საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა

საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას მთავარი ყურადღება გაამახვილა ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე. მსოფლიო მედიამ

სხვაგვარად აღიქვა პრეზიდენტის ლაპარაკი - თავის მართლებად, რაც შეესაბამება სინამდვილეს.

ამერიკის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, რომ გაურკვეველ ზიგ-ზაგებშია, ცნობილი ფაქტია. მარტო ის რად ღირს, როდესაც ავღანეთის პრეზიდენტის კარზაის ზურგს უკან, შეხვედრაზე უთანხმდება თალიბანს, ხოლო  - კარზაის გაღიზიანებული განცხადების შემდეგ, უარს ამბობს ყატარში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე. ან ავიღოთ მეორე მაგალითი - აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსთა და არა მარტო მათი, მოსმენა. ეს ინფორმაცია ბრიტანულ „გარდიანს“ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა სნოუდენმა მიაწოდა. მიაწოდა და დაიწყო სნოუდენის დევნა.

აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენით დაწყებული, სახელმწიფო მდივნით, კერით დამთავრებული, მუქარას არ იშურებენ რუსეთის, ჩინეთის, ჰონ-კონგის, კარიბის ზღვის ქვეყნების სახელმწიფოების მიმართ - თუ არ გადმოგვცემთ სნოუდენს, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო.

და როდესაც მუქარა სალ კლდეს აწყდება, ვაშინგტონი არბილებს ტერმინოლოგიას. ასე იყო მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენმა დაურეკა ეკვადორის პრეზიდენტს, რაფაელ კორეას. მან თბილად მოიკითხა პრეზიდენტი და დასასრულს ურჩია პოლიტიკური თავშესაფარი არ მიეცა სნოუდენისთვის. ეკვადორის პრეზიდენტმა, მოკლე ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატივს სცემს აშშ-ს, თუმცა მას თავისი პოზიცია აქვს.

დაახლოებით მსგავსი პასუხი მიიღო პრეზიდენტმა ობამამ სულ ახლახანს, სენეგალში ვიზიტის დროს, როდესაც მან მასპინძლებს მოუწოდა მეტი ლიბერალობისკენ პედერასტთა მიმართ. სენეგალის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სენეგალი მსგავსი ლიბერალიზმისთვის მზად არ არის.

ამერიკა, მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ მისი ერთპიროვნული ლიდერობა ეჭვქვეშ დგება. ჰეგემონი გრძნობს კეფაში ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, სხვა ქვეყნების სუნთქვას. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ცდილობენ ერთმართველობის, მრავალპოლუსიანობით შეცვლას. ამ და სხვა ქვეყნებს, აშშ-ი არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პრობლემების შექმნით ემუქრება, თუმცა „ჯიუტი“ ქვეყნებიც უკან არ იხევენ. მათ კარგახანია საქმით დაამტკიცეს, რომ ამერიკა მათთან ვერაფერს გახდება.

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იზრდება „ჯიუტთა“ რაოდენობა: კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა, ბოლივია, ეკვადორი, ირანი, სირია და ა.შ. საგონებელში ჩავარდნილი ვაშინგტონი, მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, რომელთა უმთავრესი მიზანი ამ ქვეყნების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გაუარესება და მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანაა - ხელისუფლების დასამხობად. იქ, სადაც ამას ვერ აღწევს, აშშ-ი სხვა გზებს მიმართავს - შიდა შეიარაღებული კონფლიქტების გაღვივებას. ლიბია და სირია ამის დამადასტურებელია.

ვაშინგტონი მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობს, მათ შორის „თალიბანთან“ და „ალ-კაიდასთან“ ფარულ მოლაპარაკებას. „ალ-კაიდას“ „ბოევიკების“ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში ჩართვას, ე.წ. მეამბოხეთათვის იარაღის მიწოდებას, დაფინანსებას, წვრთნას. და ეს ყველაფერი „დემოკრატიისა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის“ საბაბით ხდება.

ამერიკელთა გარდა, ვერც ვერავინ დაამტკიცებს, რომ „ადამიანის უფლებათა დასაცავად“ საჭიროა „ალ-კაიდას“ გამოყენება, რომ საყოველთაო ფარული მოსმენა დემოკრატიის დაცვისთვის ხორციელდება, ისე, როგორც კუბის წინააღმდეგ 50 წლის განმავლობაში შემოღებული ეკონომიკური სანქციები.

მხოლოდ თეთრ სახლს შეუძლია იმის მტკიცება, რომ ირანის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები, რიგითი ირანელის უფლებათა დაცვას ემსახურება.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელსაც სუპერ-თანამედროვე ბირთვული და ჩვეულებრივი შეიარაღება აქვს, მაგრამ არ აქვს დიპლომატია. ვაშინგტონი თვლის, რომ მას დიპლომატია არ სჭირდება, ვინაიდან მისი სიძლიერე წყვეტს დიპლომატიურ საკითხებს - ძალისმიერად. ძვირი უჯდება მსოფლიოს ასეთი ჰეგემონის „კაპრიზები“. განსაკუთრებით ძვირია ამერიკელთა გაუმართლებელი ჭირვეულობა მათ მიერ ამოჩემებული ქვეყნებისთვის. ირანს ამ ქვეყნებს შორის „განსაკუთრებული“ ადგილი უკავია.

34 წელიწადია აშშ-ი ებრძვის ირანს. რა ხერხს არ იყენებს ამ ქვეყნის ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ ამაოდ. ირანი აგრძელებს დამოუკიდებელ კურსს. მას არ ეშინია არც გაათმაგებული სანქციების და არც პირდაპირი საჰაერო თავდასხმის მუქარის, რასაც ხშირად აქვს ადგილი, როგორც ვაშინგტონიდან, ისე მისი ახლო აღმოსავლელი მოკავშირე - ისრაელიდან.

ირანის პოზიცია გამოკვეთილია - 20% ურანის გამდიდრება, სირიის კანონიერი პრეზიდენტის ბაშარ ასადისადმი და პალესტინელი ხალხის სამართლიანი მოთხოვნებისადმი მხარდაჭერა, ისრაელის ამბიციური გეგმების წინააღმდეგ გალაშქრება, რუსეთთან და ჩინეთთან კონსტრუქციული კავშირების ჩამოყალიბება და სხვა.

ახლო აღმოსავლეთში ირანის როლის ზრდა აშფოთებს ამერიკას. მას დამჯერი ირანი უნდა, ისეთი, როგორიც შაჰის ირანი იყო. მას ისეთი ირანი უნდა, რომელიც მუდამ პირში შესციცინებს ვაშინგტონს,  მუდამ მზად იქნება მისი დავალებების შესასრულებლად. და ეს ყველაფერი ვაშინგტონს სურს არა მოლაპარაკების, არამედ ძალისმიერი გზით.

ვაშინგტონს უჭირს დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება - ეს დიდი ქვეყნის დაავადებაა და ამ დაავადებაში თავმოყრილია ქედმაღლობაც, სიძლიერის შეგრძნებაც, ყოვლისშემძლეობაც და სხვა. როდესაც ჩამოთვლილი მანკიერი თვისებები არ ჭრის, ის იძულებულია მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დაჯდეს.

ათ წელზე მეტი შეალია ამერიკამ თალიბებთან ომს ავღანეთში. შედეგი, სავალალო - ასობით დაღუპული და ათასობით დასახიჩრებული ამერიკელი, ომით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური ვითარება. ხედავს რა ჩიხურ მდგომარეობას, ვაშინგტონი მზად არის თალიბებთან მოსალაპარაკებლად. ნუთუ არ შეიძლებოდა საკუთარი პოზიციების ისე გათვლა, რომ მოლაპარაკება გაცილებით ადრე დაწყებულიყო?! შეიძლებოდა!

ნუთუ არ შეიძლებოდა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება? შეიძლებოდა! მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ ურემი არ გადაბრუნებულა, ვაშინგტონი არ არის მზად ამისთვის. და არათუ თვით, არამედ სხვასაც აიძულებს ისე მოიქცეს, როგორც თვითონ.

ვაშინგტონის „სტრატეგია“ საქართველოზეც აისახება, თუნდაც ისეთ საკითხში, როგორიცაა ირანთან ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც აშშ-ა ღრმად გაიდგა ფეხი კავკასიაში, ალმაცრად დაუწყო ყურება ირან-საქართველოს ურთიერთობას.

ვაშინგტონს არ მოეწონა საქართველოში, გაზის კრიზისის დროს, ირანის გაზის გამოყენება. „ერთ თვეში ამას ადგილი აღარ ჰქონდესო!“ - უბრძანა ვაშინგტონმა თბილისს და ჩასვრილმა, უთავმოყვარო სააკაშვილის ხელისუფლებამ უმალ უარი თქვა ირანიდან გაზის იმპორტზე. არადა ამ თხოვნით თბილისმა მიმართა თეირანს.

სააკაშვილის ხელისუფლების ერთადერთი საღი საგარეო ნაბიჯი იყო, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ეს ინიციატივა თეირანდან მოდიოდა და წინადადება სააკაშვილმა პოზიტიურად აღიქვა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა სავიზო რეჟიმის მოხსნის ხელშეკრულება, რითაც ერთობ გაიოლდა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა.

