ტერორისტის მკვლელობამ სხვა საკითხებიც გააშიშვლა

ამერიკელთა მიერ ნომერ პირველი ტერორისტის ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ განვითარებული მოვლენები რომ მშვიდი ცხოვრების ნაკლებ საბაბს იძლევა, იმ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებიდანაც ჩანს,

რასაც ადგილი აქვს აშშ-ი და მის პარტნიორ ევროპის ქვეყნებში. მოსალოდნელი შურისძიება, რომელსაც, არავინ იცის სად ექნება ადგილი, მოსვენებას უკარგავს ამერიკის მოსახლეობას.

ლეგენდად ქცეული ბინ ლადენის სიკვდილი უდიდესი სიხარულით აღიქვა ამერიკელთა ნაწილმა, რომელმაც თეთრ სახლთან არნახული ზეიმი მოაწყო შეძახილებით- „ამერიკა უძლეველია!“.

ამერიკელთა ნახევარი, რომელიც თეთრ სახლთან ზეიმობდა, აშკარად გამოხატავდა, როგორც შურისძიებას, ისე სიხარულს მთავარი ტერორისტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, დარწმუნებული იმაში, რომ მისი მოკვლით წერტილი დაესმება ტერორიზმს.

ამერიკელთა მეორე ნაწილი ერთობ საგრძნობი სკეპტიციზმით შეხვდა ცნობას ბინ ლადენის განადგურების თაობაზე. მას არ სჯერა ამის და თვლის, რომ ყოველივე, ადმინისტრაციის მიერ შეთხზული ზღაპარია. მისი დარწმუნება, რომ ეს ასეა არ არის, ძნელი იქნება. შესაძლოა შეუძლებელიც მას შემდეგაც კი, რაც თვით ალ კაიდამ დაადასტურა მკვლელობის ფაქტი.

ბინ ლადენის მკვლელობა ისეთი რამაა მრავალი წლის განმავლობაში, რომ გააჩენს არა ერთ კითხვას, დაუჯერებელ თუ დასაჯერებელ ვერსიას, ფაქტი კი ფაქტად რჩება - ბინ ლადენის სიკვდილით ტერორიზმი არ მომკვდარა და თუ რა ახალ ფორმებს მიიღებს ის, მხოლოდ ალ კაიდას ერთობ დახვეწილმა და მსოფლიოში ფართოდ გამჯდარმა ტერორისტული ორგანიზაციის ქსელმა უწყისს. თვით ლიკვიდირებულ ბინ ლადენს რაც შეეხება - ბოლო წლებში მას ნაკლები წვლილი მიუძღვის ალ კაიდას მიერ განხორციელებული აქტების ოპერატიულად დაგეგმვა-შესრულების საქმეში, თუმცა ამერიკის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ნომერ პირველი ტერორისტი სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა ალ კაიდას, როგორც იდეოლოგიური თვალსაზრისით, ისე ოპერატიულით.

ტერორისტის მკვლელობამ სხვა საკითხებიც გააშიშვლა, მათ შორის პაკისტანის სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლობა ბინ ლადენთან ანუ ორმაგი თამაში პაკისტანის ხელისუფალთა მხრიდან მოკავშირე აშშ-ნ მიმართებაში. პაკისტანის მსგავსი მოქმედების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ისლამაბადიდან არცთუ დაშორებულ, სამხედროებით და სპეცსამსახურის თანამშრომლებით გაჯერებულ რაიონში ნომერ პირველი ტერორისტის მრავალწლიანი უშფოთველი ცხოვრება.

ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ბევრი იქნება გასარკვევი, უპირველესად ტერორიზმთან სამომავლო ბრძოლის პერიპეტიები, რამეთუ ბინ ლადენის სიკვდილით არც ომი დამთავრებულა ავღანეთში, არც თალიბანს გამოუცხადებია კაპიტულაცია და არც ალ კაიდა გარდაცვლილა. ამ მიმართულებით წარმატებული მოქმედებისთვის პაკისტანის მხარდაჭერა ისეთივე აუცილებელია, როგორც რუსული ტრანზიტი.

პაკისტანი ისაა, სადაც წარმატებით მოქმედებს სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის ალ კაიდა, თალიბანის პაკისტანური ფილიალები და სხვა.

ოპერაცია, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა განახორციელეს, არ იყო შეთანხმებული პაკისტანის ხელისუფლებასთან, რაც თავისთავად მიგვანიშნებს უნდობლობაზე - სტრატეგიული პარტნიორის, პაკისტანის მიმართ. პაკისტანი ფაქტის წინაშე დადგა, ისე, როგორც ბევრი სხვა, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ ოპერაციის პირველსავე საათებში გაავრცელა ცნობა, რომ მას შეატყობინეს ოპერაციის თაობაზე. პაკისტენის ყოფილი პრეზიდენტის მუშარაფის განცხადებით, ოპერაცია მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით, აშშ-ა არაფრად ჩააგდო ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ჰქონდა სპეცოპერაციას ადგილი.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის მიხედვით, ბინ ლადენის სახლზე თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ერთობ განსხვავებული მოდიფიკაციის შვეულმფრენი, რომლის დაფიქსირება პაკისტანის რადარებით შეუძლებელი იყო. ამერიკელებმა დაარღვიეს სტრატეგიული პარტნიორი, სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად ხდება პაკისტანის ხელისუფალთა გაღიზიანების საგანი. ასე, რომ, როგორც ვაშინგტონს, ისე ისლამაბადს აქვს საყვედურის საბაბი.

აშშ-ს პირველად არ იქცევა ასე. საჰაერო სივრცის დარღვევა ყოვლის შემძლეობის, ჰეგემონიზმის აშკარა გამოვლინებაა. გახსოვთ ალბათ, ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ჩეხეთ-პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების თაობაზე. დასაწყისში ამერიკელთა გეგმა დანარჩენი ევროპისთვის უცნობი იყო.

წუთით წარმოვიდგინოთ ერთობ არასასურველი დაძაბულობა ირანთან მიმართებაში და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს აეროდრომების როლი. გამოიყენებს თუ არა პენტაგონი საქართველოს აეროდრომებს და შეუთანხმებს თუ არა ქართულ მხარეს მათი გამოყენების თაობაზე? ვაშინგტონი, რომელიც, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ პაკისტანს, ბირთვული იარაღის მფლობელს, არ უთანხმებს საზღვრის გადაკვეთას, ბინ ლადენის სახლზე თავდასხმის ოპერაციას, არშემდგარი საქართველოს ხელისუფლებას შეუთანხმებს?

ბინ ლადენის ლიკვიდაციამ საკმაო ქულები შესძინა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომლის რეიტინგი, ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღითიდღე კლებულობდა. თეთრ სახლთან შეკრებილთა პათოსი, ობამას მისამართით გაჟღერებული საქებარი შეძახილები, მაღალი რეიტინგის გარანტიაა, თუმცა სპრეზიდენტო არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში, განსაკუთრებით არაბულ სამყაროში, ახლო აღმოსავლეთში, თვით აშშ-ი. ტრადიციულად აშშ-ს არჩევნებში გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის შიდა მდგომარეობას, ვიდრე საგარეო პოლიტიკას.

შიდა პოლიტიკაში ეკონომიკა, სოციალური ვითარება, ინფლაცია, უმუშევრობა ის მთავარი საკითხებია, რაზეც კონცენტრირდება ამომრჩევლის ყურადღება. ამ მიმართულებით ობამას ადმინისტრაციას უჭირს. ძნელად მიმდინარეობს წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზება. წინა წლებში, წინა ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ჭირს. მოიმატა ქვეყნის ვალმაც - 14 ტრილიონი, სარეკორდო მაჩვენებელი ამერიკის ისტორიაში. ვალების შემცირების ობამასეული გეგმა უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს სამხედრო ხარჯების შემცირებას. ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ დროა ავღანეთიდან გამოსვლა. ბინ ლადენის ლიკვიდაციამ მათ ახალი იმედი გაუჩინა. ამ იმედში არის ლოგიკის მარცვალიც. ავღანეთში ომი, ხომ სწორედ იმ ტერორისტის საწინააღმდეგოდ დაიწყო, ვინც თავს დაესხა ამერიკას. არ არის ტერორისტი, არ უნდა იყოს ომიც! ასე ფიქრობენ ისინი.

აშშ-ს ადმინისტრაციას ბინ ლადენის ლიკვიდაციის გარდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, ძნელი გამოსაცნობია. იქნებ სწორედ ახლა, ამჟამად, ნომერ პირველი ტერორისტის განადგურება შეგნებული ნაბიჯია ზემოთმოყვანილი მოსაზრების ფართო გავრცელებისთვის?

აშშ-ი და მისი მოკავშირე ნატო წარუმატებლად იბრძვის ავღანეთში და თუ ასე გაგრძელდა - კარგს არაფერს მოუტანს მათ, როგორც ეკონომიკური, ისე მსხვერპლის თვალსაზრისით. აშშ-ს სურს გამოვიდეს ავღანეთიდან, მაგრამ არა შერცხვენილი, დამარცხებული, არამედ - წელგამართული. იქნებ თეთრ სახლთან გამართული სპონტანური თავშეყრა „ომში გამარჯვების“ მსგავსი შეძახილებით სწორედ ავღანეთის ომის დამთავრების თუ არა შეზღუდვის პრელუდიაა, ესოდენ აუცილებელი ობამას სამომავლო მოქმედებისთვის?

დღეს ბევრი სვამს კითხვას - გამოვა თუ არა აშშ-ი ავღანეთიდან. მსგავსი კითხვები ისმის საქართველოშიც, რაც არ არის გასაკვირი ავღანეთში მყოფი სამხედრო კონტიგენტის პატრონი ქვეყნისთვის. ყველა, განსაკუთრებით მეომრების ახლობლები ელოდება ამ ამბავს. აშშ-ი, გეგმის მიხედვით, შემოდგომიდან დაიწყებს სამხედრო კონტიგენტის შემცირებას, თუმცა ომის დამთავრების შემთხვევაში, რაც ამ ეტაპზე შეუძლებლად მიმაჩნია, ავღანეთში რამდენიმე სამხედრო ბაზა დარჩება. ამერიკელები იმიტომ არ შესულან ავღანეთში, რომ ასე იოლად გამოვიდნენ იქედან.

ავღანეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, კასპიის ზღვის აუზი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და აღმოსავლეთით ჩინეთი - ის ფართო რეგიონია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით, გარდა ამისა ენერგეტიკული მაჩვენებლებით რეგიონი თვალსაჩინოა და მისი უგულებელყოფა არ შედის ამერიკულ ინტერესებში.

გარდა ამისა, აშშ-ი ენერგიას არ ზოგავს მღვრიე არაბულ წყლებში თევზის დასაჭერად. სპონტანურად დაწყებული არაბული რევოლუციები - ერთობ განსხვავებული ერთმანეთისაგან, სერიოზულ თავსატკივრადაა ქცეული მთელი მსოფლიოსთვის. რას არ ნახავთ აქ - ღატაკთა ბრძოლას მდიდართა წინააღმდეგ, კლანურ დაპირისპირებას, რელიგიურ უკმაყოფილებას, მრავალწლიანი მმართველობის წინააღმდეგ სახალხო ჯანყს, ხელისუფლება-ამბოხებულთა ომს და სხვა.

რეგიონში ადგილი აქვს არა მარტო მუსლიმანთა და ქრისტიანთა დაპირისპირებას (ერაყი, ეგვიპტე), არამედ თვით მუსლიმანთა ერთმანეთში შუღლს. ისლამის რამდენიმე მიმართულება ვერბალური დაპირისპირებით არ შემოიფარგლება. ადგილი აქვს ერთმანეთს შორის სისხლიან შეტაკებებს, ტერორისტულ აქტებს, მკვლელობებს. ყველასათვის ცნობილია სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული მტრობა, მაგრამ ცნობილია, აგრეთვე სუნიტებსა და სუნიტებს შორის ქიშპიც.

ეგვიპტეში სალაფიტებმა (ვაჰაბიტებმა) არა მარტო ქრისტიანულ ეკლესიებს შეუტიეს, არამედ სუფისტურ მავზოლეუმებსაც. ა.წ. აპრილში იორდანიაში სალაფიტები თავს დაესხნენ იმ სუნიტებს, რომელთაც ურწმუნოებაში სდებდნენ ბრალს. ცნობისათვის - სალაფიტები ალ კაიდას რიგების შევსების უმთავრესი წყაროა. ბაჰრეინში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტია, თუმცა მმართველი დინასტია ალ ხალიფა, სუნიტი. სირიაში მმართველი დაჯგუფება ეკუთვნის მემარჯვენე შიიტებს - ალავიტებს, მოსახლეობის უმრავლესობა კი სუნიტია. ერაყში შიიტებმა ჩაიგდეს ხელთ მმართველობა, სუნიტები დისკრიმინირებულად გრძნობენ თავს. საუდის არაბეთში ალ საუდის დინასტია მართავს ქვეყანას, რომელიც მჭიდროდაა გადახლართული სუნიტურ-ვაჰაბიტურ სარწმუნოებასთან, თუმცა ქვეყანაში შიიტური უმცირესობაც ცხოვრობს. იემენში პრეზიდენტი სალეჰი და მისი კლანი შიიტია, მაშინ როდესაც მოსახლეობის საკმაო ნაწილი სუნიტები არიან.

არაბული ქვეყნების შიგნით სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირება ხშირად გადმოდის საშინაო საზღვრებს და არაბულ ქვეყნებს შორის დაპირისპირებაში იზრდება - სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის კონკურენცია არაბულ სამყაროში პირველობისთვის, ალჟირისა და მაროკოს კინკლავი, იემენისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება, სერიოზული წინააღმდეგობა ლიბიასა და საუდის არაბეთს შორის. საუდის არაბეთში ცხოვრობს ლიბიის სენუსიტების დინასტიის ტახტის მემკვიდრე მოჰამად ას სენუსი. 1969 წელს ეს დინასტია დაამხო კაპიტანმა მოამარ კადაფიმ. დღეს ამ დინასტიის დროშის ქვეშ იბრძვის ლიბიის ოპოზიცია.

ამ ერთობ ჭრელ პოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი პოზიციების გამაგრებას ცდილობს აშშ-ი, თუ რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას რევოლუციებით გამოწვეული გარდაქმნების ფონზე, ძნელი სათქმელია, მითუმეტეს, როდესაც მას სერიოზულ კონკურენციას უწევს ისლამური ირანი და ოსმალიზმით გაჯერებული თურქეთი.

არაბული პრობლემა, პლიუს ისრაელი და ირანთან დამოკიდებულება, სხვა საგარეო საკითხები საგრძნობი გავლენით იმოქმედებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე. შეძლებს დემოკრატთა კანდიდატი ობამა რესპუბლიკელებთან წარმატებულ ბრძოლას, ობამას მოხერხებულობასა და შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული. შეძლებს ობამა დაპირებული ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, რასაც ესოდენ დიდი ინტერესით ელოდება ამერიკელი ამომრჩეველი, მაშინ გამარჯვებას წინ არაფერი დაუდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმ ზოგიერთი წინამორბედის ბედს გაიზიარებს, რომლებიც მხოლოდ ოთხი წლით სტუმრობდნენ თეთრ სახლს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი