რატომ ჩავარდა ხალხი პანიკაში 13 მარტს

ნელ-ნელა ჩაწყნარდა ვნებათაღელვა ყბადაღებულ „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით და შეგვიძლია უფრო ცივი გონებით გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები და ვიმსჯელოთ შედეგებზე. მაშ ასე:

პირველი დასკვნა: ოპოზიციამ და საზოგადოებამ ფაქტიურად ვერ გამოიყენა ეს მომენტი და ვერ „შეუტრიალა“ ხელისუფლებას მის მიერ გადადგმული სარისკო ნაბიჯი. ალბათ, ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია კატასტროფულად აგებს ხელისუფლებასთან ელექტრონული მედიის კონტროლის თვალსაზრისით. ამ სიტუაციაში კი ეს გადამწყვეტი იყო. შედეგად, იწყებს მუშაობას ის ფაქტორები, რაც ხელისუფლებამ დაგეგმა და ჩადო ამ გადაცემაში: ესენია მოსახლეობის დაშინება, რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივება და დისკრედიტაცია ოპოზიციის ნაწილის მცდელობისა, დაამყაროს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი. აქ უკვე ოპოზიციამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან და რა დაუპირისპიროს ხელისუფლების ქმედებებს, პირველ რიგში პროპაგანდის სფეროში.

მეორე დასკვნა: ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ და ძალზე თვალსაჩინოდ, შეიძლება ითქვას, ტრაგიკომიკურადაც კი, აჩვენა ელექტრონული მას-მედიის, კერძოდ ტელევიზიის უზარმაზარი როლი პოლიტიკურ პროცესებში და ხალხის მასების მართვაში.

ამ პუნქტზე ოდნავ უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. გავიხსენოთ, რის გამო იყო ატეხილი კამათი საზოგადოებაში: უნდა ყოფილიყო თუ არა გამაფრთხილებელი წარწერა გადაცემის მსვლელობის დროს. ამბობდნენ, რომ ეს წარწერა რომ ყოფილიყო, ხალხი აღარ შეშინდებოდა და არ ჩავარდებოდა პანიკაში და ა.შ. ამავე დროს, პირადად ვიცით რამდენიმე შემთხვევა, რომ ის ადამიანებიც კი ჩავარდნენ პანიკაში, ან ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად შეშფოთდნენ, ვინც დასაწყისიდანვე უყურებდა გადაცემას და გაიგო გაფრთხილება. ეს ძალზე საყურადღებო მომენტია. ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ გამაფრთხილებელი წარწერა რომც ყოფილიყო, ბევრი ადამიანი მაინც ჩავარდებოდა პანიკაში, თუმცა იმდენი არა, რაც წარწერის არ გაკეთების შემთხვევაში. ეს მომენტი მიუთითებს, თუ რამდენადაა ვირტუალიზებული დღევანდელი ადამიანების ცნობიერება. მათთვის ერთადერთ რეალობად სულ უფრო და უფრო იქცევა ის, რაც ტელევიზორის ბრტყელ ეკრანზე (ძველად რომ ცისფერს ეძახდნენ) ხდება. ახალგაზრდა თაობისთვის იგივე როლს ასრულებს კომპიუტერის მონიტორი. თავად ამ გადაცემის შინაარსი, აგებულება მიმართული იყო იმისკენ, რომ პანიკაში ჩაეგდო მოსახლეობა. ის ჩაფიქრებული იყო, როგორც ე.წ. შოკური თერაპია მისი ავტორების და შემკვეთების მიერ (თუ რამდენად არის ეს თერაპია და არა, ვთქვათ, ამპუტაცია ან სხვა რამე, ცალკე საუბრის თემაა).

ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლების გააჩნია მძლავრი იარაღი მოსახლეობის ცნობიერებაზე თუ ქვეცნობიერზე ზემოქმედების სახით, ოპოზიციას კი მსგავსი იარაღი არ აქვს - მას ნამდვილად ვერ ცვლის ე.წ. ტოკ-შოუები და პოლიტიკოსების გამოსვლები „აქუს“ სტუდიასა თუ „მაესტროს“ ეთერში.