რუსული სუპერიარაღი დსთ-ს ქვეყნებში - საქართველო კვლავ ოფსაიდშია

ახლახანს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს შემდეგი სახის ინფორმაცია: „რუსეთი მზად არის განათავსოს უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები С-400 დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე, თუ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს განაცხადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის მეთაურმა ვადიმ ვოლკოვიცკიმ“.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“ არის სამხედრო მრწეველობის უახლესი პროდუქტი და ამჟამად დგება რუსეთის შეიარაღებული ძალებში საბრძოლო მორიგეობაზე. მრავალი სამხედრო ექსპერტის, და არა მარტო რუსის, აზრით, ეს სისტემა აღემატება ცნობილ ამერიკულ „პეტრიოტებს“ და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას. С-400-ის რეალურ ძალაზე წარმოდგენა ირიბად შეიძლება მოგვცეს იმ აურზაურმა, რომელიც ატეხილია ამ ბოლო დროს რუსეთის მიერ ირანისთვის С-300 სისტემების მიყიდვის გარშემო. С-300 წარმოადგენს С-400-ის წინა თაობის იარაღს და თუკი მისი გამოჩენა ირანის შეიარაღებაში ასე აღელვებს დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-ს და ისრაელს, ადვილი წარმოსადგენი იქნება С-400-ის რეალური ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება წინამორბედს თავისი შესაძლებლობებით.

ასე რომ, დსთ-ს ქვეყნების, მათ შორის, შესაძლოა, ჩვენი მეზობელი სომხეთის ცა საიმედოდ იქნება დაცული ამ მძლავრი იარაღით. სხვათა შორის, სომხეთში უკვე განლაგებულია С-300 ტიპის სისტემები. რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში? საქართველო კვლავაც ამაოდ ელოდება მეტ-ნაკლებად სერიოზულ შეიარაღებას თავისი „სტრატეგიული პარტნიორისგან“, როგორიცაა აშშ. თუმცა, უკრაინის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და სააკაშვილის (ასევე ყოფილმა?) ძმაკაცმა იუშჩენკომ კი მიაწოდა მეგობარს ორიოდე უკრაინული (საბჭოთა წარმოების) საზენიტო სისტემა, რომლებითაც უკრაინულმა ეკიპაჟებმა რამდენიმე რუსული თვითმფრინავიც კი ჩამოაგდეს ”მიშიკოს” მიერ გაჩაღებული აგვისტოს ომის დასაწყისში. თუმცა, თბილისელებს ემახსოვრებათ, თუ როგორ წყნარად დაფრინავდნენ ჩვენი ქალაქის თავზე რუსული თვითმფრინავები დაბალ სიმაღლეებზე და დაბალი სიჩქარით. შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ მომხდარიყო ოდკბ-ში და დსთ-ში შემავალი ქვეყნების საჰაერო სივრცეში? გამორიცხულია. ”ყოვლისშემძლე” შტატების „სტრატეგიული პარტნიორის“ მაგალითზე კი შესაძლებელი აღმოჩნდა.

ხოლო ნანატრი ნატო, ხრუშჩოვის აღთქმული კომუნიზმის არ იყოს, რატომღაც სულ ჰორიზონტს მიღმა რჩება. თუმცა საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტი გულს არ იტეხს. ცოტა გაშავებული, მაგრამ მაინც მხნე სახით, ის ტელევიზორიდან გვიყურებს და გველაპარაკება. სამწუხაროა მხოლოდ, რომ არა ულტრათანამედროვე საზენიტო სისტემის ოპერატორის ადგილიდან, არამედ უცხოეთიდან ნამათხოვრები ტრაქტორის კაბინიდან...