ძალისმიერი სახელისუფლებო როტაცია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა განცხადებამ რომ საფუძვლიანად შეარყია საღათას ძილს მიცემული ქართული საზოგადოება, მტკიცება არ სჭირდება. გაჩნდა იმედი, ამასთანავე ხვალინდელი დღისადმი ინტერესი.

თავი იჩინა 8 წლის განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ, ისეთმა - ყველას და ყველაფერს წალეკვით რომ ემუქრება. დიდი თუ პატარა, ოპოზიცია თუ ხელისუფლება სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება ერთმანეთს.

ოპოზიცია, როგორც შინაური ანუ პარლამენტში მოყუჩებული, ისე გარეული ანუ „ქუჩის“, თავდავიწყებით ეკვეთა ერთმანეთს, მიივიწყეს რა უმთავრესი მტერი - ხელისუფლება - ამ „სიამტკბილობის“ მთავარი შემოქმედი.

განსაკუთრებული ეიფორია იგრძნობა რესპუბლიკელებსა და ალასანიებში, ხუმრობა ხომ არ არის სააკაშვილის ოკეანეში დასახრჩობად გამზადებულთათვის მაშველი ხელის გაწვდენა?! თანაც რა ხელის - დიდი ავტორიტეტისა და დიდი ფულის შემქმნელის.

დანარჩენი ოპოზიცია, ზოგი მკაცრ შეფასებას იძლევა, ზოგიც, თავშეკავებულ დასკვნებს აკეთებს იმედით, რომ ბიზნესმენი მათაც კეთილი თვალით გადმოხედავს, ზოგიც ბლიც ბრიფინგებს აწყობს - ივანიშვილის გასაგონად.

ერთი სიტყვით, იმდენად გამოფხიზლდა საზოგადოება, რომ მისი ძველებურად მიძინება მიშიკოს გაუჭირდება. სხვა რომ არაფერი, მარტო ამისათვის ღირდა ბიძინას განცხადება.

გამოიღვიძა საზოგადოებამ და თვალის მოფშვნეტასთან ერთად დაინახა, რომ ვერ იტანს ნაციონალურ ხელისუფლებას. ყველა ერთხმად ალაპარაკდა სააკაშვილის ავადმყოფურ ხელისუფლებაზე, ღორმუცელობაზე, ქვეყნის ძარცვაზე, ამორალურობაზე, სხვა სიმახინჯეებზე, თითქოს ყველაფერი მხოლოდ დღეს გაიგეს, თითქოს ყველაფერ ამას გუშინ, თუნდაც გუშინწინ ადგილი არ ჰქონია.

ჰქონდა და მერე როგორ. სააკაშვილის ფენომენს ადგილი არ ექნებოდა, რომ არ ყოფილიყო შევარდნაძის და გამსახურდიას ფენომენი, რომ არ ყოფილიყო ყოვლისმომცველი შემგუებლობა, რომ არ ყოფილიყო ქართველთა ამოჩემებული სიტყვის - „ვაცადოთ“ - გაფეტიშება.

ივანიშვილის მიერ ნათქვამ მხსნელის სიტყვას უმალ მოჰყვა საზოგადოების რეაქცია - სააკაშვილის სიძულვილში გადასული. თუ თვალს გადავავლებთ განვლილ ცხოვრებას, უმალ დავინახავთ საყოველთაო სიყვარულის, ასევე საყოველთაო სიძულვილით ჩანაცვლებას.

დიდი გახსენებაც არ არის საჭირო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების შესაფასებლად. საყოველთაო გამარჯვებაში გადასულმა სიყვარულმა მოიყვანა ეროვნული ხელისუფლება და გამსახურდია ქვეყნის სათავეში. მაგრამ ქვეყნისათვის სამწუხაროდ, მოსვლიდან სულ მალე, საყოველთაო სიყვარული, უნდობლობამ და სიძულვილმა ჩაანაცვლა.

მემატიანეს ჯერაც არ უთქვამს მართალი სიტყვა იმჟამინდელი ვითარების შესაფასებლად, არ უთქვამს, რამ გამოიწვია დიდი სიყვარულის დიდი სიძულვილით შეცვლა. თემა სერიოზულია და საყოველთაო, სიღრმე-სიგანისეულ ობიექტურ შეფასებას მოითხოვს, რაც არ არის ამ სტატიის მიზანი, მაგრამ ერთი კი ცხადია - ხალხის სიყვარულის სიძულვილით შეცვლის წყარო ხელისუფლებაა.

უნდობლობის მამოძრავებელი ძალა თვით ხელისუფალთა მიუღებელ მოქმედებაში უნდა ვეძებოთ, სწორედ იმაში, რამაც დემოკრატი გამსახურდია ავტოკრატ მმართველად აქცია.

დაუოკებელი აღმოჩნდა მისი სურვილი ერთპიროვნულ ლიდერობასთან დაკავშირებით. უზენაესი საბჭოს დემოკრატიულად არჩეული თავმჯდომარეობიდან, იმავე უზენაესი საბჭოს მიერ პრეზიდენტად არჩევა, ხოლო შემდეგ საყოველთაო სახალხო არჩევნებით პრეზიდენტის სავარძლის დაკავება, მხოლოდ ლიდერის და მის გვერდით მყოფ თითო-ოროლა ადამიანის სურვილებს ეფუძნებოდა და არა პარტიელი კოლეგების უმრავლესობის, "მრგვალი მაგიდის" სურვილს.

ზემოთმოყვანილ არჩევნებს შორის მანძილი თითზე ჩამოსათვლელი დღეებით შემოიფარგლება, რაც თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ პავლედან სავლედ ან პირიქით გარდაქმნა არც ისე ძნელია.

არადა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისშივე შეიძლებოდა დემოკრატიული ცხოვრების ჩასახვა.

არ გამოვიდა მარტივი მიზეზის - განდიდების მანიის გამო. ალყაში მოქცეული გამსახურდია, გადადგომასთან დაკავშირებით, სიგუას წინადადებას რომ დათანხმებოდა, აღარც მსხვერპლი იქნებოდა, აღარც ნგრევა და აღარც ქართული აზრის გადაგვარება, უფრო შორს, რომ გავიხედოთ - აღარც აფხაზეთთან გაჩაღებული ომი.

კრიტიკული ვითარების დროს გამსახურდიას გვერდში არ აღმოჩნდნენ შორსმჭვრეტელი, საღი აზრის მატარებელი ადამიანები. თითო-ოროლა ასეთის არსებობამ გაზაფხული ვერ მოიყვანა.

მავანი შემედავება და უმალ მომახლის - მოღალატეებიო, რუსეთის აგენტებიო, რუსეთის ხელიო და მის მიერ ინსპირირებულ-ორგანიზებული გადატრიალებაო და ა.შ., რაც თავისთავადია, მაგრამ უმაღლესი ხელისუფალის და მისი გუნდის უმთავრესი ამოცანა სწორედ ისაა გაუძლოს შიდა და გარე გამოწვევებს, დაიცვას ქვეყანა და საკუთარი თავიც მსგავსი ექსცესებისგან და თუ ამას ვერ ახერხებს, მშვიდობიანად გადადგეს. გადადგეს არა სამარადისოდ, არამედ ვითარების მშვიდ გარემოში გასაანალიზებლად, ძალების მოსაკრებად, ახალი პოლიტიკური ბრძოლისთვის მოსამზადებლად.

ქართულ სინამდვილეში მსგავსს არ ჰქონია ადგილი, პირიქითს - უხვად. ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა - თბილისის ძალისმიერი გზით დატოვების შემდეგ, დასავლეთ საქართველოში გამოჩენა, შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი დასავლეთ საქართველოს დარაზმვა.

1992 წლის იანვარი არა მარტო სამხედრო გადატრიალება იყო, არამედ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის საკუთარი ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამოცხადება.

ამ ტალღაზე დაბრუნდა შევარდნაძე თბილისში. აეროპორტში დახვედრილი საზოგადოება აღტაცებას ვერ ფარავდა მისი გადაწყვეტილების გამო, ამყარებდა, რა მასზე განუსაზღვრელ იმედებს. არადა შემხვედრთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც დიდი სიხარულით შეხვდა შევარდნაძის მოსკოვში გადაყვანას.

გახარებულებს მობეზრებული ჰქონდათ შევარდნაძის მმართველობა, ფსევდოკორუფციული ბრძოლა, ახალ-ახალი პროექტები, გარდამავალი დროშები და რაც მთავარია, განდიდებისკენ ლტოლვა.

შემობრუნებული შევარდნაძე სხვა გამოდგა, ვინაიდან სხვა ვითარება იდგა ქვეყანაში - დამოუკიდებელს და დემოკრატიულს, რომ უძახიან. ამაოდ მოუწოდებდა გამსახურდიას მიერ შერქმეული „წითელი ინტელიგენცია“ შევარდნაძეს მკაცრი წესრიგის დამყარებისკენ, ოპოზიციის ალაგმვისკენ (ზვიადისტების).

არც შევარდნაძე - საბჭოთა სისტემაში მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი ფუნქციონერი, გამოდგა ახალი ცხოვრების ცოდნით აღჭურვილი და არა მარტო ის, არამედ ვინც მის გვერდში იდგა - ძველი პარტიულ-კომკავშირული გუნდი, მიუხედავად ამ გუნდის შედარებით ახალგაზრდული ასაკისა.

შევარდნაძის პერიოდს თავისთავად შეიძლება ეწოდოს Formula1-ში „მოსკვიჩით“ მონაწილეობა. პირველი პირის მიერ სიტყვა „დემოკრატიის“ წამდაუწუმ ხსენებამ, თვით ამ სიტყვის სერიოზული გაუფასურება გამოიწვია.

პოლიტიკურ კრიზისს თან დაერთო აფხაზეთთან ომი, მარცხი, მხედრიონელთა ავაზაკობა, გაუსაძლისი ეკონომიკური პირობები, ხალხის ანაბრების მიტაცება, უშუქობა, უგაზობა, უპურობა და სხვა.

ისე, როგორც გამსახურდიას პრეზიდენტობისას, შევარდნაძის პერიოდსაც ჰქონდა დადებითი მომენტები, მაგრამ საერთო ჯამში უარყოფითი ათი თავით აჭარბებდა დადებითს, რამაც დააგუბა ფართო საზოგადოებაში პირველი პირისა და მისი გუნდისადმი სიძულვილში გადასული უკმაყოფილობა.

შევარდნაძის პერიოდი იყო სოციალიზმიდან ველურ კაპიტალიზმზე გადასვლის ჟამი, ჟამი პრივატიზაციისა და ხელისუფალთა მიერ უძრავ-მოძრავი ქონების დატაცებისა, ჟამი კორუფციისა და მოხვეჭისა, ჟამი აულაგმავი ჭამისა, სახელმწიფო ქონების დატაცებისა.

სამწუხაროდ, ამ „კეთილშობილურ“ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ახალგაზრდა „მოქალაქეები“, შევარდნაძის მიერ დაფრთიანებულები, მითვისების ნიჭით დაჯილდოებულები.

შევარდნაძე და მისი გუნდი იმდენად შორს აღმოჩნდა საერთაშორისო სტანდარტებიდან, მასთან ერთად სახელმწიფო მოწყობის სერიოზული სტრუქტურიდან, დამოუკიდებლობით გამოწვეული რეალობიდან, რომ წამიც არ გამოიძებნა დაკარგულ რეგიონებთან საერთო ენის გამოძებნისთვის.

ხელისუფალთა გაუნათლებლობამ, მოჭარბებულმა ჭამამ და კაკლის ჩრდილში განცხრომით ცხოვრებამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა თითო-ოროლა ქუჩაში გაკრული ლოზუნგის დონემდე - „გვახსოვდეს აფხაზეთი“, დაიყვანა. სიყალბე გამოდგა „მილიონი სამუშაო ადგილი“, ისევე, როგორც სხვა ლოზუნგები.

ხელისუფლების კრიტიკოსებს ერთობ არასასურველი პირობები შეექმნათ, რამაც გამოიწვია საღად მოაზროვნე პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ირგვლივ დარაზმვა, ბლოკი „აღორძინება“ მასში შემავალი პარტიებითა და პიროვნებებით, ინტელექტუალური პოტენციალით სერიოზული ძალა გამოდგა და რომ არა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების სერიოზული გაყალბება, „აღორძინება“ უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში.

ვისაც არ ახსოვს - შევახსენებ, შევარდნაძის მიერ გამოგონილ გიორგაძის მტრის ხატს, შემდეგ აბაშიძის შავ ძალად მოხსენიებას. 1999 წლის არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე ტელეეთერით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასლან აბაშიძის „აღორძინებით“ მოდის შავი ძალა, ფაშიზმი და მოუწოდა საზოგადოებას ხმა არ მიეცა მისთვის.

შევარდნაძემ და მისმა გუნდმა, მრავალწლიანი ანტიასლანური პროპაგანდით ისე მოწამლეს საზოგადოება, რომ დღესაც კი ასლანის ხსენება, უხსენებლის ხსენებას უტოლდება. შევარდნაძის პროპაგანდას აყოლილი ჟურნალისტიკა შეფზე მეტი გულმოდგინებით წიხლავდა ასლანს. ამ „დიდ საქმეში“ შევარდნაძის გვერდით იდგნენ „ახალგაზრდა მოქალაქეები“, სწორედ ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია.

გაიხსენეთ ჟურნალისტი ყანდიაშვილი და მისი უმსგავსო განცხადება - თქვენ ხელფასები და პენსიები იმიტომ არ გაქვთ, რომ ასლან აბაშიძე არ რიცხავს ფულსო. გაიხსენეთ ისიც, „რუსთაველმა“ ჟურნალისტმა ქალმა რომ ბრძანა ეთერში - ჭიპაშვილი იმიტომ იცავს ასლანს, საჩუქრად 200.000 დოლარიანი ვილა მიიღოო.

არადა „აღორძინების“ ბლოკში გაერთიანებულებს, პატრიოტული სულისკვეთება რაზმავდა და არა მერკანტილური მოსაზრება. დიახ, პატრიოტული! ვინაიდან ცენტრმა დაკარგა ეს გრძნობა და თავიდან ბოლომდე გადაეშვა კორუფციულ ჭაობში.

შავი პროპაგანდისათვის შევარდნაძისტებმა არა მარტო ადგილობრივი მედია გამოიყენა, არამედ უცხოური, განსაკუთრებით ფრანგულ-ამერიკული.

სამწუხაროდ, ამ კამპანიაში ქართული დიპლომატიაც იყო გარეული, რის შესახებაც ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტი წერდა, რომ „ეს ამბავი მაღალჩინოსანმა დიპლომატმა მითხრა, ოღონდ მთხოვა გვარი არ დაასახელოო“. საქმე ასლანის ნარკობარონობას ეხებოდა, თანაც ამ საქმეში ახალდაბადებული შვილიშვილის, რიკარდოს ჩართვას.

იმჟამინდელი ვითარების გახსენებისას თვალწინ მიდგას ცენტრის, უპირველეს ყოვლისა პირველი პირის და მისი გუნდის ცილისმწამებლური, არაადამიანური, ბატონ-ყმური დამოკიდებულება არა მარტო ასლანისა და აჭარისადმი, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისადმი.

აბაშიძე, რომელმაც ცენტრის რისხვა-შეტევისა და ძარცვისგან დაიცვა აჭარა, რითაც გადაარჩინა არა მარტო ეს კუთხე, არამედ საქართველო, დღეს მტრად არის მოხსენებული.

კაცმა, რომელმაც გაუსაძლის ოთხმოცდაათიან წლებში, გულუხვად შეიფარა ხელოვნების, კულტურის, სხვა დარგის მუშაკები - ქვეყნიდან გაძევებულია, ნაცვლად იმისა, რომ მისი და აჭარის მაგალითი გამოყენებული ყოფილიყო განდეგილ ავტონომიებთან დიალოგისთვის.

გამსახურდიას მმართველობით შეწუხებულმა ხალხმა შევარდნაძის გამოჩენა სიხარულით მიიღო, მაგრამ, სწორედ ამ ხალხისათვის დანაპირების შეუსრულებლობისა და უკიდეგანოდ ქვეყნის ჭამისთვის შეიძულა ის და ტკბილად გაიხსენა მისივე გაგდებული გამსახურდია.

შევარდნაძეც დაამხეს.

მოვიდა „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთა - შევარდნაძის გაზრდილ-გაწვრთნილი. სწორედ მათ მოუღეს ბოლო მამა-მასწავლებელს და ოდნავ შეცვლილი ფასადით გააგრძელეს ქვეყნის ჭამა, დროსტარება, ფულის უაზრო ხარჯვა, ხალხის აზროვნებაზე შეტევა.

ის, რაც დღეს ხდება, ამის აღწერა შეუძლებელია. დაბეჩავებულ-დაშინებული ხალხი სახლშიც ჩურჩულით ლაპარაკობს და შევარდნაძის დროს მისტირის.

რამდენად ცუდად უნდა მართოს ხელისუფლებამ ქვეყანა, რომ აუტანელი გუშინდელი ცხოვრება და მისი მთავარი შემოქმედი ედემის ბაღად და მისაღებ პიროვნებად მიიჩნიო?

20 წელია მიუღებელ მმართველთა ძალისმიერი როტაცია მიმდინარეობს. ახალი არ იზიარებს ძველის შეცდომებს, პირიქით თავისას უმატებს.

ხალხისთვის მიუღებელი გამსახურდია შევარდნაძით შეიცვალა, შევარდნაძე - სააკაშვილით. სამწუხაროდ, ორივე ცვლა ძალისმიერი იყო - არც ერთ მათგანს არ სურდა ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა.

განახლებული კონსტიტუცია და გაურკვეველი სახის გამოკითხვები აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საამური, საკუთარი ცხოვრების გახანგრძლივებას შეეცდება, რაც თავისთავად გაახსენებს ხალხს ნაცად ხერხს - ძალისმიერებას.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი