„დიდი რვიანი“ და ერთი კაცის ხუშტური

ქართული პოლიტიკური ცხოვრების შემყურეს კარგად უნდა ახსოვდეს ე.წ. ოპოზიციური პარტიების გასული წლის განცხადება - საარჩევნო კანონმდებლობის გამოსწორებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან

დიალოგის დაწყების თაობაზე. ისიც ემახსოვრება ოპოზიციურმა პარტიებმა „დიდი რვიანი“ რომ შეირქვეს, მსგავსად მსოფლიოში არსებული „დიდი რვიანისა“.

რვიანის პირველსავე პრეს-კონფერენციაზე იყო ხმამაღალი განცხადებები შეცვლილი კანონმდებლობით ხელისუფლების შეცვლის შესახებ, იყო მოჭარბებული პატრიოტიზმი, ბაქიაობა, საკუთარ ძალასა და შესაძლობებში უზომო რწმენა. ამ მასკარადის შემყურე ზოგი მიიჩნევდა, რომ ყოველივე არა ნამდვილი საქმისათვის, არამედ საზოგადოებისათვის უსერიოზულესი და მწვავე სოციალური ყოფიდან ყურადღების გადასატანად კეთდებოდა.

ხელისუფლებამ და მასთან შეკრულმა ე.წ. ოპოზიციამ, საპარლამენტო ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მორიგი სპექტაკლი გაითამაშა, თანაც ხანგრძლივი, უინტერესო - მედიის მიერ ძალით შემოტენილი. რაღა რვიანის მუშაობა და რაღა საკონსტიტუციო კომისიის „ძალისხმევა“ საქართველოს მოსახლეობის „კეთილდღეობისათვის“. ორივე შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში ნაცადმა გამონათქვამმა - „ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს გამოვიდა ჩემთვისა“ - გაამართლა, თანაც ორმაგად - ანუ დასაწყისში, როდესაც დიდმა რვიანმა, ხალხის საწინააღმდეგო მოსაზრების მიუხედავად, კურკური დაუწყო ხელისუფლებას და დასასრულს, როდესაც თვით რვიანის ორმა წევრმა ქრისტიან-დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა დანარჩენი ექვსი გადააგდო და სეპარატისტულად გაურიგდა ხელისუფლებას.

მკითხველს, ჩახედულს საქართველოს ისტორიაში, არ უნდა გაუკვირდეს მსგავსი რამ. ჩვენი ისტორია ხომ სავსეა ერთმანეთის მოტყუება-გადაგდების მაგალითებით?! ასე და ამრიგად შედგა ხელისუფალთა მიერ შემოტენილი საარჩევნო კანონის „გაპრავება“, რომელიც თავისთავად, მინიმუმ მომავალი 5 წლის განმავლობაში გაამყარებს “ნაცთა” საქართველოში ბატონობას.

რვიანის „მოღვაწეობის“ დასაწყისშივე ცნობილი იყო, რომ მისი მიზანი არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ მასთან ერთად საარჩევნო ტორტის ჭამაა. რვიანი ვაჭრობდა ხელისუფლებასთან, წუწურაქი მასპინძლისაგან ტორტის მეტი ნაჭრის მიღებისათვის. მას ნაკლებად აინტერესებდა ნაცთა მმართველობისთვის წყლის შეყენება. მისთვის მთავარი იყო ნაცებთან ერთად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხანგრძლივი ტივტივი, რაც ერთობ დაუფარავად აღნიშნა „ახალი მემარჯვენეთა“ ერთ-ერთმა ბელადმა კაციტაძემ რიხიანი პრეს-კონფერენციის დროს. გასული არჩევნების შემდეგ პარლამენტში პროტესტის ნიშნად რომ არ შევედით - კარგი ვქენით? მართალია კაციტაძე, ასეთები პარლამენტშიც უნდა ყოფილიყვნენ და ნაცებშიც. პარლამენტში ყოფნის მსურველი მიხვდა, რომ დაუკრეფავში გადავიდა, უმალ დაუმატა - ხალხი გვსაყვედურობს - თქვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით, 2008 წლის ცხინვალის ომს ადგილი არ ექნებოდაო. როგორც ჩანს, მსგავსი მოსაზრება ამ პარტიაში სერიოზულად მუსირებს.

მაინც რა ასეთ ძალა ჰქონდათ მემარჯვენეებს, აწყვეტილი სააკაშვილი რომ დაეკავებინათ? ცხადია - არანაირი. სააკაშვილმა გადაწყვეტილება ორ-სამ კაცთან ერთად მიიღო და იქ, რომ არც პარლამენტის და არც, მით უმეტეს, მემარჯვენეების ადგილი არ იყო, ცხადზე უცხადესია. ფაქტის წინაშე დამდგარმა საქართველომ და ოპოზიციურმა პარტიებმა თუ რა მოიმოქმედეს, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

გახსოვთ ალბათ, პარლამენტის შენობის წინ გაჭედილი მოედანი და ხალხის ძახილი - მიშა, მიშა! ისიც გახსოვთ, ოპოზიციამ, მათ შორის მემარჯვენეებმა, პირველებმა როგორ შეჰფიცეს მამა-მარჩენალს ერთგულება და გვერდში დგომა. ნუთუ ძნელი იყო მტყუან-მართლის გარკვევა?

რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილმა საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყანა სააკაშვილს გადააყოლეს. დღესაც იგივეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ საქმეში ოპოზიცია ფულს იღებს. არც კაციტაძეს და არც სხვას არ შეუცხადებიათ (ალასანიას გარდა) მილიონი ლარის გამოყოფის დაპირება ხუთპროცენტიანი ბარიერის გადამლახავი პარტიებისთვის. არც ის გაკვირებია, როგორ გაზრდიან პარლამენტართა რაოდენობას იმისთვის, რომ მეტი ე.წ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მოხვდეს პარლამენტში.

ხელისუფალთა დაპირება მილიონების გამოყოფის და პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის თაობაზე აშკარა მანიშნებელია იმისა, თუ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

ხელისუფლება პირდება „ოპოზიციას“ ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს, რომელმაც 2003 წლის რეფერენდუმზე დაადგინა პარლამენტართა რაოდენობა, ნაცვლად 235 წევრისა 150. ხელისუფლებას ხალხი ფეხებზე რომ ჰკიდია - არ ახალია. ახალი ის არის, რომ ოპოზიციასაც ჰკიდია. გარდა ამისა საიდან, რომელი ჯიბიდან აპირებს ხელისუფლება ოპოზიციის გაუმაძღარი მუცლის მილიონებით ამოვსებას? ჯიბე ერთია - ხალხის! და ასე და ამრიგად ჩნდება ახალი გადასახადები, ბიზნესმენთა წეწვა, ახალი უცხოური სესხები და ბოლოს გაღატაკებული მოსახლეობა.

პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდით ხელისუფლებამ თქვა ის, რაც ისედაც ვიცოდით - მთავარია სურვილი, რომელსაც ვერც კონსტიტუცია და ვერც რეფერენდუმის შედეგი ვერ შეეცილება. მერე რა, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ რეფერენდუმმა მოაგვარა პარლამენტართა რაოდენობა, ხელისუფლება რა ხელისუფლებაა, „ეს მარტივი“ საკითხი ვერ გადაწყვიტოს?

საზოგადოების გარკვეული ნაწილი - ჯერაც გულუბყვრილო - ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ასეთი ხრიკები არ გაუვა, ვინაიდან ევროსაბჭო, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები თვალს არ დახუჭავენ და თავის სიტყვას, თანაც მკაცრს, იტყვიან. არც ობამას ადმინისტრაცია დატოვებს ამას რეაგირების გარეშე.

ჩამონათვალში არსად ჩანს არც საქართველოს და არც მისი ხალხის როლი, არადა, მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ უჭერს მხარს ხელისუფლებას, დანარჩენს გაგონებაც არ სურს მისი. მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებს, ვინაიდან შემთხვევით ნაშოვნი დამლაგებლის ან მიმტანის ადგილი არ დაკარგოს.

დასავლეთი იტყვის ამის თაობაზე, ხელისუფლება დაპირდება - შევასრულებო, მაგრამ ცხადია, არ შეასრულებს, არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში მრავალწლიანი ბატონობა უნდა მოუტანოს.

ხალხის გამოსაფხიზლებლად ორი მთავარი რამ არსებობს - ოპოზიცია და პროფკავშირები. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ორივე ერთ ბედქვეშ არის ანუ ორივე ხელისუფალთა მორჩენილი საკვებით ანუ ნასუფრალით იკვებება. მათთვის მთავარია ხელისუფალთა მხრიდან მოწყალე თვალით გადმოხედვა. ქვეყანა და ხალხი ნაკლებად აინტერესებთ. ამ ორში შედარებით მეტი აქტიურობით მაინც ოპოზიცია გამოირჩევა. სამწუხაროდ, ქართულ პროფკავშირებს არც ეს ახასიათებს. მას ხელისუფლება და რაც არანაკლებ საგულისხმოა საზოგადოებაც არაფრად აგდებს.

და ასეთი ქვეყანა გაიძახის საკუთარი დემოკრატიულობის, წარმატებების შესახებ, განსაკუთრებით ეკონომიკაში, რიხით ავლენს სურვილს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. თავხედობაც ამას ჰქვია. რაც შეეხება საზოგადოების მოდუნებას, შემგუებლობას, სიჩუმეს - სწორედ ისაა, რაც აწყობს ხელისუფლებას - ქვეყნის სათავეში ხანგრძლივი ყოფნისთვის.

ისტორიამ ბევრი ასეთი მაგალითები შემოგვინახა, როგორც ლათინურ ამერიკაში, ისე აფრიკის სახელმწიფოებში, თუმცა იქაც რა ხანია ვითარება შეიცვალა.

დასავლეთის არასერიოზულმა მიდგომამ ფრანკოს ფაშისტური რეჟიმისადმი მრავალი ათეული წლით დაამონა ესპანელები. ნორმალური საერთაშორისო პოლიტიკა ვერაფრით აიტანდა ჰიტლერისა და მუსოლინის მოკავშირე და თაყვანისმცემელ ფრანკოს რეჟიმს, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში. დასავლურმა „დემოკრატიამ“ აიტანა, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ფრანკოს ჭირივით სძულდა კომუნისტი და საბჭოთა კავშირი. დასავლეთს სერიოზულად არც უმსჯელია ფრანკოს ნაცისტების მიერ რესპუბლიკური ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული აჯანყების დროს ათეულ-ათასობით ადამიანის ხოცვის ფაქტებზე. ფაშისტური რეპრესიები, სიკვდილით დასჯა, სერიოზული განსჯის თემად არ გადაქცეულა აშშ-სა და ევროპაში. ფრანკოს, ანტიკომუნისტობა ბოლომდე დაუფასდა, ვიდრე 83 წლისამ უდრტვინველად არ დატოვა ეს წუთისოფელი.

„სწადიათ ყოველივე ადამიანური მოსპონ ჩვენში, რათა პირუტყვად გადავიქცეთ, მდიდრები კი ამ დროს მხოლოდ თქვლეფენ და ყლურწავენ, მანქანებით დადიან და ჩვენს ქალებს ლოგინში იწვენენ. მათთვის კანონი არ არსებობს“, - ეს სიტყვები იმ ესპანელს ეკუთვნის, რომელიც ვერ მალავდა ფრანკოს რეჟიმის არაადამიანურ ბუნებას. ამ და სხვა გამონათქვამებით სავსეა წიგნი ფრანკოზე - გაბრიელა ჰოჯესის ავტორობით.

როგორ ჰგავს მაშინდელი ესპანეთის ვითარება ჩვენს დღევანდელობას?! არადა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან 60 წელზე მეტი გავიდა.

თუკი კაცს ერთმმართველობა სურს, თანაც დიქტატურაში გადასული, არც დროს და არც ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, ისე, როგორც მის ირგვლივ შემოკრებილ საზოგადოებას, როგორც შინაურს, ისე გარეულს. ამ შემთხვევაში გარეული პირიქით, ხელს უწყობს ერთი კაცის სურვილის ასრულებას. სხვას ვერაფერს იტყვი უცხოელ პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით ამერიკელ კონგრესმენთა სისტემატურ ვიზიტებზე, ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის სიუჟეტებზე წარმატებულ საქართველოსთან დაკავშირებით.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი