ლიბიაში მომუშავე რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ექიმების მიმართვა რუსეთის ხელისუფლებას

ლიბიაში დარჩენილი რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ექიმები ღია წერილით მიმართავენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს. წერილში დასახელებულია დასავლური

კოალიციის მიერ ჩადენილი "გმირობების" კონკრეტული ჩამონათვალი - კონკრეტული სამოქალაქო ობიექტები, რომლებიც დაიბომბა, ასევე ამ დაბომბვების შედეგები.

წერილი გამოქვეყნდა სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელი ცენტრის საიტზე (სრული ტექსტი). წერილში ნათქვამია:

ტრიპოლისა და ლიბიის სხვა ქალაქების დაბომბვის სამიზნეს წარმოადგენს არა იმდენად ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო და საჰაერო შეიარაღებული ძალების ობიექტები, არც მხოლოდ სახმელეთო ჯარები, არამედ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. დღეს,2011 წლის 24 მარტს, ნატოსა და აშშ-ის ავიაცია მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ბომბავდა ტრიპოლის შემოგარენ ტაჟურუს (სადაც, სხვათა შორის, მდებარეობს ლიბიის ბირთვულ კვლევათა ცენტრი). ჰაერსაწინააღმდეგო და საჰაერო ძალები ტაჟურაში ჯერ კიდევ დაბომბვების პირველი ორი დღის მანძილზე იქნა განადგურებული და ქალაქში სამხედრო ობიექტები აღარ დარჩა, მაგრამ დღეს დაიბომბა ლიბიის არმიის ყაზარმები, რომელთა გარშემო მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი კვარტალები, აქვეა ლიბიაში უდიდესი კარდიოლოგიური ცენტრი. მშვიდობიან მცხოვრებლებსა და ექიმებს ვერ წარმოედგინათ, რომ ყაზარმების რაიონის ჩვეულებრივი მცხოვრებნი გახდებოდნენ განადგურების მიზანი, ამიტომ არც საავადმყოფოდან და არც მთლიანად ამ კვარტლიდან არავის ევაკუირება არ მომხდარა.

ბომბები და რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს და დაეცნენ საავადმყოფოს გვერდით. კარდიოლოგიური ცენტრის შენობაში ჩაიმსხვრა მინები, ხოლო სამშობიარო განყოფილებაში, სადაც გულის პრობლემებიანი მშობიარეები არიან მოთავსებულნი, ჩამოინგრა კედელი და ჭერის ნაწილი. ამის შედეგად ათ ქალს მუცელი მოეშალა, ახლადშობილი ბავშვების ნაწილი დაიღუპა, ქალები რეანიმაციაში არიან, ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ჩვენ და ჩვენი კოლეგები დასვენების დღეების გარეშე ვმუშაობთ, რათა ხალხი გადავარჩინოთ. ბომბების ჩამოყრის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ათეულობით დაღუპული და დაჭრილია, რომლებსაც ჩვენი ექიმები ოპერაციას და რეანიმირებას უკეთებენ. დაჭრილთა და დახოცილთა ამგვარი რაოდენობა, რაც დღეს იყო, ლიბიაში დაწყებული არეულობების მთელი დროის განმავლობაში არ ყოფილა.  ამას ჰქვია "სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა?"

 

ექიმები დაბეჯითებით მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფალთ, მიიღონ ზომები, რათა შეწყდეს ლიბიის დაბომბვა ნატოს ჯარების მიერ და მათ ნაცვლად ქვეყანაში შემოვიდნენ გაეროს სამშვიდობო ძალები.