როგორც ჩანს ეს საკითხი ვაშინგტონთან არ იყო შეთანხმებული და ამდენად მან უკმაყოფილობა (კულუარულად) გამოთქვა, საჯაროდ არა. მაგრამ საჯაროდ ააყვირა საქართველოში ამერიკული ფულით მოქმედი არასამთავრობოები -„ირანთან უვიზო მიმოსვლა, როგორ შეიძლებაო!“

ირანთან თავისუფალი მიმოსვლის ხელშეკრულება ცხინვალის ომის შემდეგ გაფორმდა. იმჟამად, თეირანის ნაბიჯი, საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შერყეული იმიჯის მხარდაჭერის მომასწავებელი იყო. გარდა ამისა, ირანი მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც არაერთხელ დააფიქსირა გაეროში კენჭისყრის დროს.

სავიზო რეჟიმის გაუქმებამ სასიკეთო ძვრები მოუტანა საქართველოს. უპირველეს ყოვლისა გაიზარდა ირანული ტურიზმი, გააქტიურდა ირანული ბიზნესი. საქართველოსთვის ჩვეულებრივად იქცა თბილისსა და ბათუმში მოსიარულე ირანელები, მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა, ოფისებისა და რესტორნების გახსნა. ყოველივე აღნიშნულმა ათეულ-ათასობით ევრო შესძინა საქართველოს ბიუჯეტს. სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად აზერბაიჯან-სომხეთში მიმავალი ირანული ტურიზმი საქართველოსკენ გადმომისამართდა.

და როდესაც ორი ქვეყნის ხალხთა ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას ლამობდა, ვაშინგტონმა ბრძანა - არაო. თქმა და მორჩილი მოქმედება ერთი იყო.

ამერიკული გაზეთის სტატიამ - საქართველოში ირანული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, იმდენად შეაშინა საქართველოს „ამაყი“ ხელისუფლება, რომ უმალ ირანს ნოტა აფრინა - სავიზო ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის შეტყობინებით. ამას ჰქვია „დამოუკიდებელი“ პოლიტიკა და რაც მთავარია „გამჭრიახი“ დიპლომატია.

მკითხველს შევახსენებ, რომ ირანი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც დამოუკიდებლობის გაუსაძლის წლებში დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან. ირანი რეგიონის მძიმეწონიანი მოთამაშეა და მასთან აგდებული დამოუკიდებლება არ წაადგება საქართველოს.

დავუშვათ, აშშ-ა გვისაყვედურა, საქართველოს ხელისუფლებას ძალა არ შესწევს აუხსნას მას ვითარება? ან რა ურთიერთობაზეა საუბარი? იმაზე, რომ ირანელი ტურისტები ჩამოდიან საქართველოში ან ირანული ბიზნესი ამოქმედდა? ან თითო-ოროლა მეცნიერი თუ თანამშრომლობს ერთმანეთთან საუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის კვლევის მიზნით?

არ ვარ დარწმუნებული, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა თითი დაგვიქნია. და თუ ამას მართლაც ჰქონდა ადგილი, ასეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ რაში წაგვადგება?! ასეთს ხომ უყოყმანოდ შეუძლია ჩვენი ირანის საწინააღმდეგოდ გამოყენება ისე, როგორც ავღანეთში გვიყენებს? და თუ ვაშინგტონმა თითი არ დაგვიქნია, რა გვსჯის?

საოცარია ქართული პოლიტიკა, მითუმეტეს დიპლომატია. მის ლაბირინთებში გარკვევას ორი ბოთლი ჭაჭაც არ უშველის. არ უშველის იმიტომ, რომ სიცარიელეში ძებნა უშედეგოა. როგორც მეგრელები ამბობენ - ვავა, ვავა!

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

იქნებ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი ქვეყნის დეგრადაციაში?

 

თანამედროვე ჩინეთის ფუძემდებელი დენ სიაოპინი ამბობდა - „არ არის აუცილებელი, ყვიროდე ლამაზი ვარ, როდესაც მახინჯი ხარ“. დიდმა დენმა ეს სიტყვები მილიარდნახევრიან ჩინეთს შეჰბედა. თითქმის შიმშილობის ზღვარზე მყოფი უზარმაზარი ქვეყანა აშკარად იმსახურებდა ესოდენ მკაცრ შეფასებას.

დენ სიაოპინი მარტო ფაქტის კონსტანტაციით არ შემოიფარგლურა. მისმა ახალმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ, დაფუძნებულმა გამონათქვამზე - „არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“, ფუნდამენტური რევოლუცია გამოიწვია მთელს ქვეყანაში.

შედეგიც სახეზეა - ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით, აშშ-ს შემდეგ, მეორეა მთელს მსოფლიოში. ჩინეთის არმია ყველაზე მრავალრიცხოვანია. მისი სამხედრო აღჭურვილობა თანამედროვე დონეზეა. ჩინეთის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის.

დენ სიაოპინი - მაო ძედუნის დროს აღზევებულ-დაღზევებული თანამედროვე ჩინეთის სახეა - ისეთი, რომელსაც ბევრი ინატრებდა, მაგრამ დენ სიაოპინობა ყველას ხვედრი არ არის. მას სხვა გაქანება, ცოდნა, სხვა გამოცდილება სჭირდება - ისეთი, რომელიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებთ. მე-20-ე საუკუნემ არცთუ ბევრი გენიოსო შვა, მათ შორის დენ სიაოპინიცაა. მაგრამ ჩვენი სიუჟეტი სულაც არ ეხება ამ დიდი პიროვნების პოლიტიკურ სახეს. მის გამოძერწვას დრო და სხვანაირი ალღო სჭირდება.

დენ სიაოპინი იმიტომ ვახსენე, რომ ზოგიერთი - შეგნებულად თუ შეუგნებლად, ანალიზის გარეშე და ზედაპირულად ცდილობს მას მიბაძოს, მისი ბიოგრაფია საკუთარს დაამთხვიოს და აქედან გამომდინარე თავიც გაიმართლოს არა დღევანდელი საზოგადოების, არამედ ხვალინდელის  წინაშე.

მაგალითად, ყოფილი პრემიერი, ამჯერად „მატროსოვში“ გამომწყვდეული, მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას შეთითხნილად, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და როგორც ჩანს ამ პოზიციაზე დარჩება სასამართლო პროცესის დროსაც. ის არ აღიარებს დანაშაულს. მას მიუსჯიან - რამდენს, არავინ იცის, მაგრამ არა სიკვდილს.

გავა წლები,  საზოგადოებას მიავიწყდება მის მიერ ჩადენილი ბოროტება და ციხიდან გამოსული, ყოფილი „პოლიტიკოსი“ ჩაერთვება დიდ პოლიტიკაში, როგორც სამხრეთ აფრიკელი ნელსონ მანდელა ან დენ სიაოპინი. ის უტუხად იტყვის, რომ ხელისუფლებამ უკანონო ანგარიშსწორება მოახდინა მასზე და საქმის დასამძიმებლად კრიმინალობა, ხალხის კვლა დასწამა.

თავს წამოჰყოფენ მისი მეგობრები, დაჭერას გადარჩენილი „პოლიტიკოსები“ და დაიწყება ახალი ვანოობა. იმჟამინდელი საზოგადოება დიდის ვიშ-ვიშით იტყვის - რა პატიოსანი კაცი გაუწირავთო და ა.შ.

საქართველოს ახასიათებს მსგავსი რამ. დღეს, ყველა ერთად - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რაც მთავარია საზოგადოებაც გულმოდგინეთ გმობს გამსახურდიას რეჟიმის ძალისმიერ დამხობას, არადა მათი დიდი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების დამხობაში. ვერ ვიტყვთ, რომ გამსახურდია მამა-აბრამის ბატკანი იყო, მაგრამ არც მისი მოწინააღმდეგები ყოფილან კრავები.

დრო, ისეთი რამ არის, კეთილს ბოროტად წარმოაჩენს და ბოროტს კეთილად, დღევანდელ კრიმინალს, ხვალინდელ ანგელოზად.

ის, რაც დღეს არის გასაკეთებელი, დღეს უნდა გაკეთდეს - დამნაშეავე უნდა დაისაჯოს, მითუმეტეს ბოროტი კრიმინალი, თანაც ისე, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აეკრძალოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა „პოლიტიკურ“ წამებულს მიიღებს და აქედან გამომდინარე ბოროტების აღორძინებას.

ნაცმოძრაობის ლიდერები დენ სიაოპინობას ლამობენ. ალბათ გულში იმასაც ფიქრობენ - ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხომ გავაგრძელებთ პოლიტიკურ მოქმედებას - მოპარული ფულიც შეგვრჩება და ჩადენილი ბოროტებაცო.

და რომ ეს არ მოხდეს, დღევანდელ ხელისუფლებას ძალა უნდა ეყოს წინამორბედი ნაცების დასჯისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადებისთვის, უკლებლივ ყველა ნაცისთვის პოლიტიკური ცხოვრების აკრძალვისთვის.

ნაცთა მიერ ჩადენილი დანაშაული განუზომელია, რისთვისაც ის, უდავოდ, იმსახურებს უსასტიკეს განაჩენს არა მარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდანაც.

ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი დამადასტურებელი ვიდეო-მასალებია, რომლის ნახვაც ხალხისთვის აუცილებელია. ხალხმა უნდა ნახოს ის, რასაც მის მიერ არჩეული „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა. სხვისი მონაყოლით დასკვნების გაკეთება ძნელია.

ხალხს და არა ჭრელა-ჭრულა არასამთავრობო ორგანიზაციებს - ამერიკული ფულით გამოზრდილებს, გაყიდულ ჟურნალისტებს და ე.წ. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეს სადისტური ვიდეო-მასალების ნახვის შესაძლებლობა. ხელისუფლება ვალდებულია ხალხის თავზე დატრიალებული ცხრაწლიანი ბოროტების ავტორების ხალხისთვის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მას ნაცური ხელისუფლების დამცველად აღიქვამს.

ხალხმა უნდა იცოდეს 9 წლის განმავლობაში ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავხედი და ბოროტი ნაცები, გარკვეული დროის გავლის შემდეგ, უტუხად იტყვიან - ყველაფერი ფალსიფიკაცია იყოო, აკი უკვე ბრძანა ბოროტების მამა სააკაშვილმა - მოგონილიაო.

ვის არ აწყობს ვიდეო-ფირების ტელევიზიით ჩვენება? უპირველესად, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის დასავლელ პარტნიორებს, მათ მიერ შექმნილ-გამოზრდილ არასამთავრობოებს, ნაცებთან ჩახუტებულ მედიას და ინტელიგენციას, ნაცთა კოორდინატორებს და ა.შ.

მათი რაოდენობა საგრძნობია და თუ ხელისუფლებამ არ გადადგა მტკიცე ნაბიჯი ჩვენებისკენ, ხვალ ყველა ისინი იყაყანებენ - ფალსიფიკაცია იყოო, ხოლო ზეგ, ახალი ბოროტებით დამუხტულნი დალაშქრავენ ამ ქვეყანას. სახალხო ნახვის შემდეგ გამოწვეულ ზიზღს კი ისინი კარგა ხანს ვერაფერს დაუპირისპირებენ.

დღევანდელ ხელისუფლებას განგებამ მისცა შანსი პასუხი აგებინოს მოწინააღმდეგეს, რომელმაც უდიდესი ბოროტება ჩაიდინა ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

არა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ვიწრო - პარტიულ ანგარიშსწორებად, რასაც ხშირად ამბობენ ნაცები, ეს იქნება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მხრიდან ხალხის სურვილის დაკმაყოფილება.

2012 წლის პირველ ოქტომბერს ხალხმა მხარი დაუჭირა ივანიშვილს უპირველესად იმისთვის, რომ წერტილი დაესვა საყოველთაო ნაცური ბოროტებისთვის და დამნაშავე ხელისუფლება ციხეში გაეშვა.

დიახ! ხალხის სურვილი იყო ეს და არა ის, რასაც „ენჯეოები“, ე.წ. ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ქადაგებენ - ვიდეო-კადრების ფართო ჩვენება ქართულ საზოგადოებას ორად გახლეჩსო. ვეჭვობ, რომ ასე მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, ამაში ცუდი არაფერია, ვინაიდან დაგროვილი ჩირქი უნდა გამოირწყოს, დაავადებული ორგანიზმი სიბინძურისგან დაიცალოს. მხოლოდ ჯანსაღ ორგანიზმს შეუძლია ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი ნაცური მეტასტაზებისგან განთავისუფლება, მხოლოდ ჯანმრთელს შეუძლია ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებთან გამკლავება.

აღმოჩენილი ვიდეო-მასალები საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჰააგას მიმართოს - წინა ხელისუფლების მიერ ხალხის მასობრივი წამებისა და გენოციდისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელიც უნდა გაიხსენოს და ომის გაჩაღებისთვის, ცხინვალში ჩადენილი სისასტიკისთვის, წინა ხელისუფლების გასამართლების სურვილით უნდა მიმართოს ჰააგას.

მავანი შემედავება - ეს ხომ ქვეყანას თავს მოჭრისო? საქართველომ, დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში არაერთხელ მოიჭრა თავი, მათი უბრალო ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ვერაფრით ავუვლით გვერდს თბილისის ომს, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას, სამეგრელოს აწიოკებას, „მხედრიონის“ თარეშს, აფხაზეთის ომს,  2007 წელს, პოლიციის მიერ ხალხის სამაგალითო დასჯას, ტელეკომპანია „იმრდის“ დარბევას, 2008 წელს, საკუთარ სახლში ომის წამოწყებას და მძინარე ცხინვალის მოსახლეობაზე „გრადების“ დაყრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატიმართა ცოცხებით „მოთვინიერებას“, 2011 წლის მაისს, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეთა „ტომარაში“ მოქცევას და მათ მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებას.

ეს არასრული ჩამონათვალი ბევრი ხომ არ არის პატარა ქვეყნისთვის, თანაც დროის მცირე მონაკვეთში?!

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნელი გენოციდიც განახორციელა - 40 წლის ასაკის და ზემოთ, მოსახლეობის სამსახურებიდან დათხოვა, ოჯახების უთეთრო „დიეტაზე“ დასმა, მედიკამენტებზე ფასებისა და სამედიცინო მომსახურების კატასტროფულად გაზრდა, საბოლოო ჯამში დარდისა და ხელომოკლეობისგან, შიმშილისგან ადამიანთა ნაადრევი გასტუმრება საიქიოში.

ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის საძოვრების უცხოელებზე და ნაცთა მხარდამჭერ ბიზნესმენებზე გაყიდვა, მესაქონლეობის, საერთოდ სოფლის მეურნეობის გაპარტახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მრეწველობაზე.

ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს აღორძინებისთვის უცხოეთიდან შემოსული ფული ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო. ყველა პარამეტრით ქვეყანა წარმოუდგენელი სიღარიბის წუმპედ აქცია, ათეულ-ათასობით ჯანღონით სავსე მოქალაქე ლუკმა-პურის საძიებლად უცხოეთს გაისტუმრა. განა აღნიშნული საკმარისი არ არის ხალხის მოძულე ნაცმოძრაობის კანონგარეშედ გამოსაცხადებლად? განა ეს საკმარისი არ არის ნაცთა დიდი ნაწილის გასასამართლებლად?

ვიცით, რომ ამ სამართლიან საქმეში აშშ-ი და მისი მოკავშირეები მხარს არ დაგვიჭერენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ მიერ არის შექმნილი ნაცმოძრაობა, იმიტომ, რომ მიუხედავად არსებული სინამდვილისა, ისინი დღესაც მხარს უჭერენ ნაცებს, იმიტომ, რომ ხშირ შემთხევაში ნაცები მათ დაკვეთას ასრულებდნენ.

ბოროტების ქართულ ბუდესთან ერთად ვაშინგტონურიც  არსებობს. ნიშნად ამისა მრავალი ფაქტი მეტყველებს. ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი. ვინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილის ავანტიურა ამერიკელებს გამოეპარათ? არც არავინ.

ვინ დაიჯერებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში შსს აწამებდა პატიმრებს და ამის ამსახველ კადრებს, აშშ-ს ყურადღების მიღმა, დიდის რუდუნებით ინახავდა? ვინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ თავისი ინიციატივით უსმენდა ყველას და ვაშინგტონმა არ იცოდა?

ვიკი-ლიკსისა (WikiLeaks) და ახლა უკვე სნოუდენის გმირული საქციელის შედეგად, ხომ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები ყველას, მათ შორის საკუთარ მოკავშირეებსაც უსმენდნენ. აშშ-ს სპეცსამსახურები იყვნენ და არიან ჩვენს  აბაზანებში, ტუალეტებში, საძინებელ ოთახებში და ა.შ.

დაუჯერებელია ივანიშვილის გულუბრყვილო ნათქვამი - სააკაშვილმა ყვლა მოატყუაო. სააკაშვილმა კი არ მოატყუა, არამედ აშშ-ა მოატყუებინა სააკაშვილს მთელი მსოფლიო. თუმცა ესეც გადაჭარბებულია, ვინაიდან არც მსოფლიოა ისეთი გულუბრყვილო, რომ თავი მოიტყუოს. მას უბრალოდ სჭირდება ასე. რა გაეწყობა, ჩვენ რომ დემოკრატიული გვგონია, იმ საზოგადოებაშიც ძლიერის და დიდისადმი მონურური მორჩილებაა და რახან ასეა გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ისე კეთილად უნდა შეეხედათ სააკაშვილსთვის, როგორც ვაშინგტონი უყურებდა.

ვაშინგტონი კი არა მარტო პოლიტიკური მოსაზრებით „იხიბლებოდა“ სააკაშვილის პერსონით, არამედ მერკანტილურობითაც. გარდა ამისა რა სჯობს სააკაშვილისთანა ხისთავა ანტირუსს, რუსეთის საზღვართან? გადამთიელის გამო, მხოლოდ ხისთავა დაუპირისპირდებოდა, გადამთიელის სამხედრო სიძლიერის დონის მეზობელს. მხოლოდ ხისთავა და ბოროტი გასწირავდა სამშობლოს ამერიკელთა დავალების შესასრულებლად. თუმცა სააკაშვილის სამშობლო ხომ იქ არის?!

და მიუხედავად იმისა, მოეწონება ეს ვაშინგტონს ან ბრიუსელს, ხელისუფლებამ სააკაშვილის დასასჯელად ჰააგისკენ უნდა გასწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გასწირავს საქართველოს მოსახლეობას, მის მომავალს.

მავანი მეტყვის, აღარ მიგვიღებენ ნატოში და ევროკავშირში. მათი აზრით, ისეთი ქვეყნის მიღება, როგორიც საქართველოა საბოლოოდ გაუფუჭებს ევროპასა და ნატოს იმიჯს.

შემედავებიან - საქართველო რა შუაშიაო.

ჩადენილ დანაშაულებში ყველა ჩვენგანს მიუძღვნის ბრალი - პირდაპირ თუ ირიბად. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის. ასეთ ვითარებაში, რომ სააკაშვილსა და მის ნაცბანდიტებს გაანავარდებ - დანაშაულია. ასეთ ვითარებაში, რომ არჩევნებზე თუნდაც ერთ ხმას მისცემ - დანაშაულია. ასეთ ვითარებაში, რომ დამნაშავე პრეზიდენტისგან ჯილდოს მიიღებ - დანაშაულია.

დიახ! ჩვენ, ყველამ ერთად, ჩავიდინეთ დანაშაული - ჩვენი წაყრუებით, თვალის დახუჭვით, მხარდაჭერით თუ ნაცებთან გვერდით დგომით - საკუთარი კუჭის ამოყორვისთვის.

დიახ! ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული და ამის აღიარების ვაჟკაცობაც არ გვყოფნის, ისე, როგორც ეს გააკეთა გერმანიამ, იაპონიამ. პირიქით, ნაცვლად ამისა დაჩოქილი ვთხოვთ ვიღაც რასმუსენებს - ნატოში მიგვიღეთო და ისინიც დიდაქტიკურად შეგვახსენებენ - 17 მაისის მომწყობებს, ნატოში რა გესაქმებათო. რა გამოდის, თურმე ნატოში შესასვლელად, ავღანეთში სისხლის ღვრის ნაცვლად, უკანალის ქნევა ყოფილა საჭირო. ასეთ ნატოში რა გვესაქმება?!

ბატონო ბიძინა! საზოგადოების აზრი ხშირად იცვლება და რა გასაკვირია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, მითუმეტეს გაყალბებული, დღეს აღარ გამოგვადგეს? ჭეშმარიტების დასადგენათ ახალი რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.

ჩვენ სხვა გზა გვაქვს ასარჩევი - უპირველესად თვითგანწმენის, ფსევდოპატრიოტიზმისგან თავის დაღწევის, ტყუილის, ბოროტების ჩამოშორების, სიკეთის დასადგურების, საკუთარი ცხოვრების თვითშენების, სხვათა მოიმედეობისგან განთავისუფლების, საკუთარი კარ-მიდამოს, ქუჩის, სოფლის, ქალაქის, ქვეყნის პატიოსანი გზით მშენებლობის, ახალი თაობის ვაჟკაცურად აღზრდის და როდესაც ამას გავაკეთებთ, სხვები შეგვეხვეწებიან ჩვენთან კავშირში შემოდითო.

აი ასეთი ცხოვრება უნდა აშენოთ თქვენ და არა ისეთი, რასაც დღეს აშენებთ. პატრიოტიზმით უნდა დამუხტოთ საზოგადოება და არა წამდაუწუმ არასერიოზული ძახილით - წავალ-წავალო. თქვენ რა გგონიათ - უკვე შექმენით ისეთი სტაბილურობა, რომ წყალი არ გაუვა?

წასვლა და კოალიციის დაშლა ერთი იქნება. წასვლა, ბრძოლის ველიდან, გაქცევის ტოლფასია. წასვლა, იმის აღორძინება იქნება, რაც იყო.

სამოქალაქო საზოგადოებიდან კი არა ხელისუფლების მაღალი მწვერვალებიდან ჭირს დაუმორჩილებელი საქართველოს მართვა. მხოლოდ დენ სიაოპინმა შეძლო ქვეყნის შორიდან მართვა. მაგრამ ის ჩინეთი იყო. საქართველო სხვაა - ერთმანეთის გაუტანლობით, ქედმაღლობით, არაერთი ნეგატიური თვისებით „შემკობილი“. მას სხვა ხელი, სხვა მართვა ესაჭიროება.

 

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

ესეც თქვენი „დემოკრატია“!

 

ის, რომ აშშ-ი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა სულ ახლახანს. ის, რომ პირველობა მსოფლიოს ჟანდარმობას გულისხმობს, ესეც დამტკიცდა, სულ ახლახანს. ის, რომ პირველი ქვეყნისთვის არც საერთაშორისო სამართალი არსებობს და არც ადამიანის უფლებების დაცვა, ესეც დამტკიცდა და თანაც ისე თვალნათლივ, როგორც ამერიკის მიერ დემოკრატიისთვის ყასიდი ბრძოლა.

„დემოკრატია“ და „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ ბრძოლა - ეს ის ლოზუნგებია, დიდი ქვეყანა რომ დანარჩენების წინააღმდეგ იყენებს. დიდი და პირველი ქვეყნის ერთპიროვნულ ლიდერობას ნელ-ნელა უდგება წყალი, მაგრამ ვიდრე საბოლოოდ შეუდგემა, არაერთი არასასიამოვნო მოვლენის მხილველი გავხდებით.

ამერიკის ჰეგემონობის წერტილის დასმას ჩინეთი, რუსეთი, სხვა ქვეყნები ცდილობენ. გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ, მაგრამ მიღწეული არ არის საკმარისი აშშ-ს პირველობის შესარყევად.

მსოფლიოს ექსპერტთა მიხედვით, მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ მოახერხებს ჩინეთი აშშ-ს უკან ჩამოტოვებას - ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით. სხვა პარამეტრებით, ამერიკა მაინც შეინარჩუნებს პირველობას, თუმცა არა საბოლოოდ.

ამერიკის პირველობის გარანტორი არა მარტო მონეტარული სისტემა და დოლარის მსოფლიო ბატონობაა, არამედ ეკონომიკურ-საფინანსო მისეული სისტემის დასაცავად არსებული შეიარაღება. ამ ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აქვს სამხედრო ბაზები. მისი სამხედრო ხომალდები დაცურავენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში.

და მიუხედავად აღნიშნულისა, სულ უფრო ინტენსიური ხდება სხვა ქვეყნების წინააღმდეგობა, რაც კარგად გამოიხატა სნოუდენის მიერ შექმნილი კრიზისი შედეგად. აშშ-ს ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომელი, აღშფოთებული ჰეგემონი ქვეყნის საქციელით, ტოვებს სამსახურს და მის ხელთ არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, მსოფლიო საზოგადოების სამსჯელო თემად გამოაქვს.

აშშ-ი ლამობს მის დაჭერას, მაგრამ ვერ ახერხებს, ვინაიდან ჩინეთის სპეციალური ზონა - ჰონ-კონგი ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მოთხოვნას და ნებას რთავს სნოუდენს ჰონ-კონგიდან მოსკოვს გაფრენას. მას შემდეგ სნოუდენი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება.

აშშ-ა მას გაუუქმა პასპორტი და მუქარით მიმართა, როგორც პეკინს, ისე მოსკოვს - თუ ჯაშუშ სნოუდენს არ გადმოგვცემთ, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმითო. მოსკოვმა ცალ ყურში გაატარა აშშ-ს მუქარა, განცხადებით - სნოუდენს არ გადმოგცემთო!

ჯაშუშობაში ჭიპმოჭრილი პირები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ სნოუდენი სულაც არ არის ჯაშუში - ის, უფრო ადამიანის უფლებათა დამცველია - მსოფლიოში სიმართლისთვის მებრძოლი.

ბედნიერია სამყარო, როდესაც ასეთები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათი რიცხვი ძალიან მცირეა. სნოუდენის, ვიკილიკსის (ასანჟის), სხვათა საქციელი, რომელსაც ვაშინგტონი ღალატად და ჯაშუშობად აღიქვამს - გმირობაა, თანაც ისეთი, ბადალი რომ არ ჰყავს მსოფლიოში.

აშშ-ს ხელში მოხვედრის შემთხვევაში ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება. იცოდნენ მათ ამის შესახებ? ცხადია იცოდნენ და, მიუხედავად ამისა, გადადგეს ნაბიჯი, რომელიც გმირობის ტოლფასია. და ეს რომ ასეა, თვით ჩვეულებრივი, რიგითი ამერიკელი აცხადებს, მასთან ერთად აშშ-ს მოკავშირე თუ მოწინააღმდეგე ქვეყნების მოქალაქეები.

ისინი სნოუდენს გმირად აღიარებენ, მაგრამ მეტს ვერ ბედავენ, მაინც ფიქრობენ ამერიკაა და სადღაც, რაღაცაში საქმეს გაგვიფუჭებსო.

იციან ჰეგემონის  „დემოკრატობის“ ამბავი. პუტინი, რომ პუტინია, მანაც ისეთი განცხადება გააკეთა, მწვადს რომ არ წვავს, მაგრამ შამფურს - უდავოდ. „მზად ვართ სნოუდენს მივცეთ პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ იმ პირობით, თუ ის შეწყვეტს ჩვენი პარტნიორი ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებასო“.

