როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა

როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა

სენსაციური გამოდგა მ. სააკაშვილის შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. როგორც ჩანს, ორატორმა მისთვის ჩვეული ლექსიკით და „ბოდი ლენგვიჯით“ ილაპარაკა, რასაც სტუდენტთა აღშფოთება მოჰყვა.

სააკაშვილისგან რას არ ელის ქართული საზოგადოება, მაგრამ უნივერსიტეტი სხვა იყო - „ამაღლებული“, „ფანტაზიებითა“ და ტყუილებით აღსავსე. მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ნიუ-იორკის ქუინსის ქართველ ებრაელთა სალოცავში.  შორეულ და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ი გამოსვლა პრეზიდენტის ამ ქვეყანაში ბოლო ვიზიტის დროს (30 აპრილი) გაიმართა.

ძნელია სიტყვით აღწერო ის, რაც იქ მოხდა, შეაფასო პრეზიდენტის „მჭევრმეტყველება“, „კაზმულსიტყვაობა“, მდიდარი ლექსიკა. ეს უნდა წაიკითხოთ, გაანალიზოთ და თაობებს შეუნახოთ, როგორც შედევრი ანტიაზროვნებისა, ისტორიის უცოდინარობისა, ბუნდოვანი, გაურკვეველი ლექსიკისა, გაუმართავი წინადადებებისა, მშობლიური, დამახინჯებული მეტყველობისა, ახალგაზრდა კაცის სიბნელისა, ტყუილებისა და ა.შ. საქართველომ იცის რა ბედენაა პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი?

სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულებამდე 5 თვეა დარჩნილი. დრო არც ისე ცოტაა, საქართველოს თავის მოსაჭრელად, ქვეყნის ისედაც გაუარესებული სახის, მიწასთან გასასწორებლად.

გამოსვლის წამკითხველს უდავოდ უნდა შერცხვეს, რომ „ორატორი“ ცხრა წლის განმავლობაში მისი „პირველი“ კაცი იყო, ერის სახე, ხალხის რჩეული. უნდა შერცხვეს მხარდაჭერისთვის არჩევნებზე, მისი საქმეების გაზვიადებისთვის, პრეზიდენტის სასარგებლო რიტორიკისთვის, ყველაფერი იმისთვის, რამაც გააძლებინა სააკაშვილსა და მის ნაცებს ქვეყნის თავში ყოფნა, დანაშაულის ჩადენა, ხალხის დამონება, ქვეყნის ძარცვა.

სააკაშვილის ცხრაწლიანმა მმართველობამ მომაკვდინებლად იმოქმედა ქვეყანაზე, რაც მთავარია მის მომავალზე, დააკნინა თითქმის ყველა დარგი. უვიცობა ზენიტში აიყვანა, რახან ყოველივე აღნიშნული მოახერხა გულშემატკივრებიც შეიძინა - მასავით ბრიყვები, გონებაჩლუნგები, მაგრამ ამბიციურები. ამ კატეგორიის ხალხი საშიშია, განსაკუთრებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში.

საშიშია ძველი და ახალი ინტელიგენციის ქცევაც. საკუთარი კუჭისთვის ბრძოლამ, „ჩინ-მენდლების“ გამოდევნებამ, რა არ აკეთებინა მას - სააკაშვილის საამებლად.

არანაკლებ საშიშია საქართველოს „მეგობარი“ დასავლეთის ქვეყნების ქცევაც - მათ ყველაფერი იღონეს სააკაშვილის ავტორიტეტის შექმნისთვის. ასეთის მხარდაჭერა ქვეყნის დაცემის სადარია. იქნებ სწორედ ეს სურდათ ჩვენს „მეგობრებს“?!

სააკაშვილის გამოსვლის ძარღვი ტყუილში იყო. ამ საქმეში მას რომ ბადდალი არ ჰყავს - ჩვენც ვიცით და სხვამაც, მაგრამ ჩვენც და სხვამაც, ნაცვლად მკაცრი რეაგირებისა, ენა მუცლებში ჩავიგდეთ - მაინც პრეზიდენტია და არაფერი გვავნოსო.

ებრაელების წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა აბაშიძის გაკეთებული, საკუთარ თავს მიაწერა და ამაყად განაცხადა, რომ მან სინაგოგაც ააშენა ბათუმში და ისრაელის მთავარი რაბინიც ჩამოიყვანა გახსნაზე.

სინამდვილე სხვას ღაღადებს. ბათუმის სინაგოგა, ერთობ შეუხედავ მდგომარეობაში მყოფი, ასლან აბაშიძემ ფეხზე დააყენა, ფაქტიურად ახლიდან ააშენა და საზეიმო გახსნაზე ისრაელის მთავარი რაბინი, შტეინზალციც მოიწვია. რაბინს თან ახლდა ასკაციანი დელეგაცია. ბათუმის დრამატულ თეატრში ქართველი და ებრაელი ხელოვნების მუშაკების კონცერტიც გაიმართა. ღონისძიება შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს იყო, მაშინ სააკაშვილის შესახებ ცოტა იცოდნენ.

სააკაშვილი იხსენებს რომში ჩატარებული კონფერენციის შემდეგ თელ-ავივის აეროპორტის თავგადასავალს - საკუთარი ფანტაზიით აღსავსეს, მაგრამ რაც მთავარია არ იხსენებს იმას, რასაც იტალიაში საქართველოს საელჩოს მაშინდელი თანამშრომლები - წითელი ნათურებით დამშვენებულ ეროტიკის რაიონს, იქაურ მეძავებთან „საქმიან“ შეხვედრას, მიღებული მომსახურებისათვის ფულის არ გადახდას, პროტესტანტი მეძავების სასტუმროში მივარდნას და სხვა.

რომის კონფერენცია, იტალიაში საქართველოს ელჩის თავართქილაძის დაბეჯითებული მეცადინეობით გაიმართა, თემაზე - კორუფციასთან ბრძოლა. მასპინძელმა მხარემ საქართველოს დელეგაციის წევრები მაღალ დონეზე მიიღო, მაგრამ . . . დელეგაციის ზოგიერთი წევრის შეუფერებელმა საქციელმა აიძულა მასპინძელი, გაეუქმებინა ოფიციალური შეხვედრები, მათ შორის რომის პაპთან.

საკუთარი აღვირახსნილობის დაფარვის მიზნით დელეგაციის წევრმა პარლამენტარებმა  მოწმე (თავართქილაძე) გაწირეს. პარლამენტის სხდომაზე ელჩს, იტალიის მაფიასთან კავშირი დააბრალეს და აიძულეს შევარდნაძე გამოეთხოვა ის იტალიიდან. კახურად რომ იტყვიან - „ვირო მადლიო“.

სააკაშვილისა და დელეგაციის ზოგიერთი წევრის ამურულ საქმეს შეეწირა საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მეცნიერი, რომის უნივერსიტეტის პროფესორი ბეგი თავართქილაძე. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ახალგაზრდა „მოქალაქეები“ მარტო თავართქილაძის გაწირვას არ იკმარებდნენ. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ისინი ბევრ სხვასაც გაწირავდნენ, საიქიოში გაისტუმრებდნენ და რაც მთავარია, გაწირავდნენ ქვეყანას.

ახალგაზრდა „მოქალაქეთა“ საქციელი იმთავითვე ამაზრზენ შთაბეჭდილებას სტოვებდა, ვერ დავინახეთ, უფრო სწორად არ დავინახეთ. „კარგი ახალგაზრდები არიანო“, - ამბობდნენ ძველგაზრდები - კარგი ოჯახის შვილებიო. შედეგიოც შესაბამისი მივიღეთ. ასე იცის დაყვავებამ, დაუმსახურებლად თავზე ხელის გადასმამ. სანამ არ „ჩაგვრეცხეს“, ვერაფერს მივხვდით. როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა.

 

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

ახლო აღმოსავლეთი კვლავ ბობოქრობს

 

ახლო აღმოსავლეთი და სირია, ისე, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრშია. არაბულ ქვეყნებში დაწყებულმა რევოლუციამ, რომ იტყვიან, სირიაში წაიფორხილა. მაგარი გამოდგა სირიის ხელისუფლება. ორი წელია დაბეჯითებით იგერიებს ათასი ჯურის ტერორისტებს. ვინ არ ომობს აქ - „ალ-კაიდა“-დან დაწყებული, სალაფიტებით დამთავრებული. მათ, დასავლეთი მეამბოხეებად ნათლავს - სირიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ გმირებად. დასავლეთი არაფერს იშურებს მათთვის, არც მორალურ მხარდაჭერას, არც ფინანსურ დახმარებას და არც იარაღითა და ტყვია-წამლით მომარაგებას.

