არჩევნები საქართველოში – მარადიული პრობლემა

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მით მეტია არჩევნების ირგვლივ გაუგებრობა. საარჩევნო პროცედურის ავტორიტეტი მოსახლეობაში მუდმივად ეცემა და სულ უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ არჩევნებს საერთოდ არაფერის შეცვლა არ შეუძლიათ.

პარადოქსულია, რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნები (1918–1921 წლების შემდეგ), რომლებიც კომუნისტების მმართველობის დროს ჩატარდა 1990 წელს, დღემდე ლამის ერთადერთ დემოკრატიულ და გაუყალბებელ საპარლამენტო არჩევნებად ითვლება. არადა, კომუნისტური რეჟიმის ნგრევა მრავალპარტიულობის დაშვების და თავისუფალი არჩევნების ლოზუნგით ხდებოდა. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ საქართველო „დემოკრატიის მედროშედ“ და „აღმოსავლეთ ევროპაში ახალი დემოკრატიული ტალღის ფლაგმანად“ გამოაცხადა. იგივე ლოზუნგებს იმეორებდა აშშ–ს წინა ადმინისტრაცია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბევრი პოლიტიკოსი საქართველოს შესახებ.

მაგრამ სწორედ ბოლო წლებში საარჩევნო გარემო საქართველოში გაუარესდა, შევარდნაძის პერიოდთან შედარებითაც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და ბოიკოტის ტაქტიკას ირჩევს. ასე მოიქცნენ გასული წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ლეიბორისტული პარტია, ეროვნული ფორუმი და დემოკრატიული მოძრაობა. თუ არ მოხდა კარდინალური ძვრები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია გამოუცხადებს არჩევნებს ბოიკოტს.

ამჟამინდელი რეჟიმის დასავლელ სპონსორებს და მფარველებს კარგად ესმით, რომ ლეგალური პოლიტიკური ცხოვრების და საარჩევნო პროცედურის დისკრედიტაცია სახიფათო ზღვარს უახლოვდება. ამიტომ მათ დაიწყეს გარკვეული ზეწოლის განხორციელება სააკაშვილის მთავრობაზე, რომ ეს უკანასკნელი ოპოზიციის მიმართ ზომიერ დათმობებზე წავიდეს და ამით მოსახლეობას დაუბრუნოს თუნდაც იმის ილუზია, რომ არჩევნები რაიმეს წყვეტენ. ეს იგრძნეს ქართველმა ოპოზიციონერებმა და ჩამოაყალიბეს ე.წ. „რვიანი“, რომელმაც განაცხადა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის მზადყოფნა.

ეს ჯგუფი მართლაც შეიქმნა გასული წლის ოქტომბერში და დაიწყო ხელისუფლების მიმართ წასაყენებელი მოთხოვნების შემუშავება. ნოემბრისთვის ამ პაკეტში ათამდე წინადადება შევიდა. იმავე ნოემბერში დაიწყო ხელისუფლებასა და ამ ოპოზიციურ დაჯგუფებას შორის შეხვედრები, რომლებიც ოთხშაბათობით ტარდებოდა. ოპოზიციის წინადადებები ეხებოდა მრავალ საკითხს, მათ შორის ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მას–მედიის მუშაობას, გამჭვირვალობას, დაფინანსებას, საარჩევნო დღის პროცედურებს, საარჩევნო დავების განხილვას და თავად არჩევნების სისტემას.

ოპოზიციონერთა განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყისში ხელისუფლებას არ გააჩნდა საკუთარი იდეები და ის თანახმა იყო მხოლოდ ოპოზიციის წინადადებების განხილვაზე. როდესაც დეკემბრისთვის ოპოზიციამ შეიმუშავა წინადადებათა პაკეტი, მმართველმა პარტიამ ერთი თვე მოითხოვა მის გასაცნობად და პასუხის მოსამზადებლად.

მეორე ეტაპზე, ამა წლის იანვრის ბოლოს, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთი თვე ითხოვა პოზიციის დასაზუსტებლად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნაციონალებმა მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნების ფინანსური მხარის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. მათი თქმით, ამ წინადადებების განხორციელებას რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დასჭირდებოდა. საქმე ეხება მოსახლეობისთვის ე.წ. ბიომეტრიული პასპორტების დარიგებას და აპარატურის შეძენას, რომელიც ხმის მიცემის მსვლელობას გააკონტროლებს იმგვარად, რომ ერთმა ადამიანმა მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა.

