არამ საფარიანი: სომხეთისთვის ბლოკადიდან გამოსვლის შესაძლებლობა და საქართველო

არამ საფარიანი: სომხეთისთვის ბლოკადიდან გამოსვლის შესაძლებლობა და საქართველო

 საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ინტეგრაცია და განვითარება", თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სომხეთში ცნობილი პოლიტიკური ანალიტიკოსი არამ საფარიანი

სომხურ გამოცემა "აზგ"-ში აქვეყნებს საყურადღებო სტატიას სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ეს საქართველოში ევრაზიის ინსტიტუტის მიერ წინა პლანზე წამოწეული თემის გაგრძელებაა. მკითხველის ყურადღებას ვთავაზობთ ბატონ საფარიანის სტატიას:

  ბოლო ათი თვის განმავლობაში, ეს უკვე მეოთხე ანალიტიკური სტატიაა გაზეთში „აზგ“, რომელიც ეხება ჩვენს მოლოდინებს საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური ბრძოლასთან და ქართულ-სომხურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოში მიმდინარეობს ახალი მიდგომების და იდეების გაძლიერებული ძიება. შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება“, თანდათანობით ხელთ იგდებს სახელისუფლებო ბერკეტებს და თუმცა ორ მთავარ სახელისუფლებო ბანაკს (ივანიშვილის და სააკაშვილის) შორის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ანალიტიკოსები და მიმომხილველები ერთხმად უწინასწარმეტყველებენ პრემიერის მომხრეთა გამარჯვებას მომავალ არჩევნებზე. 

  გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს რეალიების კარგად მცოდნე პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და ბიზნესმენებთან საუბრისას თბილისში და ერევანში, ჩვენ დავრწმუნდით, რომ პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან ერთად საქართველოში, შესაძლებელია რეგიონალური განვითარების ახალი ვარიანტების წარმოქმნა, რომლებიც სომხეთისთვის გარკვეული სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს. რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს მტკიცებულება უბრალოდ სომხური ოპტიმიზმის გამოვლინება კი არაა, არამედ მართლაც შეიცავს გარკვეულ პოტენციალს, შევეცადოთ გავაანალიზოთ სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს სომეხთა მოლოდინები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 

                                               თუკი რეგიონალური ინტეგრაცია რეალობა გახდება

 ჯერ კიდევ 17 იანვარს, ერევანში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, ივანიშვილი საუბრობდა რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ფაქტიურად მიმართავდა რა სომხურ მხარეს ერთგვარი მოწოდებით, რომ ქართულ მხარესთან ერთად ეფიქრათ და ემუშავათ ამ მიმართულებით. სომხეთის საპარლამენტო კომისიის წევრის, სტეფან მარგარიანის თქმით, პრემიერი ივანიშვილი გლობალური აზროვნების მქონე ლიდერია და მათ შორის, რეგიონულ მასშტაბებშიც ფიქრობს. სწორედ ამაშია მისი ძირითადი განსხვავება მისი პოლიტიკური ოპონენტებისგან. მარგარიანის სიტყვებით, საუბრობს რა სომხურ-ქართულ ინტეგრაციაზე, ხოლო შემდეგ, საერთოდ ინტეგრაციულ პროცესებზე სამხრეთ კავკასიაში, ივანიშვილი ცდილობს მთელი რიგი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას და დღის წესრიგში შეაქვს ძველი და ბუნებრივი სურვილი, ვაშენოთ საერთო რეგიონული მომავალი.

 შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 1996-1997 წლებში, სხვადასხვა დონეზე განიხილებოდა, მაგრამ არ იქნა რეალიზებული სომხეთის და საქართველოს საბაჟო სამსახურების ერთიან სისტემაში გაერთიანების პროგრამები. ბიზნესმენთა ერთსულოვანი აზრით, ამას შეეძლო არსებითად გაეუმჯობესებინა ბიზნეს-გარემო როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. ასევე შეგახსენებთ, რომ 2007 წლის გაზაფხულზე, ორი ქვეყნის მთავრობების დონეზე  მიღებული იყო გადაწყვეტილება, სომხეთის და საქართველოს ეკონომიკები ინტეგრირებული ყოფილიყვნენ ერთიან ეკონომიკურ სივრცეში. ამ იდეის ხორცშესხმას ხელი შეუშალა 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. საერთო ბაზრის და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახალი სიგნალები დღეს საქართველოდან მოდის და მათზე ადეკვატური პასუხია საჭირო.

 ქართველი ანალიტიკოსების აზრით, არსებობს რამდენიმე მიზეზი ამგვარი მიდგომების წარმოქმნისთვის. მათ შორის მთავარია ის, რომ საქართველოს სურს რამდენადმე შეამციროს თავისი დამოკიდებულება გაზრდილი თურქულ-აზერბაიჯანული გავლენისგან, და გააწონასწოროს ის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებით და ქართული ეკონომიკის გახსნით რუსული ინვესიტიციებისთვის. სომხეთს შეუძლია შეასრულოს ძალზე დადებითი და ყველასთვის მისაღები როლი ჩრდილოეთ-სამხრეთის სტრატეგიული ღერძის აღორძინების და აქტივიზაციის საქმეში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის, საქართველოს, სომხეთის აქტიური ძალისხმევის და აფხაზეთის ხელისუფლების თანხმობის შედეგად, გაიხსნება მოძრაობა აფხაზეთის რკინიგზაზე. თუმცა, საქართველოში სახეზეა სააკაშვილის მომხრეების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს აზერბაიჯანის მიერ გაკეთებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები, მაგრამ თუ დაიწყება რეალური მოლაპარაკებები და ზემოთნახსენები მხარეები გამოავლენენ რეალურ მზადყოფნას, მაშინ ეს საკითხი საკმაოდ ახლოს აღმოჩნდება დარეგულირების მდგომარეობასთან.

 ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდში ასევე განიხილება ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს თვეებში ეს რკინიგზა შეამცირებს ფოთის და ბათუმის პორტების ტვირთბრუნვას, ამის მაგივრად კი გაიზრდება თურქული პორტების და რკინიგზის ტვირთბრუნვა. საერთოდ, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების მრავალი რეალიის ხელახლა გააზრებისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხსნიან კარს ახალი დისკუსიებითვის, პროგრამებისთვის და თანამშრომლობის ასპექტებისთვის. ამის შესახებ სიგნალები მოდის როგორც სომხეთიდან (რომელსაც ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ამჟამად მოკავშირესაც კი უწოდებენ), ასევე რუსეთიდან.

  თუმცა, იმის თქმა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ხელახლა გაშვება ადვილი ამოცანაა - გულუბრყვილობა იქნებოდა. ამ მოლაპარაკებებში აფხაზური მხარე შეეცდება მიიღოს მაქსიმალური დივიდენდები, ქართული მხარე შიდა ოპოზიციის ხმაურიან წინააღმდეგობას წააწყდება, სომხურ მხარეს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ყველა მხარის ინტერესები გაითვალისწინოს, ერთი სიტყვით, ამ ცომის მოზელვას ბევრი წყალი დასჭირდება. მაგრამ ის უეჭველია, რომ ბოლო ათწლეულში პირველად, სომხეთი იღებს შესაძლებლობას, გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯები ბლოკადიდან ნაწილობრივი გამოსვლისკენ. სომხეთში აუცილებლად უნდა მოინახონ დაინტერესებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალები, რომლებიც შეეცდებიან მიუახლოვონ ჩვენი ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკურ სივრცეს აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის საშუალებით.

 

                                                      საქართველოში მცხოვრები სომხების მოლოდინები

  ყველა ჩემი თანამოსაუბრე - საქართველოში მცხოვრები სომხები - ერთხმად ამბობდნენ, რომ მათი მოლოდინი სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა. საქართველოს სომხური მოსახლეობის მისია, არსებითად, ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელ ხიდად ყოფნაა. საქართველოს სომხები ასევე ისწრაფიან განავითარონ თავიანთი ეროვნული საერთოსომხური ცხოვრება. არსებობენ საკითხებიც, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, სულიერი ცხოვრების ორგანიზაციას სამცხე-ჯავახეთში (ჯავახკში).

 ამბობენ, რომ როცა ივანიშვილი ჯავახკში იმყოფებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ პირველად მოისმინა მკაფიო და გულღია საუბარი დაგროვილი პრობლემების შესახებ. ივანიშვილმა დაპირებები გასცა და უკვე დაიწყო ბევრი მათგანის შესრულება. სომხეთის ეროვნული კრების წევრი, კავშირ „ჯავახკის“ თავმჯდომარე შირაქ ტოროსიანი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობის სიმპათიები მოიპოვა, რადგან წარმოაჩინა მზადყოფნა, დიალოგის და კეთილგანწყობის ატმოსფეროში იქნას გადაწყვეტილი პრობლემები. ამიტომ, მოსახლეობა აშკარად ივანიშვილს დაუჭერს მხარს არჩევნებზე. პოზიტიურ ძვრათა შორის არის, მაგალითად, ის, რომ გლეხებს მიზნობრივი ვაუჩერები დაურიგეს, საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად. ან კიდევ, მთავრობამ 200 მილიონი ლარი გამოყო, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარდგენილი პროგრამების დასაფინანსებლად. ამ პროგრამებით სარგებლობა ჯავახელებმაც დაიწყეს. კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში, კონკრეტული მოლოდინი პრეზიდენტისგან ის არის, რომ გაიზარდოს სკოლებში სომხური ენის შემსწავლელი საათების რაოდენობა, და ნაპოვნი იქნას ჯავახელი სომხების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ურთიერთმისაღები გზები.

 ჯავახეთის სომეხთა ავტორიტეტული წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალი ხელისუფლებოის გახსნილობა და მზაობა, გადაწყვიტოს დაგროვებული პრობლემები, თანამშრომლობისთვის ოპტიმისტურ საფუძველს ქმნის. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი და ურთულესი საკითხის, ხუთი თბილისური და ერთი ჯავახური ეკლესიის კუთვნილების საკითხის გადაჭრას ივანიშვილმა კომპრომისული გადაწყვეტა შეაშველა. ის ამბობს, რომ ამ საკითხს ორი ეკლესია გადაწყვეტს, მანამდე კი, სანამ ის არ გადაწყვეტილა, პრემიერი მზადაა რესტავრაცია ჩაუტაროს მათ და მომავალ თაობებს აღდგენილი სახით გადაეცეს. 

 სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ სომხები, რომელთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 150 ათასს აჭარბებს. ამ მხარის ინტელიგენციის შეშფოთების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადგილობრივი სომხური თემის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, თუმცა ყველას ესმის, რომ ახალ საქართველოში წარმატების მისაღწევად საჭიროა ქართულ საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრაცია. ჩემი ერთ-ერთი თანამოსაუბრე ამტკიცებდა, რომ ახლა საუბრობენ სრულფასოვან ინტეგრაციაზე, მაშინ, როცა ადრე საუბარი იყო ასიმილაციაზე. ეს გასაგები და მისაღებია.

 თბილისში სხვა სურათია. აქ შეკრებილია სომხური ინტელიგენციის დიდი ნაწილი, შენარჩუნებულია თბილისური სომხობის საუკუნოვანი ტრადიციები. მაგრამ დღეს მხოლოდ ოთხ თბილისურ სკოლაში ასწავლიან სომხურ ენას და მხოლოდ ერთი სკოლაა, რომელსაც სომხური სკოლა შეიძლება ეწოდოს. თბილისის რუსულ სკოლებში მოსწავლეთა უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. ეს არის რეალობა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. თბილისელი სომხები უკვე საკმაოდ ინტეგრირებული არიან ადგილობრივ საზოგადოებაში. ახლა დგას ამოცანა, რომ გამოჩნდნენ ქართული გარემოსთვის მისაღები სომეხი მოღვაწეები - კერძოდ, ახალგაზრდობის და საშუალო თაობის ამ გზაზე დასაყენებლად. თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე 600-მდე ჯავახელი სომეხი ახალგაზრდა წარმატებით ეუფლება უმაღლეს განათლებას ქართულ ენაზე. თუმცა, ბევრი ისეთი შემთხვევაც არის, როცა სტუდენტებს სურთ ერევანში გადასვლა და სწავლის გაგრძელება სომხურ ენაზე. ეს გარდამავალი პერიოდის სირთულეებია და კონკრეტული შემთხვევები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვენ. ასე ფიქრობენ საქართველოს სომხების ავტორიტეტული წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურად ეწევიან მუშაობას ქართულ-სომხური ურთიერთობების განსავითარებლად.

  თუ სომხეთის და საქართველოს ხელისუფლებები მიაგნებენ ხერხს, რომ ეს ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანონ, ამით ისინი გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯს საბაჟო კავშირთან შეერთების გზაზე. ყველა ჩემი თანამოსაუბრე ირწმუნებოდა, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო აჟიოტაჟისა, არ არსებობს საფრთხე საქართველოში მოქმედი სომხური ინვესტიციების და სომხეთის მოქალაქეების ბიზნეს-საქმიანობისთვის. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში მომავალშიც შენარჩუნდება და ქართული კანონები კვლავ დარჩება მიმზიდველი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მეწარმეებისთვის.

 და ბოლოს. საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში აზერბაიჯანი კოლოსალურ როლს ასრულებს. ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოს ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელია. აზერბაიჯანმა საქართველოს გამოუყო მსხვილი კრედიტი, ასევე ამარაგებს მას იაფი გაზით. ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია. მაგრამ სომხეთს შეუძლია და ვალდებულია, განავითაროს მრავალპროფილიანი თანამშრომლობა საქართველოსთან. თუკი სომხეთი ხელიდან გაუშვებს თანამშრომლობის გაფართოების გაჩენილ შესაძლებლობებს, ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენი ქვეყნის იზოლაციას და რეგიონული ინტეგრაციის მომავალი შედეგების მიღმა დავიტოვებთ თავს.

 

 არამ საფარიანი