მკაცრი და კატეგორიულია დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ-ი სირიის ხელისუფლების მიმართ. ერთ წელიწადზე მეტია აშშ-ის პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ბაშარ ასადი უნდა წავიდეს, ვინაიდან ხალხს ანუ სირიელებს არ სურთ ის, გარდა ამისა, ოფიციალური დამასკო გენოციდს უწყობს საკუთარ მოსახლეობას.

ორწლიანმა სამოქალაქო ომმა ყველას აჩვენა, რომ საქმე ისე არ არის, როგორც ამერიკა ხატავს. სირიელთა უმრავლესობას, რომ ასადის ხელისუფლება არ უნდოდეს, დიდი ხნის წინათ მოიშორებდა, ისე, როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში.

საქმე სხვაშია და უპირველესად იმაში, რომ დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს არ სურს ბაშარ ასადის ხელისუფლება. თუ რატომ არა - ცნობილია. რეგიონში დასავლეთის ჰეგემონიზმს ეღობება ბაშარ ასადის სირია და მასთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ირანი, იორდანიაში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“, პალესტინის „ჰამასი“.

რეგიონში დასავლეთის უკიდგანო ბატონობას ვერ შეეგუება რუსეთი, რომელსაც მრავალწლიანი მეგობრული კავშირები აქვს სირიასთან. რუსეთს ამ საქმეში გულშემატკივარიც ჰყავს ჩინეთის სახით. თუმცა, გარდა მარტივი გულშემატკივრობისა, ჩინეთს საკუთარი მიზნები აქვს ახლო აღმოსავლეთში.

სირიისადმი დამოკიდებულება დასავლეთსა და ისრაელს შორის იდენტურია. ისრაელი, თავის გადარჩენის მოტივით, დროდადრო თავს ესხმის სირიის სამხედრო ობიექტებს. მსგავსს ჰქონდა ადგილი ამასწინათ, როდესაც ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა დამასკოსთან ახლოს მდებარე ობიექტზე. მძლავრი აფეთქების ხმა დედაქალაქს აზანზარებდა. „ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვასო“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ.

თავდასხმა განპირობებული იყო სირიის მიერ „ჰესბოლასთვის“ იარაღის გადაცემის შეჩერებით, თითქოს ეს იარაღი იმ სამხედრო ობიექტზე იყო, რომელიც ისრაელმა დაბომბა. თავდასხმიდან ორი დღით ადრე „ჰესბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არც „ჰესბოლა“ და არც ირანი არ დაუშვებენ სირიაში ამერიკა-ისრაელის პარპაშს, რომ ირანიც და „ჰესბოლაც“ იბრძოლებენ მეგობარი სირიის ხელისუფლების გადასარჩენად.

ისრაელის თავდასხმამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მოსკოვში, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. საუბრიდან, რამდენიმე დღეში, მოსკოვში იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა სირია იყო.

მხარეები შეთანხმდნენ სირიასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას. კონფერენცია მალე გაიმართება. მაგრამ რას მოიტანს, არავინ იცის, ვინაიდან დასავლეთი მზად არ არის განიხილოს სირიის საკითხი დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად, გარდა ამისა აშშ-ი ყველაფერს აკეთებს სირიის ხელისუფლების დასადანაშაულებლად. რახანია ვაშინგტონი აცხადებს, რომ თუ სირიის ხელისუფლება გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, მაშინ აშშ-ი სხვაგვარად იმოქმედებს. მუქარა როგორც ჩანს სამხედრო ჩარევას ნიშნავს.

სირიაში შეჭრის საბაბი ვერა და ვერ გამოიძებნა. რა გზა არ სცადა დასავლეთმა, მაგრამ შეჭრის საფუძველს ვერ მიაგნო. ქიმიური იარაღის გამოყენება - სერიოზული ბრალდებაა, თანაც სირიაში შეჭრის საბაბადაც გამოდგება. ამიტომაც ატეხა ხმაური ვაშინგტონმა - „ჩვენ ვიცით, სირიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი“, - ამბობენ ამერიკელი მაღალჩინოსნები. არადა სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს გაეროს სპეციალური კომისიის წარმომადგენელი ქალბატონი კარლა დელ პონტე: - „სირიის მეამბოხეებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი და ხელისუფლებას დააბრალესო“. 

ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების „უტყუარ“ ფაქტზე ლაპარაკობს ბაშარ ასადის მტერი  თურქეთიც. მის განცხადებას უმალ მოჰყვა სასაზღვრო თურქულ ქალაქ რეიჰანის აფეთქება, რომელმაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თურქეთის პრემიერმა ტერორისტულ აქტში უმალ დასდო ბრალი ბაშარ ასადს.

ისრაელისა და თურქეთის მოქმედება მოწმობს სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებას და არა მარტო სირიის. როგორც ჩანს დასავლეთი სერიოზულად ემზადება სირიის შემდეგ ირანის დასასჯელად, რაც გამოჩნდა კიდევაც აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჰეიგელის ისრაელში ვიზიტის დროს.

კოლეგა მინისტრთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აშშ-ი თანხმაა ისრაელმა, აშშ-ს გაუფრთხილებლად, მიიტანოს იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მანამდე, ისრაელს, ვაშინგტონის გაფრთხილების გარეშე, იერიშის სხვაზე მიტანა ეკრძალებოდა. ფაქტიც სახეზეა - მოლაპარაკების შემდეგ ისრაელმა აშშ-ს გაუფრთხილებლად დაბომბა სირიის სამხედრო ობიექტი.

ჰეიგელმა განაცხადა, რომ აშშ-ი მიჰყიდის ისრაელს 3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს, მათ შორის თვითმფრინავ-ტანკერს, რომელსაც შეუძლია ჰაერში შეავსოს გამანადგურებელი თვითმფრინავების ავზები. ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშის მიტანას ისიც აფერხებდა, რომ ისრაელის გამანადგურებლებს საწვავი არ ჰყოფნიდათ სადამსჯელო ფრენისთვის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ირანი ემუქრება არა მარტო ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომ ირანი აიარაღებს „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“, ეხმარება სირიის რეჟიმს, არის დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი ერაყში, ავღანეთში, სუდანში, იემენში.

აშშ-ი არა მარტო ისრაელს მიაწვდის იარაღს, არამედ ირანის მოწინააღმდეგე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - სულ 10 მილიარდი დოლარის საფასურის.

ისრაელისთვის მიწოდებული იარაღის ასორტიმენტი თავისთავად მეტყველებს ერთზე, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტი შორს არ არის - ასე ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები. რუსი ექსპერტი სატანოვსკი აცხადებს, რომ ისრაელში ვიზიტის დროს ბარაკ ობამამ სთხოვა ნეთანიაჰუს სამი თვის განმავლობაში არ დაბომბოს ირანის ბირთვული ობიექტები. ეს ვადა ივნისის ბოლოს გადის. როგორც ჩანს, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებიან.

ისრაელის მიერ ირანის დაბომბვას მიესალმებიან საუდის არაბეთი და ყატარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისრაელის მტრებად ითვლებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სულაც არ სურთ ბირთვულბომბიანი ირანი.

საყურადღებოა აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომლის მიხედვით, ისრაელ-ირანის ომის შემთხვევაში აშშ-ა ისრაელის მხარეზე უნდა იომოს.

რეგიონში აშშ-ის მტკიცე დასაყრდენად კვლავაც ისრაელი და თურქეთია. ობამას ადმინისტრაციის ამოცანა არის იმაში, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა განელდეს. ობამამ ნაწილობრივ მიაღწია ამას. მისი ვიზიტის დროს გაიმართა ნეთანიაჰუ-ერდოღანის სატელეფონო საუბარი. ისრაელმა აღიარა შეცდომა.

რაც შეეხება ირანს, ის მზად არის მიიღოს გამოწვევა, მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებისა. პრეზიდენტობის სურვილი 400 კაცმა გამოთქვა. შერჩევის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე დარჩება. მათ შორის ისეთი ცნობილი სახეცაა, როგორიც ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანია. არის აგრეთვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ველაიათი, ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მაშაი და სხვები. მაშაის დღევანდელი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი უჭერს მხარს, რომელიც აცხადებს, რომ მაშაი იგივე აჰმადინეჟადია.

ივნისის ბოლოს ირანს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ვის აირჩევს ირანის ამომრჩეველი, ვის მიანიჭებს უპირატესობას - ახლო აღმოსავლეთისთვის, საერთოდ მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

 

  ჰამლეტ ჭიპაშვილი