ორთა დაპირისპირებაში მომწყვდეული საქართველო

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ავტომატურ რეჟიმში საკუთარი მოსახლეობის 24-საათიან მოსმენას აწარმოებს, არახალია, ისევე, როგორც მის მიერ რუსეთის ტელეარხების მონიტორინგი. ერთი სიტყვით,

ჯორჯ ორუელის რომან - 1984-ში აღწერილ ვითარებასთან გვაქვს საქმე: „რა თქმა უნდა აქ ეკრანები არ იდგა, მაგრამ არსებობდა სხვა საფრთხე - დამალული მიკროფონები, რომლებიც შენს ხმას მოიხელთებდნენ და გაგცემდნენ“.

საკმარისია რუსეთის ტანდემიდან, რომელიმეს საქართველოზე რამე წამოსცდეს, იმწამსვე ყველა საკვიზია ახდენს რეაგირებას. ეს დალოცვილებიც ისეთს „დაარტყამენ“, ნაცთა მხრიდან ხანგრძლივ ჭყიპინს რომ იწვევს.

ერთ-ერთ ასეთს ერთი კვირის წინათ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ნაცთა თმების გლეჯვა დღესაც გრძელდება.

ჩვენგან რა მიდის, ისე უქნიათ სულ ღერა-ღერად დაუპუტიათ თავ-ტანზე მქონე ბალანი, მაგრამ უბედურება ისაა, ამას რომ ტელეეკრანზე სჩადიან - მოწოდებით - ჩვენც ასე მოვიქცეთ, ვინაიდან ვერაგი და მტარვალი, მაპატიეთ კინაღამ გამომრჩა ევროპარლამენტის ტერმინი - „ოკუპანტი“ რუსეთი არ შეჩერდება. ის კი ხან რას იტყვის და ხან რას და იწყება მედიური სადიზმი.

ასე ვცხოვრობთ რახანია, თითქოს სხვა სალაპარაკო თემა არ იყოს ამ გაჩანაგებულ, მორალურად დაცემულ და შეშინებულ ქვეყანაში. ახლახანს ავტოსადგომზე მომუშავე ნაცნობი „სტაიანშიკი“ შეშინებული მეკითხებოდა - ჩემმა ქალიშვილმა ბერა ივანიშვილთან ფეისბუკით კავშირი დაამყარა, ივანიშვილის მოძრაობაში ჩართვის სურვილი გამოხატა და ხომ არ დაიჭერენ ბავშვსო?

საქმეში ჩახედული მავანი ამბობს - ამას იმიტომ სჩადიან საყოველთაო გაუსაძლისობიდან ყურადღება მრავალჯერ გადახარშულ-გადაღეჭილ თემაზე გადაგვატანინონო. ამჯერადაც ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოდან დაწყებული გვესმის შექსპირული ყოფნა-არყოფნის - ანუ დამწყებ-არდამწყების თემა, ნაცური ინტერპრეტაციით.

ამ „სამარადისო“ საკითხს სულ სხვა სული შთაბერა ჯერ წიკლაურმა პარლამენტის სხდომაზე, შემდეგ სხვებმა. გვირგვინი კი თვით პრეზიდენტმა დაადგა. ითქვა ისიც, რომ ტალიავინს მოუწევს მოხსენების შეცვლა. ცხადია, მოუწევს, რახან გოკას (გაბაშვილს) სურს. ვაი ჩვენს თავს!

მედვედევმა თქვა ის, რაც არაერთხელ უთქვამს ანუ რა იყო რუსეთის ომში ჩართვის მიზეზი. ვლადიკავკაზში დისლოცირებული სამხედრო ბაზის მონახულებისას პრეზიდენტმა ილაპარაკა სააკაშვილის აგრესიაზე, რუსი მშვიდობის მყოფელთა დახოცვაზე და იმ გეგმებზე, რასაც ემსახურებოდა სააკაშვილის ხელისუფლების აგრესია.

აქედან გამომდინარე, მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ხელი შეუშალა დასავლეთს ნატოში შეეყვანა საქართველო. რა არის ამაში გასაკვირი ან ახალი?! რუსეთი, რომ დაბეჯითებით ებრძვის დასავლეთს საქართველოს ნატოში გაწევრების წინააღმდეგ, ახალია?

ვგონებ არც ის არის ახალი, რა სურდა ვაშინგტონსა და ნატოს ან საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალზე განხორციელებული შეტევით. ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ურწმუნო თომებისათვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსეთის მხრიდან წაყრუებას უდავოდ მოჰყვებოდა არა მარტო სამხრეთ-ოსეთის, არამედ აფხაზეთის დაკავებაც, ამერიკა-ნატოს სამხედრო პოზიციების გამაგრება საქართველოში, საბოლოო ჯამში საქართველოს ნატოში შეყვანა.

მაგრამ მანამდე უდავოდ გაიშლებოდა პარტიზანული ომი, ჩრდილო კავკასიელთა ჩართვით, გაიფურჩქნებოდა ტერორისტული აქტები. საქართველო, მთლიანად რეგიონი, მიიღებდა პერმანენტულ დაძაბულობას, ომს, რაც გამოიწვევდა პროცესში რუსეთის და სხვა ქვეყნების ჩართვას.

რა შეიძლება მოჰყოლოდა ბირთვული სახელმწიფოების ჩართვას კავკასიურ ომში? ძნელი გამოსაცნობი არ არის. იყო თუ არა დაზღვეული მსოფლიო მესამე ომისგან 2008 წლის აგვისტოში? ცხადია არა!

რუსულმა ბლიც-რეაქციამ არათუ რეგიონი, არამედ მსოფლიო იხსნა განსაცდელისგან. გადარჩა საქართველოც. მართალია მან დაკარგა ტერიტორიები და მეომრები, მაგრამ მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში საქართველოს არ ასცდებოდა ხანგრძლივ სამხედრო მოქმედების თეატრად გადაქცევა, რაც უდაოდ ეჭვქვეშ დააყენებდა ქვეყნის ყოფნა-არყოფნას.

როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტელიტას ისე, როგორც ხალხს ვერ გაუაზრებია 2008 წლის აგვისტოს ვითარება. მოსახლეობამ, პროპაგანდის წყალობით და ინფორმაციის უქონლობის გამო, უცეკვა და უმღერა ხელისუფლებას, „მიშა“, „მიშას“ ბღავილით გააყრუა თბილისის ცენტრი.

დღესაც თვალწინ მიდგას სცენაზე პერანგამოჩაჩული უგულავა-ბოკერიას ტანდემი, ხელოვნების „სათაყვანებელი“ მოღვაწეები. იმ „პატრიოტული“ აღტკინების მომენტში ყველას დაავიწყდა ომის პირველ საათებში საქართველოს ხელისუფალთა „ტრიუმფალური“ სატელევიზიო განცხადებები - საქართველოს არმიამ ესა და ეს სოფელი დაიკავაო.

ტრიუმფი გარდაუვალი იყო და ამ ტრიუმფის საჯარო გახმოვანების ობიექტიც - პრეზიდენტის ტრიბუნაც ცხინვალის მისადგომებთან იყო ჩატანილი. აი ამ ტრიბუნიდან მიმართავდა ბატონი მიხეილი, ვითარცა აღმაშენებელი, საქართველოს მოსახლეობას და მთელს მსოფლიოს.

ამ ტრიუმფალური ვითარების დაფიქსირებისთვის უამრავი უცხოელი ჟურნალისტი იმყოფებოდა საქართველოში. რა შეიძლება ეწოდოს ამას - მოულოდნელი რუსული აგრესიისგან თავის დაცვა თუ. . . ამას ჰქვია ის, რაც ქალბატონმა ტალიავინმა ჭარბი მოკრძალებით საომარი მოქმედების დაწყება უწოდა - საქართველოსკენ თითის შვერით.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაგრამ იმ ხალხის გონებაში, ვინც მაშინ პარლამენტის წინ გუნდრუკი უკმია სააკაშვილს, გააიგივა რა ის საქართველოსთან, არავითარ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ისინი, ხელისუფლებასთან ერთად გაჰყვირიან - ომი ჩვენ კი არა, რუსეთმა დაიწყოო.

სიცრუე ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. საქართველოს, სამწუხაროდ ჩვენს ყვირილს ორპირი უცხოეთიც აყოლებს ხმას - რუსეთის გაშავების, დისკრედიტაციის მიზნით.

ამერიკელთა აზრით, მსოფლიოს პოლიტიკური არენა ორ ან მეტ სუპერ სახელმწიფოს ვერ დაიტევს. დედამიწა მხოლოდ აშშ-ს ჰეგემონიზმზეა გათვლილი - ამერიკა, მისი სატელიტები და დანარჩენი მსოფლიო - მათთვის თვალებში შემციცინე.

აიტანს ამას დანარჩენი? ცხადია არა! და რომ არა, ნათლად ჩანს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ქმედებიდან. არც სხვა ქვეყნები იზიარებენ ერთპოლუსიან მსოფლიოს. მათი პროტესტი საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში ჩანს. ასეთ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან - რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ბრაზილია, ირანი, სხვა. არავითარი ჰეგემონიზმი, მრავალპოლუსიანი მსოფლიო - ასე მიიჩნევენ ისინი.

ოფიციალურ დონეზე არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი არ აღიარებს შეფერხებებს „გადატვირთვის“ პროცესში. სინამდვილეში განხეთქილების ვაშლად ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ამერიკული სისტემის განთავსება მიიჩნევა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აშშ-ს სურს მძევლად აიყვანოს რუსეთის სტრატეგიული პოტენციალი. თავის მხრივ, რუსეთი თავს იცავს, ცდილობს რა ყველაფერი იღონოს საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

ბევრი რუსი ლიბერალის განცხადებებით, რუსეთისთვის უმჯობესი იქნებოდა შეიარაღებისთვის განკუთვნილი ფული ხალხის კეთილდღეობას მოხმარებოდა, მითუმეტეს, როდესაც დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი ესოდენ კეთილად არის განწყობილი მის მიმართ. მათი აზრით, რუსეთს არაფრით ემუქრება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ა.შ.

აშშ-ს პოლიტიკიდან გამომდინარე, შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს ამ ქვეყნის ნამდვილი სურვილი რუსეთის მიმართ. ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება აღნიშნულის მაგალითია.

ამერიკელთა განმარტებით, სისტემა ირან-ჩრდილო კორეის რაკეტების გასანეიტრალებლად მოიაზრება. ე.ი. იმ ქვეყნების, რომელთა ევროპულ სამიზნემდე მისატანი საშუალებები არც დღეს არსებობს და არც უახლოესი წლების განმავლობაში იარსებებს.

რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განთავსებული ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს კრემლში. პრეზიდენტ მედვედევის განცხადება კონტრღონისძიებათა გატარების თაობაზე იძულებითი ნაბიჯია.

„გადატვირთვის“ მთავარი მიზანი იყო სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულების გაგრძელება, ვინაიდან 2002 წელს დადებულ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა, გარდა აღნიშნულისა, მას უნდა უზრუნველეყო რუსეთ-ამერიკას შორის კონფლიქტის განელება. 2008 წლის ცხინვალის ომმა მხარეებს დაანახა, რა ახლოს იყვნენ ისინი ომთან.

მხარეებმა ვერ მოახერხეს მთელ რიგ საკითხებში პოზიციების დაახლოება. ერთ-ერთი ასეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა. 2010 წელს ნატოს ლისაბონის სამიტმა გადაწყვიტა ამ თემაზე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების გაგრძელება. სამწუხაროდ, 2011 წლის იანვარს ნატოს საბჭომ, რუსეთის ინფორმირების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება სისტემის განსათავსებლად.

განიარაღების თემას სხვა საკამათო თემებიც დაემატა, რამაც ორივე მხარეს ექსპერტობას გაუჩინა შემდეგი კითხვები: ღირდა ამერიკასთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხში დათმობაზე წასვლა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების საკითხში დათმობის მიღების გარეშე? ამ კითხვას რუსები სვამენ.

რაც შეეხება ამერიკელებს, მათი კითხვა ასეთია - ღირდა თეთრი სახლის მხრიდან დსთ-ს სივრცეში ამერიკელთა აქტიურობის შემცირება, მაშინ, როდესაც რუსეთი მზად არ არის სტრატეგიული ბირთვული შეიარღების შემცირებისათვის?

„გადატვირთვის“ კრიტიკა ამერიკაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც პუტინმა გადაწყვიტა გაპრეზიდენტება. ობამას ადმინისტრაციის მიზანი იყო ლიბერალი მედვედევისთვის მხარის დაჭერა, ვინაიდან მისთვის ის გაცილებით მისაღებია, ვიდრე კონსერვატორი პუტინი. ნაკლები წარმოსადგენია, რომ ქვეყნის ინტერესების საკითხებში მედვედევი უფრო დამთმობი იქნებოდა, ვიდრე პუტინი, მაგრამ ვინ იცის. ოფიციალურ ვაშინგტონს გორბაჩოვისა და ელცინის პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე აქვს ამგვარი მოსაზრების ქონის საფუძველი.

როგორც ჩანს, პუტინის გადაწყვეტილება მარტო პუტინისა არ იყო და ამ გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებდა აშშ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზირება. იქნებ კრემლს ნაკლები იმედი აქვს „ლიბერალი“ ობამას გამარჯვების? გამარჯვებულ რესპუბლიკელებთან საბრძოლველად პუტინი უფრო გამოდგება, ვიდრე მედვედევი.

