მართლმადიდებლობა ცივილიზაციური კრიზისის პირობებში

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ერთი შეხედვით, დასრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებით გადაილახა მსოფლიო ცივილიზაციური კრიზისი. ამ თვალსაზრისით ძირითადი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა, რადგან დასავლური ცივილიზაცია ცდილობს მთლიანად დაუმორჩილოს თავის გავლენას მსოფლიო, ხოლო პლანეტის დანარჩენი მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება.

ეს ბრძოლა სხვადასხვა ფორმებს იღებს, მათ შორის ხანდახან რელიგიურსაც. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროპაში, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილში, რელიგია უკანა პლანზე გადავიდა და ისე ჩანს, რომ მალე თითქმის გაქრება. დასავლეთი აგრძელებს აქტიურ მისიონერულ საქმიანობას „მესამე სამყაროში“, ანუ აფრიკის, აზიის ქვეყნებში და ა.შ., სადაც ამკვიდრებს კათოლიციზმს, ანგლიკანობას და სხვადასხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებს. გასულ ათწლეულებში მათ წარმატებას მიაღწიეს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, სამხრეთ კორეაში, სადაც ნახევარი საუკუნის წინ ძალზე ცოტა ქრისტიანი იყო, დღეს მოსახლეობის 40 პროცენტამდე კათოლიკე ან პროტესტანტია.

როგორი უნდა იყოს ამ პროცესების მიმართ დამოკიდებულება მართლმადიდებლების მხრიდან? ერთი მხრივ, როგორც ქრისტიანებს, უნდა გვიხაროდეს, რომ ქრისტიანული მიმდინარეობები ვრცელდება მთელ მსოფლიოში. მაგრამ არიან კი ისინი ნამდვილად ქრისტიანული? ხომ არ იმალება დასავლური „ქრისტიანობის“ უკან სულ სხვა სარჩული?

ჩვენი აზრით, დასავლეთის უმეტესი ნაწილი დიდი ხანია დაშორდა ქრისტიანობას, თუკი როდესმე ყოფილა მასთან ახლოს. ის, რასაც ჩვენ ვეძახით ქრისტიანობის დასავლურ გაგებას, არის არა ბიბლიური წინასწარმეტყველების მონოთეისტური რელიგია, არამედ ქრისტიანული და ბიბლიური ტერმინებით დაფარული პანთეისტური ნეოწარმართობა სუფთა სახით. მის საფუძველში დევს სხვადასხვა სინკრეტული კულტები, მსგავსად გვიანდელი ხანის რომის იმპერიისა, მათ შორის ზოროასტრიზმი, პლატონიზმი, კაბალა და ა.შ.

დასავლური „ქრისტიანობა“ არსად არ გამქრალა, მან უბრალოდ შეიცვალა გარეგნული სახე და დასავლეთ ევროპაში კულისებს მიღმა გაუჩინარდა, მაგრამ კვლავ აგრძელებს დასავლური გავლენის და მსოფლიოს დაპყრობის მძლავრ ინსტურმენტად ყოფნას. არ უნდა გვქონდეს ფუჭი იმედები, რომ დასავლელი ქრისტიანების „სამშვიდობო“ წინადადებები დიალოგის, „შერიგების“ და ა.შ. შესახებ გულწრფელია, რადგან მათში, ეჭვგარეშეა, იმალება შორსმიმავალი გეგმები მართლმადიდებლობაში „შეღწევის“ და მართლმადიდებლური ეკლესიების იდეოლოგიის „გადაფორმატების“ შესახებ.

ბოლო ხანებში მართლმადიდებელი სასულიერო თუ საერო მოღვაწეების მხრიდან გამოითქმის ამგვარი მოსაზრება, რომ მართლმადიდებლებმა უნდა „გადაარჩინონ ევროპა ათეიზმისგან“, ან ისლამისგან და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს აქტიური პოზიციაა და ითვალისწინებს მართლმადიდებლობის გავრცელებას ევროპაში, პოზიციების გაძლიერებას. მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო პოლიტიკა შეიძლება აღმოჩნდეს და სერიოზული დანაკარგები მოუტანოს მართლმადიდებლობას. ევროპა არც ისე მარტივი და უბრალოა, როგორც ზედაპირზე ჩანს. იქ მოქმედებენ განსხვავებული და გავლენიანი ძალები. ბევრი მათგანი სულაც არ იქნება აღტაცებული მართლმადიდებლობის მისვლით ევროპაში, განსაკუთრებით იმ სახით, როგორიც მას ახლა აქვს. თუკი დიალოგი ევროპულ ქრისტიანულ კონფესიებთან მოითხოვს მართლმადიდებლობის ე.წ. ლიბერალიზაციას, მართლმადიდებლური ეკლესიების ტრანსფორმაციას ერთგვარი „მინი ვატიკანის“ მიმართულებით, ეს ძლიერ დარტყმას მიაყენებს მართლმადიდებლობას და სქიზმების და განხეთქილებების საფუძველს გააჩენს მის წიაღში.

გარდა ამისა, თუკი დასავლურ ქრისტიანობასთან, კერძოდ, კათოლიციზმთან, დაახლოების მცდელობებს მოჰყვება ურთიერთობების გართულება ისლამთან, მათ შორის ე.წ. ტრადიციულ ისლამთან, რაც კიდევ უფრო შეასუსტებს მართლმადიდებლობის მდგომარეობას, დააყენებს მას დარტყმის ქვეშ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამან შეიძლება გაართულოს პოლიტიკური სიტუაცია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი ან საქართველო.

ჩვენი აზრით, არსებულ ისტორიულ ეტაპზე მართლმადიდებლობა იმყოფება იმ სიტუაციაში, როცა ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა იყოს აწონილ–დაწონილი და გააზრებული. მართლმადიდებლობის როლი შეფასება მსოფლიოში, მისი ურთიერთობები დასავლურ „ქრისტიანობასთან“ და მსოფლიო ისლამთან (ორი მთავარი მოთამაშე თანამედროვე მსოფლიოში) მოითხოვს დეტალურ ანალიზს და სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინებას, როგორც თეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში დაშვებულ შეცდომებს მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.