რით იყო გამორჩეული გასული წელი

რით იყო გამორჩეული გასული წელი

2012 წლის დასაწყისში ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ დამდეგი წელი ესოდენ წარმატებული იქნებოდა მაშინდელი ოპოზიციისათვის და რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის.

მართალია, პოლიტიკურ არენაზე ბრძოლის გაჩაღების მსურველი, ბიძინა ივანიშვილი უკვე დგამდა პირველ ოპოზიციურ ნაბიჯს, მაგრამ ცოტას თუ სჯეროდა ამ ნაბიჯის წარმატებით დასრულების.

ცხადია, იყო ფართო საზოგადოების მხრიდან ნდობაც, რის საფუძვლად მილიარდერის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობას მოიხსენიებდნენ, მაგრამ იყო ხელისუფლების უძლეველობის ფაქტორიც - განმტკიცებული დასავლელთა მხრიდან.

პოლიტიკური ჭიდილი, უფრო სწორად ომი წესების გარეშე, წლის დასაწყისიდანვე დაიწყო და 10 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა - გააერთიანა რა პოლიტიკური პარტიები კოალიციაში. მან შეძლო ქვეყნის ელექტორატის დიდი ნაწილის კოალიციისადმი დადებითად განწყობა, რაც საწინდარი გახდა პირველი ოქტომბრის გამარჯვების. ივანიშვილმა შეძლო ძლიერი, მზაკვარი, სახიფათო მოწინააღმდეგის ბეჭებზე დადება.

მას შემდეგ სამი თვე გავიდა - მოლოდინებით აღსავსე და ოცნებათა ასრულების დასაწყისის სამი თვე. ცხოვრებამ სხვა დინამიზმი, მანამდე ჩამქრალი, შეიძინა. საზოგადოებამ იგრძნო, რომ მას რაღაც შეუძლია - თუნდაც ის, რომ უშიშრად ჩაუშვას ბიულეტენი ყუთში. საზოგადოებამ თავი დაარწმუნა უსტიმულატორო გამარჯვებაში. არადა ივანიშვილის მასტიმულირებელი ფაქტორის გარეშე წარმატება საეჭვო იქნებოდა.

გამარჯვების ეიფორიაში მყოფ ხალხს ჯერაც ვერ გაუაზრებია, რა მოხდა პირველ ოქტომბერს. გაივლის დრო და თუნდაც ზედაპირული ანალიზით დარწმუნდება იმაში, რომ 2012 წლის მოვლენა უდიდესი მნიშვნელობისაა ერის ისტორიაში. რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბჭოთა სისტემიდან დამოუკიდებლობაზე გადასვლა, ვინაიდან საბჭოთა სისტემა არ დამუქრებია ერს განადგურებით.

პირველმა ოქტომბერმა შეაჩერა (ჯერ-ჯერობით მხოლოდ შეაჩერა) ცხრა წლის წინათ, ნაცთა მიერ დაწყებული ერის დაკნინების გეგმა - ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის სისტემების, მეცნიერების, დემოგრაფიული პროცესის განადგურების სახით.

ცხრა წლის განმავლობაში მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრებმა ხალხმა თავისუფლების ჰაერი ჩაისუნთქა. მსგავსი შეგრძნება მას საბჭოეთის დაშლის დროსაც არ ჰქონია. ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ დამოუკიდებლობის წლებში იგრძნო ერმა საკუთარი დაბეჩავების საფრთხე, საკუთარი მეორეხარისხოვნობა, საკუთარ ქვეყანაში უცხოელთა პრიორიტეტულობა, საკუთარი ენის მიწასთან გასწორება და ინგლისურის მშობლიურად გამოცხადება, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ უძლიებ შვილთა და გადამთიელთა მხრიდან ბატონ-ყმური დამოკიდებულება.

პირველი ოქტომბერი არ არის რიგითი გამარჯვება, ისეთი, ევროპის ქვეყნებში, ოპოზიცია რომ სისტემატურად იმკის. პირველი ოქტომბერი არც დემოკრატიის იმ საზომით იზომება, დასავლეთი რომ ზომავს. პირველი ოქტომბერი ერის გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო გაბრძოლებაა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე დასავლელთა მიერ შეფასებული „დემოკრატიული არჩევნები“.

პირველი ოქტომბერი უსისხლო, საარჩევნო რევოლუციადაც შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან მან შეძლო ხალხის საძულველი მმართველობის ჩამოშორება, თუმცა სრულ ჩამოშორებამდე გასაკეთებელი ბევრია.

და რახან ხალხის მიერ განხორციელებული მოქმედება რევოლუცურის სადარია, ხალხიც ითხოვს ყოფილთა მიმართ სწრაფ სადამსჯელო მოქმედებას. ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი უკუღმართობის უმალ გამოსწორებას, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ახალი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ანუ ყოველივე იმას, რისი გაკეთებაც გაცილებით იოლი იქნებოდა ნამდვილი რევოლუციის შემთხვევაში.

მაგრამ ნამდვილი რევოლუცია არ მომხდარა, ის, რაც მოხდა ჩანაცვლებაა - ძველის, ახლით, რაც არ იძლევა სწრაფი ქმედების, მითუმეტეს ყველა დამნაშავის დასჯის შანსს. არადა გამარჯვებულ ხალხს სწორედაც „სამართლის მიერ პურის ჭამის“ სურვილი აქვს. შეძლებს ხელისუფლება საზოგადოების შეკვეთის შესრულებას - ძნელი გამოსაცნობია, ვინაიდან ახლებშიც უხვად არიან ე.წ. ლიბერალები, ნაცებთან „ნაღვაწნი“, ათასი ჯურის „პოლიტიკოსნი“, საზოგადოზე მაღლა, საკუთრის დამყენებელნი. ისე, როგორც ძველებში, ახლებშიც ჭარბობს დაბალი პროფესიონალიზმი, ისტორიული დაავადება - „ეს იმის შვილია“, ნათესაობა.

ახლებში არც დაუფიქრებელი ზეპირაზროვნებაა უცხო. პოლიტიკაში პირიდან ამოსული სიტყვა, მითუმეტეს წინადადება - არასწორად დაწყობილი, არასასიამოვნო მსჯელობის საგნად იქცევა, რასაც ქვეყნებს შორის მინიმუმ უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს. „რომელიღაც ეტაპზე ეს პროცესი შეიძლება არ იყოს ჩვენთვის ხელსაყრელი და მას მოწესრიგება სჭირდება. . . შესაძლებელია საკითხები ამ თემაზე დავსვა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს“, - განაცხადა ივანიშვილმა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

არავინ უწყის, როგორ ილაპარაკეს ამ თემაზე ივანიშვილ-ალიევმა ან იყო თუ არა ივანიშვილი ისეთი კატეგორიული, როგორც ბაქოში გამგზავრებამდე. ვერც გაზის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მივიღეთ ნათელი პასუხი, გარდა იმისა, რომ თურმე - აზერბაიჯანი მსოფლიო ფასებზე გაცილებით დაბალ ფასებში გვაწვდის გაზს. ერთი რამ, რაც ითქვა, ის არის, რომ გაზზე ფასების შესამცირებლად ქვეყნის შიგნით უნდა გამოიძებნოს რესურსები.

ღირდა ამ მარტივი ჭეშმარიტების დასადგენად ერთობ სოლიდური დელეგაციით აზერბაიჯანს სტუმრობა? როგორც ჩანს ძველივით, ახალსაც „ნაყვარება“ მრავალრიცხოვანი დელეგაციით ვოიაჟი, შემდეგ, ვიზიტის ისტორიულად „გაფორმება“. „ასეთი დახვედრა, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს მინახავსო“, - ბრძანა ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი მიხედვით, ვიზიტის მთავარი „მარილი“ პროტოკოლში ყოფილა. შედეგი?

როგორც იქნა მთავრობა, დიდი ჭმუნვის შემდეგ, მიხვდა, რომ ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება მხოლოდ მასზე და არა სხვაზეა დამოკიდებული. მან რაღაც უნდა მოიკლოს, დიახ, უნდა მოიკლოს და წინასაარჩევნო დაპირება უნდა შეასრულოს. შეუსრულებლობას უდავოდ მოჰყვება უკმაყოფილება, ისეთი, როგორსაც ერთი ქალბატონი ბრძანებდა ერთ-ერთ რადიოეთერში - „დაპირებას თუ არ შეასრულებს ქუჩაში გამოვალთო“. გამოვლენ! შიშგადალახული ხალხისთვის რა პრობლემაა ქუჩაში გამოსვლა?!

რკინის გული და გამბედაობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას მის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის მოგვარებისთვის, ნაცთა მიერ ჩაოხრებული საქმის გამოსწორებისთვის. ბარიერი მაღალია, ჭირს მისი სწრაფი დაძლევა, თან ნახევარხელისუფლებიანობაც თავისებური წინაღობაა.

„ქართველთა დიდი პრობლემაა ის, რომ მათ არ შეუძლიათ გაიყონ ხელისუფლება და წავიდნენ კომპრომისზე. ის ვინც უფრო ძლიერია ღებულობს ყველაფერს, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში“, - წერს თბილისში მომუშავე ფრანგი მეწარმე ლუდოვიკ ჟირო.

