ქართული პოლიტიკური ელიტების სიმხდალე

ტრაგიკული 1989 წლის 9 აპრილის მორიგ იუბილესთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ეხება თემას, რომელიც ქართული მასმედიისთვის ტაბუს წარმოადგენს - კერძოდ, სიმხდალეს, გამოვლენილს ე. წ. „არაფორმალთა ლიდერების“ მიერ იმ დღეს, მიტინგის სისხლიანი ჩახშობისას.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ანონიმი ავტორის კომენტარში („სიმხდალის მომენტი ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ანუ როცა ცხრა აპრილი მოდის...“, 9 აპრილი, 2011) ნათქვამია: „როგორ მოხდა, რატომ მოხდა, რომ მაშინდელმა ... პოლიტიკოსებმა თუ მოპოლიტიკოსოებმა, ვისაც ხალხის, ერის წინამძღოლობის, მეტიც, ბელადობის პრეტენზია ჰქონდათ, სამარცხვინო, დედლური საქციელი ჩაიდინეს: თავიანთვე შეყრილი, ათასობით (მგონი 16 თუ 19 ათასი) კაცი ნაირ-ნაირი ასაკისა, სოციალური ფენისა, მდგომარეობისა შეატოვეს რუს დამსჯელთა ტანკებს, ხიშტებს, ხელკეტებს, მომწამვლელ ნივთიერებებს და გაიპარნენ, გაილალნენ, შეითესნენ...“

 

რა თქმა უნდა, სიტყვა „რუსი“ ამ კონტექსტში მკვეთრად ხვდება სმენას, საქართველოში დღემდე ბევრი 9 აპრილის ტრაგედიის ასოცირებას „რუსეთის (საბჭოთა) იმპერიასთან“ ახდენს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამ სიტყვის გამოყენება, შესაძლოა, რომ გამართლებულიცაა - ხომ სწორედ „არაფორმალთა ლიდერებმა“ მისცეს სტარტი ანტირუსულ რიტორიკას, მაშინდელ მიტინგებზე სწორედ „დამპალ რუსეთის იმპერიას“ აგინებდნენ (ნაცვლად ქართული რესპუბლიკის აფხაზეთის ასსრ-ზე სუვერენული უფლების დაცვისა, რომელიც სწორედ ამ „დამპალი იმპერიის“ კონსტიტუციით იყო გარანტირებული), ხოლო შემდეგ ბრძოლის ველიდან გაექცნენ ამავე „რუსებს“ და მიატოვეს მათ მიერვე შეკრებილი ხალხი თავიანთი „მამობრივი“ ზრუნვისა და „ბრძნული“ ხელმძღვანელობის გარეშე. არც ერთ „ლიდერს“ იმ საშინელ აპრილის დილას ერთი ნაკაწრიც კი არ მიუღია. „განა იმას ვღაღადებ, განა იმაზე ვამუნათებ, რატომ ტანკებს არ დაუწვნენ, ხიშტებს მკერდი არ შეაგებეს ან ხელკეტებს თავ-პირი-მეთქი; რატომ არ დარჩნენ თავშეყრილ ხალხთან ერთად, რატომ არ დადგნენ ხალხის გვერდით“? - ხაზგასმით აღნიშნულია გაზეთის კომენტარში.

 

 

კომენტარის ავტორი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ იმ, უკვე შორეული ეპოქის ქართველ პოლიტიკოსებს ახასიათებთ სიმხდალე: „გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან 19 წელი და 2008 წლის 8 აგვისტოდან მოყოლებული, რამდენიმე დღის სიგრძეზე გვიჩვენებდა ახალი ხელისუფლება, თვით უმაღლესი ხელისუფლის ჩათვლით, ლაჩრობის ახალ ნიმუშებს“. ამასთან მეხსიერებაში ამოტივტივდება გორის ასფალტზე შიშისგან მოხოხიალე უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილი, ასევე მისი დამქაშები, რომლებიც რთულ მომენტში დაიშალნენ და ტარაკანებივით გაიქცნენ სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით, საქართველოს დატოვების მიზნით. კომენტარის ავტორის აზრით, არანაკლებ მხდალი აღმოჩნდა ქართული ოპოზიცია, რომელმაც განრისხებული ათობით თუ სულაც ასობით ათასი კაცი დაშალა იპოდრომზე, თვითმარქვია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. „იმ ათი ათასთა რიცხვში (თუ ასი ათასთა არა) ერთი კაცი არ აღმოჩნდა, რომ მიკროფონთან მიჭრილიყო და აღშფოთება გამოეხატა - ხალხო, რა დროს დაშლა და შინ წასვლაა, აქ განა იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენთვის სახლის გზა ესწავლებინათო?“ - ნათქვამია კომენტარში.