არათანაბარი „ჩეინჯი“

არათანაბარი „ჩეინჯი“

ა.წ. იანვარში ცნობილი გახდა, რომ თურქეთის დიდი ეროვნული კრება (პარლამენტი) შეუდგა სტამბოლის წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების საკითხის განხილვას. ინფორმაციის მიხედვით,

განხილვის დაწყების საბაბი გახდა პარლამენტისადმი ზოგიერთი პირის წერილობითი მიმართვა, რაც ცხადია უფრო მეტად ფორმალობაა, ვიდრე რეალური არსი მის მიღმა არსებული საკითხისა, უფრო სწორად ტენდენციისა, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე თურქეთში.

საყდარი VI საუკუნეში აშენდა ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს მიერ. 1453 წელს თურქებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და წმინდა სოფიის ტაძარი აია სოფიას მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს თურქეთის ლიდერმა, თურქების მამად წოდებულმა ქემალ ათათურქმა, მის მიერ გამოცხადებული სეკულარიზაციის ჩარჩოებში, აია სოფიას უნიკალური ძეგლი მუზეუმად გამოაცხადა.

მას შემდეგ ეს ძეგლი უამრავ ტურისტს იზიდავს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ აია სოფია სტამბოლის ერთადერთი, თუ არა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნავი ადგილია. ძნელად მოიძებნება ტურისტი თუ სტამბოლში ჩასული უცხოელი, რომელმაც ეს შესანიშნავი ისტორიული ნაგებობა არ მოინახულოს.

მაგრამ, როგორც ჩანს, სრული შესაძლებელია პარლამენტის გადაწყვეტილებამ, თუ ამას ექნება ადგილი, ძეგლს უცხოელი ტურისტების რაოდენობაც მოაკლოს და პროფილიც შეუცვალოს ანუ გადააკეთოს ის მეჩეთად.

ტრანსფორმაციის მსურველთა რაოდენობა კი დღითი-დღე იზრდება. გასული წლის მაისში თურქეთის ისლამისტური პარტიის ლიდერმა მუსტაფა კამალაკმა, სხვა ისლამისტ მოღვაწეებთან ერთად გააკეთა საჯარო მოწოდება - „ერთ შესანიშნავ დღეს“ აია სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. მოწოდებას სამი ათასკაციანი მიტინგიც მოჰყვა, მოთხოვნით - „ჯაჭვებისგან დავიხსნათ შენობა და გავხსნათ კარი არქიტექტურის ძეგლისა მლოცველთათვის“.

მიტინგის შემდეგ პარლამენტის წევრმა სინან აიგუნმა განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს აია სოფიას სტატუსის საკითხის განხილვისათვის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ან როგორ შეხვდება აღნიშნულს ოპოზიცია, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

თურქეთი საერო რესპუბლიკაა, რომელშიც, ათათურქის მეცადინეობით, ისლამის პოზიციები არც ისეთი ძლიერია, როგორც სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში, თუმცა ბოლო წლებში თვალშისაცემია ისლამის გაძლიერება.

აია სოფიასთან დაკავშირებული ისტორია სულაც არ არის უცხო. ქრისტიანული ეკლესიები, მეჩეთებად გადაკეთებულები, შემდეგ, ათათურქის ბრძანებით, მუზეუმად ქცეულნი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის დროს ისევ მეჩეთებად გადაკეთდა.

მათ შორისაა ქალაქ იზნიკის (ადრინდელი ნიკეს) IV საუკუნის ქრისტიანული საყდარი, რომელიც 1331 წელს თურქებმა მეჩეთად აქციეს. ათათურქის დროს ეს მეჩეთიც მუზეუმად გამოცხადდა. ისტორიული შენობა წლის განმავლობაში 40 ათასს ტურისტს იზიდავდა. 2012 წელს, თურქეთის რელიგიის საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მუზეუმი დაიხურა და სათანადო  სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა.

ნიკეს აღორძინებული მეჩეთის გახსნისას თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არიჩმა განაცხადა: „ნიკეს წმინდა სოფიას მოჰყვება ტრაპეზუნდის წმნიდა სოფია“. ეს უკანასკნელი, მე-13 საუკუნის ძეგლი, ჯერ-ჯერობით მუზეუმია, მაგრამ, როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით.

ნიშანდობლივია ისიც, რომ თურქეთის პარლამენტში აია სოფიას საკითხის განსახილველად შეტანის დღეს, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა სტამბოლის V საუკუნის ბაზილიკის, რომელიც აია სოფიას მუზეუმის კომპლექსს ეკუთვნის, მლოცველებისთვის დაბრუნება. 1453 წელს ბაზილიკა მეჩეთად გადაკეთდა. 1920 წელს მას ხანძარი გაუჩნდა და დღემდე არავის აღუდგენია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიული ნაგებობა აღდგება და იქ მეჩეთი იქნება.

ქრისტიანული სამლოცველოების მეჩეთებად გადაკეთებას არა მარტო თურქეთში აქვს ადგილი, არამედ სხვაგანაც, მაგალითად ალჟირში. ამ ქვეყანამ, როდესაც საფრანგეთიდან მოიპოვა დამოუკიდებლობა, კათოლიკური წმინდა ფილიპეს საყდარი კეტშავას მეჩეთად გადაიკეთა.

1974 წელს, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი, ნატოს წევრმა, თურქეთის არმიამ დაიპყრო. დაპყრობის დროს 133 ეკლესია მიწასთან გასწორდა, ხოლო 77 მეჩეთად გადაკეთდა. და ამას ყველაფერს ნატო და ევროკავშირი გულდამშვიდებით შეჰყურებდა. ოკუპაციას მოჰყვა ჩრდილო კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის შექმნა. ეს რესპუბლიკა დღესაც არსებობს, ისე, როგორც ორად გაყოფილი კუნძული.

2011 წელს იზნიკში, აია სოფიას მეჩეთის გახსნის დროს თურქეთის ვიცე-პრემიერის ბიულენტ არიჩის განცხადებაში ნათქვამი იყო შემდეგი: „ამ აქტით, ჩვენ აღვადგენთ ჩვენი წინაპრების მიღწევები. იზნიკის აია სოფია არის შედეგი დაპყრობისა და ამიტომაც ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა, რაც კანონზომიერია“. ამ მოსაზრებით, თურქთა ეროვნულ მეხსიერებაში სტამბოლის აია სოფია უფრო მნიშვნელოვანი დაპყრობის ნაყოფია. სწორედ ბიზანტიის დედაქალაქის აღებით იწყება თურქთა ისტორიის ახალი ერა.

უცხოური პრესიდან ამოკრეფილი ზემოთმოყვანილი მაგალითების თქვენს სამსჯავროზე გამოტანა უბრალო შემთხვევით არ არის გამოწვეული, მას გარკვეული დატვირთვა უნდა ჰქონდეს ყველა ჩვენგანზე, სრულიად საქართველოზე, რამეთუ მართლმადიდებლურ ქვეყანას, სამხრეთ კავკასიაში მდებარეს, დიდ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოქცეულს, ფხიზელი თვალი უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს გონება.

მას სიტყვაც უნდა ეთქმოდეს ქვეყნის საჭირბოროტო საქმის გადაწყვეტაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარც ქვეყანა იქნება და აღარც ის რელიგია, რასაც საუკუნეთა განმავლობაში ვეთაყვანებით. ივანიშვილები მოდიან და მიდიან, ისე, როგორც სააკაშვილები, ვისი წასვლის მოწმენიც ვხდებით, ქვეყანა კი რჩება, უფრო სწორად უნდა დარჩეს. მას არაფერი უნდა დააკლდეს გუშინდელი თუ დღევანდელი ხელისუფალის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში, თუ რა არ ჩამოყალიბდა საქართველოში, საზოგადოებრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა. ასობით არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ცხადია უცხოეთიდან, განსაკუთრებით აშშ-ნ დაფინანსებული, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დამკვიდრების ნაკლები მოსურნენი არიან.

ისინი დამფინანსებელთა ინტერესების გამტარებლები, მაამებლები არიან. ერთიანი საზოგადო თვითშეგნების არ არსებობამ გამოიწვია სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი, ანტისახელმწიფოებრივი პარპაში, მართლ­მადიდებ­ლობასთან ღია თუ ფარული ბრძოლა, ანტიმართლმადიდებლური რელიგიური სექტების, მათ შორის რეაქციულისათვის ხელის შეწყობა და სხვა.

გახსოვთ ალბათ, იაღოველთა წინააღმდეგ გამართული გამოსვლები 21-ე საუკუნის დასაწყისში, ისიც გახსოვთ, რა თავდადებით იცავდა მათ საქართველოში აშშ-ს საელჩოს იმჟამინდელი დიპლომატები, ელჩ მაილსის ხელმძღვანელობით. გახსოვთ ალბათ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში, აღნიშნულ საკითხზე მწვავე დებატები. პირადად მახსოვს, მაილსის მოსვლა პარლამენტში და მისი ნაკლებად დიპლომატიური განცხადებები იეღოველების მოწინააღმდეგეთა მისამართით გამოთქმული.

ნაცვლად იმისა, რომ ხალხს გაეგრძელებინა პოლიტიკური აქტიურობა, ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ, ტაიმ-აუტი აიღო და ყველაფერი „მეოცნებე“ ხელისუფლებას გადააბარა - პრინციპით - ბუს დიდი თავი აქვს და იმან იმტვრიოსო. მან და მხოლოდ მან, უჩემოდ გადაწყვიტოს ყველაფერი, დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებიო.

ხელისუფლებამაც „გაუგო“ ხალხს და აღარც აწუხებს, თვითონ იღებს „პასუხისმგებლობას“. ჩანს ცხრაწლიანმა ინდიფერენტულობამ სერიოზულად იმოქმედა ჩვენზე.

შეუცდომელი არავინაა, მათ შორის არც ახალი ხელისუფლება, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თურქეთის ვიზიტი წარმატებულად ჩათვალა, თვით პრემიერმა ბრძანა - ყველაფერზე შევთანხმდით, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიცაა ოშკისა და იშხნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა და ბათუმში მეჩეთის აშენებაო.

აღნიშნული თემები, შარშან, სერიოზულ ვნებათა ღელვას იწვევდა ქართველ პოლიტიკოსებში, საერთოდ საზოგადოებაში. ამ საკითხზე არაერთი საპროტესტო მიტინგი მოაწყვეს ბათუმელებმა. განსაკუთრებით აქტიურობდა მაშინდელი ოპოზიცია - დღევანდელი ხელისუფლება.

თურქეთის ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ „ჩეინჯს“ ისინი  ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევდნენ. ანტისახელისუფლებო განცხადებების გული და სული ბათუმელი ოპოზიციონერი მურმან დუმბაძე, დღევანდელი ვიცე-სპიკერი იყო. მისი იმჟამინდელი და არა ამჟამინდელი განცხადებები, თავისი ობიექტურობით ქვას ხეთქავდა.

რა მოხდა, რამ შეაცვლევინა დალოცვილს აზრი? არ გვინდა დავიჯეროთ -   ვიცე-სპიკერობამ. ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ დუმბაძის ნათქვამი დღესაც ქვას ხეთქავს - არასდროს ვყოფილვართ ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგო. ამ ნათქვამით დუმბაძემ, წინა პარლამენტში „პადოშად“ წოდებული პარლამენტარის  დაპყრობილი „რეკორდები“ მოხსნა.

„გულშიჩამწვდომი“ იყო საგარეო საქმეთა მინისტრის „ღრმადშინაარსიანი“ განცხადებაც - ბათუმში მეჩეთი აშენდება, მაგრამ არა აზიზიეს, მლოცველებს ხომ უნდათ ლოცვაო. კეთილი, მაგრამ შარშან არ უნდოდათ? როგორც ჩანს, ეს რიტუალი წელგამოშვებით იმართება.

რას ვერჩოდით ნაციონალებს, მათაც ხომ იმაზე მეტი არ უთქვამთ, რასაც დღეს ამბობენ? იქნებ ბათუმს მართლაც სჭირდება ახალი მეჩეთი? ახალს იმიტომ ვამბობ, ძველი ხომ ფუნქციონირებს ქალაქის ცენტრში? 120 ათას ბათუმელს, რომელთა შორის უმეტესობა ქრისტიანია, არ ჰყოფნის ერთი მეჩეთი?

სრული შესაძლებელია, რომ არა, ვინაიდან ისეთი თურქული მოზღვავებაა, რომ აჭარლები „კმაყოფილებას“ ვერ მალავენ. ღია კარმა, მითუმეტეს ღია პოლიტიკამ, წინა ხელისუფლების და მისი ლიდერის ოჯახის მჭიდრო თურქულმა კონტაქტებმა აჭარასა, ბათუმს, სრულიად საქართველოს თვალნათლივ დაანახა ყარსის ისტორიული ხელშეკრულების მოქმედება.

თითქმის საუკუნის წინათ დადებული ხელშეკრულება, სრული სიგრძე-სიგანით საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, განსაკუთრებით ბოლო ცხრა წელს ამოქმედდა. ამდენად მათ ანუ ბათუმში მომუშავე თურქებს ხომ სჭირდებათ სალოცავი?

ბათუმი პატარა ქალაქია და ჭორ-მართალი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, ჰოდა ერთ-ერთ ასეთთან დაკავშირებით წერდა ჩვენი გაზეთის აჭარის საკორესპონდენტო ბიუროს ხელმძღვანელი ამირან კიღურაძე. მისი მიხედვით, სასტუმრო „შერატონის“ თურქ მეპატრონეს უთქვამს - „ამ სასტუმროში ბევრი მუსლიმანური აღმსარებლობის სტუმარი ჩამოდის და სალოცავი არ აქვთო“.

სასტუმროს მეპატრონეს, შექმნილი „უმძიმესი“ ვითარებიდან გამოსავალიც მოუძებნია - სკოლის დანგრევა და ჯამეს აშენება. „საშური“ მიგნებაა, რასაც დარწმუნებული ვარ ბათუმის ხელისუფლება უყოყმანოდ აღასრულებს.

აზიზიეს მეჩეთი არ აღდგებაო - იყო ომახიანი და მტკიცე განცხადება ახალი ხელისუფლებისა, მაგრამ მეჩეთი ხომ იქნება?! თანაც ვითომ შეწირული ფულით, სინამდვილეში ბიუჯეტით. მეჩეთი, მეტადრე, ჩამოსულ თურქთათვის აშენდება, მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და არა დემოგრაფიული თვალსაზრისით ერთობ „გადავსებულ“ ბათუმს. ღმერთმა ამრავლოთ, მაგრამ რაღა ბათუმში იზრდება მოსახლეობა, თანაც მაჰმადიანური, როდესაც მთელს საქართველოში დემოგრაფიული კოლაფსია?

საქართველოს შემაღონებელ დემოგრაფიას არაერთი საფუძვლიანი სტატია მიუძღვნა  პროფესორმა ანზორ თოთაძემ. სულ ახლახანს, ჩვენსავე გაზეთმა გამოაქვეყნა ინტერვიუ თამარ ჩიბურდანიძესთან, რუბრიკით „შემაშფოთებელი დემოგრაფია“. ინტერვიუ ეხება გაეროს მიერ 2010 წელს ჩატარებულ კვლევებს, რომლის მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

გაეროს მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა მილიონ ას სამოცდაათი ათასით შემცირდება. ის მცირედი მატება, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი, იმ რაიონების ხარჯზე მოხდება, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ცხოვრობენ. როგორი სურათია ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში? გაცილებით უკეთესი. ორივეგან მოსალოდნელია მატება - განსაკუთრებით აზერბაიჯანში, 9-დან 11 მილიონამდე.

ჩიბურდანიძე „ოცნების“ წევრია და აქედან გამომდინარე ამ მონაცემებს სხვა „ოცნებელებსაც“ გააცნობდა. და თუ ამას ჰქონდა ადგილი, მცირემოსახლიან ბათუმს, მეტადრე ქრისტიანულს არ უნდა დასჭირდეს მეჩეთი. მართალია, გაეროს მონაცემებით მცირედი მატება აჭარაშიცაა მოსალოდნელი, თუმცა ეს ის რაოდენობა არაა, ახალი მეჩეთის აშენების საბაბად რომ გამოდგეს.

უნებლიედ იბადება კითხვა - იქნებ, რელიგიაზე მეტად სხვასთან გვაქვს საქმე? მაგალითად პოლიტიკასთან, „მეზობლურ“ გავლენასთან, რაც სხვათაშორის თვალნათელია, თან დაფიქრებას მოითხოვს. დემოკრატიისა და ტოლერანტობის გამუდმებული ძახილით შეიძლება ისეთი ბალანსი დავარღვიოთ, რაც ოდითგანვე არსებობდა საქართველოში.

ამ უხილავი ბალანსის დარღვევას შესაძლოა დაპირისპირებაც მოჰყვეს. აკი, ჰქონდა ამას ადგილი. რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილი დაპირისპირება არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურს. მხოლოდ ზომიერების დაცვას შეუძლია აგვარიდოს პრობლემებს. თითო-ოროლა ბიზნესმენის ქცევამ, განსაკუთრებით განცხადებამ შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა. და ხალხის ისეთი უკმაყოფილება გამოიწვიოს, რის შესახებაც წერს ჩვენი ბათუმელი კორესპონდენტი.

სამწუხაროდ მოსულთა მხრიდან მსგავსი განცხადებები იშვიათობა არაა. ამას წინათ, ტელეკომპანია „ობიექტივში“ გამოსვლის დროს ერთი ბათუმელი რესპონდენტი ქალბატონი გულდათუთქული ამბობდა - ცარიელი ბოთლების მიმღებ პუნქტში ბოთლები არ ჩამაბარებინეს, ვინაიდან ქართულად დავილაპარაკეო (პუნქტი თურქის ყოფილა).

პატარ-პატარა ამბებით იწყება დიდი საქმეები. თუ პატარა საქმეები ნეგატიურია, გადიდებისას პოზიტიურად ვერ გადაიქცევა. პატარ-პატარა საქმეებს მოჰყვა მაჰმადიანთა მიმართ ის ნეგატიური განწყობა, რასაც ადგილი აქვს საქართველოზე მეტად ტოლერანტულ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში - ათასობით მეჩეთით და საგრძნობი მუსლიმანური მოსახლეობით. ექსპერტთა მიხედვით, თუ ასე გაგრძელდა 2050 წლისათვის საფრანგეთის ქრისტიანული და მუსლიმანური მოსახლეობა ერთმანეთს გაუთანაბრდება. და ეს საქართველოს მოსახლეობაზე ათასჯერ დიდ საფრანგეთში.

 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი