შეძლებს ყოფილი ხელისუფლება "ოკუპაციის მუზეუმის" თემის გამოყენებას ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ?

შეძლებს ყოფილი ხელისუფლება "ოკუპაციის მუზეუმის" თემის გამოყენებას ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ?

"ოკუპაციის მუზეუმის" ნაცვლად საბჭოთა ეპოქის საქართველოს ისტორიის მუზეუმის შექმნის თაობაზე

ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, გაზეთმა "ახალმა თაობამ" მის ერთ-ერთ ავტორს, ევრაზიის ინსტიტუტის საზოგადოებასთან კავშირების მენეჯერს, კონსტანტინე ჩიკვილაძეს მიმართა:

-  ბატონო კოტე, მაინც რატომ მიიჩნევთ, რომ ოკუპაციის მუზეუმის საკითხი უკვე მოცემულ ეტაპზე უნდა დადგეს?

-  საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, დროში გაწელოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ახლა არის აუცილებელი. თუკი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ვესწრაფით, მაშინ პროვოკაციული ელემენტები მთლიანად უნდა ამოვიღოთ ჩვენი პოლიტიკიდან. რუსულ საზოგადოებას ვერავინ დაარწმუნებს, რომ ეს ე. წ. „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“ ისტორიის რეალურ შესწავლას ეხება და არა რუსეთის იმიჯის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისტორიული სიმართლე პირველ რიგში ისევ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდობას სჭირდება.

-  თუკი ახალი  ხელისუფლება მიიღებს თქვენს  წინადადებას, ამით ხომ არ ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მთავრობის დისკრედიტაციას შეძლებს „არაპატრიოტულობის“ ბრალდებით?

- „ნაცმოძრაობა“ მართლაც შეეცდება ამას, იქნება დიდი ვნებათაღელვები და სპექტაკლები მათი მხრიდან, გულის წასვლამდე... ჯერ არანაირი მუზეუმის გაუქმების საკითხი არ დამდგარა და ისინი უკვე იმუქრებიან ახალი მთავრობის მისამართით, თუკი იგი რუსეთთან რაიმე სახის დათმობაზე მაინც წავა. არადა, მოგეხსენებათ, დიპლომატია დათმობის და დიალოგის გარეშე არ არსებობს.მაგრამ რაც უფრო ნაკლებად მიაქცევს ხელისუფლება ყურადღებას „ნაციონალების“ დემაგოგიას და განწირულ ყვირილს, მით უკეთესი იქნება ხელისუფლებისთვისაც და სრულიად საქართველოსთვისაც. ეს მით უფრო მარტივი მისახვედრია, რადგან ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ რუსეთის საამებლად გადავდგათ ეს ნაბიჯი, არამედ თავად ჩვენ ვისწავლოთ საკუთარი ისტორია, იდეოლოგიზირების გარეშე, დავინახოთ ცუდიც და კარგიც. სხვაგვარად სწორ დასკვნებს სამომავლოდაც ვერ გავაკეთებთ.

როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება ამაზე ხელისუფლებას?

- შეგახსენებთ, რომ როდესაც „ნაციონალებმა“ ახალ პარლამენტში გნიასი აუტეხეს ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს, რატომ არ ცნობ საქართველოს შელამაზებულ საერთაშორისო რეიტინგებსო, ბატონმა ბიძინამ მათ მშვიდად, დამაჯერებლად და გულწრფელად მიუგო: „საქართველოს ტყუილები არ სჭირდება, ჩვენი იარაღი იყო, არის და იქნება სიმართლე, მხოლოდ სიმართლე“. ამიტომ გამორიცხულია, რომ ბატონი ბიძინა, როდესაც ჩვენს განცხადებას გაეცნობა, უარყოფითად განეწყოს საბჭოთა ეპოქის საქართველოს ისტორიის მუზეუმის შექმნის იდეის მიმართ, რომელიც არგუმენტებითაა გამყარებული და პირველ რიგში სიმართლეზეა ორიენტირებული. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს იგი უკვე ახლა, ამ ეტაპზევე, რაიმე ღონისძიებების გატარებას ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ შეიძლება, გამოჩნდეს რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც ჩვენი ინსტიტუტის ინიციატივის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ მაინც საქართველოს ინტერესებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

შორენა გონგლაძე

„ახალი თაობა“