,,ჩვენ ვერ დავიბრუნებთ შიდა ქართლსა და აფხაზეთს მანამ, სანამ შეცდომებს არ ვაღიარებთ…”

ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით” ინიციატივით, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს,

მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გარდაცვლილებისა და, ასევე, სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებელი ქრისტიანების სულის მოსახსენიებელი შეკვეთილი წირვა აღევლინა.

წირვის დასრულების შემდეგ აღსრულდა პატრიარქის კურთხევა და ამავე ეკლესიის ეზოში დაირგო მწვანე ნარგავები. ამ თემაზე ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ჭყოიძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო არჩილ, სერბი მართლმადიდებლების გახსენება თქვენი მხრიდან ჰუმანურობის გამოხატულებაა. რა საერთო აქვს ერთმანეთთან საქართველოში მომხდარ კონფლიქტებსა და სერბეთის მოვლენებს?

– სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია სერბეთის უბედურების გაგრძელებაა. მთელმა პროგრესულმა სამყარომ, დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა (როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ) მე-20 საუკუნის ბოლოს დააქუცმაცეს, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ჩვენი მოძმე მართლმადიდებელი სერბეთი. იუგოსლავია რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ჯერ ჩამოართვეს ჩერნოგორია, შედეგ წაჰგლიჯეს კოსოვო, რომელიც ერთ-ერთი უძველესი მართმადიდებლური კერა და სერბეთისთვის ისეთივე განუყოფილი ნაწილია, როგორიც ჩვენთვის სამაჩაბლო, აფხაზეთი ან კოდორის ხეობა.

ეს ძირძველი ქართული მიწებია, საქართველოს ხალხებით დასახლებული, და ადრე თუ გვიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აღდგება სამართალი, ასევე მოხდება სერბეთშიც. აფხაზეთში 55 პროცენტი ქართველი ცხოვრობდა, ხოლო კოსოვოში – 68 პროცენტი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სერბი.

როდესაც სერბეთი დააქუცმაცეს, ქართულმა საზოგადოებამ – ერმა თუ ბერმა, არასწორი, მე ვიტყოდი, არაქრისტიანული გადაწყვეტილება მიიღო – მხარი არ დაუჭირა სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას. სხვათა შორის, სერბეთის მთლიანობას რუსეთთან ერთად მრავალი სხვა სახელმწიფოც უჭერდა მხარს. Aამ დროს პრაგმატული თვალსაზრისითაც დავუშვით შეცდომა. ჩვენი მხარდაჭერა სერბებისთვისაც და ჩვენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა, რამეთუ რუსეთს გაუჭირდებოდა შემდეგ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის აღიარება.

ასე რომ, ზნეობრივადაც ვუღალატეთ ჩვენს მართლმადიდებელ ძმებს და იმ საზოგადოებისა და ქვეყნების გვერდით დავდექით, რომლებიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებენ, რათა შეავიწროვონ მართლმადიდებლები, ეკლესიები დაუნგრიონ, მართლმადიდებლური აზროვნება გაუნადგურონ. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, მოვიხსენიოთ ეს მებრძოლი ერთმორწმუნე ხალხი.

ნებისმიერი მართლმადიდებელი – მნიშვნელობა არა აქვს, სერბი იქნება, არაბი თუ ბერძენი, ჩვენი ტკივილი უნდა იყოს. ვიდრე ნებისმიერი მართლმადიდებლის ტკივილს საკუთარ ტკივილად არ აღვიქვამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძმის ტკივილი ჩვენთვის არაფერია. არა მგონია, რომ ადამიანმა, რომელსაც ძმის, ნათესავის და ქვეყნის ტკივილი არ ადარდებს, რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

– წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა. შერიგებაც, ალბათ, აქედან უნდა დაიწყოს…

– ქართველი კაცი ყოველთვის ბრძენი და ტოლერანტი იყო. თავად ერეკლე მეფე, ვის სახელსაც ჩვენი საზოგადოება ატარებს, დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდა. პატარა საქართველოს ყველა უტევდა – სპარსი, ოსმალო, ლეკი. იმ პერიოდში მრავალი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობდა საქართველოში, მათ შეეძლოთ ეღალატათ ერეკლე მეფისთვის და ოსმალებისა და სპარსელების მხარეზე გადასულიყვნენ, მაგრამ ეს არ მოიმოქმედეს. ყველა დადგა ქრისტიანი მეფის გვერდით, იმიტომ, რომ ერეკლე მეორე თავად სცემდა უდიდეს პატივს ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანს, რომელიც მის სამეფოში ცხოვრობდა.

ქართული სიბრძნე გვასწავლის – რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. ჩვენი ვალია (არა მხოლოდ ქართველების, არამედ ასევე ჩვენი ოსი, აფხაზი ძმების, რუსებისა და ბერძნების, რომლებიც აფხაზეთის თუ სამაჩაბლოს კონფლიქტების დროს დაიღუპნენ) – შევრიგდეთ.

ძალიან ძნელია დაღუპული მშობლების, შვილების, ნათესავების დავიწყება, ზოგს ახლობელი გაუუპატიურეს, უწამეს. ეს დიდი ტრაგედიაა, რომლის მარტივად დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი, ან თუნდაც ამერიკისა და იაპონიის დღევანდელი ურთიერთობა. ერთადერთი ბირთვული დარტყმა მსოფლიოში აშშ-მ განახორციელა იაპონიის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ერთმანეთს არ ხოცავენ.

ჩვენ ოსებთან თანაცხოვრების უდიდესი ისტორია გვაქვს. ეს ორი ერი პრაქტიკულად ერთდროულად ვითარდებოდა, ერთმანეთის თანადგომითა და მხარდაჭერით. გავიხსენოთ დავით სოსლანი, რომელმაც უამრავი საქვეყნო საქმე აღსრულა. ის უგვირგვინო მეფე და საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი იყო.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხალხებს შორის არ არსებობს არანაირი დაძაბულობა. ხალხებმა საერთო ენა უნდა გამონახონ. შეიძლება ბევრს ეწყინოს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მასზე ყურადღება მაინც უნდა გავამახვილო – ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა მთავრობამ, რომელიც საბჭოთა რეჟიმის შემდეგ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საკმაოდ სუსტი გეზი აიღო, ისინი პროვოკაციას წამოეგნენ. გვახსოვს, რა მოხდა ცხინვალში, ქართლის სხვადასხვა სოფლებში, ბორჯომის ხეობაში, ქარელში, თუნდაც თბილისში, როგორ დაიწყო ჩვენი ძმების – ოსების საშინელი დევნა, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაგან ზოგიერთმა ოსური ენაც კი არ იცოდა. აქ ცხინვალი არა მაქვს მხედველობაში, დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ოსებზე ვსაუბრობ, რომლებიც იმ კონფლიქტის დროს უაზროდ იდევნებოდნენ ქართველი “ვაიპატრიოტების” მიერ.

ამიტომ აუცილებელია საერთო ენის გამონახვა. ქართველებმაც უნდა ვაღიაროთ შეცდომები. რატომ ვამბობთ, რომ აფხაზეთში რკინიგზის გასაკონტროლებლად შევედით? ასე არ ყოფილა. ეს იმათ უნდა აღიარონ, ვინც ქართულ შენაერთებს მიუძღოდა წინ. სამწუხაროდ დადასტურებული წყაროებიდან ცნობილია, რომ ჩვენმა შენაერთებმა იქ სამარცხვინო ძარცვა და მოროდიორობაც არ ითაკილეს. იქ შესვლა, როგორც ჩანს, სხვა ყველაფერთან ერთად, ზოგისთვის ნაძარცვის საშოვნელადაც იყო გამიზნული. ამის მაგალითი სამეგრელოა. ცნობილია “მხედრიონის” სისასტიკე სამეგრელოც. თუ ამას დავმალავთ, ვერფერს მოვიგებთ. ბოდიშის მოხდა სირცხვილი არაა. ბოდიშის მოხდა და სინანულის გამოხატვა ცუდ საქციელზე – ესაა მართლმადიდებლობა და ქრისატიანობა.

ჩვენ ვერასოდეს დავიბრუნებთ შიდა ქართლსა და აფხაზეთს მანამ, სანამ შეცდომებს არ ვაღიარებთ და ხმამაღლა არ გავაცხადებთ, რომ ორივე კონფლიქტი ფაქტობრივად საქართველომ დაიწყო, თუმცა გარკვეულწილად ეს იყო იძულება. დრომ კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მომთმენის დედა იცინის…

– მაგრამ თქვენ შუღლის გამღვივებელი მესამე ძალა გავიწყდებათ…

– შესაძლოა ეს პროვოცირებული იყო რუსეთის რომელიღაც ძალის მიერ, რომელსაც არ მოსწონს საქართველო და ებრძვის მას. ანდა, დასავლეთის მიერ, რაც სულაც არ არის გამორიცხული. მაგრამ ფაქტია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ ცხინვალშიც, აფხაზეთშიც, 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიაც ჩვენი დაწყებულია. ტალიავინის დასკვნაც ამას მოწმობს.

ამიტომ საჭიროა ჩვენს ძმებთან ერთად დავდგეთ, ერთმანეთს ბოდიში მოვუხადოთ და რასაც უფალი გვეუბნება, ის მცნებები დავიცვათ. დარწმუნებული ვარ,თუ ამ გზით ვივლით, აუცილებლად შევრიგდებით, გავმთლიანდებით და უკეთეს მომავალსაც ავაშენებთ.

– თქვენთან ერთად აქციაში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს. ვინ არიან მისი მესვეურნი და რამ გაგაერთიანათ?

– ჩვენ შემოგვიერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევრაზიის ინსტიტუტი”, რომელიც კარგა ხანია ქართულ-რუსული ურთიერთობის აღსადგენად იღწვის. კარგად ვიცნობ მის ხელმძღვანელს, ბატონ გულბაათ რცხილაძეს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ომის შემდეგ ერთადერთი საზოგადოება იყო, რომელიც მეტად არაპოპულარულ თემაზე – რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენაზე ამახვილებდა ყურადღებას. ანუ როცა ყველა ნატოს გაიძახოდა, საქართველოსა და რუსეთს შორის, საქართველოსა და აფხაზებს, ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის იღწვოდა.

ეს ადამიანები ხალხს მწარე სიმართლეს ეუბნებიან, ისინი არავისგან მოსყიდული არ არიან, რუსეთსაც და დასავლეთსაც საკმაოდ აკრიტიკებენ. ..ევრაზიის ინსტიტუტი” რეალურად დღეს ერთ-ერთი ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას, შეძლებისდაგვარად, ჭეშმარიტ და მართალ ინფორმაციას აწვდის.

იგივე უნდა ვთქვა ახალგაზრდულ მოძრაობაზე ,,წინ”, რომელიც ასევე საქართველო – რუსეთის, აფხაზებთან თუ ოსებთან ურთიერთობების აღდგენითაა დაკავებული. ეს ახალგაზრდები არ ეგუებიან დიქტატურასა და იმ საშინელ ანარქიას, რომელიც დამკვიდრებულია ჩვენს სახელმწიფოში. ისინი მებრძოლი და მოუსყიდავი ხალხია. მათ შეეძლოთ უზრუნველად ეცხოვრათ, აეღოთ გრანტები, მაგრამ ეს არ გააკეთეს. პირველად სწორედ მათ შესთავაზეს გრანტები იმის სანაცვლოდ, რომ საქართველოში იეღოველობა გაევრცელებინათ, რომ სექტებს ეთარეშათ. აგერ, ახლა ინგლისური ენის “მასწავლებლების” ჩამოყვანას აპირებენ უცხოეთიდან, რათა დაწყებით კლასებში ბავშვებს გონება აურიონ და შეასწავლონ 50-იანელობა, ბაპტისტობა, იეღოველობა.

მცხეთაში ის ხალხი შეიკრიბა, ვინც ჭეშმარიტად მართლმადიდებლობის გვერდით დგას, ქრისტეს სიტყვას ასრულებს…და ვისთვისაც მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტეს მცნებებს და საქართველოს მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებლურ ისტორიას ეწინააღმდეგება.

აქ მოვიდა ის ხალხი, ვინც არავის დაუთმობს მართლმადიდებლობას და ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილ ერთ გოჯ მიწასაც კი.

 

შოთა აფხაიძე,

ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ” თავმჯდომარე

- რატომ შეუერთდით აქციას?

- მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სამაჩაბლოში, აფხაზეთში გარდაცვლილებისა და, ასევე, სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებელი ქრისტიანების სულის მოხსენიება უდიდესი ჰუმანური აქტი იყო.

ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. არა მხოლოდ აფხაზეთი და შიდა ქართლი, ყარაბაღიც მტკივნეულია, რადგან მთლიანად კავკასიის რეგიონში მშვიდობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. აღარ უნდა დავუშვათ სისხლისღვრა.

მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ორგანიზატორი, სამშობლოსთვის სასიკეთო ნებისმიერ მსგავს აქციას ყოველთვის მხარს დავუჭერთ.

დრო მოვიდა, ხალხი გაერთიანდეს, ერებს შორის შუღლი დასრულდეს, შოვინიზმსა და ნაციზმს ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ და ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ. კაცთა შორის მშვიდობას ვუჭერთ მხარს და არა დაპირისპირებას!

ესაუბრა ლუკა ნანიშვილი,გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა”.