მავნე რეფერენდუმი

ზუსტად ოცი წლის წინ - 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ.

მაშინდელი რეფერენდუმი, იმავე წლის 9 აპრილს მიღებულ დამოუკიდებლობის აქტთან ერთად, წარმოადგენს თითქმის ერთადერთ პოლიტიკურ მოვლენას საბჭოთა კავშირის ნგრევის იმ ეპოქისა, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს იწვევდა კამათს ქართული საზოგადოებრიობის შიგნით, ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობის - რეფერენდუმის ორგანიზატორის მიმართ პოლიტიკური სიმპათიისა თუ ანტიპათიის მიუხედავად.

 

ავხსნათ, თუ რატომ არის ეს ასე - მართლაც ყველა სოლიდარულია ამ საკითხში თუ კონსენსუსი მოჩვენებითია და ასახავს ჩამოყალიბებული იდეოლოგემების წინააღმდეგ აზრის გამოხატვის შიშს (თუკი აკრიტიკებ „დამოუკიდებლობას“, შეიძლება „ერის მოღალატის“ იარლიყი აიკრა) - ცალკე ანალიზის თემაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

 

მთლიანობაში მიიჩნევა, რომ რეფერენდუმი იყო სწორი და საჭირო ნაბიჯი. საიდუმლო არაა, რომ ქართული პოლიტიკა წარმოუდგენელია თეატრალური ჟესტების გარეშე. სწორედ ასეთ თეატრალურობად უნდა შეფასდეს მაშინდელი რეფერენდუმი და მის საფუძველზე გამოცხადებული „დამოუკიდებლობა“ (საბჭოთა ხელფასებით). მაგრამ ეს თეატრალურობა მნიშვნელოვანწილად ზიანის მომტანი აღმოჩნდა საქართველოს ინტერესებისათვის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ შეეძლო, ყოველგვარი ზედმეტი დეკლარაციის გარეშე მიეღო რეალური დამოუკიდებლობა, როგორც ეს ბევრმა სხვა მოკავშირე რესპუბლიკამ მოახერხა. რეფერენდუმის მავნეობა მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზ და ოს სეპარატისტებს, რომლებიც ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად ჩამოშორებოდნენ საქართველოს, მიეცათ მორიგი კოზირი თბილისთან კამათში. ქართულ რეფერენდუმზე სულ ცოტა ადრე ხომ საკავშირო რეფერენდუმი ჩატარდა, „განახლებული“ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხზე, რომელშიც ამ ავტონომიებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს იმისდა მიუხედავად, რომ საკავშირო რეფერენდუმის ჩატარება თბილისის მიერ აკრძალულ იქნა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამის დადგენილებაში (1991 წლის 28 თებერვალი) დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ინიშნება საკავშირო რეფერენდუმის საპირწონედ:

 

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 1.საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ ჩატარდეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი; 2.რეფერენდუმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაინიშნოს რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ერთადერთი კითხვით: ‘ეთანხმებით თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე’“ (ციტატის უკუთარგმანი რუსულიდან ქართულად).

 

გამოდის, რომ უკვე ამ მომენტისათვის აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი მეტად თუ ნაკლებად აღარ წარმოადგენდნენ საქართველოს ტერიტორიას, ვინაიდან ამ ავტონომიებში საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მაინც ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი. მართალია, ქართული რეფერენდუმიც, თავის მხრივ, ჩატარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მასში ეთნიკურ აფხაზებსა და ოსებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ფაქტებმა არსებითად დააშორეს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს სამართლებრივ სივრცეს. მით უმეტეს, რომ ზემოთ ნახსენები უზენაესი საბჭოს დადგენილება აპელირებს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტზე, როდესაც საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები არ არსებობდა (საქართველოს მომდევნო ხელისუფლებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და პოპულისტურ აღტკინებაში აღადგინა 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება, რაზეც არაერთხელ მიუთითებდნენ საქართველოს აფხაზი და ოსი ეროვნების ოპონენტები).

 

შესაბამისად, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება აფხაზებისა და ოსების მონაწილეობის გარეშე საქართველოსათვის მავნე მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. დამოუკიდებლობა საქართველოს ლამაზი განცხადებებისა და თეატრალური ჟესტების შედეგად არ მიუღია, სამაგიეროდ დააჩქარა საკუთარი დეზინტეგრაციის პროცესი.