სამწუხაროდ, დედამიწაზე ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული ერთმანეთის ნდობის ფაქტორი. ჯერაც სუპერ სახელმწიფოები საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უებარ წამლად გამალებულ შეიარაღებას თვლიან და ამ შეიარაღებაში პრიორიტეტს ბირთვულ იარაღს ანიჭებენ.

აღნიშნულის დასტურად ინგლისურ Trident Commission-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა გამოდგება. დოკუმენტის მიხედვით, მთელი რიგი ქვეყნები გულდაგულ ამუშავებენ ახალ პროგრამებს საკუთარი ბირთვული იარაღის დახვეწა-განვითარებისათვის. ამ საქმეში პირველობას ვერავინ შეეცილება ამერიკა-რუსეთს.

ბირთვული იარაღის კიდევ უფრო სრულყოფის საქმეში ჩადებული საერთო თანხები 770 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უახლოესი 10 წლის განმავლობაში აშშ-ი დახარჯავს 700 მილიარდს. აქედან 100 მილიარდს ბირთვული ქობინების რაკეტების მშენებლობაში, ძველის მოდერნიზაციაში. 92 მილიარდი დაიხარჯება თვით ბირთვული ქობინებისათვის, გეგმაშია 12 სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავის მშენებლობა, B-52H ბომბდამშენის განახლება, ფრთოსანი რაკეტების მოდერნიზაცია და სხვა.

არც რუსეთი აპირებს გულხელდაკრეფილ ჯდომას. 2020 წლამდე ის გეგმავს ბირთვული ტრიადის განახლებას, რისთვისაც დახარჯავს 70 მილიარდ დოლარს ანუ ათჯერ ნაკლებს, ვიდრე აშშ-ი. თანხა დაიხარჯება ახალი მობილური კომპლექსების PC-24, ЯPC-ის - ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების მშენებლობაში. ამ რაკეტას 10 ბირთვული ბლოკი ექნება. აშენდება ახალი სახის ბირთვული წყალქვეშა ნავები, ბომბდამშენები და სხვა.

გამაღლებული შეიარაღებით არა მარტო ამერიკა-რუსეთია დაკავებული, არამედ ყველა ბირთვული სახელმწიფო: ჩინეთი, ინდოეთი, ინგლისი, საფრანგეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა.

აღნიშნული ინსტიტუტის მონაცემები მაჩვენებელია იმისა, რომ უნდობლობაგამეფებულ მსოფლიოში ბირთვული შეიარაღება ერთადერთი საშუალებაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამ ფონზე ლაპარაკი ირანის ბირთვულ კვლევაზე ღიმილის მომგვრელია, ისევე, როგორც მტკიცება იმისა, რომ ბირთვულიარაღიანი აიათოლები სხვაზე მეტად საშიშია.

დასკვნისათვის - ვიდრე იარსებებს სახელმწიფო ინტერესები, იარსებებს ამ ინტერესთა დაცვის იარაღი, მათ შორის ბირთვულიც, სხვა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია.

საკუთარი საზღვრების და ქვეყნის დაცვის მიზნით ნებისმიერი სახელმწიფო, მათ შორის ბირთვული იარაღის მქონე, ნეგატიურად აღიქვამს მისი საზღვრების სიახლოეს მოწინააღმდეგის იარაღის განლაგებას. გავიხსენოთ აშშ-ს რეაქცია კუბაზე საბჭოთა რაკეტების განლაგების შედეგად. ანალოგიურს ექნებოდა ადგილი დღეს რუსეთს, რომ კანადაში ან მექსიკაში განელაგებინა აშშ-ზე დამიზნებული რაკეტები.

აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია - უპირველესად სამხედრო საქმეში. აშშ-ის სურვილი მარტივია - კავკასიაში საკუთარი პოზიციების განმტკიცება, რაც თავისთავად გულისხმობს კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის კონტროლს.

აშშ-ს ევროპის ქვეყნებზე მეტად სურს საქართველოს ნატოში შეყვანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამ სურვილს ე.წ. ძველი ევროპის ქვეყნები ეღობება. აშშ-ს აყოლილი საქართველო რუსეთისათვის არ არის სიმშვიდის მომტანი, რაც თავისთავად აიძულებს მას გადადგას საკუთარი თავდაცვისათვის საჭირო ნაბიჯები.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი