ბენ ლადენის „ლიკვიდაცია“

გუშინ, 2 მაისს, მსოფლიოს მასმედიამ გადმოსცა ცნობა ოდესღაც „ნომერ პირველ ტერორისტად“ შერაცხული უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ. ამ ცნობამ ზეიმიც კი გამოიწვია აშშ–ს ქალაქებში.

ამ დროს ამერიკაში ჯერ კიდევ 1 მაისი იყო, ვალპურგის ღამის მომდევნო დღე (ჩვენთან რომ „მშრომელთა სოლიდარობის დღეს“ უწოდებდნენ). სხვათა შორის, ერთი დღით ადრე მოხდა კადაფის რეზიდენციის დაბომბვა ნატო–ს და აშშ–ს თვითმფრინავების მიერ, რის შედეგადაც დაიღუპა კადაფის უმცროსი შვილი და სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი. გამოითქვა ვარაუდი, რომ ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ცნობების გავრცელება ამ ფაქტის „გადაფარვის“ სურვილითაც იყო გამოწვეული.

დღეისთვის, უამრავ ადამიანს მსოფლიოში ეჭვი არ ეპარება, რომ უსამა ბენ ლადენი, განსაკუთრებით ბოლო 10–15 წლის განმავლობაში, ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შეთხზულ მითს წარმოადგენს. ზოგიერთი მიმომხილველი მის რეალურ არსებობასაც კი უარყოფს. ზოგი ამტკიცებს, რომ ბენ ლადენი რამდენიმე წლის წინ მოკლეს. სხვათა შორის, ამის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა პაკისტანის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ. (ბმული:) ამ განცხადებიდან ერთ თვეში თავად ბჰუტო მოკლეს პაკისტანში...

როგორც არ უნდა იყოს, სრულიად ცხადია, რომ არანაირი ალ–ქაიდა, როგორც „ყოვლისშემძლე“ და გასაიდუმლოებული ორგანიზაცია არ არსებობს. ცხადია ისიც, რომ ამერიკის სპეცსამსახურები და პოლიტიკოსები ბენ ლადენის და ალ–ქაიდას მითს იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მათ შორის იყო ავღანეთში შეჭრა და იქ საკუთარი ბაზების განლაგება. ავღანეთს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აშშ–ს მიზნებისთვის, რადგან მისი ტერიტორია სოლივით არის შეჭრილი ჩინეთის, რუსეთის და ირანის „სამკუთხედში“. სწორედ ჩრდილოეთ ავღანეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს კაშგარ–ჰერათის მომავალმა რკინიგზამ, რომელიც ჩინეთს და ირანს, ასევე ერაყს, სირიას და თურქეთს მოკლე გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. ავღანეთი ასევე მოსახერხებელი პლაცდარმია ცენტრალურ (ყოფილ შუა) აზიაში სიტუაციის ასარევად და „მართვადი ქაოსის“ გამოსაწვევად.

ალ–ქაიდას „საფრთხეს“ იყენებენ ამერიკელები იემენში ჩარევის გასამართლებლად. როგორც ცნობილია, ბენ ლადენი ბოლო წლებში ჩაანაცვლა ვინმე ალ–ავლაკიმ, რომელიც იემენის ალ–ქაიდას ლიდერად გამოცხადდა. სხვათა შორის, ეს პიროვნება დიდი ხნის განმავლობაში აშშ–ში ცხოვრობდა და თავისუფლად მოგზაურობდა ამერიკას და ევროპას შორის. იემენში ამჟამად არეულობაა და ამერიკელებს და მათ მოკავშირე საუდის არაბეთს არ სურთ ამ ქვეყანაში შიიტური ძალების გაძლიერება (იემენის მოსახლეობის 40–45% შიიტია).

ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ირანის წარმომადგენელმა, მეჰმანპარასტმა მოუწოდა ამერიკელებს, დაიწყონ ჯარის გაყვანა ავღანეთის ტერიტორიიდან, რადგან ამიერიდან აღარ არსებობს ფორმალური საბაბიც კი, თუ რატომ უნდა იმყოფებოდნენ დასავლეთის ქვეყნების საჯარისო ფორმირებები ავღანეთში, მაშინ როცა მათი იქ შესვლის საბაბი 10 წლის წინ სწორედ „მოუხელთებელი“ ბენ ლადენის დაჭერა ან ლიკვიდაცია იყო. მაგრამ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა უკვე განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ავღანეთის დატოვებას, სანამ „არ დარწმუნდება, რომ ამ ქვეყანაში ახალი ტერორისტული საფრთხე არ წარმოიქმნება“. როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ ახალი „ბენ ლადენების“ გამოჩეკას, რომლებიც „გადაარწმუნებენ“ დასავლელ პოლიტიკოსებს და შეაჩერებენ მათი საოკუპაციო ჯარების გამოყვანას ამ მრავალტანჯული ქვეყნიდან.