დამოუკიდებლობის 20-ე წლისთავი

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის 20 წლისთავი აღნიშნა - ერთობ მწვავედ, ნაკლები სიხარულის გარეშე, ისეთის - ტრადიციულად რომ ახლავს სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების დღესასწაულებს.

გულახდილად უნდა ითქვას, რომ სახალხო დღესასწაულმა თავიდანვე ვერ მოიკიდა ფეხი. ის ვერ იქცა ისეთ „სახალხოდ“, ხელისუფლება რომ ინატრებდა, ამდენად დარჩა მხოლოდ ხელისუფალთა და მასზე მიტმასნილ ზოგიერთთა დღესასწაულად.

დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი ისე მოგვეპარა ყოველდღიურ გაჭირვებაში ყელამდე ჩაფლულებს - რომ არა სააკაშვილის „სპეცნაზის“ კვერთხი, ცრემლსადენი გაზი, მოჭარბებული ცემა-ტყეპა, ვერც კი ვიგრძნობდით რა დრო გასულა.

ამჯერადაც, ისე, როგორც ყოველთვის დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს შეფასება, ამ ქვეყნის ელჩის პირით გამოთქმული, სადამსჯელო ოპერაციის სულისჩამდგმელის, ქვეყნის პრეზიდენტის წისქვილზე ასხამს წყალს. პარადი უნდა ჩატარებულიყო, სწორედ ამიტომ საჭირო იყო პარლამენტის წინამდებარე მოედნის გათავისუფლებაო, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები კანონიერი იყოო, - თქვა ბასმა.

რა ფასი აქვს ადამიანთა სისხლზე ჩატარებულ პარადს? არც ერთი პარადი არ ღირს ადამიანთა სიცოცხლის ფასად, მითუმეტეს ისეთი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას არ ახარებს.

სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებიდან სულ რამდენიმე საათში გაიმართა სამხედრო პარადი - ხელისუფლებისთვის და მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ხალხს არ ეზეიმებოდა, მითუმეტეს ცემა-ტყეპის და ხოცვის შემდეგ.

26 მაისს ჩატარებული სამხედრო პარადი საკუთარ ხალხზე გამარჯვების ზეიმი უფრო იყო, ვიდრე დამოუკიდებლობის 20 წლის აღსანიშნავი ღონისძიება.

ბევრი რამ შეიცვალა ოცი წლის განმავლობაში - უპირველესად პოლიტიკური ორიენტაცია. ოცი წლის წინათ არსებული ჩრდილოური კურსი, დასავლურით ჩანაცვლდა, მასთან ერთად ლინგვისტიკაც. ევროპულ ოჯახში „დაბრუნებულმა“ (ასე ამბობს საქართველოს ხელისუფლება) საქართველომ რუსული ენა წარსულ ისტორიას ჩააბარა და ინგლისურის ინტენსიურ სწავლას მიჰყო ხელი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მამა-მარჩენალის ენას. სულაც არ გამიკვირდება, თუ 20 წლის შემდეგ ჩინურის შესწავლას დააძალებს საქართველოს ხელისუფლება ხალხს. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, 20 წლის შემდეგ მსოფლიოში დომინანტი ქვეყნის სტატუსს ჩინეთი მოირგებს, რაც ჩვენს ხელისუფალთ არ უნდა გამორჩეთ. იქნებ დღესვე გადავსულიყავით ჩინურის შესწავლაზე?

იმ ცვლილებებიდან, რასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში აქვს ადგილი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა. საბჭოთა პერიოდის უმდიდრესი სამრეწველო-აგრარული ქვეყანა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე ღატაკ ქვეყნად იქცა. ოცი წლის წინანდელ ტოტალურად დასაქმებულ საქართველოში დღეს მეეზოვის ადგილის შოვნაც ჭირს. ოფიციალური უცხოური მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 14% დღეში 1.20 დოლარად არსებობს. ლუკმა-პურის საძებნად საქართველოს მოსახლეობის ერთ მილიონზე მეტი ჯან-ღონიანი ნაწილი, უცხოეთშია გადახვეწილი და ძირითადად მძიმე შავი სამუშაოთი ირჩენს თავსაც და სამშობლოში დარჩენილ ნათესავებსაც არჩენს. ოფიციალური გზით ფულადი გზავნილების რაოდენობა ლამის ქვეყნის ნახევარი ბიუჯეტის ტოლია.

გაუსაძლისმა სოციალურმა ვითარებამ კარდინალურად შეცვალა საქართველოს მოსახლეობის აზროვნება, ცხადია ნეგატიურისკენ. გაუტანლობა, მოტყუება, ღალატი, თვალთმაქცობა, ბოროტება, ქართველის ცხოვრების თანმდევი ატრიბუტი გახდა. როდესაც დამშეული ოჯახისა და საკუთარი თავის გამოკვების პრობლემა გიდგას - ძნელია კეთილშობილებაზე ფიქრი, შენდა უნებურად შეგეპარება ზემოთ მოყვანილი „სიკეთეები“. საზოგადოება იმდენად ინდიფერენტული გახდა საქვეყნო საქმეებისადმი, რომ ტერიტორიების დაკარგვაც კი უმტკივნეულოდ მიიღო - მაინც დაკარგული იყოო, - თქვა უდარდელად.

არც ომის დროს და არც მის შემდეგ ადგილი არ ჰქონია პატრიოტულ აღმაფრენას, ბრძოლის ველის მიტოვებას კი - იცოცხლეთ. მხედართმთავრიდან დაწყებული, რიგითით დამთავრებული სპრინტერული სისწრაფით ტოვებდნენ გენშტაბის მიერ შემუშავებულ ოპერაციას „ჩისტოე პოლეს“ სახელწოდებით. ომის დამთავრებიდან სულ რაღაც ორ თვეში თავდაცვის ნამინისტრალი ცოლთან და მეგობრებთან ერთად, „სულიერი ტკივილის“ გასაქარვებლად აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასს ეწვევა, ლეიბორისტების გამოკვლევით, დღეში, მხოლოდ სასტუმროს ნომერში 30.000 აშშ დოლარის ხარჯვით. არც სხვა ნამინისტრალები ან მინისტრები აკლებენ ხელს, პრეზიდენტზე რომ არაფერი ვთქვათ.

ოცმა წელმა როგორც იქნა ჩამოაყალიბა ქვეყნის საზოგადოება - ერთ მუჭა სახელისუფლებო მდიდრებად და დანარჩენ ღატაკ საქართველოდ. აქედან გამომდინარე, თუ ვის უნდა ახარებდეს „დამოუკიდებლობის“ 20 წლისთავი, ნათელია. და მათაც ეზეიმებათ, ისე, რომ თუ ხელს შეუშლი გადაგივლის დემოკრატიისა და კანონიერების მოშველიებით.

ხალხს არაფერი აქვს საზეიმო, მას შია, ცივა და სწყურია.

განვლილი 20 წლის განმავლობაში საქართველო შაგრენის ტყავივით დაპატარავდა. მას ისე დაემართა, როგორც ზოგიერთ ნაჭერს რეცხვის შემდეგ. 1992 და 2008 წლებში გაირეცხა საქართველო, თანაც ისე - 70 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 50-ათასამდე რომ დავიდა. გათავხედებულმა რეცხვის ავტორმა თავის უნიათობაში სხვა დაადანაშაულა - ზომაზე მეტი სარეცხის ფხვნილი გამოიყენაო. და არის მას შემდეგ ერთი დავი-დარაბა - ოკუპანტებიო, აგრესორებიო, ქართველი ხალხის გენოციდის მომწყობიო და სხვა.

რუსეთის გასაშავებელი ტერმინოლოგიის შემუშავებაში საქართველოს ხელისუფლებას საშურ დახმარებას უწევს აშშ-ს გარკვეული წრეები, ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციაც, მაგრამ საქართველოს სასიკეთოდ გეოპოლიტიკური ვითარება არ იცვლება. პირიქით, უარესდება კიდევაც, რაც აშკარად გამოჩნდა საფრანგეთში გამართული დიდი რვიანის სამიტის მსვლელობისას.

დოვილში ყურადღება მიიპყრო სამიტის ორგანიზატორი მასპინძლის, ნიკოლა სარკოზის საჯარო განცხადებამ, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი ნათქვამის დედააზრი არის შემდეგი - საფრანგეთ-რუსეთმა მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას შვეულმფრენმზიდი „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვაში. საფრანგეთი რუსეთის შეკვეთით დაამზადებს და მიჰყიდის რუსეთს 2 „მისტრალს“, ხოლო შემდგომ ორს რუსეთის გემთსაშენ ქარხანაში დაამზადებს. გარდა ამისა, ადგილი ექნება რუსეთისთვის ფრანგული ტექნოლოგიის გადაცემის საქმეს.

„მისტრალის“ ისტერია კარგად ახსოვს მკითხველს. რა არ იღონა საქართველოს ხელისუფლებამ, ვის არ მიმართა ამ გეგმის ჩასაფარცხად, როგორც ჩანს უშედეგოდ. სარკოზის განცხადებაში ნიშანდობლივია ერთი რამ - საბრძოლო გემის მიყიდვის საკითხის გაჟღერება დიდი რვიანის სამიტის დროს, რაც თავისთავად ნიშნავს საკითხის ყველასთან შეთანხმებას.

ტყუილად გაისარჯნენ სააკაშვილს აყოლილი ზოგიერთი ამერიკელი სენატორი და კონგრესმენები, ამერიკის ადმინისტრაციას რომ მოუწოდებდნენ წინ აღდგომოდა ფრანგულ-რუსულ გარიგებას. სარკოზიმ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღნიშნა, რომ ცივი ომი კარგა ხანია დამთავრდა, აღარ არის საბჭოთა კავშირი, მისი მემკვიდრე რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი. რუსეთის ტერიტორია 47-ჯერ აღემატება საფრანგეთისას, ორჯერ აშშ-სას, ამდენად მას არ აინტერესებს სხვისი ტერიტორიები. რუსეთი არ გამოიყენებს „მისტრალს“ აგრესიული ზრახვებისთვის. რაც შეეხება 2008 წლის ომს - ეს იყო პასუხი სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებაზე და როდესაც მან (სარკოზიმ) სთხოვა მედვედევს სატანკო იერიშის შეჩერება, მედვედევმა მიიღო მისი თხოვნა.

სარკოზის მოკლე შეფასებაში ყველაფერი ითქვა. ითქვა ის, რაც ვერაფრით გაიგო ქართულმა ოპოზიციამ და არა მარტო მან. იქნებ გაიგო, მაგრამ ხელი-ხელს ბანს პოლიტიკიდან გამომდინარე გუნდრუკს უკმევს ხელისუფლებას? ამას წინათ ედპ-ს წევრმა, პარლამენტარმა ჩახვაძემ ურცხვად გვაუწყა - მედვედევი ისე ამბობს, თითქოს აგრესია საქართველომ დაიწყოო. არ ჯერა ბატონ გურამს, რა გაეწყობა - ჯერა ტალიავინსა და მის კომისიას, ჯერა მთავარ გამშველებელ სარკოზის - გურამს არა! და იცით რატომ? პარლამენტში ყოფნა უნდა, თუმცა სურვილში ის მარტო არ არის. მას გვერდს უშვენებს განურჩევლად ყველა პარლამენტის წევრი „ოპოზიციონერი“.

სარკოზის განცხადება ბევრი რამითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ უმთავრესად იმით, რომ რუსეთი არ არის აგრესიის მწარმოებელი - ისეთის, როგორსაც ქართული პოლიტიკა და პოლიტოლოგია ხატავს. რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის მიმართული იყო სხვისი ტერიტორიების დაპყრობისაკენ, აცხადებენ ისინი და მოჰყავთ მეფის რუსეთის მაგალითები, არანაკლები, ბოლშევიკური რუსეთის, ოღონდ ერთია - ყოველ გუშინწინდელ თუ გუშინდელ ამბავს თავისი ისტორია აქვს, თავისი საბაბი, რაც შეიძლება მიიღო და არ მიიღო, დადებითად ან უარყოფითად ჩათვალო, ისე, როგორც ამას აკეთებენ რუსი ისტორიკოსები. ბევრი მათგანი რუსეთის ტერიტორიების ზრდას შემოერთებას უწოდებს, თანაც ობიექტური აუცილებლობით გამოწვეულს. ე.წ. ლიბერალები, ისე, როგორც უწინ საწინააღმდეგო მოსაზრებით გამოდიან.

რუსეთის ისტორიულ პერიპეტიებზე დავა ისტორიკოსებს მივანდოთ, მაგრამ რაც შეეხება დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ობიექტური თვალით შევხედოთ. თანაც დავსვათ კითხვა - ამ ისტორიულ მონაკვეთში რომელი ქვეყნის ტერიტორია დაიპყრო რუსეთმა? რით იყო გამოწვეული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია - იყო თუ არა კრემლის ნაბიჯი იძულებითი? ამ საჩოთირო კითხვაზე ხელისუფლების და მასზე აყოლილი საქართველოს პასუხი ცალსახა, მაგრამ არასწორია, ვინაიდან ისე, როგორც ყოველთვის თავის მართლებასთან არის დაკავშირებული. და როდესაც მსგავს მიკერძოებასთან გვაქვს საქმე ყური უნდა დავუგდოთ ნეიტრალურ, მესამე მხარეს მიუხედავად იმისა - მოგვწონს თუ არა მისი ნათქვამი. სარკოზის მიერ გაკეთებული განცხადება აშკარა გამომხატველია იმისა, თუ რას ფიქრობენ მიუკერძოებელ ძველ ევროპაში საქართველოზე.

ქვეყნის ფარგლებსგარეთ ჩამოყალიბებული ერთობ ნეგატიური მოსაზრება, ქვეყნის შიგნით არსებულ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებას ემთხვევა, პლიუს ხელისუფალთა აღვირახსნილობას, რაც ობიექტურ განცდას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავში ვერ დაინახოს ზეიმი.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი