ფორმულა ”სააკაშვილი რუსეთის მარიონეტია” და მისი არსი

ქართულ მას-მედიაში ძალიან ხშირად შეიძლება წავაწყდეთ აზრს, რომ ”სააკაშვილი - განზრახ ეხმარება რუსეთს (საქართველოს დანაწევრებაში)”, ”სააკაშვილი - მოსკოვის პოლიტიკის გამტარებელია”, ”სააკაშვილი - რუსეთის პროტეჟე, მარიონეტია” და მისთანები.

ამ აზრს ემხრობა ოპოზიციურად განწყობილი სხვადასხვა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ან საზოგადო მოღვაწე. მათგან ბევრი გულწრფელადაა დარწმუნებული ამ ფორმულის სისწორეში, ბევრსაც - განსაკუთრებით ქართველ ”დასავლეთუმეებს” - შინაგანად მაინცდამაინც არ სჯერათ, სამაგიეროდ სურთ, რომ ეს სწორედ ასე იყოს.

მაგრამ ჩვენ წინამდებარე მოკლე ანალიზის ფარგლებში არ ვაპირებთ მარჩიელობას, თუ ვის რისი სჯერა, არამედ გვსურს, მკითხველს დავანახოთ აღნიშნული ფორმულის არსი - როგორ ”იშიფრება” იგი და რას ემსახურება რეალურად. ერთი შეხედვით ყველაფერი გასაგებია: რეჟიმით უკმაყოფილო პერსონებს სურთ, ხალხს აჩვენონ მიხეილ სააკაშვილის ”გამყიდველობა”, მისი შეუფერებლობა მის მიერ დაკავებული თანამდებობისადმი და ა. შ. - მოკლედ, საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის დისკრედიტაცია (შესაბამისად - მხილება). თუმცა რეალურად საქმე გვაქვს არა სააკაშვილის მხილებასთან, არამედ ჩვეულებრივი ქართველი ადამიანების თვალში, რომელთაც სააკაშვილი მეტად თუ ნაკლებად არ მოსწონთ, რუსეთის ხატის განზხრახ თუ უნებლიე დემონიზების მცდელობასთან. მართლაც, ხომ ისე გამოდის, რომ საქართველოს ამჟამინდელი უბედურებების მიზეზს - მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს არა ამერიკა (ღიად), არამედ რუსეთი (ფარულად), მაშასადამე, აღნიშნულ უბედურებათა პირველ-მიზეზი სწორედ რუსეთია. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რომ რუსული სახელმწიფოსადმი სიძულვილი არ გაჩნდეს?..

არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რატომ და როგორ წარმოიშვა და გავრცელდა აქ განხილული ფორმულა. მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ასე თუ ისე აყენებს ზიანს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას, თუნდაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად პარადოქსული ფაქტის კონსტატირება, რომ მიუხედავად აღნიშნული ფორმულის გავრცელებულობისა (აგრესიულ სახელმწიფო ანტირუსულ პროპაგანდასთან ერთად) და საწყის ეტაპზე კრემლის მიერ სააკაშვილის მხარდაჭერის თვით ყველაზე უფრო ნაკლებად საკამათო ფაქტების არსებობისა (რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ი. ივანოვის ჩამოსვლა თბილისში 2003 წელს და შევარდნაძის კაპიტულაცია, იმავე ივანოვის ჩამოსვლა 2004 წელს ბათუმში და ა. აბაშიძის კაპიტულაცია), ქართული მოსახლეობის იმ ნაწილს შორის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის განწყობილი, ანტირუსული განწყობები ნაკლებად აღინიშნება, პირიქითაც - ანტისააკაშვილური ელექტორატი თავის მასაში ”პრორუსულად” განწყობილი, ანუ ქართულ-რუსული დაახლოების მომხრე ელექტორატია. ეს კი ქვეყნის მცხოვრებთა მაინც უმეტესი ნაწილია, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას ამტკიცებენ ამერიკული ინსტიტუტები NDI და IRI, რომლებმაც თავიანთ ხელის ბიჭუნებთან ერთად მოახდინეს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მონოპოლიზება. ამას თუმც მეცნიერულად განხორციელებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით არ ვამტკიცებთ, სამაგიეროდ ვამტკიცებთ საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, ვბედავთ რა იმის განცხადებას, რომ საკუთარი ხალხის მაჯისცემა ჩვენ მაინც შედარებით უფრო უკეთ გვესმის, ვიდრე ზემოთ აღნიშნულ ანგაჟირებულ ინსტიტუტებს. რათა ჩვენი ეს მოსაზრება დაუსაბუთებელი არ დარჩეს, გავიხსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბერში, 2008-ის იანვარსა და მაისში, აგრეთვე 2009 წლის აპრილ - ივნისში, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში, პირველ რიგში თბილისში, ათობით და ასობით ათასი ქართველი მოქალაქე გამოდიოდა სააკაშვილის ცალსახად დასაგმობად, ხალხი მქუხარე ტაშით ეგებებოდა მიტინგებზე ორატორთა იმ გამოსვლებს, რომლებშიც გაისმოდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მოთხოვნა. ეს დეტალია, მაგრამ ამასთან მრავლისმეტყველი ფაქტია. ---