რამდენიმე ეპიზოდი ინგუშების და ჩეჩნების ისტორიიდან

ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ 1911 წელს რუსეთში გ. ტკაჩოვის ავტორობით გამოსული ერთი წიგნისადმი - "ინგუშები და ჩეჩნები თერგის მხარის ხალხების ოჯახში"

. წიგნი თერგის კაზაკთა საზოგადოების მიერ იქნა გამოცემული.

ტკაჩოვის ნაშრომი აღწერს იმ ტიპიურ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთი აწყდებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთში. ჩვენი რუსი კოლეგა ანდრეი ეპიფანცევი კი "ლაივჟურნალში" პარალელს ავლებს თანამედროვე სიტუაციასთან, კერძოდ 1990-იანი წლების დასაწყისთან (იხ. ბმული) - "გავიდა 80 წელიწადი, რაიმე თუ შეიცვალა?" - სვამს შეკითხვას ეპიფანცევი, რომელიც საფრთხეს ხედავს რუსი მოსახლეობისათვის პრაქტიკულად მთელს ჩრდილო კავკასიაში.

ტკაჩოვის წიგნის ნახვა (რუსულ ენაზე) შეიძლება ამ ბმულზე. ნაწყვეტი წიგნიდან: "მაშინ, როდესაც დიდ და მცირე ყაბარდოში, ისევე როგორც კუმისის დაბლობში რუსული ხუტორები განვითარდა და გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის არა თუ არ წარმოიშვა რუსების დასახლებები, არამედ უკვე არსებული დასახლებებიც დაიცალა. შეიძლება ითქვას, რომ თუ არ მოხდება რაიმე უეცარი ცვლილება, დადგება დრო, როდესაც მთელს ინგუშეთსა და ჩეჩნეთში, რამდენიმე მონაკვეთის ხელმძღვანელის გარდა, აღარ დარჩება არც ერთი რუსი. ჩვენს წინაშე კი ისევ ის ჩეჩნეთი წარმოჩნდება, რომელსაც ჩვენ ოდესღაც ვიცნობდით - მრისხანე, უტყვი, ამოუცნობი".

ჩვენი აზრით, ფრიად საინტერესო დაკვირვებაა, და რომ არა ბოლშევიკური რევოლუცია და სტალინის ფოლადის ხელი, შეიძლება ტკაჩოვის შეშფოთება ჩეჩნეთ-ინგუშეთზე რუსული კონტროლის დაკარგვასთან დაკავშირებით რეალობა გამხდარიყო.