საქართველოში მინდა!

შავ-თეთრ ფერებში მოვლენების აღქმა ზოგადად ყველა რევოლუციურ ხანას ახასიათებს. საქართველოში ეს ორი ფერიც პრივატიზებულია. ერთნი ყველაფერს ნათელ ტონებში აღიქვამენ, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაშია ფერები მუქი.

ცხოვრება ჭრელია, მაგრამ ხანდახან - მიწისზედა გადასასვლელივით ზოლიანი. ჩვენ ამ გადასასვლელზე ვდაგავართ და იმის ნაცვლად, რომ მანქანების ნაკადს ვუყურებდეთ, ზოლების ფერებს ჩავკირკიტებთ. 7 წელი გავიდა. რამდენიც უნდა ვიდავოთ, შავ ფერზე შეჩერებულთა რაოდენობა აშკარად მატულობს, მათ შორის, იმათ ხარჯზე, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ თეთრ ფერს ფეხს არ უცვლიდა.

გახდა თუ არა ცხოვრება უკეთესი, კვლავ მთავარ საკამათო თემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში. კარგ ტონად ითვლება იმის თქმა, რომ, რა თქმა უნდა, “რაღაცები გაკეთდა, მაგრამ”. . . შემდეგ მოდის გრძელი ჩამონათვალი იმისა, თუ როგორ გახდა კონტროლირებადი მედია და სასამართლო, როგორი დაუცავია კერძო საკუთრება, როგორ ხელყოფს პოლიცია ადამიანის სიცოცხლეს, რამდენი უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს “შემცირებული და ეფექტური’’ ბიუროკრატია, როგორ მოვიგეთ ომი და დავკარგეთ ტერიტორიის 20%, რამდენად გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი და როგორი ხელმიუწვდომელი გახდა იგი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რომ საქართველოში წარმოებული მედიკამენტები ერევანში ბევრად უფრო იაფია, ვიდრე აქ, როგორ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა 7.000-დან 30.000-მდე და ა.შ. და ა.შ.

კამათის ფორმატსა და გამოყოფილ დროს გააჩნია, თორემ ამ საკითხთა ნუსხა მეტად გრძელია. მეტისმეტად გრძელი იმისათვის, რომ ერთი გაზეთის ფორმატი ეყოს. მაინც რა ხდება? მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუნახავი და უმადურია? ცხოვრობს უკეთ, მაგრამ თავს უარესად გრძნობს? იქნებ ყველაფერი კიდევ უფრო უარესად არის, ვიდრე წვრილმანებში ჩაკირკიტებული ოპონენტები ამჩნევენ?

ეს როგორო? - იკითხავს გაოცებული მკითხველი. იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი საკუთარ არგუმენტებს და უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში “ვარდების რევოლუციის’’ მიღწევების შესახებ იმ პირთა გამონათქვამები მოვიხმოთ, რომლებიც თეთრ ფერს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ახლა უკვე შავ ფერზეა შეჩერებული. უბრალოდ, ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან. მაშ, ასე:

 

- რევოლუციამდე საქართველო მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდებელი;

- “ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ საქართველომ ევროპისკენ სვლა დაიწყო;

- საქართველომ უპირატესობა კანონის უზენაესობას მიანიჭა;

- საქართველომ დაძლია კორუფცია;

- საქართველომ შეძლო ფართომასშტაბიანი დეცენტრალიზაცია;

- “ვარდების რევოლუციის’’ მთავარი მიღწევა ის არის, რომ სახელმწიფო შედგა;

- საქართველო სიახლის, უკეთესის შექმნის, ცივილიზებულ გარემოში ცხოვრების გზაზეა შემდგარი;

- რეფორმების მიზანია ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება;

- ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ამოქმედება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ყოველი ადამიანის დაცვა, მისი განვითარებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა;

- ყველაზე მთავარი, რაც ქვეყანამ “ვარდების რევოლუციის’’ შედეგად მიიღო, არის სოციალური ტრანსფორმაცია;

- ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ერთდროულად გქონდეს თავისუფლებაც და წესრიგიც;

- “ვარდების რევოლუცია’’ დაიწყო 7 წლის წინ და დღესაც გრძელდება. იგი ემსახურება სწორედ იმას, რომ ძალაუფლება ხალხმა აიღოს საკუთარ ხელში და საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონი გახდეს;

- “ვარდების რევოლუციის’’ მთავარი მიღწევაა ის, რომ ჩვენ ღირსება დავიბრუნეთ;

- ჩვენ გვერჩიან იმიტომ, რომ საქართველო ყველაზე განვითარებული ქვეყანაა რეგიონში;

- გაძლიერდა პარლამენტის როლი უსაფრთხოების სფეროს დემოკრატიულ ზედამხედველობაში;

- “ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ მოგვარდა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა;

- განვითარდა სპორტის ყველა სახეობა. სპორტული ფედერაციები ეფექტური გახდა;

- ქართული მედიის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებამ არ იცის მათი მფლობელების ვინაობა;

- საქართველო არის ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყანა.

 

ამ ლოზუნგების გაგრძელება შეიძლება, მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მკითხველმა ამ აღწერილობაში საკუთარი სამშობლო ამოიცნოს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ ხმამაღლა ყვირილი მომინდა:

 

საქართველოში მინდა!