მაგრამ უკვე 9 მარტს მმართველმა პარტიამ პრეს–კონფერენცია მოაწყო და საპასუხო წინადადებები გაახმაურა. ეს წინადადებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის იყო მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების ხვედრითი წილის გაზრდა პარლამენტში, გარკვეული (მცირედი) გათანაბრება მაჟორიტარულ ოლქებში მოსახლეობის რაოდენობისა, ბიომეტრიული პასპორტების გამოყენებით არჩევნების ჩატარება მხოლოდ თბილისში (ამავე დროს, დაფინანსების საკითხი თავად ოპოზიციას უნდა გადაეწყვიტა) და რამდენიმე პროცედურული საკითხი. როგორც „რვიანის“ წევრებმა განაცხადეს, მათი ძირითადი მოთხოვნები გაუთვალისწინებელი დარჩა.

ბრალდებების ურთიერთგაცვლის შემდეგ (ხელისუფლებამ „რვიანელები“ ულტიმატუმების წამოყენებაში დაადანაშაულა) ოპოზიციამ შეცვალა თავისი მიდგომა და მოთხოვნები ორ ნაწილად დაჰყო. პირველ ეტაპზე მან მოითხოვა მხოლოდ ორი ძირითადი პირობის დაკმაყოფილება: საარჩევნო სიის შექმნა ბიომეტრიული პასპორტების საშუალებით და არჩევნების სისტემის შეცვლა. ოპოზიციონერთა აზრით, სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ გაიზარდოს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების ხვედრითი წილი.

ცნობილია, რომ ე.წ. მაჟორიტარები მმართველი პარტიის მთავარი რეზერვია მომავალ არჩევნებზე, ისევე როგორც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რაიონებში, სადაც ადმინისტრაციული რესურსი განსაკუთრებით ძლიერია, ხელუსუფლებას არ გაუჭირდება მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში თავისი კანდიდატების გაყვანა. წინა არჩევნებზე ნაციონალებმა მაჟორიტარული ოლქების 90%–ზე მეტი აიღეს. ამიტომ ოპოზიცია ცდილობს შეამციროს ამგვარად არჩეული დეპუტატების წილი და გაზარდოს პროპორციულად არჩეული დეპიტატების წილი. პროპორციულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა 50–60 პროცენტზე მეტ ადგილს ძნელად თუ აიღებს.

ოპოზიციის პოზიცია გასაგებია: მას არ შეუძლია კარის გაჯახუნება და მოლაპარაკებებიდან გამოსვლა. ამ შემთხვევაში მმართველი პარტია განაცხადებს, რომ ოპონენტებმა თავისი რადიკალიზმით ჩაშალეს პროცესი და მშვიდად დატოვებს ყველაფერს ისევე, როგორც არის. მეორე მხრივ, „რვიანი“ხელისუფლებას აშინებს იმით, რომ მის გარეშე იგი ვერ ჩაატარებს არჩევნებს, ან ეს არჩევნები ფარსად იქცევა. თუმცა აქ ყველაფერი ნათელი არ არის. მართალია, „რვიანის“ განცხადებებს ყველაზე „ზომიერი“ პარტიებიც კი აწერენ ხელს (ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები და გიორგი თარგამაძის ქრისტიან–დემოკრატები), მაგრამ უცნობია, წავლენ თუ არა ისინი სინამდვილეში ბოიკოტზე, თუ ნაციონალებმა არაფერი დათმეს. განსაკუთრებით საეჭვოა ეს ქრისტიან–დემოკრატებთან მიმართებაში. თუკი თუნდაც 2–3 ოპოზიციური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხელისუფლება შეეცდება ინტრიგის შექმნას მის მიერ კონტროლირებადი მას–მედიის საშუალებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, სავარაუდოდ, მოახერხებს კიდეც საარჩევნო უბნებში მოსახლეობის 40–50%–მდე მიყვანას.

ამასთან, რვიანის წევრების უმრავლესობა ჯერჯერობით არც კი ახსენებს ბოიკოტის აქტიურ ფორმებს და მით უმეტეს, ქუჩის აქციებს. პირიქით, ისინი პირდაპირ ან ირიბად საუბრობენ ყოველგვარი აქციების, პოლიციასთან დაპირისპირების და მით უმეტეს, რევოლუციის გაუმართლებლობაზე. ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ ფორმად ე.წ. ზომიერი ოპოზიციისთვის „დასავლეთის ფაქტორი“ იქცა.

რადგან არჩევნები საქართველოში სულ უფრო ემსგავსება ფარსს და ნაციონალური მოძრაობის „ტრიუმფალური“ გამარჯვებების გაუთავებელ სერიალად იქცა (და ეს ხდება წაგებული ომის და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკების ფონზე), ამან არ შეიძლება არ შეაშფოთოს დასავლელი „პარტნიორები“. თავის დროზე ისინი დიდ რეკლამას უკეთებდნენ სააკაშვილს, როგორც ეტალონს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, ახალგაზრდა და წარმატებულ პროდასავლურ პრეზიდენტს, განსხვავებით სხვა რესპუბლიკების კომუნისტური ნომენკლატურიდან გამოსული ხანდაზმული პრეზიდენტებისა. თუკი ახლა აღმოჩნდება, რომ „დემოკრატიის ამომავალი ვარსკვლავიც“ სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში ყოფნის გზით წავიდა და არჩევნები ფორმალობად აქცია, ეს წყალში ჩაყრის ჩატარებულ პროპაგანდისტულ სამუშაოს და დასავლეთს ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს.

ამავე დროს, დასავლეთს, როგორც ჩანს, ჯერ არ შეუძლია ძლიერი ზეწოლა მოახდინოს სააკაშვილის რეჟიმზე და მით უმეტეს, მის დესტაბილიზაციას შეუდგეს, რადგან ეს ისევ დასავლეთისვე დისკრედიტაციას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი იმისა, როცა აშშ უარს ამბობდა თავისი ყოფილი კლიენტების მხარდაჭერაზე, და მათ დიქტატორებად აცხადებდა, მაგრამ ამ ადამიანებს, როგორც წესი, ისევ პროამერიკული ფიგურები ცვლიდნენ. შეიძლება კი საქართველოს შემთხვევაში ამერიკისთვის „უმტკივნეულოდ“ ამგვარი ცვლილების განხორციელება? ეს ცოტა საეჭვოა, რადგან სააკაშვილი ახალგაზრდაა, ამბიციური და სულაც არ სურს მუბარაქის როლი გაიზიაროს. ამავე დროს, მისი სრულფასოვანი შემცვლელიც არ ჩანს. ირაკლი ალასანიას, თეორიულად, შეუძლია შეასრულოს უმაღლესი სახელმწიფო უფლებამოსილებანი, მაგრამ მას ძალზე აკლია პოლიტიკური და პიროვნული ქარიზმა, რაც საქართველოში ერთობ ფასობს. კაცმა რომ თქვას, ელექტრონული მას–მედიის საშუალებით მისგანაც შესაძლებელი იქნებოდა „მაგარი ბიჭის“ (მიშა მაგარიას ანალოგით) გამოძერწვა, თუმცა მარტო ეს არ კმარა. საჭირო გახდება მთელი პოლიტიკური სისტემის გადაწყობა და არა მარტო პოლიტიკურის, არამედ ბიზნესისაც, რადგან მიშამ და მისმა გარემოცვამ უკვე მოასწრეს ამ სფეროს საკუთარი სტრუქტურიზაცია. საქართველო კი ვაკუუმში ან მიყრუებულ კუთხეში არ იმყოფება: კავკასიაში მრავალი დიდი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება, მათ შორის რუსეთის. დასავლეთს ამის გათვალისწინება უწევს და სარისკო ცვლილებებისგან ჯერ თავს იკავებს.

ერთი შეხედვით, სიტუაცია ჩიხშია შესული. არსებულმა რეჟიმმა ნებისმიერი არჩევნების მოგების კონვეიერული სისტემა შექმნა. მას სულ არ სჭირდება თამაშის წესების კარდინალურად შეცვლა და ზედმეტი თავის ტკივილის აკიდება. ხოლო რეალური არჩევანის არარსებობის გადაფარვა შეიძლება მას–მედიაში გაჩაღებული მასიური დემაგოგიით, უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ საქებარი სტატიების შეკვეთით, „რეფორმების მიღწევების“ რეკლამირებით და ა.შ. რასაც აკეთებს კიდეც ხელისუფლება.

დასავლეთი, როგორც აღინიშნა, საჩოთირო მდგომარეობაში იმყოფება. მას უწევს ფრთხილად მოქმედება, რათა შეუმჩნევლად უბიძგოს სააკაშვილს ოპოზიციასთან მეტი კომპრომისის მოსაძებნად, ამასთან სააკაშვილის რეჟიმთანაც ხიდებს არ წვავს. ეს კარგად ჩანს დასავლელი დიპლომატების ბოლოდროინდელ განცხადებებში. ზედიზედ ორმა ელჩმა, ჯერ საფრანგეთის, შემდეგ აშშ–ს, გააკეთა საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები საქართველოს შიდა სიტუაციის შესახებ, სადაც შეიძლებოდა სწორედ დემოკრატიის არარსებობის კრიტიკის ამოკითხვა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე დიპლომატმა უარყვეს ამგვარი ინტერპრეტაციები, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა.

ყველა გაუგებარი სიტუაციაა სწორედ „რვიანთან“ დაკავშირებით. ერთი მხრივ, ნებისმიერი ოპოზიციონერი მზადაა გამოიყენოს ხელისუფლებაზე ზეწოლის შანსი, რათა მეტი ადგილი მიიღოს პარლამენტში და ა.შ. მაგრამ გაურკვეველია, რამდენად შორს შეუძლიათ მათ „შეტოპვა“. ვთქვათ, თუკი დასავლეთმა დაითანხმა არსებული რეჟიმი, რომ წავიდეს ოპოზიციასთან დათმობებზე და შეასუსტოს რკინის მაწრუხები საარჩევნო გარემოზე, და ოპოზიციამ უფრო მეტი ადგილი დაიკავა პარლამენტში, ხომ არ გამოიწვევს ეს სიტუაციის დესტაბილიზაციას? საქმე ისაა, რომ სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა. დიდია უფსკრული მდიდრებს და ღარიბებს შორის. თბილისის განათებული ქუჩების და სავსე რესტორნების ფასადის უკან არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც შიმშილობს ან ნორმალური კვების ფულიც არ აქვს. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა რაიონებში. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას აწყობს მოსახლეობის სრული აპათია და ხელჩაქნეულობა. დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოგიერთ სოციუმში ამგვარი ტაქტიკა ამართლებს და რევოლუციური აფეთქება არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, საკმაო ხნის განმავლობაში. და პირიქით, საკმარისია „ჭანჭიკების“ ოდნავ მოშვება, რომ გათამამებული მასა სულ უფრო მეტის მოთხოვნას იწყებს.

როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ პროცესის მონაწილე სამივე მხარე – ხელისუფლება, ე.წ. რვიანი და დასავლეთი – კმაყოფილი იყოს თავისი კუთვნილის მიღებით? როგორც ჩანს, ამის საშუალება მაინც არსებობს. ეს „გამოსავალი“ მდგომარეობს იმაში, რომ მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, როცა ყველას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ჩიხში შევიდა და უარს ამბობს ოპოზიციის ძირითადად შემოთავაზებებზე, იგი ბოლოს მაინც წავა დათმობებზე. კერძოდ, ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით. შესაძლოა, გაიზარდოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა და მაჟორიტარებს ცოტა მეტი (მაგრამ არა კარდინალურად) პროცენტული წილი მიეცეთ. ასევე დაკმაყოფილდება დასავლეთის და ოპოზიციის მეორეხარისხოვანი მოთხოვნები.

ამით შეიქმნება არჩევნების ინტრიგა. ეს ყველას სჭირდება: დასავლეთსაც, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. ხალხი უფრო აქტიურად წავა არჩევნებზე. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ რეჟიმმა მოახერხა ახალი, ერთი შეხედვით მისთვის წამგებიანი, თამაშის წესებიც საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო. ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემა ისევე იქნება ფალსიფიცირებული, თუკი ამის საჭიროება იქნა, როგორც ჩვეულებრივი პასპორტების შემთხვევაში. აქ არ არსებობს არავითარი დაუძლეველი ტექნიკური სირთულე. ოპოზიცია ოდნავ მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე წინა არჩევნებზე, მაგრამ ხელისუფლება მტკიცე უმრავლესობას შეინარჩუნებს. ოპოზიციის ნაწილი მცირე ხნით „აჭიჭყინდება“, ოღნდ ეს უკვე არაფერს შეცვლის. ნაწილი პარლამენტში დაბინავდება და კმაყოფილიც იქნება. ბოლოს და ბოლოს, დეპუტატობა მაღალი ხელფასებია და სხვა პრივილეგიები. დასავლეთი გამოაცხადებს, რომ არჩევნები მთლიანობაში ნორმალურად ჩატარდა, თუმცა გარკვეული დარღვევები იყო (როგორც ხდება ხოლმე). მართალია, მთავარი პრობლემა დასავლეთისთვის – ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება ყველა არჩევნებში – ამით არ იხსნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ინტრიგა შეიქმნა და ხალხის დიდი ნაწილი არჩევნებზე მივიდა, უკვე მიღწევაა. ამასთან, სააკაშვილი მთლად 20 და 30 წელიც არაა ხელისუფლების სათავეში, მისი მოთმენა ჯერ კიდევ შეიძლება.

ხალხს რაღა? ერთი გამოთქმის არ იყოს, ის კვლავ გაწბილებული დარჩება, მაგრამ არც ეს არის ტრაგედია. შემდეგი არჩევნებისთვის ახალი ინტრიგის მოფიქრება შეიძლება. თანაც, აქ ინტრიგა ისედაც არის, რადგან სააკაშვილს აღარ აქვს პრეზიდენტად კენჭის ყრის უფლება და ყველა შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი იქნება „არჩეული“. ჩვენი ხალხის მეხსიერება კი, როგორც უახლესი ისტორია აჩვენებს, საკმაოდ მოკლეა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში.