ლამპედუზასთან მომხდარი ტრაგედია და „ევროპული თამაშის წესები“

ის, რომ ევროპისთვის სულ ერთია აფრიკის და კერძოდ, ლიბიის მოსახლეობის ბედი, ხოლო ლიბიას სულაც არ ბომბავენ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ყადაფის ჯარებისაგან, ისედაც კარგა ხანია, გასაგებია. მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსების ცინიზმი სწორედ ამ სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ძალზე შორს წავიდა.

სულ ცოტა, 150 ლიბიელი ლტოლვილი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად კუნძულ ლამპედუზასთან, ოთხშაბათს დილით მომხდარი კატასტროფის შედეგად, რომელიც ლიბიიდან ლტოლვილებით დატვირთულ ნავს შეემთხვა. კატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც ლტოლვილებს თავი უკვე უსაფრთხოებაში ეგონათ და სანაპირო დაცვა აპირებდა მათ გადასმას კატარღაში. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს ის, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი ტრაგედია სანაპირო დაცვის თვალწინ დატრიალებულიყო. ნებისმიერი სანაპირო დაცვა ხომ ფლობს პრიმიტიული, ნაკლებად მანევრირებადი ნავებიდან ადამიანების გადარჩენის მეთოდების საფუძვლებს ისე, რომ არ დააზიანოს ეს ნავები.

 

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები მეტად კრიტიკულად არიან განწყობილი იტალიის ხელისუფლების ქმედებების მიმართ, მაგრამ არა იტალიელების მხრიდან ლამპედუზაზე ლტოლვილების მიმართ ფაქტობრივად არაადამიანური დამოკიდებულების გამო (იტალიის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიები, როგორიცაა Liga Nord, თავის მხრივ, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და საზოგადოებას აშინებენ აფრიკიდან „ბიბლიური მასშტაბის“ გამოსვლის და ტერორიზმის გავრცელების საფრთხით) . ამ მთავრობებს რეალურად აწუხებთ იმის შესაძლებლობა, რომ იტალიის მთავრობა არ შეუქმნის წინაღობას ლტოლვილების გადასვლას ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მით უმეტეს, ლტოლვილთა უმრავლესობა აცხადებს, რომ იტალია მათთვის ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ქვეყნად განიხილება.

 

 

იტალიის მთავრობის განცხადება, რომელშიც საუბარია აფრიკიდან ლტოლვილებისადმი ცხოვრების ნებართვის მინიჭებაზე, რაც მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასვლის უფლებას მისცემს, როგორც თავად ლტოლვილების, ისე საკუთრივ იტალიის ინტერესებშია, რომელსაც ამგვარად სურს, თავიდან მოიცილოს ლტოლვილები. სამაგიეროდ, ევროკავშირის სხვა ქვეყნები შეშფოთებულნი არიან. იტალიის Liga Nord-ის გარდა, გერმანიაში მმართველი ქრისტიანულ-სოციალური კავშირის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის წევრი მანფრედ ვებერი „დოიჩლანდფუნკთან“ ინტერვიუში მკვეთრად გამოვიდა აფრიკელი ლტოლვილების გერმანიაში მიღების წინააღმდეგ. „ჩვენ შევათანხმეთ თამაშის წესები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ლტოლვილებთან დაკავშირებით; იტალიამ ეს წესები აღიარა“, აცხადებს ვებერი და იტალიის მთავრობის მიმართ სანქციებით იმუქრება: „ასეთ შემთხვევაში თავისი სიტყვა ევროპის კომისიამ უნდა თქვას, რათა დაცულ იქნას სამართალი, რომელიც ევროპაში მოქმედებს. მე ვერ დავეთანხმები დათმობებს მათ მიმართ, ვისაც არ სურს თამაშის წესების დაცვა“.

 

ევროპაში თითქმის არ ისმის ხმა ლტოლვილების დასაცავად და მათი უფლებების უზრუნველსაყოფად. 150 ჩაძირული ლიბიელის ბედის გამო პასუხს ალბათ არც არავინ აგებს.

 

თვალთმაქცი ევროპა დაინტერესებულია მარიონეტული დიქტატურების არსებობით, რომლებიც უზრუნველყოფენ „რკინის ფარდის“ არსებობას აფრიკასა და ევროპას შორის. ყადაფი ამ როლისთვის აღარ ვარგოდა, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერ ვერ იპოვეს.

 

 

პორტალ Telepolis.de -ს მასალების მიხედვით