ამ სიტყვების ავტორი დასავლურად უდგება ქართულ რეალობას, მაგრამ საქართველო დასავლეთი არ არის. ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ „ევროატლანტიკური“ სიტყვის ხშირი ხმარება გადააქცევს ლამის ფეოდალურ ქვეყანას საფრანგეთად? ისე, კაცმა რომ თქვას, ფრანგები რომ ყოფილიყვნენ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილის ადგილას, სხვაგვარად მოიქცეოდნენ?, თავზე ხელს გადაუსვამდნენ კორუმპირებულ, დამნაშავე გუშინდელებს? საფრანგეთის გუშინდელი პრეზიდენტის, სარკოზის მრავალსაათიანი დაკითხვა ხომ საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილსა და მის კოალიციას არჩევნებში გამარჯვებაზე მეტად, გამარჯვების შემდგომ პერიოდში უჭირს. ძნელია, როდესაც სრულ ძალაუფლებას არ ფლობ. ძნელია, როდესაც ჩასაფრებული მოწინააღმდეგენი მისხალ-მისხალ გიზომავენ საქმეს. ძნელია, როდესაც დამნაშავე გუშინდელები ნიშნის მოგებით აცხადებენ - ხომ ხედავთ, რა მართლები ვყოფილვართო.

რა გაეწყობა, ასეთია დემოკრატიული არჩევნები. მაგრამ დემოკრატიული არჩევნები დემოკრატიულ, ნაკლებად კორუმპირებულ,  კანონისადმი მორჩილ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რისგანაც საქართველო  ისე შორს არის, როგორც მარსი დედამიწიდან. ევროპული დემოკრატიული არჩევნები შესაბამის დემოკრატიულ გარემოში ტარდება, არა ისეთში, როგორიც საქართველოშია.

გასულ წელს ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ცვლა საყოველთაო დაუმორჩილებლობით, მასშტაბური გამოსვლებით, ლამის რევოლუციით უნდა მომხდარიყო. მაშინ მათ წარმოუდგენლად მიაჩნდათ არჩევნებით ხელისუფლების დამარცხება. აქედან გამომდინარე ისინი ვერც იმას იფიქრებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საჭირო გახდებოდა ახალი გამარჯვება ხელისუფლებაში შემორჩენილი გუშინდელების დასამარცხებლად.

არჩევნების შედეგით ნირწამხდარმა დასავლეთმა არა მარტო დემოკრატიულად მონათლა პირველი ოქტომბრის არჩევნები, არამედ საკუთარი „პროექტის - სააკაშვილის“ დასაცავად ლამის ჯვაროსნული ომი გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას. „მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ახალ ხელისუფლებაში, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული მინისტრები, გუბერნატორები, დეპუტატები განიცდიან დევნას. მათ აპატიმრებენ, აშინებენ ფიზიკრი ზემოქმედების ზომებით. თავად სააკაშვილზე, რომელსაც დიდ პატივს სცემენ ვაშინგტონში და ევროპაში, ზემოქმედებას ახდენენ იმისათვის, რომ გადადგეს“, - წერს  „Le Temps“-სი და აღნიშნავს, რომ ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება, დემოკრატიიდან გადახვევა, მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება.

ამაზე უარესი რა დაიწერებოდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობით ხელისუფლების დამხობის შემდეგ?

რა მაგნიტი აქვს ამ მოსკოვს 20 წლის გავლის შემდეგ, ესოდენ ძლიერად რომ იზიდავს საქართველოს?

პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლებისთვის, საკუთარი ხალხის პირობების გასაუმჯობესებლად, საკუთარი, რის ვაი-ვაგლახით მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასასაღებად, ქართული სოფლისთვის სტიმულის მისაცემად, ქართული ეკონომიკის ასაღორძინებლად სწორედ რომ რუსეთია საჭირო. ქართულ ეკონომიკას, ისე, როგორც პოლიტიკას რუსულ „ბაზარზე“ დაბრუნების არ უნდა ეშინოდეს, ისე, როგორც ამის არ ეშინიათ დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს. იმაზე მეტი რაღა უნდა ჩაგვყლაპოს რუსეთმა, რაც ჩვენ თვითონ არ ჩავეყლაპეთ?

ახალმა რუსეთმა ვერავინ ჩაყლაპა, ჩვენს გარდა.  რომ არა ჩვენი ინიციატივა, ესეც არ იქნებოდა. რუსეთმა ვერც ის მოახერხა, რომ დსთ-ელებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ. რუსულ პოლიტიკურ არენაზე თამაში იოლი არ არის, მაგრამ ხომ ახერხებენ ამას დსთ-ს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკოსები? ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ლოგიკის მიხედვით გამოდის, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე სუსტი პოლიტიკოსები ჩვენ გვყოლია.

გასული წელი დასამახსოვრებელი იყო ევროატლანტიკური სივრცის მხრიდან ნაცთათვის უკიდეგანო მხარდაჭერით. არ გაუმართლდათ, თუმცა იხტიბარს არ იტეხენ - რაც მოხდა, დემოკრატიაც ეს არისო და ამ „დემოკრატიის“ მთავარ შემოქმედ სააკაშვილს ცხვირში გვტენის, როგორც ვირს პიტნას - დაყნოსეთ და დატკბით სააკაშვილის „დემოკრატიული შემოქმედებითო“.

და კიდევ ერთი რამ - ყბადაღებული რუსული „ორბიტა“.

საქართველოსთვის  უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის გონივრულ გამოყენებას. საქართველო ენერგომატარებლებით ან სხვა წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა არ არის. რაც მას აბადია - გზაჯვარედინია. გაუჭირდებოდა აზერბაიჯანს ენერგოპროექტების განხორციელება საქართველოს სატრანზიტო გზის გარეშე. ამდენად, სულაც არ არის გასაკვირი ან დასამადლებელი აზერბაიჯანის მხრიდან ნაკლებ ფასად გაზის მოყიდვა, არც მშენებარე რკინიგზაა სამადლო.

გარდა ამისა, რატომ არის თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა სასწაული და რატომ არ არის სასწაული რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენა? აფხაზეთთან შემაერთებელი მოკლე ზოლის აღდგენა გაცილებით იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ახლის მშენებლობა. ეს რკინიგზა საქართველოს და მასთან ერთად ამიერკავკასიას დააკავშირებდა რუსეთთან, უკრაინასთან, დსთ-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, ევროპასთან, გარდა ამისა - სამხრეთით - ირანთან, სპარსეთის ყურესთან. პერსპექტივა გაცილებით დიდია, ყოველ შემთხვევაში იმაზე ნაკლები არა, რაც მშენებარის შემთხვევაში.

მშენებარე რკინიგზის პროექტის განხორციელების დასაწყისში სააკაშვილმა ბრძანა - ქართველებს შანსი ეძლევათ ევროპაში მატარებლით ჩასვლისო. კეთილი, მაგრამ ეს შანსი ისედაც გვქონდა და ვიყენებდით საბჭოეთის დროს, როდესაც უნგენის, ჩოპის, სხვა სასაზღვრო პუნქტების გავლით მივემგზავრებოდით ევროპაში. რამდენ ქართველ ტურისტს უმოგზაურია ამ გზით.

გარდა ამისა რახანია არსებობს ირან-რუსეთ-ცენტრალური აზიის ე.წ. სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო ხაზი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტვირთებს, სპარსეთის ყურისა და ირან-რუსეთის გავლით ეზიდება ევროპაში.

რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფალთათვის, ისე, როგორც სამხრეთ რკინიგზის ამოქმედება. ცხადია, დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი აღნიშნული გეგმის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, მაგრამ, როდესაც მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, გულისწყრომა პოლიტიკური დიალოგით უნდა მოილბოს.

გასული წელი ევროატლანტიკურ კურსზე გაუთავებელი ლაპარაკის წლადაც შეიძლება ჩაითვალოს - ერთობ შემაწუხებლის საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც ჩანს არც წელს ვიქნებით დაზღვეული ამდაგვარი ლაყბობისგან. ლაყბობა ჰქვია თითქმის ოცწლიან გაუთავებელ და უშედეგო ქაქანს. ბრიუსელი არც შიგნით გვიშვებს და არც უარს გვეუბნება იმის შიშით - განაწყენებულებმა რუსეთის ორბიტას არ მივაშუროთ. არადა ნატოში შესვლა, ნატოს  მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც ჩანს აქ სხვაშია საქმე - აკვიატებულ იდეაში, ჩვენ ისეთი უნიკალურები ვართ, ნატოში შესვლას მაშინაც დავიჟინებთ, როდესაც ეს ორგანიზაცია აღარ იქნება. ჩვენ ისეთი „მაგრები“ ვართ, რომ ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გამოსვლის შემდეგაც, გავაგრძელებთ იქ ყოფნას - ტერორიზმისგან მსოფლიოს გადასარჩენად.

დადგა ახალი წელი - 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოპოვებული უნიკალური გამარჯვების განმტკიცების წელი. დიახ! განმტკიცების, რამეთუ მოპოვებულ გამარჯვებას უდავოდ ესაჭიროება განმტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩასაფრებული ნაცები ყველაფერს იღონებენ ვითარების სათავისოდ შესაცვლელად.

 

სამაგალითო ჩინეთი

 

გასულ წელს, მსოფლიოში არაერთ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი, რომელიც, უდავოდ, პოვებს ასახვას კაცობრიობის ისტორიაზე. რევოლუციური ქარტეხილბი არაბულ სამყაროში, ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია, სამყაროს სავარაუდო წარღვნის მოლოდინი, მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმეს, ვინაიდან, ჩემის აზრით, მათ ექნებათ უდიდესი გავლენა თანამედროვე მსოფლიოზე. უპირველესად, აღვნიშნავ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის შემობრუნებას. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მოქმედ მსოფლიო პოლიტიკოსთა შორის პუტინი ყველაზე გამოცდილია. მას ძლიერად და გავლენიანად მოიხსენიებენ დასავლეთში. ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ კი პუტინს, სიძლიერის და გავლენიანობის გამო პოლიტიკოსთა შორის მეორე ნომრად ასახელებს. და როდესაც პირველ ნომრად არავინ სახელდება, მეორე კაცობა, პირველის სადარია. ჟურნალის მიხედვით, საკუთარი პრეზიდენტი ობამა, გერმანიის კანცლერი მერკელი, სხვა ცნობილი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან რუსეთის პრეზიდენტს.

პუტინის სახელი ნეგატიურად ჟღერს საქართველოში არა მარტო ტერიტორიების ოკუპაციის გამო - მანამდეც არ წყალობდნენ ამ პოლიტიკოსს ქართველი კოლეგები და მათზე აყოლილი მედია. ზოგს მისი სიმკვეთრე არ მოსწონდა, ზოგს - სიგრძე, ზოგს - კიდევ რა. ბევრი თვლიდა და თვლის, რომ პუტინი „ისტორიულად“ არის განაწყენებული საქართველოზე და „განაწყენების“ ერთ-ერთ მიზეზად კასპში ცუდად მცხოვრებ პუტინის „დედასაც“ ასახელებენ. პუტინის „დედის“ კასპში ცხოვრება, რაღაცით წააგავს ადოლფის იმერელი ცოლის „ისტორიას“ - გამონათქვამით - „ამას გაფიცებ (ქალი ჰიტლერისგან დაორსულებულ მუცელზე ისვამს ხელს) ადოლფ - ფერო არ დაბომბოო“.

წვერებიან ანეკდოტში, ანეკდოტზე მაღალი ცნებაა ჩადებული ანუ ის, რომ ქართველობა ყველაფერში ეძებდა (დღესაც ეძებს) „საკუთარის“ უნიკალურობას, საკუთარი გენიალურობის ფესვებს. როგორც ამბობენ, მსგავსი სურვილ-ოცნებანი პატარა ერების დამახასიათებელია, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია - როდესაც გყავს სტალინი, პიროვნება, პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო ისტორიას საკუთარი დაღი დაასვა, სხვას აღარ უნდა ეპოტინებოდე.

პოლიტიკოსი სტალინი და არა ადამიანის უფლებების დამცველი, ქვეყნის მმართველი და არა დღევანდელი გაგებით „დემოკრატიის“ გამტარებელი, დედამიწის ერთი მეექვსედისა და კიდევ იმდენის ფოლადის მუშტში მომქცევი, ქართველთაგან სხვა შეფასებას უნდა იმსახურებდეს. შაჰ-აბასის ბებიის ქართველობაზე ნაკლები გასახსენებელი რატომ უნდა იყოს სტალინი? სტალინი ნამეტნავად ეთაკილებათ ნაცებს და განსაკუთრებით მათ ფიურერს, არადა პატარა ფიურერიკოს მიერ შექმნილი სადამსჯელო მანქანა, ტოლს არ უდებდა დიდი ნაცისას.

გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის, ცხადია ლოკალური მასშტაბით, პატარა ნაცის დამარცხებაც იყო.

გასულ წელს ძლივს, მაგრამ მაინც გამარჯვებას მიაღწია, თანაც მეორედ, აშშ-ს ფერადკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ, ჰუსეინ ობამამ. ოთხი წლის წინათ მისმა გამარჯვებამ საფუძველი ჩაუყარა აშშ-ი მანამდე არსებული სტერეოტიპების მსხვრევას.

გასული წლის გამარჯვებაში ობამას ფერს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ პირველ სახელმწიფოში, გვიან, მაგრამ მაინც, გადაილახა რასობრივი ბარიერი, ესოდენ ძლიერი, თუნდაც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე შემორჩენილი. თვალი გადავავლოთ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ავტობიოგრაფიულ წიგნს და უმალ მივხვდებით, რა მძიმე პირობებში უხდებოდა, შემდგომში სახელოვან გენერალს, სამსახურებრივი საფეხურების ავლა კანის ფერის გამო.

ფერადკანიანმა ობამამ გზა გაუხსნა ამერიკაში დაბადებულ შავკანიანებს და არა მარტო მათ, არამედ წვრილთვალებიანებსაც თეთრი სახლისკენ, რაც დიდი მოვლენაა.

გასულ წელს ჩინეთშიც მოხდა ცვლა ანუ ჩინეთის ხელისუფალთა როტაცია. ჩინური პოლიტიკური სისტემა კარდინალურად განსხვავდება სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით ევროატლანტიკური პოლიტიკური სისტემისგან. ერთის შეხედვით, დახურული პოლიტიკური სისტემა ნაკლებად იძლევა ფართო და გამჭვირვალე განსჯის საშუალებას, მაგრამ მმართველ, 82-მილიონიან კომუნისტურ პარტიაში, ჭირს ყველაფრის დამალვა, თუმცა იმალება დეტალები, ის, რაც ქვეყანამ და მსოფლიომ უნდა იცოდეს, მეტნაკლებად აფიშირდება.

ჩინეთში მოქმედებს ათწლიანი მმართველობითი როტაციის სისტემა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა რეფორმატორად შერაცხულმა დენ სიაოპინმა. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაუმთავრდათ ათწლიანი ვადა კომპარტიის უკვე ყოფილ გენერალურ მდივანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს (იგივე პრეზიდენტი) ჰუ ძინტაოს და მის თანამებრძოლებს. კომპარტიის ყრილობის 2200 დელეგატმა აირჩია ცკ-ის 200 ახალი წევრი და 170 წევრობის კანდიდატი, რომლებმაც თავის მხრივ აირჩიეს პოლიტბიურო 7 წევრის შემადგენლობით. პარტიის გენერალური მდივანი გახდა სი ძინპინი.

ჩინეთის მმართველობა ეფუძნება კოლექტიურობას და ხორციელდება კონსენსუსით. მართვაში არა მარტო პოლიტბიუროს 7 წევრი იღებს მონაწილეობას, არამედ ცკ-ის წევრებიც და წევრობის კანდიდატებიც. ჩინეთის ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მომავალი 10 წლის განმავლობაში იქნება, რის შემდეგ მას ახლები ჩაანაცვლებენ. ახლები კი 10 წლის განმავლობაში გაივლიან პოლიტიკურ წვრთნას მაღალ თანამდებობებზე, ისე, როგორც დღეს, ხელისუფლებაში მოსულებმა გაიარეს გასული 10 წლის განმავლობაში. ჩინეთში უკვე იციან 10 წლის შემდეგ ვინ გახდება პარტიის გენერალური მდივანი და პრემიერ-მინისტრი, ისე, როგორც ეს იცოდნენ განვლილი 10 წლის განმავლობაში.

მომავალ 10 წლის მანძილზე ჩინეთს დასახული აქვს ერთიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდა და ქვეყნის ნომერ პირველ ეკონომიკად გადაქცევა. თუ თვალს გადავავლებთ განვლილი ათწლედის წარმატებებს, მომავალ ათწლედში, მსოფლიოს მეორე ეკონომიკად აღიარებული ჩინეთისათვის სულაც არ იქნება პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ს ჩამოტოვება.

ეკონომიკური ზრდის ტემპი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-თან შედარებით, ორჯერ ან სამჯერ მაღალია. იზრდება ჩინეთის სავაჭრო პოტენციალი. ჩინეთი 127 ქვეყანასთან აწარმოებს ვაჭრობას, მაშინ, როდესაც აშშ-ი -76 ქვეყანასთან. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ამ ქვეყნის პოლიტიკური გავლენაც. ჩინეთი ავიწროებს ამერიკა-ევროპას მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ექვსი წლის წინათ სხვაგვარი სურათი იყო. მაშინ აშშ-ი იყო 127 ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ჩინეთი კი - 70-ის.

ვაჭრობასთან ერთად თვალშისაცემია კარდინალური ძვრა, რასაც ადგილი აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შედეგად, იცვლება ცხოვრების წესი, იცვლება ბიზნესი აფრიკიდან ამერიკამდე. როდესაც აშშ-ს აიოვას შტატის ფერმერი, მიწის დიდ ნაწილზე სოიოს მოიყვანს, ჩინეთში გასაყიდად, რაღაცას ნიშნავს. რაღაცას ისიც ნიშნავს, როდესაც ამერიკელი მოსწავლეები ჩინურის სწავლის კურსებზე ეწერებიან. მსგავსი ტენდენციაა სხვა ქვეყნებშიც.

სიტყვამ მოიტანა და უნდა აღვნიშნო, რომ აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის ინიციატივით ინტენსიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა თბილისში არსებულ ჩინეთის საელჩოსთან. იყო მოლაპარაკება, ბათუმში, ჩინური სკოლის გახსნის თაობაზე, სადაც ყველა საგანს ჩინელი პედაგოგები ასწავლიდნენ. აღნიშნული პროექტის განხორციელება პეკინმა, გუანდუნის პროვინციას მიანდო. სწორედ ეს პროვინციაა ცნობილი თავისუფალი ეკონომიკური ზონით, უნივერსიტეტებით და სხვა. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო (აბაშიძის განდევნა), ერთობ მნიშვნელოვანი პროექტი ვერ განხორციელდა, ისე, როგორც ჩინელთა მიერ შემოთავაზებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

ჩინეთის მსოფლიო მოვაჭრედ გადაქცევა ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს. ჩინეთის გავლენა შესამჩნევია აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ექსპერტთა გამოთვლით, მსოფლიო ვაჭრობაში ჩინეთის წვლილი 8%-მდე გაიზრდება, რაც გაცილებით მეტია ამერიკა-ევროპაზე. ჩინეთი მკვეთრად შეიჭრა იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სავაჭრო პოზიცია მტკიცე იყო, მაგალითად სამხრეთ კორეაში. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი შინ-ი აცხადებს, რომ: „აშშ-ი არის უძლური ვეფხვი, ჩინეთი კი - ძალას იკრებს“. ადრე ის დეტროიდში ცხოვრობდა და სათადარიგო ნაწილებით ამარაგებდა ამერიკის ავტოქარხნებს. ამჯერად სამხრეთ კორეაშია და ჩინეთის ავტომშენებლობის შეკვეთებს ასრულებს.

ჩინეთი, მსოფლიო სავაჭრო სცენაზე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა - მაისურებითა და სათამაშოებით, მოგებული ფულით მან დაიწყო ნავთობისა და სხვა წიაღისეულის შესყიდვა, რამაც თავისთავად გამოიწვია აზიისა და აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური გამოცოცხლება.

მანქანათმშენებლობისთვის ფოლადზე მოთხოვნილებამ ისეთ ტემპს მიაღწია, რომ ჩინური ქარხნები მსოფლიო რკინის მადანის ნახევარს ამუშავებდნენ. სპილენძის უმსხვილესი მწარმოებელი, ზამბია, რახანია ჩინურ შეკვეთებს ასრულებს, ავსტრალია კი ჩინეთს აწვდის ქვანახშირსა და რკინის მადანს, ჩილე - სპილენძს. ჩინეთში გადაიტანეს საკუთარი ქარხნები „Apple”-მა“, „SAMSUNG”-მა, “NOKIA”-მ, სხვა ელექტრონულმა გიგანტებმა.

ჩინური წარმოების ტელევიზორებმა, მობილურმა ტელეფონებმა, კომპიუტერებმა წალეკეს მსოფლიო ბაზარი. შემოსავალმა 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთი გადაიქცა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის დამამზადებლად. ჩინეთმა წარმატებას მიაღწია სამშენებლო საქმეშიც - განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ეს ქვეყანა აშენებს გზებს, სახლებს, მეჩეთებსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე.

ჩინეთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც არა მარტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საელჩოც გახსნა თბილისში. რომ არა საქართველოს ხელისუფალთა უცნაურობა და ცალმხრივი (დასავლური) ორიენტაცია, დღევანდელი მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, მითუმეტეს, ხვალინდელ პირველთან, საქართველოს პრაგმატული ურთიერთობები უნდა ჰქონოდა. სიტყვა „დივერსიფიკაცია“ ბევრს არაფერს ნიშნავს. მას პრაქტიკული საქმით ესაჭიროებოდა განმტკიცება. მასშტაბური ურთიერთობისთვის არც ხელისუფლება აღმოჩნდა მზად და არც ქართული დიპლომატია. ან რა მოეთხოვებოდათ ჩინეთში მომუშავე დილეტანტ ელჩებს, რომ აღარაფერი ვთქვათ „დიპლომატიის“ კორიფე ბეგაშვილზე.

საქართველოს დიპლომატიის თემა, მისი „შედევრალური“ მოღვაწეობა ამ სტატიისა არ არის, სხვა დროს გამახვილდება მასზე ყურადღება, მაგრამ ის მაინც უნდა ითქვას, რომ დიპლომატიის სრული სიყრუით და ხელისუფალთა სიბრმავით 20 წელი ლაზღანდარობაში შემოგვეფჩხვნა, არადა რა გამწარებით და სასოწარკვეთით გვიკიჟინებდა პეკინში მომუშავე სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი ნიკოლოზ გულიაშვილი (საელჩოს გახსნამდე გაცილებით ადრე) - ჩინეთს მიაქციეთ ყურადღება - ეს ქვეყანა მსოფლიოს მომავალი ეკონომიკური გიგანტიაო. ახდა მისი სიტყვები, თუმცა არა საქართველოს ხელისუფალთათვის - ისინი ისევ „დეპოში“ არიან.

დიდი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანას თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩავარდნებიც ჰქონდა და გაფურჩქვნის წლებიც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოდან დაწყებული გარდაქმნები, რომელსაც სათავეში ედგა პრაგმატული მოაზროვნე დენ სიაოპინი. დიდი გაქანების მქონე მოაზროვნის მახვილგონივრული გამონათქვამები მთელს მსოფლიოშია ცნობილი, მათ შორისაა - „არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის არის კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“. სწორედ ამ გამონათქვამს მოჰყვა კომუნისტური ჩინეთის გაკაპიტალისტება, მარქსის, ენგელსის, ლენინის, სტალინის, მაო ძედუნის მოძღვრებათაკონფუციანიზმით ჩანაცვლება.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 551-479 წლებში მცხოვრები ბრძენი კონფუცი ოცნებობდა ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარე, ერთმანეთთან მოქიშპე რომელიმე სამეფოს მმართველთან, გავლენიანი თანამდებობის მოპოვებას და როდესაც აისრულა სურვილი, იძულებული გახდა მიეტოვებინა სამეფო კარი, მის საწინააღმდეგოდ აგორებული მოქმედების გამო. კონფუციმ ხელი მიჰყო პედაგოგობას. გენიოსის მიერ ჩამოყალიბებულმა აზრებმა უდიდესი პოპულარობა პოვა მისი გარდაცვალების შემდეგ.

კონფუცის მოძღვრება საფუძვლად დაედო სინგაპურსა და ტაივანს. 1978 წელს, გადასახლებიდან დაბრუნებული დენ სიაოპინისთვის მისაბაძი გახდა კონფუცის მოდელის ტაივანი. კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ, კუნძულ ტაივანზე გაქცეულმა ჩან კაიშიმ, კონფუცის სწავლების მიხედვით, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეპცია „სიაოკანი“ გახდა დენ სიაოპინის უმთავრესი ამოცანა, მან შეძლო ჩინელთა ენერგიის ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიემართვა.

დენ სიაოპინის შემდეგ, ყველა ჩინელი მმართველი ასახელებს კონფუციანიზმზე დაფუძნებულ საკუთარ პროგრამას. მსგავსი რამ უცხო არ იყო ჩინელი იმპერატორებისთვისაც. დენ სიაოპინის მმართველობის დევიზი იყო - „რეფორმები და კარგახსნილობა“. შემდგომი ლიდერის, ძიან ძემინის - „სამი წარმომადგენლობა“ ანუ კომპარტიაში გაწევრიანება შეეძლო არა მარტო მუშებს და გლეხებს, არამედ ეკონომიკის განვითარების ხელის შემწყობ მეწარმეებსაც. სულ ახლახანს დასრულებულმა ჰუ ძინტაოს მმართველობამ პარტიული დოკუმენტები გაამდიდრა კონფუცისგან ნასესხები - „ჰარმონიზაციის“ კონცეფციით.

კომპარტიის XVIII ყრილობაზე არჩეული პარტიის ახალი ლიდერი სი ძინპინი მალე გამოაცხადებს თავის დევიზს, რომელიც მომავალი ათი წლის განმავლობაში ჩინეთის განვითარების ახალი გეზი იქნება - დაფუძნებული კონფუციანიზმზე. ეს მოძღვრება ითავსებს ტრადიციულ მორალურ ორიენტირებს და თანამედროვე ღირებულებებს, გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გასამკლავებლად აქცენტირებს სახელმწიფო სტაბილურობის აუცილებლობაზე, ერის ერთიანობაზე,.

ჩინეთის თანამედროვე ისტორია აშკარა მაგალითია იმისა, რომ ახალი ცხოვრების მშენებლობის პროცესში სულაც არ არის საჭირო ძველის ლანძღვა და მაზოხისტური თვითგვემა, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ყოფილ საბჭოთა სივრცეში. დღევანდელი რუსი ე.წ. ლიბერალების მთავარი მიზანი - გუშინდელი სისტემის, კომუნისტური ლიდერების თავდავიწყებული გინებაა. მათი შეურაცჰყოფა, მათზე უხამსი ჭორებით აღსავსე ისტორიების შეთხზვა, ჩვეულებრივ ამბვად იქცა.

ნაცვლად იმისა, რომ ერის ენერგია მიმართული იქნას ახალი ცხოვრების მშენებლობისთვის, ლიბერალთა წყალობით, ეროვნული ყურადღება უსაგნო დემაგოგიაში იფანტება. ყოველივე ამას თავისი ხელშემწყობი ჰყავს - კონკურენტი დასავლეთის სახით, რომელმაც კარგად უწყისს, რომ ეროვნული აღორძინების და პროგრესის შემაჩერებელი ბარიერის გარეშე მას გაუჭირდება. დასავლეთი რუსეთს ყოველთვის აღიქვამდა მოწინააღმდეგედ და ამ საქმეში კომუნისტურ იდეოლოგიას ნაკლები წვლილი აქვს.

20 წელია აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი და კომუნისტური იდეოლოგია. ის კაპიტალისტურმა რუსეთმა ჩაანაცვლა, მაგრამ დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის თითქმის ისეთივეა, როგორც 20 წლის წინათ.

ჩინეთმა ალღო აუღო თანამედროვე მსოფლიო ვითარებას, პრაგმატულად გამოიყენა დასავლეთი და ერის ენერგია აწმყოსა და მომავლის მშენებლობისკენ ისე წარმართა, რომ ამ პროცესში გამორიცხა ძველის გინება.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი