომ სურს, გაზარდოს ურანის გადაზიდვების მოცულობა ე. წ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენებით, 3500 ტონამდე.

გასაგებია, რომ ასეთი ვითარება წარმოიშვა დასავლეთის ანტირუსული სანქციების მიზეზით და ყაზახებს არ სურთ ამ ვითარებაში რუსეთის გამო ჩათრევა. როგორც ცნობილია, ადგილი ასევე ჰქონდა რაღაც გაურკვეველ „ტექნიკურ პრობლემებს“, როდესაც ყაზახური ნავთობი გადაიზიდებოდა ტრადიციული, ნოვოროსიისკის მარშრუტით. ამიტომ, ყაზახეთი გაძლიერებულად ცდილობს, აითვისოს ტრანსკასპიური მარშრუტი, ვინაიდან ქვეყანა ბოლო წლებში აღარ ვითარდება ძველებური ტემპებით და კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული დასავლეთისთვის ნედლეულის მიწოდებაზე.

საქართველოში ყაზახეთს კომპანიებთან მუშაობის ნეგატიური გამოცდილებაც აქვს. ასე, ყაზახები არც მთლად კარგად დაშორდნენ გაზგამანაწილებელ კომპანია „ტრანსყაზგაზს“. „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გ. რამიშვილმა კი, ისინი 20 მილიონ დოლარში „გადააგდო“. არ გაამართლა სასტუმრო ბიზნესმა ბორჯომსა და საირმეში... ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც სულ ბოლო დრომდე გატაცებულნი იყვნენ მხოლოდ ევროპა-ამერიკით, საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდნენ ყაზახეთს, რაც გამოიხატებოდა საპროტოკოლო წვრილმანებში. მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტმა ს. ზურაბიშვილმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს პრეზიდენტად არჩევა 2019 წელს მხოლოდ მეორე დღეს, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან ყველაზე ბოლომ, მიულოცა. საქართველოში აკრედიტებულ ყაზახეთის ელჩს პრობლემები ჰქონდა, დროულად ყოფილიყო მიღებული იმავე პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ... მიუხედავად ამისა, ყაზახური მხარე იმედოვნებს საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. ყაზახეთის საელჩო ახლა ბიძინა ივანაშვილის ადვოკატს ეფოფინება და მას ღონისძიებებზე ეპატიჟება, ინტერნეტის ქართულ სეგმენტში მომრავლდა პოზიტიური სარეკლამო სტატიები იმაზე, თუ თითქოს როგორ  „ჰყვავის“ ყაზახეთი და ა. შ.

რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ყაზახეთის ხელისუფლების შიგნით იდეოლოგიური მიდგომებისა და ნაციონალისტური, ანტირუსული დაჯგუფების გაძლიერების ფაქტი ქართველი დამკვირვებლებისთვისაც ცხადი გახდა, როდესაც ყაზახეთის ხელისუფლებამ ხელი მიჰყო (მათ შორის, საქართველოში), პანთურქისტი ანტისაბჭოთა მოღვაწის მუსტაფა ჩოკაის პიარს. ჩოკაიმ ერთი პერიოდი, თბილისში ცხოვრებაც მოასწრო, ბოლშევიკების მოსვლის მომენტში კი ევროპაში გადაბარგდა (გარდაიცვალა ნაცისტურ გერმანიაში 1941 წელს, ზოგიერთი ისტორიკოსი მას ნაცისტების კოლაბორაციონისტად მიიჩნევს).

მიმაჩნია, რომ დამდეგი საპარლამენტო არჩევნების შედეგი ყაზახეთში უშუალო გავლენას ორმხრივ ურთიერთობებზე არსებითად არ მოახდენს, მაგრამ ყაზახეთში ნაციონალისტური და ანტირუსული განწყობების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, რყევები მოხდეს თავად ყაზახეთში, „ყირგიზული“ სცენარით. აშკარაა, რომ პრეზიდენტმა ტოკაევმა ტყუილად არ შეკვეცა საკუთარი უფლება-მოსილებები. ამ ვითომ ნებაყოფლობითი ნაბიჯით წარმოშობილი ვაკუუმი შეავსო არა აბსტრაქტულმა დემოკრატიამ, არამედ კონკრეტულმა ინტერესთა ჯგუფებმა. ყაზახები და ყირგიზები სისხლითა და მენტალობით ახლობელი ხალხებია. ყაზახებს რომ ისევე ადვილად შეუძლიათ, აჯანყდნენ, როგორც ყირგიზებს, 2022 წლის იანვრის მოვლენებმაც აჩვენა. თავის დროზე, ყირგიზეთში ა. აკაევის ხელისუფლების შესუსტებამ ქვეყანაში არასტაბილობა და ნგრევა გამოიწვია, ახლა კი, ყაზახეთში საპრეზიდენტო ხელისუფლების შესუსტება უქმნის საფრთხეს ყაზახეთის სტაბილობასაც. ყოველ შემთხვევაში, ეს სტაბილობა უფრო მეტად გახდება დამოკიდებული გარე ძალებზე, პირველ ყოვლისა - ჩინეთზე, რუსეთსა და აშშ-ზე.

ეს ფაქტორი კი, არსებით გავლენას მოახდენს როგროც ორმხრივ ყაზახურ-ქართულ ურთიერთობებზე, ისე ყაზახეთის საგარეო პოლიტიკაზე მთლიანად.

გულბაათ რცხილაძე

წყარო: materik.ru