პუტინის ნათქვამი ყველას გაუკვირდა, მათ შორის პუტინსაც. სიტყვა „პარტნიორი“, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, ამერიკის მისამართით ნათქვამი, მართლაც გასაკვირი იყო. „როდის აქეთო?“ - იკითხავს მავანი. მაინც, რა მოხდა ლოხ-ერნში პუტინ-ობამას პირისპირ შეხვედრაზე ისეთი, რომ პუტინს ამერიკა პარტნიორად ჩაეთვალა?

რაღაც რომ მოხდა, ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ სიტყვას არ იხმარდა. საკითხში ჩაღრმავება არ ღირს, მითუმეტეს, როდესაც ვერაფერს გავიგებთ. რასაც გავიგებთ კი, ის არის, რომ ცასა და „შერემეტიევოს“ აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში მოქცეული გმირი სნოუდენის სიცოცხლე ჰაერში გამოეკიდა. პუტინის წინადადება მან არ მიიღო და მსოფლიოს 20 სახელმწიფოს მიმართა ანალოგიური თხოვნით. მათაც - გმირი ხარ, მაგრამ თავშესაფარი რომ მოგცეთ, პირადად უნდა მოგვმართოო.

ერთი სიტყვით, საკონსულო ფორმალობებს ფეხი არავინ მოუცვალა, თანაც იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან სნოუდენი ამას ვერ გააკეთებს. საკმარისი იქნება მისი სხვა ქვეყანაში გაფრენა და ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ძალის გამოყენება.

მართალია ობამამ, ისიც თქვა სნოუდენის გულისთვის თვითმფრინავის დასმას არ ვაპირებო, მაგრამ ჯერა ვინმეს ამ დაპირების? ვისაც სჯეროდა, იმასაც აღარ სჯერა, ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესის თავგადასავალის შემდეგ. მოსკოვში, კონფერენციაზე მყოფმა მორალესმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მიიღოს სნოუდენი.

სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც გზად სამშობლოსკენ, პრეზიდენტის თვითმფრინავს საჰაერო დერეფანი დაუხურეს საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ. თვითმფრინავს კანარის კუნძულებზე უნდა შეევსო საწვავი. აღნიშნული ქვეყნების მოთხოვნა იყო მტკიცე და მარტივი, თუმცა ყველა საერთაშორისო ნორმით მიუღებელი - დაფრენის უფლებას მოგცემთ, თუ თვითმფრინავს შეგვამოწმებინებთო.

სნოუდენს ეძებდნენ. მორალესი იძულებული შეიქმნა ვენაში დამჯდარიყო. 13 საათი აყურყუტეს ბოლივიის პრეზიდენტი ვენის აეროპორტში. მასთან ავსტრიის პრეზიდენტიც მივიდა, თხოვნით - თვითმფრინავის შემოწმება.

სნოუდენს ეძებდნენ. მისი აღმოჩენის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ვენამაც დაივიწყა „დიპლომატიური ურთიერთობების“ შესახებ 1961 წლის ვენის კონვენცია, რომლის მიხედვით, სხვა ქვეყნის პრეზიდენტის სატრანსპორტო საშუალება ხელშეუხებელია, მასში შესვლა, შემოწმება და ა.შ. - დანაშაულია.

„ვენის 1961 წლის კონვენცია“ -  დიპლომატიის ბიბლიაა. მისი ხელყოფა არც ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს ეკადრებათ და ცხადია, არც აშშ-ს, რომელმაც უბრძანა მათ ასე მოქცეულიყვნენ. ობამამ - აკი „არ დავსვამ თვითმფრინავს ერთი ჰაკერის გულისთვისო“?!

დაასმევინა! და თანაც ვისი? - ბოლივიის პრეზიდენტის. ამ ამბავმა აღშფოთება გამოიწვია ლათინურ ამერიკაში, სხვაგანაც, მაგრამ მერე რა? ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. აშშ-ს სხვისი აზრი, საერთაშორისო სამართალი ფეხებზე ჰკიდია. ეს, რომ ასე არ იყოს, მსოფლიოში აღარ ექნებოდა ადგილი იმ საშინელებებს, რომლებიც აშშ-ი იღებს სათავეს და რომელთა ძალიან პატარა ნაწილი გაასაჯაროა სნოუდენმა.

საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრიის საქციელით ჩანს, „დიდი ბოსისადმი“ მონური მორჩილება, ისეთი, რასაც საბჭოეთის დროსაც არ ჰქონია ადგილი. ესეც თქვენი „დემოკრატია“. მითუმეტეს „ადამიანის უფლებათა დაცვა“!

 

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

                                                                                     აუსრულებელი ოცნება

 

გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი (მაშინ ეს უწყება ათონელის 25-ი „საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრული და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების“ შენობაში იმყოფებოდა. დამოუკიდებლობის წლებში იქ აშშ-ს საელჩო იყო განთავსებული. შენობაში პრემიერ-მინისტრის ოფისიც განთავსდებოდა, სააკაშვილს რომ დასცლოდა. მაგრამ რა გაეწყობა. მისი გაპრემიერების გეგმები 2012 წლის ოქტომბერმა ჩაშალა), ხშირად მოდიოდა ჯან-ღონით სავსე პიროვნება, გიორგი ბიჭიკაშვილი. მოდიოდა და თან მოჰქონდა ახალ-ახალი ლექსები და ზეთის საღებავებში შესრულებული მხატვრული ტილოები.

ბატონი გიორგის პოეზია ერთობ საინტერესო იყო, ისე, როგორც მისი ფერწერა, რამაც განაპირობა მუშა პოეტების კრებულში საპატიო ადგილის დაკავება. მისი ფერწერა კი არაერთხელ გამოიფინა „ცისფერ გალერეაში“ სხვა თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად.

გიორგი, თბილის-ხაშურის ელექტრომატარებლის გამცილებლად მუშაობდა და თავისუფალ დროს პოეზიას, ფერწერას და, რაც მთავარია, საგარეო პოლიტიკას ახმარდა. „პოეზია და ფერწერა - ჩემი „ჰობია“, მაგრამ მე პოლიტიკაში ვმუშაობო“, - ხშირად ამბობდა ის. არადა, როდესაც პოლიტიკაში გადადიოდა, შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ გიორგის საქმე მთლად კარგად ვერ იყო, რომ იტყვიან - უსტვენდა.

იმჟამინდელი საბჭოეთის სერიოზული თავსატეხი იყო ჩინეთთან ურთიერთობის გამოსწორება, რომელსაც სერიოზული ზიანი მიაყენა საბჭოთა ლიდერის, ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა პოლიტიკამ.

გიორგი დღენიადაგ იღვწოდა ორი ქვეყნის ურთიერთობის გამოსწორებისთვის. სამინისტროში ახალ-ახალი პროექტებიც მოჰქონდა განსახილველად და მოსკოვში გადასაგზავნად. მისი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი ფრაგმენტი ასეთი იყო - ბრძოლის ველზე განლაგებული, ცხენებზე ამხედრებული რუსულ-ჩინური არმიები - წინ თავიანთი ლიდერებით - ბრეჟნევითა და მაო-ძედუნით. ორი ლიდერი ცხენებით მიქრიან ერთმანეთისკენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შესაბმელად. და როდესაც მიუახლოვდებიან, ხმლებს იშიშვლებდნენ, მაგრამ ალესილის ნაცვლად, ქარქაშიდან თეთრი ლენტები ამოფრიალდება - ნიშნად ზავისა და მეგობრობისა.

„ჩინეთთან თუ არ დავიწყეთ მოლაპარაკება, ჩვენი საქმე ცუდათ იქნებაო“, - ამბობდა ის და ამატებდა: „წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, ერთ დღეს ჩინელებმა რომ გვითხრან, გბარდებით, თქვენი ვართო, ვინ იქნება მოგებული? მილიარდნახევრიანი ჩინეთის „ჩაბარება“ ოკუპაციის მომასწავებელი იქნებაო?“

ბიჭიკაშვილის გახსენება შემთხვევით არ არის გამოწვეული. ეს უფრო იმ რეალობის ამსახველია, რასაც საქართველოში აქვს ადგილი და რასაც „კოჰაბიტაცია“ ჰქვია. „ოცნებისა“ და „ნაცების“ თანაცხოვრების პროცესი, რომ უხერხული ზიგ-ზაგებით ვითარდება, თვალნათელია. აშშ-ს ერთი მიზანი აქვს - ნაცების შენარჩუნება და მისი მეორე პოლიტიკურ ძალად შექმნა, ცხადია ამ ეტაპზე, ხვალ კი მისი ისევ ხელისუფლებაში ხილვა.

როგორც ჩანს ამ აზრს ივანიშვილის კოალიციაშიც იზიარებენ, გარკვეული კორექტირებით. გაჭიანურებული სასამართლო პროცესებიც ამის დამადასტურებელია. ჩანს, ივანიშვილისთვის მთავარი, თითო-ოროლა ნაცის დასჯაა და არა ნაცების - მრავლობით რიცხვში.

ივანიშვილისთვის უცხოა ნაცისტური პარტიის კანონგარეშედ გამოცხადებაც და მისი დამნაშავე წევრებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობის სამუდამო აკრძალვა. ამ საკითხში მისი მოსაზრება ზედმიწევნით ემთხვევა ოფიციალური ვაშინგტონის მოსაზრებას.

ის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი - ივანიშვილის განცხადებებია ნაცთა მისამართით - მოინანიეთ და ჩვენთან გადმოდითო. და ნაცთა დიდმა უმრავლესობამ არ დააყოვნა, უმალ ფერი იცვალა. ქართველები არ არიან?! ასე და ამრიგად, პირწავარდნილი ნაცები „ოცნებელებად“ იქცნენ და დილიდან-საღამომდე სულ ნაცთა გინებაში არიან - „ესენი ვინ ყოფილანო?“.  ბიძინასაც უხარია - ოცნებელთა გაფართოება. მაგრამ გიორგი ბიჭიკაშილისა არ  იყოს, ნაცების „გაოცნებებას“, თანაც მრავლობით რიცხვში, არ მოჰყვება „ოცნების“ „ნაცური“ ოკუპაცია?!

ბოლო პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვას ნაცთა მომავალთან დაკავშირებით, ივანიშვილმა ბრძანა - ასეთი დაყოფა არ ივარგებს, ყველა ამ ქვეყნის შვილიაო. ივანიშვილის ნათქვამმა მალამოსავით იმოქმედა ნაცებზე, მაგრამ მთლიანად საზოგადოებაზე უარყოფითად. ხალხი ნაცთა დასჯას ელოდება და ეს კი - ერთად იცხოვრეთო - აცხადებს.

მგლისა და კრავის „ერთად ცხოვრება“ მხოლოდ ცირკის არენაზე ხდება და ისიც ერთი ან ორი საათით. ბუნებაში, უნახავს ვინმეს მსგავსი სასწაული?! არც არავის. მაშ, რატომ უნდა იქცეს საქართველო, უხერხული ექსპერიმენტის ზონად? იმიტომ, რომ აშშ-ს ასე სურს?

ჯერ წელიწადიც არ გასულა ივანიშვილის გამარჯვებიდან, მაგრამ ხალხის უკმაყოფილობა სახეზეა. ხალხი ვერ ხედავს წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზაციას, თუმცა იმედსაც არ კარგავს, თანაც გულს იკეთებს - „ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილი ხომ მოგვაშორაო“.

რაც მართალია. სააკაშვილი კი მოგვაშორა, მაგრამ დიდი ხნით?! სააკაშვილი და მისი ნაცები ახალგაზრდები არიან. მათ შეუძლიათ დაცდა, გამოზამთრება, ძალების მოკრება და კვლავ იერიშის მიტანა ხელისუფლებაზე. ამასობაში ხალხსაც ბევრი რამ დაავიწყდება, თუნდაც წამების ამსახველი ვიდეო-კადრები, რომელიც მას არ უნახავს და კვლავ აყვირდება - „მიშა“, „მიშაო“. მიშაც ორ კურცხალს გადმოაგდებს, „გულდათუთქული“ და დაპირდება ხალხს საამურ ცხოვრებას.

დიახ! ეს იქნება, თუ „ოცნება“ „განაცდება“, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აიკრძალება, თუ დამნაშავე სააკაშვილი და სხვები არ დაისჯებიან.

მავანი იტყვის, რა ჰქნას უამრავმა ნაციონალმა ულუკმაპუროდ სული ხომ არ უნდა ამოვხადოთო? არ უნდა ამოვხადოთ, მაგრამ მათ, რომ მთელს საქართველოს ამოხადეს?! გახსოვთ ალბათ, სამსახურში არავის იღებდნენ, თუ ნაცურ რიგებში არ იყვნენ გაწევრებული.

მსგავსი რამ საბჭოთა კავშირშიც არ იყო. იშვიათობას არ წარმოადგენდა უპარტიოთა სხვადასხვა სახის ინსტიტუტისა და დაწესებულების ხელმძღვანელად მუშაობა. პროფესიონალიზმს აქცევდნენ ყურადღებას. თქვენი მონა მორჩილი ისე გადაიყვანეს საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტიდან“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ არავის უკითხავს პარტიის წევრი იყო თუ არა. ნაცთა დროს კი დაუწერელ კანონად იქცა არანაცელის სამსახური.

დღესაც, იგივე მეორდება. სამუშაოს მიღებისთვის მიდიან „ნაცები“ „ოცნებაში“. რა პარტიული შემართება ან სულისკვეთება, მთავარია სამუშაო, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან. ასეთი მენტალიტეტით საქართველოში არასდროს შეიქმნება იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტია. როდესაც „იდეოლოგიად“ კუჭის ამოვსებაა ქცეული, რა პარტიაზეა საუბარი?!

ახალი ხელისუფლების, პირადად ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ ამ მანკიერებასთან ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მხოლოდ პროფესიონალებზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტები და არა პარტიულობასა და ნათესაურ-მეგობრულ კავშირებზე. შედეგად, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთელი მინისტრია, მომღერალი პრეზიდენტობისთვის მებრძოლი და ა.შ. პროფესიონალიზმი არავის ახსოვს. მხედველობაში ნამდვილი პროფესიონალიზმი მაქვს  და არა ისეთი, როგორსაც დღეს მიიჩნევენ.

ცხრა წლის განმავლობაში არაერთი ნაცი გვინახავს სხვადასხვა დარგის მინისტრად. დღეს ისინი არ ჩანან, მაგრამ ხვალ ხომ გამოჩნდებიან, თანაც „მდიდარი“ ავტობიოგრაფიით და იტყვიან მათზე - „პროფესიონალები არიანო“.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა დარგის პროფესიონალია სამგზის ნამინისტრალი შაშკინი, რომელსაც ქართული ელექტრონული მედია ცხვირში ტენის ხალხს - „კოჰაბიტაციის“ დევიზით. ამას წინათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ნამინისტრალი შაშკინი დაბეჯითებით უმტკიცებდა მაყურებელს, რომ 2012 წლის ოქტომბერს, ამომრჩეველთა ერთმა მესამედმა დაუჭირა მხარი „ოცნებას“ - პირადი კეთილდღეობისთვისო. ამ „ბრძნულ“ მოსაზრებას ნამინისტრალმა ნაცთა იდეების ქება მიაყოლა. სადამდე!

რა სჭირს ქართულ მედიას, რომ შაშკინი და მისი მსგავსი გუშინდელი ავაზაკი არ შეტენოს მაყურებელ-მკითხველის ცხვირში? რომ იტყვიან - ციხე ტირის მათზე და ესენი ტელეეკრანებზე ყელყელაობენ. ვის სჭირდება ასეთი განსხვავებული აზრი?! ან რატომ ვუწოდებთ განსხვავებულს, აზრს, რომელიც ნაცთა წყალობით, ცხრა წელიწადი ტრიალებდა ჩვენს თავს?

თუ რომელიმე ჟურნალისტს მოენატრა ისინი, კეთილი ინებოს და პირადი შეხვედრა მოუწყოს - ტელეეკრანისა და საგაზეთო ფურცლის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მცდელობა ნაცმოძრაობისთვის ხელშეწყობად ჩაითვლება. ჟურნალისტთა დათვური სამსახური (შეიძლება შეგნებულიც), მხოლოდ ნაცთა მარადისობას უწყობს ხელს - სამომავლოდ მათ შემობრუნებას.

სენსაციისთვის, გადაცემის შევსებისთვის მსგავსი „ნოვატორობა“ ქვეყნის მომავლისთვის არის დამღუპველი და ეწინააღმდეგება ერის თვითგანწმენდას.

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ივანიშვილის უპირველესი ამოცანა უნდა ყოფილიყო მრავალპარტიული საქართველოს მენტალიტეტის შეცვლა, ცხადია არა ხელოვნურად, ძალისმიერად, როგორაც ის აკეთებს, არამედ საქმიანად, შეგონებით.

თუმცა ძნელია შეაგნებინო უმუშევარ ახალგაზრდას ან სხვა ასაკის ადამიანს, რომ პოლიტიკაში წასვლის ნაცვლად, სჯობს პრაქტიკული საქმის კეთება. ძნელია, ვინაიდან პოლიტიკაში დასაქმების უფრო მეტი შანსია, ვინაიდან სხვა არაფერი მუშაობს - არა ქარხანა, არა საწარმო, არა ბიზნესი და ა.შ. მუშაობს ორი დიდი „ქარხანა“ - პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის სახით. ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის უნდა დაეთმო პრემიერს ძირითადი დრო და არა მოსახლეობის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანისთვის.

და კიდევ ერთი რამ - პარლამენტის უმრავლესობის მოწოდებით დაიწყო ახალი რაუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებისა. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში, ისე, როგორც ყოველთვის, აქტიურობას იჩენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს ამერიკული ორგანიზაცია 2010 წელსაც აქტიურობდა - მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ახალი კონსტიტუცია დააწერინა ერთობ მრავალრიცხოვან საკონსტიტუციო კომისიას, კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. ბევრი „იშრომა“ იმჟამინდელმა კომისიამ და ქვეყანას ახალი კონსტიტუცია შესძინა, რომელიც ძალაში შევა წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.

ახალი კონსტიტუციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანუ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანას, იმპერატორად ან შეიხად მოევლინებოდა, ყატარის მსგავსად, რომლის მმართველმა, ჯანმრთელობის გამო, ქვეყანა შვილს გადააბარა. ეს ის ქვეყანაა, სადაც არც პარლამენტია და არც რაიმე სახის არჩევნები, მაგრამ არის აშშ-ს სამხედრო ბაზა და აშშ-ი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

საქართველოში კი ყველაფერია. არის პარლამენტი, არჩევნებიც, მაგრამ ეს „რიტუალი“ სააკაშვილის ახალი კონსტიტუციით, მხოლოდ სალაღობო იქნებოდა. ჰოდა, ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტა ჯერაც ძალაში არშესული კონსტიტუციის საფუძვლიანი გადაკეთება.

ვინც ამას აპირებს, ისინი მარსიდან არ ჩამოფრენილან. 2010 წელსაც აქ ცხოვრობდნენ და მაშინ საპროტესტო კრინტიც არ დაუძრავთ. ცხადია, არც მიტინგი მოუწყვიათ პარლამენტის წინ.

რა გამოდის, მაშინ მოსწონდათ და დღეს არა?

კონსტიტუცია ხომ დეისაძის „შემოქმედება“ არ არის, ის სხვა სახის „ლიტერატურაა“ - სხვანაირ ყურადღებას რომ მოითხოვს.

თავისუფლების 23-წლიან პერიოდში საქართველოში არაერთხელ შეიცვალა კონსტიტუცია. პირველად 1990 წელს, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად.  მაშინ უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვდა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის შეცვლას და დროის მცირე მონაკვეთში განხორციელდა უაღრესად შრომატევადი საქმე. იმ კონსტიტუციამ 1992 წლის შემოდგომამდე იარსება - ახალი პარლამენტის არჩევამდე.

შევარდნაძეს არ სურდა გამსახურდიას დროს მიღებული მთავარი კანონით მოქმედება. ამდენად მან ახალი მთავარი კანონის შექმნა მოითხოვა. არადა გამსახურდიასდროინდელი კონსტიტუცია ურიგო არ იყო, მაგრამ გამსახურდიას სახელს უკავშირდებოდა, რაც მიუღებელი იყო შევარდნაძისთვის, ისე, როგორც დროშა, ჰიმნი და გერბი. ქვეყნის სიმბოლიკის შესაცვლელად კომისიებიც შეიქმნა, თუმცა უშედეგოდ. ახალმა რევოლუციამ შეუშალა ხელი.  

შევარდნაძის მთავარმა კანონმა 1995 წლის ახალ კონსტიტუციამდე იმოქმედა. მისი მიღების შემდეგ, მიუხედავად ცვლილებებისა, მან ყველაზე მეტხანს გასტანა, თითქმის დღემდე. თუმცა 2010 წელს შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში ა.წ. ნოემბერს შევა.

მომავალი კონსტიტუცია გადაკეთებას მოითხოვს, ვინაიდან სააკაშვილის გავლენითაა დაწერილი. მართალია სააკაშვილი, როგორც პრემიერი აღარ იქნება, მაგრამ ვინც იქნება, კონსტიტუციით გასააკაშვილდება. კონსტიტუცია მოითხოვს შეცვლას, რათა პრემიერი იმპერატორად არ იქცეს. მაგრამ როგორც ავი ხმები ამბობენ, იქ ისეთი პუნქტების დამატებაც იგეგმება, რომლებიც მიუღებელია. მაგალითად, ორმაგი მოქალაქის პრეზიდენტობა, პრემიერობა, მინისტრობა და ა.შ., რაც გვაფიქრებინებს, რომ ყოველივე ივანიშვილისთვის კეთდება. შენც?, სამართლიანობისთვის მებრძოლო?!

როგორც ჩანს, ქართველობა ვერასდროს ეღირსება ნორმალურ კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუციას ჩვენში, გამარჯვებული წერს და წერს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე, ტანზე და ხასიათზე მოირგოს. წერს არა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი პიროვნებისთვის.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, შევარდნაძე არ დაიწუნებდა გამსახურდიას კონსტიტუციას, სააკაშვილი - შევარდნაძის, ხოლო „ოცნება“ - სააკაშვილის.

ასე იქნება მარადჟამს, ვიდრე იქნება ძალაუფლების მოტრფიალე თუნდაც ერთი ქართველი. ყველა ახალმოსული, ახალ კონსტიტუციას დააწერინებს. დამწერიც დაწერს. საზოგადოებაც გაყუჩდება, ვინაიდან ეს საქმე მას არ ანაღვლებს. რაც ანაღვლებს - დასაქმებაა - აუსრულებელი ოცნება.

 

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“

 

მაინც რა მაგრები ვართ ქართველები! განსაკუთრებით ყანწით ხელში ან ჭიქით (რა მნიშვნელობა აქვს), როდესაც სამშობლოს სადღეგრძელოს ვსვამთ - მჭერმეტყველურად, ფეხზე მდგომი. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ! ეს „ჭეშმარიტება“ სიღრმისეულად არის გამჯდარი ყველა ჩვენგანში, თანაც ისე, რომ კორექტირებას ვერ იტანს.

ქართველები შევეჩვიეთ ფსევდოპატრიოტულ რიტორიკას და რაც მთავარია, რიტორიკით მონიჭებულ წუთიერ სიამოვნებას. გადის წუთი, ამ წუთის, სასმელით მიღებული „კაიფი“ და . . . წინ გვიდგება ყოველდღიური დისკომფორტი - თითოეული ქართველის ან საქართველოში მცხოვრების  „კეთილსაქმიანობის“ ნაყოფი.

წინ გვიდგება და მერე როგორ, რა ძალით, თავს რომ დაგაკარგვინებს, პერმანენტულ ნეგატივზე დაგაყენებს. ასეთ დროს, ხსნა ერთია - ქართული სუფრა, ავანსად ნათქვამი - ჩვენს სამშობლოს, ჩვენს წინაპრებს გაუმარ-ჯოს! მეც გეთანხმებით - გაუმარჯოს! მაგრამ ამით გვეშველება რამე?

ძნელი დასაჯერებელია. განვლილი დამოუკიდებელი 23 წელი ამის აშკარა დასტურია! ეს იცის ყველამ, იმანაც, ვინც სადღეგრძელოებს წარმოთქვამს და მწყურვალე ფურივით ყურძნის ნაწურს ეტანება. იმანაც, ვინც ჰიპერტონიის გამო ალკოჰოლს ერიდება, მაგრამ „პატრიოტულ“ სადღეგრძელოებს მთელი სულით და გულით ეტრფის.

ქართული სუფრა, მითუმეტეს ჭარბი, ხანგრძლივი სადღეგრძელოებით - დღეს, დოპინგია - რთული, გაუსაძლისი ყოფიდან, თუნდაც დროებითი ჩამოშორებისთვის. ეს, ერთი „კაიფი“ შემოგვრჩა და ამასაც აუგად ახსენებო! - წყრომით შემეკამათება მკითხველი.

არა, მე ამას ვერ შევბედავ ქართულ სუფრას, რასაც შევბედავ, ისაა - რეალისტები ვიყოთ. მრავალ სადღეგრძელოში ერთი მაინც გამოვურიოთ საქმიანი და მერე ამ საქმიან სადღეგრძელოს ნამდვილი საქმე მოვაყოლოთ. თორემ რა გამოდის? სადღეგრძელო, თავისი „პატრიოტული“ სულისკვეთებით, ცალკე და გასაკეთებელი საქმე, ცალკე?!

არადა, გასაკეთებელი საქმე იმდენია - ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, თუნდაც თითოეული  ჩვენგანი, ყოველდღიურად რომ ვაშავებთ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ჩვენ რომ ყოველდღიურად ვაშავებთ - ის არ დავაშავოთ - ესეც საქმეა, თანაც დიდი.

ერთის წუთით გვერდზე გადავდოთ ხელისუფლება, სისტემა, მათგან გამოწვეული პრობლემები და ნაცვლად იმისა ხელი ვაწმინდოთ მათ, ვიფიქროთ, ჩვენ რა ვაკეთოთ ჩვენით, ჩვენივე თავისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის. ის, რომ სიგარეტის ნამწვავს, მოურიდებლად ქუჩაში არ დააგდებ, ან ყველას დასანახად, ყელამოწმენდილ ნახველს ქუჩას არ მოაფრქვევ - ესეც დიდი საქმეა.

დიდი საქმეების კეთება პატარა საქმიდან იწყება. მაგალითად, ისეთის, დიდი ბიზნესი რომ ჰქვია. როდესაც ინვესტორი, თავში იმას გაივლებს - გაზრდილ-გახარბებულ მრავალწლიან ხეებს გავჩეხავ და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ავაშენებო, ცუდათ არის მისი და ჩვენი საქმე.

საბაზრო ეკონომიკამ, წვიმის შემდეგ, სოკოებივით მოამრავლა მსგავსი ბიზნესმენები - არც ხეს, არც გარემოს და არც ხალხს რომ არაფრად აგდებენ. მთავარია ფული, ჯიბის გასასქელებლად, ხელისუფლების მოსახიბლად (ისიც რა ძნელი მოსახიბლია? ფული მიეცი და საკუთარ მშობლებს გაყიდის). უბედურია ასეთი ბიზნესმენი. დღეს ნაშოვნი მილიონები, ცხადია დიდი საქმეა მისთვის, მაგრამ ხვალ, ხვალ ხომ ცუდად დაუბრუნდება მას?

მავანი მეტყვის, ის და მისი ოჯახი ხვალ აქ არ იცხოვრებს, საზღვარგარეთ წავლენო? გეთანხმებით, მაგრამ რა შუაშია სამშობლოს  ან მომავლის სადღეგრძელო - ესოდენ პათოსით წარმოთქმული ქეიფის დროს?

არის ასეთი სიმღერა - „ტყე შეუნახე შვილებსა. . .“, ნეტავ იციან ამის შესახებ ჩვენმა ბიზნესმენებმა ან ქალაქის მესვეურებმა? ვეჭვობ, იცოდნენ! მოუსმენიათ ალბათ, მაგრამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევით. ან რატომ უნდა მიექციათ, როდესაც ის მათ არ ეხებათ? სხვას ეხება - ასე თვლიან ისინი. და რადგან ასე თვლიან, ცხოვრებაც შესაბამისია - გაუსაძლისობის თვალსაზრისით.

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ასათიანის ქუჩაზე მიწასთან გასწორებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება. ინვესტორმა შეისყიდა ტერიტორია და საცაა საძირკველსაც გაჭრის, თან გადაუვლის ხელოვნურად დარგულ-გახარებულ ხეებს - იმ უბნის ფილტვებს და დასვენების ადგილს.

„ხეებს ხელს არ ვახლებთ - პირიქით, სახლებსაც ავაშენებთ და პარკსაც გავმართავთო“, - უმტკიცებს საპროტესტო მიტინგად ქცეულ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს ინვესტორი. არ დაიჯეროთ! მსგავსი დაპირება უწინაც ყოფილა, მაგრამ დაპირებად დარჩენილა. გაიხსენეთ იპოდრომი. მშენებლობის საპროტესტო გამოსვლებიც გაიხსენეთ. გაიხსენეთ ხიდაშელის „ღრმადპატრიოტული“ სიტყვები არჩევნების წინ. სახლები მშენებლობის დამთავრების პროცესშია, ხიდაშელი კი - პარლამენტში. ორივე კმაყოფილია - ინვესტორიც და პროტესტანტიც, ვინც უკმაყოფილოა იმ რაიონის მოსახლეობაა, მაგრამ მერე რა?

ვერავინ  დამაჯერებს, რომ ამ იდეის მატარებლის მიერ სუფრაზე  წარმოთქმული სამშობლოს სადღეგრძელო იოტისოდენა სინამდვილეს შეიცავს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მერიის თანამშრომლების მიერ სამშობლოს „სიყვარულით“ შესმული სადღეგრძელო, ნამდვილი სიყვარულის გამომხატველი იყოს, ვინაიდან ფსიქიატრიული საავადმყოფოს დანგრევა, მისი სხვადასხვა საავადმყოფოებში დანაწევრებული შეტენა, შემდეგ მოსწორებული ტერიტორიის ინვესტორისთვის მიყიდვა - საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის - „პატრიოტიზმია“. ეს, ბანდიტიზმია და მეტი არაფერი!

თუ რა სჭირდება დღევანდელ საქართველოს - უპირველესად ფსიქიატრიული საავადმყოფოებია. დამოუკიდებლობის 23 წელმა, მათ შორის ნაცთა ცხრაწლიანმა გაუსაძლისმა მმართველობამ, ლამის მთელი ქვეყანა ფსიქიატრიულ პაციენტად აქცია - შენ კი (მერია) ფულის მოხვეჭისთვის, არსებულს ანგრევ - ნაცვლად გარემონტებისა და თანამედროვე პირობების შექმნისა.

გარდა ამისა, რამდენად გამართლებულია, ისედაც მჭიდროდ განაშენიანებულ ზონაში, დამატებით, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა? სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხს მერია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, არადა განაშენიანებულ ზონაში თითოეული ახალი სახლის გაჩენა სერიოზულ პრობლემებს ქმნის კომფორტული გარემოს თვალსაზრისით (ეკოლოგია, ავტომანქანების დასაყენებელი ადგილების არ არსებობა, 1 კვ. მეტრზე ადამიანთა სიმჭიდროვე და სხვა).

ასეთ ზონებში ნებისმიერი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ყველა პარამეტრით უნდა იყოს შესწავლილი, რაც სამწუხაროდ, არც გუშინ და არც დღეს არ კეთდება. რაც კეთდება - გადატვირთული ზონების, ხელოვნური გადატვირთვაა.

მერიის ღორმუცელა მოხელეთა ხელშეწყობით, დამოუკიდებლობის პერიოდში, უამრავ უჭკუო, მავნე პროექტების განხორციელებას ჰქონდა  და აქვს ადგილი. თბილისელთა სამწუხაროდ, შენდება სახლები, რომლებიც არქიტექტურული თვალსაზრისით უაღრესად შორს არის მსოფლიო არქიტექტურისგან.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ - ექსტერიერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერიერზე - მოძველებულია, გარდა ამისა შორს არის ფუნქციონალური დანიშნულებისგან. შენობები არამგრადია, სწრაფად იბზარება და საშიშია მაცხოვრებლებისთვის. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ გვაუწყა ანზორ საკანდელიძემ. ამას წინათ ცნობილმა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა  გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ აღნიშნა: „არქიტექტურის უპირველესი დანიშნულება ისიცაა, რომ იგი სივრცის მაორგანიზებელი იყოს და სივრცის კულტურული ფენომენი გადმოსცეს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ეს კომპონენტი დაცული არ ყოფილა, რიყეზე ჩადენილი დანაშაულით დაწყებული, ბათუმის მთელი რიგი შენობებით დამთავრებული“.

გამოვყოფ რამდენიმე შენობას - მათ შორის იუსტიციის სახლს სანაპიროზე. მისი ინტერიერი, შექმნილი სივრცე არცთუ სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანზე. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებელია საჯარო რეესტრის ერთ შენობაში თავმოყრა და ამით მოქალაქეთათვის პრობლემების შექმნა (ტრანსპორტირება, ავტომანქანის სადგომის ძებნა და სხვა). გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა ამ სამსახურის თბილისის რაიონებში განთავსება. ნაცვლად კომფორტისა, მოსახლეობამ მიიღო დისკომფორტი, ხოლო სანაპირომ გაუთავებელი საცობები.

შენობა, ექსპლუატაციის თვალსაზრისით, ძვირი და მოუხერხებელია. მისი გათბობა-გაცივება ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ხოლო შემინული კედლების წმენდა - პრობლემა.

არანაკლები თავსატეხია ძვირადღირებული, უფუნქციო ხიდი - ჩადგმული ძველ ქალაქში. ის, რომ თანამედროვე არქიტექტურა დომინირებს ძველ უბანში ნარიყალის, მეტეხის, სიონის, სხვა კულტურის ძეგლების თავზე - დანაშაულია.

დანაშაულია გამალებული ტემპით მშენებარე ვეება მილების მსგავსი 2 შენობა, რომელიც თურმე თეატრი უნდა იყოს. დავუშვათ, ყველაფერი კარგია - არქიტექტურაც, შენობისთვის შერჩეული ადგილიც და ა.შ., რა ვუყოთ ბარათაშვილის აღმართს, თეატრში გამართული ღონისძიების დროს? სად გაჩერდება ავტომანქანები? გადაიკეტება თუ არა ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალი?

ეს კითხვები სერიოზული თავსატეხი გახდება. უკვე თავსატეხია გმირთა მოედნის ესტაკადები. ამ პროექტში დიდი ფული ჩაიყარა, მაგრამ მან შვება ვერ მოუტანა სატრანსპორტო სისტემას.

დედამიწის ზურგზე ვერსად ნახავთ ესტაკადას, რომლის გამოყენებისთვის გრძელ რიგში უნდა იდგე. ვერსად ნახავთ ესტაკადას, სადაც ავტომანქანები კუს ნაბიჯით მოძრაობენ. გმირთა მოედნის „შედევრმა“, ნაცვლად მოძრაობის გაიოლებისა, მოძრაობა გააუარესა.

ის, რომ ინვესტორი უდიერად ეპყრობა ქალაქს - ცნობილი ფაქტია, მაგრამ არანაკლებ უდიერად იქცევა ხელისუფლებაც. მისი სულელური გულუხვობით ირანისა და უკრაინის საელჩოებს შიგ ვაკის პარკში მიეცათ საელჩოების აშენების უფლება, რამაც ათასობით დარგულ-გახარებული ხის გაჩეხვა გამოიწვია. უფრო მეტიც, როდესაც მოსახლეობამ ხმა ამოიღო, ქალაქის მერიამ უმალ შეამცირა ვაკის პარკის საზღვრები, აქაოდა ის, რაც შენდება პარკის გარეთ შენდებაო და პარკის ზონაში წამოჭიმა საცხოვრებელი სახლები. რატომ? სხვა ადგილი ვერ გამოინახა?!

იმიტომ, რომ ქართველები ვართ. სუფრისა და „ტრადიციების“ მიმდევარნი, პატრიოტული სადღეგრძელოების მთქმელნი. ასე და ამრიგად განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო მეურნეობა - ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, ვარკეთილის და სამგორის მეურნეობები და ა.შ.

ჩამოთვლილი მაგალითები ზღვაში წვეთია არსებულთან შედარებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ დეფიციტია ერისა და ქვეყნის მოჭირნახულე ქართვეისა. რისი დეფიციტიც არ არის - საქართველოს ბედნიერებაზე მოლაქლაქე ქართველია - ჭიქით ხელში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი